სტუ-ის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“,  მოცურავეთა გუნდმა  “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე” „გაზაფხულის თასის“ გათამაშებაში, რომელიც ჩატარდა   საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“,  აჭარის,  გურჯაანის,  ბლექსის,  გლდანის და თემქის აუზები და  რუსთავის,  აკვა ცენტრის,  ოლიმპიკის,  საჩხერის,  არენას,  გორის, ელიტის  გუნდები,  ასაკობრივ ჯგუფებში – აბსოლუტური, 2009- 2010 და 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებს შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის გუნდის მოცურავე მამუკა შენგელია „გაზაფხულის თასის“ მფლობელი გახდა აბსოლუტურ კატეგორიაში: I ადგილი დისტანციებზე –  50,100, 200 მეტრი თავისუფალ ყაიდაზე ცურვა და 200 მეტრი კომპლექსური ცურვა. 2009-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის „გაზაფხულის თასი“ დისტანციებზე – 50,100, 200 მეტრი, ბრასით ცურვაში, პირველი ადგილი მოიპოვა „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ გუნდის მოცურავემ აკაკი მღებრიშვილმა. ჯგუფურ ესტაფეტებში 4×100 თავისუფალ ყაიდაზე და 4×100 კომბინირებული ესტაფეტაში კი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“  ვაჟთა გუნდმა  II ადგილი დაიკავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“  მოცურავეთა გუნდს   “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. როგორც აკადმიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, „წყალთა სახეობის ცენტრი ტონუსი“ რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის მფლობელობაში დაბრუნდა.

„წარმატებას ვუსურვებ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ სპორტსმენებს, რომელთა  გამარჯვება ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, იმდენად, რამდენადაც, აუზი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოართვეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს,  სამიოდე წლის წინ დაგვიბრუნა თბილისის მერიამ და ამ პერიოდში ჩვენ შევძელით აღგვდეგინა საუნივერსიტეტო საწყალოსნო სპორტის სახეობები. ჩამოვაყალიბეთ საუნივერსიტეტო გუნდები, რომლის შემადგენლობაში შედიან, როგორც ჩვენი ასევე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ისინი სხვადასხვა შეჯიბრში გამოდიან და წარმატებებს აღწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად კახა კალაძეს, რომელმაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივას, აუზი  უმაღლეს სკოლას დაბრუნებოდა, მხარი დაუჭირა. კიდევ ერთხელ ვულოცავ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ საპრიზო ადგილის დაკავებას და წარმატებებს ვუსურვებ“, — აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია — „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები”, ჩატარდა.

კონფერენციაში, რომელიც გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, იუსტიციის მთავარმა  სახელმწიფო მრჩეველმა, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლემ, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სამართლის დოქტორმა გია მეფარიშვილმა; სამართლის დოქტორმა დარეჯან ლეკიაშვილმა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა  ვლადიმერ მაჭარაშვილმა; ეკონომიკის დოქტორებმა – გოჩა ცოფურაშვილმა, შოთა ვეშაპაძემ და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) თავმჯდომარემ, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თქმით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები”, მოიცავდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ,,სასურსათო უსაფრთხოება  და სისტემური საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობა”; 1993-1998 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდაცვის ორგანიზაციის რეფორმების სამთავრობო კომისიის საქმიანობის მიმოხილვა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში; ,,ეკონომიკური უსაფრთხოების სამართლებრივი შემადგენელი”; „სამართლებრივი უსაფრთხოების პრობლემა დაცვის უფლების განხორციელებაში“; ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების აქტუალური საკითხები.

„კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევართა ასოციაციის  ორგანიზებით. კონფერენციაზე განხილული თემები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის ცოდნის ამაღლების მიმართულებით, ასევე, ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს. ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ ბაზას. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ქართული სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის საკითხების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა, ანალიზი და მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით საფუძვლიანი პოპულარიზაცია აქტუალური გახდა. მით უფრო, რომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არსებობს ქართული სამართლის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება კონფერენცია, მით უმეტეს, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ოპერატიულ-საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების მქონე პოლიციის, უშიშროებისა და დაზვერვის სპეციალისტებმა, ასავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა წიგნის — „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი საგადასახადო სამართალში“ — პრეზენტაცია.

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო  პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

23. კავკასიის უნივერსიტეტი

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი

31. ევროპის უნივერსიტეტი

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

33. თბილისის თავისუფალი აკადემია

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 88-ე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, 14 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის „მთის მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევის“ სექციამ იმუშავა.  

სექციაზე ფაკულტეტის ოთხივე პროგრამის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა 12 მოხსენება წარმოადგინეს. თოთოეული მოხსენება ეხებოდა  2024 წლისთვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკას: „მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის — ინოვაცია, ადაპტაცია, ახალგაზრდობა“, რომელიც მთის პარტნიორობის, Mountain Partnership-ის მიერაა დაანონსებული.

აღნიშნული კონფერენცია 2024 წლისთვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე აქტივობაა.

კონფერენციის სექციური მუშაობისას სტუდენტებმა მიმოიხილეს მთიან ტერიტორიებზე მდგრადი განვითარების პრობლემატიკა, ორგანული წარმოების შესაძლებლობები, მწვანე სასტუმროები, ბუნებრივი საფრთხეები, მთის მდიდარი ეთნო და გასტრონომიული კულტურა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა ნაწილი მთიან ტერიტორიაზე მოქმედი სტუდენტი-მეწარმეა, ხოლო მეორე ნაწილი ორგანული მეწარმეობის წამოწყებას ახლა გეგმავს.

სტუდენტთა მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჟიურის წევრებმა მომხსენებლები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს, რომლებიც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს გადაეგზავნა. საორგანიზაციო კომიტეტი სექციის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და კონფერენციის დასკვნით ღოსისძიებაზე, 14 ივნისს,  I-II-III ადგილზე გასულ სტუდენტებს დაასახელებს.

სტუ-ის პედაგოგის მიერ შემუშავებული დიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული და ამავე ფაკულტეტის პედაგოგი ლუკა ჯანჯღავა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის, Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა.

Red Dot Design Award-ის 2024 წლის კონკურსი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში გამარჯვება Meama Versatile-ს მიანიჭა, რომლის დიზაინზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა, ლუკა ჯანჯღავამ იმუშავა.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის, ნიკოლოზ შავიშვილის თქმით, Red Dot Design Award-ის კონკურსზე გამარჯვება განსაკუთრებული წარმატებაა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული დიზაინის სკოლისთვის.

„კომერციულ სფეროში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტიანობა, არამედ ემოციაც. საკონკურსო ნამუშევრებში განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. Red Dot Design-ის ჯილდო ორ ქართველ დიზაინერს აქვს მოგებული: ერეკლე ინაშვილს – „თიბისი ბანკის“ ბარათების დიზაინში და ზვიად ციკოლიას – საათის დიზაინსა და შეფუთვაში. ლუკა ჯანჯღავა კი პირველი ქართველია, რომელმაც გამარჯვება პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში, სამზარეულოსა და ელექტროტექნიკის მიმართულებით მოიპოვა. ეს არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და დიზაინის ფაკულტეტის, არამედ მთლიანად ქართული დიზაინის სკოლის მორიგი გამარჯვებაა. ვულოცავ ლუკას და წარმატებებს ვუსურვებ“, — აცხადებს ნიკა შავიშვილი.

Red Dot Design-ის ჯილდო ცნობილია როგორც ერთგვარი „ოსკარი“ სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში. გამარჯვებულების გამოვლენა სამი მიმართულებით ხდება: პროდუქტის დიზაინი, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ პროექტს, ბრენდები და საკომუნიკაციო დიზაინი და დიზაინის კონცეფცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს – გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომა  ჩვენი სარწმუნოების თავიდათავია. ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სწავლა და გარჯა სძლევს სიბნელესა და უმეცრებას, სიკეთე – ბოროტებას, სიყვარული – სიძულვილს და რომ სიკვდილზე გამარჯვება მოპოვებულია. 

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: „დღეს გამოიხსნება სამყარო – ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით – ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან – თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი“.

დაე, ჩვენთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, აღდგომა იყოს ჩვენთვის მადლის მომფენი და მოგვანიჭოს ძალა  სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, უფალო „შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან“.

იმედი მაქვს, უფლის წყალობით, შევძლებთ და დავძლევთ იმ სირთულეებს, რაც ჩვენს წინაშე დგას – მშვიდობა საქართველოს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! 

გილოცავთ, შეგვეწიოს უფლის მადლი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

 

სააღდგომო სტუმრობა ძეგვის თავშესაფარში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სააღდგომოდ, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ.

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, რომლის ინიციატორი და მხარდამჭერი რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძეა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავშესაფარში მცხოვრებ პენსიონერებსა და ოჯახებს სააღდგომო ნობათი, სასურსათო პროდუქტი, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტანსაცმელი, ბავშვებს კი ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სხვადსხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცეს.

სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა თავშესაფრის დირექტორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, თავშესაფარში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან დამამთავრებელ კლასებში ისწავლიან, STEM საგნებში უსასყიდლოდ მოამზადოს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და საუნივერსიტეტო „ქალთა ასოციაცია“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ზრუნვის დაწესებულებებს. მათ შორისაა, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული თავშესაფარი, სადაც 80 ბენეფიციარია, აქ არიან ხანდაზმულებიც და ოჯახებიც თავიანთი შვილებით. მიგვაჩნია, რომ თავშესაფარში მცხოვრებ 20 ბავშვს, რომელთა ნაწილიც სასკოლო ასაკისაა, განსაკუთრებული ზრუნვა და კარგი განათლების მიღება სჭირდებათ. დაწესებულების დირექტორს, ქალბატონ ნანა გოგოჭურს რექტორის ინიციატივა გავაცანით იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტი მზად არის, მომავალი სასწავლო წლიდან STEM საგნებში – მატემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში უფასოდ მოამზადოს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, მისცეს მათ კარგი ცოდნა და ამით შეუქმნას შესაძლებლობა, სწავლა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე გააგრძელონ და პროფესიონალ სპეციალიტებად ჩამოყალიბდნენ. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებს მხარდაჭერას პროფორიენტაციაშიც აღმოუჩენს და შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს შესთავაზებს“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა. 

ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული თავშესაფარის დირექტორმა ნანა გოგოჭურმა, ბენეფიციარების სახელით, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რექტორის ინიციატივა, რაც მათ ცოდნის დაუფლებასა და სამომავლო გზის გაკვალვაში დიდ დახმარებას გაუწევს.

სტუ-ში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის – „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსი“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სპეციალურმა ჟიურიმ მოსწავლეთა სამ საუკეთესო გუნდურ პროექტს I, II და III  საპრიზო ადგილი მიაკუთვნა.

„საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს“ საფუძვლად დაედო STEM ინოვატორთა ასოციაციის მიერ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების STEM საგნების მასწავლებლებისთვის გამოცხადებული ტრენინგ-მოდული – „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი – დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

კონკურსმა სტარტი მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღო. მასში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია თბილისისა და საქართველოს რეგიონების 60-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებითა და მათი მენტორებით (STEM მასწავლებელი) დაკომპლექტებული გუნდი დარეგისტრირდა. ტექნიკური გადარჩევის შედეგად, კონკურსში 52 სკოლის გუნდი ჩაერთო. სტუ-ის „იმს“ ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრებით, ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალური ტური 15-მა გუნდმა გადალახა.

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამ ეტაპად ჩატარდა. ფინალისტმა გუნდებმა, მენტორების ხელმძღვანელობით, ჟიურის წევრებს საკონკურსო პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მოეწყო საკონკურსო STEM პროექტების გამოფენა, რომელზეც გუნდებმა დამწრე საზოგადოებას თავიანთი პროექტები გააცნეს და მათზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ნახევარფინალისტმა გუნდებმა, ასევე, კონკურსის მონაწილე სხვადასხვა სკოლის 15 გუნდმა, რომელთა პროექტები ჟიურის წევრებმა საინტერესოდ მიიჩნიეს.

საკონკურსო STEM პროექტების გამოფენა დაათვალიერეს და სასკოლო გუნდებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აკაკი გიგინეიშვილმა, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან იმნაიშვილმა, „იმს“ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაციის თავმდომარე უტა კილასონიამ, ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ზარდიაშვილმა და ასოციაციის წარმომადგენლმა მარეხ მაზანაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ  და ამავე ცენტრის ფიზიკის მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტმა ზურაბ ბერაიამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, ასევე, სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.

„საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსის“ დასკვნითი ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. ზურაბ გუდავაძე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კონკურსის მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.

„ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოვდივარ. გამოფენაზე წარმოდგენილმა საკონკურსო STEM პროექტებმა, კონკურსში მონაწილე სასკოლო გუნდებმა და მათმა მენტორებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს. ამ ახალგაზრდებში ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვხედავთ! მრავალი მათგანი გახდება მეცნიერი, სხვადასხვა დარგისა და სფეროს პროფესიონალი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი – სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან ის ფასეულობა, რომელსაც განვითარებისა და აღორძინების გზაზე მავალი ჩვენი ქვეყანა დაეყრდნობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის მონაწილე ყველა გუნდს, მათ მენტორებს, ყველა სკოლას! მეტი განსაწავლულობა STEM საგნებში, მეტი ინოვაცია, მეტი ღირსეული წარმატება ჩვენს მომავალ თაობებს!“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.

STEM ინოვატორთა ასოციაციის თავმჯდომარე უტა კილასონიამ, ასოციაციის წარმომადგენლმა მარეხ მაზანაშვილმა და სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, თალიკო ჟვანიამ აუდიტორიას ჟიურის გადაწყვეტილება გააცნეს და კონკურსის სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეთა გუნდები წარუდგინეს. მათი განცხადებით, საკონკურსო ჟიურიმ სამი გამარჯვებული თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების 15 ნახევარფინალისტ გუნდს შორის გამოავლინა.

I საპრიზო ადგილი პროექტისთვის – „მეწყრული პროცესების პროგნოზირების სისტემა“ – აჭარის ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. I ადგილის მფლობელ გუნდს კუთვნილი ჯილდო – სიგელი და 2000-ლარიანი ვაუჩერი – უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გადასცა.

მე-2 საპრიზო ადგილი, პროექტისთვის – „ჭკვიანი სახაზავი“, ჟიურიმ თბილისის 157-ე საჯარო სკოლის გუნდს მიაკუთვნა. მას სიგელი და 1000-ლარიანი ვაუჩერი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ  გადასცა.

 

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტისთვის – „მარწყვის სათბური“ – მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი ქ. ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აკაკი გიგინეიშვილმა სიგელითა და 500-ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე STEM ინოვატორთა ასოციაციის „რჩეული“ მცხეთის მე-2, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტიძირის საჯარო სკოლების გუნდები გახდნენ. ასოციაციამ „რჩეული გუნდები“ STEM სასწავლო ნაკრებით დაასაჩუქრა. სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერმა დავით სონღულაშვილმა „რჩეულ გუნდად“, პროექტისთვის – „ვირტუალური დიაგნოსტიკა“, თბილისის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი და მენტორი მარიამ ჩახვაშვილი აღიარა და საჩუქრად თავისივე შექმნილი „ვირტუალური ლაბორატორია“ გადასცა. „2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორის“ წოდება კი პირველ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის მენტორს, ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ნაირა გოგიტიძეს მიენიჭა.

 

სტუ-სა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას, ასევე,  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ქართული და მსოფლიო კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაციის საკითხებზე მსჯელობის მიზნით, კონფერენციებში ჩართულობას გულისხმობს.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო თუ კერძო სკოლებთან. უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულება საჯარო სკოლის მოსწავლეებში STEM-მეცნიერებების, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების შესწავლის სურვილის ამაღლებაა. ამდენად, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოცაა. უნივერსიტეტი და სკოლა მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ვითანამშრომლებთ ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკის, კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესში დანერგვის მიმართულებით. წავახალისებთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ-სამეცნიერო პერსონალს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი ფორმატის შეხვედრებს, ხელს შევუწყობთ სპორტული შეჯიბრებების, ინტელექტუალურ-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ვფიქრობთ, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერამდე, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა – უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები და უნიკალური საუნივერსიტეტო მუზეუმები გააცნეს.

“საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ცოტა ხნის წინ, პროფორიენტაციის მიზნით გასვლითი ღონისძიება ჩაატარა რუსთავში, რა დროსაც თანამშრომლობის სურვილი არა ერთმა საჯარო სკოლამ გამოთქვა, მათ შორის N23 სკოლამ. დღეს სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტი, სადაც მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა გააცნო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ, ფიზიკის დეპარტამენტში განხორციელებული და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული პროექტები, რამაც მოსწავლეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითი ლაბორატორია. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიების დათვალიერების სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა შემდეგი ვიზიტი“, – აცხადებს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ერთობლივად დაგეგმავენ სემინარებსა და ახალგაზრდულ კონფერენციებს, აგრეთვე, შეიმუშავებენ სტაჟირების პროგრამებს სწავლების მეთოდების სრულყოფა-განვითარების პრობლემურ თუ აქტუალურ საკითხებზე.

სტუ-ის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის –  „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა.

CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ კონსორციუმების ფარგლებში წარდგენილი შემდეგი პროექტები: 1. „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით); 2. „ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ (პარტნიორი: ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში); 3. „მთის ტერიტორიების მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა“ (მილანის უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების სასწავლო ცენტრთან კოლაბორაციით); 4. „ვეტერინარიის სამაგისტრო პროგრამა“ (ევროპის უნივერსიტეტთან კოლაბორაციით).

კონკურსში გამარჯვებულ პროექტებსა და მათ ავტორებს მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან დაჯილდოების ცერემონიას ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი თეა მურვანიძე და გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება, უდავოდ, დიდი სტიმულის მიმცემია, მით უმეტეს, რომ 14 გამარჯვებულ პროექტს შორის ოთხი – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის. მისი განმარტებით, საგრანტო დაფინანსების მოპოვება უნივერსიტეტს დამატებით შესაძლებლობას უქმნის, კონსორციუმების ფარგლებში, ქართულ და უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით, კონკრეტული მიმართულებები განავითაროს, შეიმუშაოს ახალი ერთობლივი და ორმაგი საერთაშორისო ხარისხის აკადემიური პროგრამები, წარმატებით განახორციელოს სასწავლო გარემოს მოდერნიზება და ამავდროულად, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კავშირები გააძლიეროს.

„ქართული უნივერსიტეტების განვითარებისთვის უაღრესად საჭირო და დროული საგრანტო კონკურსების ინიციირებისთვის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილს, მსოფლიო ბანკს და კონკურენტული ინოვაციის ფონდს. მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქმედითად შეეწყობა ხელი, განახორციელოს სტრატეგიული გეგმები, რაც პირდაპირ კავშირშია სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფასთან, ლაბორატორიულ სწავლებაზე დაფუძნებული და შრომის ბაზართან ადაპტირებული მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და კვლევების ინტერნაციონალიზაციასთან“, – აღნიშნავს თამარ წერეთელი.

კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ 14 საუნივერსიტეტო პროექტზე, ჯამურად, 2,2 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა. CIF-ის საგრანტო კონკურსებში, რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება, დაფინანსება 27-მა საგრანტო განაცხადმა მოიპოვა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?