სტუ-ის მძლეოსანი მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანმა, ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა – ვალიკო იჩქითმა, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზა და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. 

თბილისის ღია პირველობას მკლავჭიდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საერთაშორისო ტურნირი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკლავჭიდელმა ვალიკო იჩქითმა თბილისის ღია ტურნირზე 95 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელით ასპარეზობისას ოქროს მედალი და თასი მოიპოვა, მარცხენა ხელით – ვერცხლის მედალი, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით ორთაბრძოლისას, ვერცხლი დაისაკუთრა.

1 (2).png

სტუ-ის მძლეოსანს 1800 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ცნობილ მკლავჭიდელ ვალიკო იჩქითს გამარჯვებას ულოცავს და საერთაშორისო ასპარეზზე მორიგ წარმატებებს უსურვებს. 

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, მასპინძლის სტატუსით შემდგომშიც აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაში. 

„მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მოწყობა დიდად წაადგება როგორც ქართული მკლავჭიდის განვითარებას, ასევე, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, რადგან ეს საუკეთესო გზაა გამოვავლინოთ ახალგაზრდა სპორტსმენების შესაძლებლობები, ქვეყანას კი, სამომავლოდ, საერთაშორისო რანგის სპორტსმენები აღვუზარდოთ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

არჩილ იოსელიანის თქმით, თბილისის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალბედებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ გამარჯვებული ყველა სპორტსმენი შესაბამის ლიცენზიასა და მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. 

თბილისის ღია პირველობა მკლავჭიდში, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, პირად პირველობაში მკლავჭიდის საერთაშორისო წესების მიხედვით, ყველა წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ტურნირს თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ხელმძღვანელობა, ცნობილი სპორტსმენები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი აგრძელებს პირველკურსელებისთვის ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას. პროექტმა, მიმდინარე აკადემიურ წელს, უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესის დაწყებიდან დღემდე, 1500-ზე მეტი სტუდენტი მოიცვა. 

ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობის პროექტი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და როგორც ფაბლაბის ხელმძღვანელი, გიორგი ფრანგიშვილი აცხადებს, უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას განავითარონ უნარები.
 
„ფაბლაბი ახორციელებს ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ პროექტს. პირველი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიის გაცნობას. პირველკურსელებისათვის ეს არის პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში, იმდენად, რამდენადაც გარდა იმისა, რომ ისინი გაეცნობიან ჩვენივე სტუდენტების გამოგონებებს, რომელთა ვიზუალიზაცია ფაბლაბში მოხდა, ისწავლიან როგორ განახორციელონ იდეა.

შიდა---2.png

ფაბლაბი უკვე ორი წელია ახორციელებს პროექტს – „FREE – სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში პირველად სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აქ, ჩვენთან, ლაბორატორიაში დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფაბლაბი სტუდენტებს აძლევს ცოდნას, თუ როგორ დაამუშაონ იდეა საწყის პროტოტიპამდე. ასევე, სტუდენტს, ესკიზისა და მოდელირების საფუძვლების დაუფლების შედეგად, იდეა გაცილებით მაღალ დონეზე – საბოლოო ელექტრონული ვერსიიდან გამშვები დანადგარების ექსპორტამდე მიჰყავს.

პროექტი 12-საათიან ტრენინგს მოიცავს და სტუდენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის სამი მიმართულებით გაცნობას გულისხმობს: აზროვნების ტექნოლოგია – ესკიზი და მოდელირება, ელექტრონიკა-პროგრამირება და პრაქტიკა-ვორშოპი. პროექტი მოკლევადიანია, მორგებულია სტუდენტების ინტერესებზე და სწრაფ, ეფექტურ შედეგზეა გათვლილი.

ყველა პროექტი, მათ შორის, „FREE – სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, გათვლილია შედეგზე და მოიცავს პრაქტიკა-ვორკშოფის სამსაათიან სამუშაოებს. საბოლოო ჯამში, პროექტის ყველა პუნქტის დაცვით, სტუდენტები შეუძლიათ საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარება. ერთ წინადადებით ჩვენი სამუშაო პროცესი ასეთია – ფაბლაბი სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტი ფაბლაბისა და სტუდენტებისთვის. ასეთი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისთვის არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, პირველი კურსის სტუდენტის საბა ცინცაძის თქმით, ფაბლაბში გატარებულმა ერთმა დღემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. 

„ეს იყო საინტერესო დღე, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმაღებინა. სამწუხაროდ, ქიმიის მიმართულება დღეს პოპულარული არაა, იმდენად, რამდენადაც მოითხოვს ღრმა ცოდნას. საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი პირველ ნომრად ჩავწერე, რადგან ვიცოდი რომ აქ მაღალკვალიფიციურ ცოდნას მივიღებდი.

ასევე, ვიცოდი, რომ ფაკულტეტზე მოქმედებდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები. ჩემი მიზანი სწორედ ლაბორატორიაში მუშაობა და კვლევებია.

ფაბლაბის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სწორედ აქ განვახორციელებ ჩემს იდეებს, რაც სხვებს საშუალებას მისცემ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში, ვიზუალურად ნახონ შედეგი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან კარგი ბაზა აქვს, მომავალი, პროფესიონალი კადრების აღსაზრდელად, ფაბლაბი კი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა“, – აცხადებს საბა ცინცაძე. 

სტუ-ში „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნულმა ოფისმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სამომავლოდაც შეიტანს „ჰორიზონტი ევროპის“ განვითარებაში და თავადაც დიდ სარგებელს მიიღებს ამ პროცესისგან. 

Cover gtu.png (11).jpg

„ისეთი მნიშვნელოვანი ფონდი, როგორიც „ჰორიზონტი ევროპაა“, მორიგ შეხვედრას ატარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ნამდვილად არის ინსტიტუცია, სადაც სერიოზული სამეცნიერო პროდუქცია იქმნება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში პარტნიორების მოძიება არ უჭირს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მეცნიერ-მკვლევრები საინტერესო, მნიშვნელოვან და ღირებულ კვლევებს ატარებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან კოლაბორაციაში.

ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩინეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავმოყრილია ინოვაციური იდეების, გამოგონებების დიდი რაოდენობა, რასაც რეალიზაცია, ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა სჭირდება. შესაბამისად, „ჰორიზონტ ევროპა“ და ზოგადად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაცია, ამ მიმართულებით განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ არაერთ საინტერესო საგრანტო კონკურსს გვთავაზობს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრებს დააინტერესებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სწორად და ზუსტად ახორციელებს სამეცნიერო პოლიტიკას უნივერსიტეტში, იმ საუნივერსიტეტო დიპლომატიას, რომელსაც ეფუძნება „ჰორიზონტი ევროპის“ პოლიტიკა და ფილოსოფია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთაც უნივერსიტეტი განვითარების ყველა შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, „ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ ეროვნული საკონტაქტო პირი ეკატერინე სანაია, „მარია სკლოდოვსკა კიურის (MSCA) შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირი თეონა მაისურაძე, „ერა ფელოუშიფი (ERA Fellowships) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი ნინო როდონაია, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში ნანა გაბიტაშვილი. 

სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი იდეების კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გერმანელ მეცენატთან და სტუ-ის საპატიო დოქტორთან, კლაუს ჰიპთან შეხვედრა გაიმართება, სადაც იგი იდეების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს გამოავლენს. 

გამარჯვებული სრული დაფინანსებით, გერმანიაში ერთთვიან პრაქტიკას გაივლის. პრაქტიკებს სრულად, კომპანია HIPP დააფინანსებს. 

შეხვედრის დასასრულს, კლაუს ჰიპი სტუდენტებს გაესაუბრება და მათ კითხვებს უპასუხებს. 

დასწრება თავისუფალია. 

ცნობილია, რომ წელს, 8 ოქტომბერს, გერმანელმა მეცენატმა, ცნობილმა ხელოვანმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელმა და სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუ-ის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის იდეების კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსანტებს კრეატიული და საინტერესო იდეა, ბიზნესის, დიზაინის ან მეწარმეობის სფეროში უნდა წარედგინათ. კონკურსში მონაწილეობა 35 სტუდენტმა მიიღო. 

პროექტების წარდგენა 20 ოქტომბერს დასრულდა. 

 

სტუ-ში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, პრეზენტაციის ფარგლებში ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია – „გრიგოლ ხანცთელი“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, პრეზენტაცია გაიმართა. 

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია – „გრიგოლ ხანცთელი“, გამართა.
 
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

შიდა-2.png

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პროგრამა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებასა და გაცნობიერებას ისახავს მიზნად, რამაც ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრა, ხორციელდება საქართველოს სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და გულისხმობს მართებულად განხორციელდეს საქართველოს ისტორიის თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია და რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას.

„საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავებული სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – ,,ქართული თვითმყოფადობა“, მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა.

ეს არის ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, ისევე, როგორც პატრიარქის ინიციირებული სხვა პროგრამები. დღეს, როცა ეროვნული ღირებებულიების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალები იბრძვიან, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და კონკრეტულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მნიშვნელოვანი მისია აკისრია.

უნივერსიტეტში უკვე 23 წელია მოქმედებს თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც დავაარსეთ ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი – ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე გააცნობს ისეთი დიდი საზოგადო და სასულიერო პირის ცხოვრების და მოღვაწეობის ისტორიას, როგორიცაა გრიგოლ ხანძთელი. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობიდან, რომლის ორგანიზატორი იყო წმინდა მამა, დაიწყო საქართველოს გაერთიანება.

ეს იყო ეპოქა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა, გიორგი მერჩულის ცნობით, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეადგინა ქტიტორული ტიპიკონი და შეთხზა ჰიმნოგრაფიული კრებული – „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ეს არის ქართული სულიერების დამოუკიდებლობის საწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა სტუდენტებმა დიდი მამის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ იციან, თუმცა ის, რასაც დღეს მოისმენენ გაცილებით მეტია“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 1981 წლიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია. 

მეუფეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“ და წარმატებები უსურვეს სტუდენტებს. 

სტუ-ის სტუდენტებმა ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ხელმძღვანელობით, ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს. 

ბუნებრივი საფრთხეების, მდგრადი გარემოსა და დაცვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული საველე ექსპედიცია, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძისა და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ერთობლივი თემატური ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მთიულეთის არაგვის ხეობაში, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში ჩატარდა.

როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, სტუდენტები გაეცნენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი ინოვაციური საინჟინრო ნაგებობის – ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მუშაობის პრინციპებს.

მისი მონიტორინგი ახალგაზრდებმა, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, ადგილზე განახორციელეს.

2 (1).png 
ნოე ხოზრევანიძის ინფორმაციით, ბარაჟის სამონიტორინგო სამუშაოებში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, საველე პრაქტიკების ფარგლებში, გარკვეული პერიოდულობით ჩაერთვებიან. 

ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მისიის შესახებ, სტუდენტებს ლექცია სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ჩაუტარა.

გივი გავარდაშვილის თქმით, ბარაჟი ამცირებს ღვარცოფების ზემოქმედებისა და შედეგების რისკებს როგორც ზემო და ქვემო მლეთის სოფლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში მოწყობილი ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი დღემდე, ერთ-ერთი უალტერნატივო საინჟინრო ნაგებობაა მსოფლიოში. მისი სამშენებლო სამუშაოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (AR_18_1244) ფარგლებში დაფინანსდა.

სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები ბათუმში, მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, მონაწილეობა მიიღეს. 

ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე. 

Cover gtu.png (7).jpg

„სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას. ფესტივალმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდების მეცნიერებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ღონისძიებები არის ერთგვარი მოტივაცია მომავალი თაობისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფესტივალზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის”, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

მეცნიერების ფესტივალზე – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის შესახებ, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ესაუბრნენ. 

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა. 

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა კი, სტუდენტებისთვის სტიმულია. 

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები XXI საუკუნის პრობლემაა, რომლის პრევენცია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მწვანე და აგრო სტიპენდიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობა და მათთვის იმ სიახლეების მიწოდება, რასაც სამინისტრო გეგმავს, ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში მეტ კვალიფიციურ კადრს. რაც შეეხება სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებაში მონაწილეობას და დასაქმებას ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია, რითაც მუდამ ვცდილობთ მსგავსი შეხვედრებით ჩვენს სტუდენტებს მივცეთ დასაქმებისა და კარიერული ზრდის საშუალება“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

Cover gtu.jpg

სტუ-ის სწავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს.

„მისასალმებელია ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ინიციატივა სტუდენტთა სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომლის ძირითად კრიტერიუმად სტუდენტთა აკადემიური მოსწრება სახელდება, აღნიშნული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ჩვენს ქვეყანაში პირველად ხორციელდება და ჩვენი სტუდენტებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა მათი მომავალი დასაქმების და კარიერული განვითარებისათვის“, – განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ. 

შეხვედრის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. 

 

UNI4VERSE კონკურსთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

24 ოქტომბერს, 20:00 საათზე  სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო ოფისის ხელმძღვანელობა, UNI4VERSE კონკურსთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელიც განკუთვნილია კონკურსში მონაწილე სტუდენტებისა და მენტორებისთვის, ასევე, უნივერსიტეტებში კონკურსზე პასუხისმგებელ პირებისთვის და კოორდინატორებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ Uni4Verse საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ არის ორგანიზებული, ხოლო პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.

2024 წელს, პროექტი “მწვანე ეკონომიკის” თემას ეძღვნება და 18 უნივერსიტეტი მონაწილეობს. 

შეხვედრაზე, გარდა კონკურსის შესახებ ზოგადი ინფორმაციისა, ასევე, დეტალურად განხილული იქნება კონკურსის მომდევნო ეტაპების ვადები, სტრუქტურა, მოლოდინები და სხვა შინაარსობრივი თუ ლოგისტიკური საკითხები, მათი შორის: 

  • პროექტის სტრუქტურა და მისი 3 ფაზა;
  • რა დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება რეგისტრაციის დროს;
  • რა კრიტერიუმებით შეფასდება იდეა;
  • როგორ წარადგინოთ საკუთარი იდეა და წარმოაჩინოთ მისი უნიკალურობა;
  • რა ეტაპები უნდა გაიაროთ სანამ ჟიურის წინაშე საკუთარ იდეას წარადგენთ და რას უნდა ელოდოთ თითოეული ეტაპისგან.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ფეისბუქ გვერდია.

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ შეხვედრის ბმულს Zoom პლატფორმაზე.

სტუ-ის რექტორი „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, წყალბურთელთა გუნდს – „სტუ-ტონუსი“ (თბილისი) წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებასა და „ქუთაისის თასის“ მოპოვებას ულოცავს. 

საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა – „სტუ-ტონუსი“ ღირსეულად იასპარეზა, ფინალურ შეხვედრაში კი ქუთაისის გუნდს სძლია და „ქუთაისის თასს“ დაეუფლა. გარდა ამისა, ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ-ტონუსის“ წყალბურთელები – ივა ჭუბაბრია და სანდრო ბაბიაშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და მეკარედ აღიარეს. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდმა მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. რექტორის განცხადებით, წყალბურთელთა გამარჯვება ინტენსიური წვრთნებისა და საუკეთესო საწვრთნელი ბაზის არსებობითაც არის განპირობებული. 

Cover gtu.png (9).jpg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას. ვცდილობთ, სწავლის პარალელურად, ისინი აქტიურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებში. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდული სპორტული აქტივობები მუდამ მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისისა და რეგიონების მუნიციპალიტეტების მერიების და სპორტის ეროვნული ფედერაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ “სტუ-ტონუსის” წყალბურთელები საუკეთესო საწვრთნელი ბაზით არიან უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად კახა კალაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივას, წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საცურაო აუზი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაჰბრუნებოდა. ჩვენი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ვულოცავთ საუნივერსიტეტო გუნდს – “სტუ-ტონუსს” წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ”, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, საერთაშორისო ტურნირს წყალბურთში – „ქუთაისის თასი“ – 18-20 ოქტომბერს ქუთაისმა უმასპინძლა.

ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები: „სტუ-ტონუსი“ (თბილისი), ქუთაისის „ქუთაისი“, სომხეთის „არმენია“, თურქეთის „გირესუნი“, ბათუმის „ბათუმი“ და კვიპროსის „ლარნაკა“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.  

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?