სტუ-ში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრი თანამშრომლებმა სტუდენტებს სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის თანამშრომლების ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და მისი მიზანი სტუდენტებისთვის არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 12 აპრილს განახლდა, რამაც საშუალება მოგვცა სააგენტოსთან ინტენსიურ რეჟიმში გაგვეცვალა ინფორმაციები. უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებაა. ასევე, პრიორიტეტულია სტუდენტების, კურსდამთავრებულების დახმარება დასაქმების ან სტაჟირების მიმართულებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიციური კადრების მომზადება. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და დასაქმების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველსაყოფად ერთობლივ აქტივობებს ახორციელებს. სააგენტოს შუამავლობით ხდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო პოტენციურ დამსაქმებლებთან. მხარეებს ვალდებულება გვაქვს არებული ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვუზრუნველყოთ, რათა მათ ისარგებლონ პროფესიული მომზადების, გადამზადების, სტაჟირების პროგრამებით. მემორანდუმი ხელს უწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც სტუდენტებისათვის პროფესიულ კარიერაში წინსვლის გარანტიაა. მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა ენერგეტიკის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ,  „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22 -ე მუხლისა  და  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N 153 დადგენილების 1 და 2 მუხლების საფუძველზე,  სააღდგომო უქმე დღეების შესახებ  ბრძანება გამოსცა. 

დოკუმენტის თანახმად,   სტუ-ის ყველა თანამშრომლისთვის ( გარდა დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის მცველებისა) 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეა.   

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ-  „მოდინახე“,  სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა.

სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი თურქეთში, ავსალარში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა.

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ ფესტივალზე რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის  ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ინსცენირება – “ბოშები”, წარადგინა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის მორიგი გამარჯვება, პირველ რიგში,  არის დასტური იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილე ძველ თაობასთან ერთად ახალი ნაკადი წარმატებით აგრძელებს ტრადიციებს. “მოდინახე” წლებია მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში. ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ თურქეთს, თუმცა, პანდემიის შემდეგ ეს არის თეატრის პირველი გასვლა მეზობელ ქვეყანაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიკოს დავით გურგენიძეს. ჩვენი წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის პირდაპირ პროპორციულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ “ბოშები” საინტერესოდ მიიღო მაყურებელმა. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც შედეგზეც აისახა”, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

თურქეთში, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. წელს, ფესტივალი, რომელიც  რამდენიმე ეტაპიანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ გახსნა. ერთმოქმედებიან პიასაში თეატრის სამი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა  მიიღეს მონაწილეობა.

“მეამაყება, რომ ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ვითვლები “მოდინახეს” არტისტად. თეატრი 77 წლისაა და მის სცენაზე სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორი და გივი ბერიკაშვილი, აქ დადგა თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა მიხეილ თუმანიშვილმა. ამ ტრადიციების მქონე დასის წევრად ორი წელია ვითვლები და რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობ. დღეს რომ თავისუფლად ვდგავარ სცენაზე, როლს ვითვისებ და მაყურებლისგან ტაშს ვიმსახურებ, ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძის დიდი დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალში წარმატებას ვულოცავ ჩემს უნივერსიტეტს, დასს და მადლობას მოვახსენებ რექტორს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტში კულტურული ცხოვრების აღორძინებისთვის. რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, მივიღოთ მაღალკვალიფიციური განათლება”, – აცხადებს “მოდინახეს” მოყვარული მსახიობი, სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ტალახაძე.

სახალხო თეატრ-სტუდიას “მოდინახე” და დასის თითოეულ მსახიობს, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალის  ლაურეატის დიპლომი გადაეცა.

 

პროფესორ იოსებ სარჯველაძის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის – პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

„გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აგრარულ მეცნიერებას, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა  სიკეთესა და სიყვარულს.

პროფესორი იოსებ სარჯველაძე 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნათან ერთად ჩამოყალიბდა;  ხუთ ათეულ წელზე მეტი იკვლევდა  სხვადასხვა კულტურებს, მუშაობდა ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების წარმოებასა და დაავადებათა გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებზე; იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვებწარმოების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. ბატონ იოსებს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის – ბატონი იოსებ სარჯველაძის ოჯახს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი!“

გაცნობებთ, რომ პროფესორ იოსებ სარჯველაძის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 30 აპრილს და 1 მაისს | მისამართი: გ. ჩიტაიას ქუჩა, #13/2

გამოსვენება: 2 მაისი, 14:00 საათი | მისამართი: გ. ჩიტაიას ქუჩა, #13/2

სტუ-ში დებატების საუნივერსიტეტო ტურნირი „პეითო“ ჩატარდება

13 მაისს, სტუ-ში, კარლ პოპერის სახელობის დებატების ფორმატით, საუნივერსიტეტო ტურნირი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობა მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

დებატების ტურნირი 6 კვირას გაგრძელდება და მიზნად ისახავს, სტუდენტებს  დაანახოს ის, რომ ოპონენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება, არის მხოლოდ მისი შეხედულება, ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებაში, რაც არ უნდა გახდეს პიროვნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი.

დებატების ტურნირის სტრუქტურა აგებულია მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსმენისათვის პოზიტიური გარემოს შექმნას. მონაწილე მხარეები სრულიად თანაბარ პირობებში არიან და მომხსენებელს გამოსვლის დროს სიტყვას არავინ აწყვეტინებს. ოპონენტები კი, ყურადღებით უსმენენ, ღირსეული ოპონირებისთვის.

დებატების თემები:

  • ეკოლოგია

  • განათლება

  • მასმედია

  • ჯანმრთელობა

  • ადამიანთა უფლებები

  • დასაქმება

  •  ეკონომიკა

კარლ პოპერის დებატებში მონაწილეობას წელს, სამი წევრისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი მიიღებს, სადაც თითოეულ გამომსვლელს მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები ექნება.

დებატების ხარისხი მეტწილად დამოკიდებულია, მხარეთა მიერ არჩეულ პოზიციაზე, შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გუნდების მიერ საკამათო საკითხის შესწავლას. გამომსვლელები კარგად უნდა იცნობდნენ პრობლემას, რის გარშემოც უწევთ კამათი. ასევე სასურველია, მათი არგუმენტი გამყარებული იყოს შესაბამისი ფაქტობრივი მასალით.

რამდენადაც ფორმალური დებატი წარმოადგენს ერთგვარ სანახაობას, მისი უმთავრესი ელემენტია = გამომსვლელთა პრეზენტაბელურობა, ორატორული ხელოვნება და საუბრის დამაჯერებელი მანერა.

ფორმალური დებატების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ოპონენტის აზრის პატივისცემა, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ; პიროვნული და სუბიექტური ფაქტორები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. 

დებატების ტურნირი, სტუდენტებს ეხმარება შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში:

  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება;

  • იდეების ორგანიზებული სახით ჩამოყალიბება;

  • ზეპირი მეტყველების უნარი;

  • ემპათია და შემწყნარებლობა სხვადასხვა შეხედულების მიმართ;

  • საკუთარი თავის რწმენა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პრობლემის არსზე კონცენტრირების უნარი;

  • საჯარო გამოსვლის სტილის შემუშავების უნარ-ჩვევა.

პირველ ეტაპზე ტურნირისათვის სტუდენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებთან კი, დაინიშნება გასაუბრება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სტუ-ის მკვლევარი DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო კონკურსის – Research Stays for University Academics and Scientists –  გამარჯვებულია.

პროფესორ ლილი პეტრიაშვილის კვლევა – „ბიზნესპროცესების მენეჯმენტის მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – ქართველ მეცნიერთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილ თემებს შორის ერთ-ერთია, რომელიც DAAD-ის სტიპენდიატთა შესარჩევმა კომისიამ  საუკეთესოდ მიიჩნია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თითოეული წარმატება, რომელსაც სტუ-ის მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო კონკურსებში მოიპოვებენ, ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.  

„ვულოცავთ ჩვენს კოლეგასა და „იმს“ ფაკულტეტს მორიგ წარმატებას! პროფესორი ლილი პეტრიაშვილი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ტექნიკის და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო-სარედაქციო კომიტეტის წევრია, Volkswagen-ის ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატია. მისი კვლევითი სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს მონაცემთა დამუშავება-ანალიზს, CASE, Grid და Blockchain ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სისტემებს მიწოდების ჯაჭვში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, DAAD-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვება სასურველ შედეგებს მოუტანს როგორც  მეცნიერს, ისე, ჩვენს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდამ მზად არის, ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეცნიერებს კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესში“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

როგორც DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამეცნიერო გრანტი მას შესაძლებლობას მისცემს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, გერმანელ მეცნიერებთან კოლაბორაციით, გეორგ ზიმონ ომის ნიურნბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technische Hochschule Nürnberg Georg Simon Ohm, გერმანია) საკვლევ თემაზე მუშაობა განაგრძოს, კვლევის შედეგები კი, როგორც ერთ-ერთი სიახლე, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, შესაბამის სასწავლო კურსში აისახოს. 

„ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტში სტუდენტების მიღება დაიწყო!

„გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტში სტუდენტების მიღება უკვე დაიწყო.

აღნიშნული პროექტი, საგრანტო განაცხადის საფუძველზეა დაფინანსებული და ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში. 

“Women’s Tech Hub”-ი გაძლევთ შესაძლებლობას:

ა) შეარჩიოთ და გაიაროთ ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი კურსი, მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი:

  • ზოგადი მენეჯმენტი;
  • მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;
  • გრაფიკული დიზაინი;
  • ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი;
  • მეწარმეობა პრაქტიკაში;

ბ) შეხვდეთ წარმატებულ ქალ მეწარმეებს;

გ) დაესწროთ „მეწარმეობის დღის“ ღონისძიებას;

დ) მიიღოთ მონაწილეობა „ინოვაციური იდეების შეჯიბრში“. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამისად 300, 200, 100 დოლარიან სიმბოლურ პრიზებს.

თუკი ხარ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი და ფლობ ინოვაციურ ტექნიკურ-სამეწარმეო იდეას, ან უბრალოდ გსურს განვითარდე და აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით,  გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შემოუერთდი პროექტს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მაისი – 23 საათი და 59 წუთი.   

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4DoWTENuNZTHELu2A

თითოეულ კურსზე 25 ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი საკმაოდ მაღალი იქნება. შესაბამისად, შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ორ ნაწილად.

გთხოვთ გაეცნოთ კურსის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს:

პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი (უპირატესობა ენიჭებათ გოგონებს);

2. აკადემიური მიღწევა: აპლიკანტის GPA ან ეკვივალენტური აკადემიური ქულები (მონაცემები დეკანატიდან);

3. ლიდერობა: ეს შეიძლება იყოს საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა – რეკომენდაცია.

კონკურსის შემთხვევაში ჩატარდება მეორე ეტაპი – გასაუბრების კრიტერიუმები:

  • კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.

  • პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.

  • ლიდერობის თვისებები (30 ქულა) – რეკომენდაცია

  • პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის მოტივაციური ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტში ჩასართავად უნდა აკმაყოფილებდეთ ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ასევე მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში.

კანდიდატებს შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია. თავის მხრივ, კომისია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, თითოეული კანდიდატი შერჩეულ იქნეს ობიექტურად, პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად.  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე : 551 021 204 თორნიკე

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა  (ტექინფორმი), მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში.

ღონისძიება FAO-ს სათაო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, მარიამ რაზმაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ვორქშოპი, რომელსაც ესწრებოდნენ FAO-ს სტატისტიკის სამმართველოს (ESS), ინოვაციების ოფისის (OIN), კვლევითი ცენტრის NARI-სა და სტატისტიკის ოფისის (NSO) ექვსი ქვეყნის თორმეტამდე მონაწილე. ასევე, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც „ტექინფორმი“ უხელმძღვანელებს.

„ორდღიანი ინტენსიური ვორქშოპი საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა. განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და ინსტიტუციონალიზაციის გზები, რომელიც ASTI – ის მიერაა შემუშავებული. ასევე,  ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულ დონეებზე სტატისტიკური და სამეცნიერო მონაცემების დათვლისა და დამუშავების მოდელების შესახებ და გამოიკვეთა საუკეთესო მაგალითები. საპილოტე პროექტის შესასრულებლად,  შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში განსახორციელებლად დავსახეთ ერთობლივი ამოცანები.  ამ საპილოტე პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „ ტექინფორმის“ ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია. ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სამსახური, ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და ანალიტიკური მონაცემების დამუშავებას“, – აცხადებს მარიამ რაზმაძე.

სტუ-ში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა

„აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. უნივერსიტეტში მთელი თვის განმავლობაში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს, შემაჯამებელი შეხვედრა – ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ტარდება, სადაც განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობის მნიშვნელობა. 2023-2024 სასწავლო წელს უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე ირიცხება ხუთი   სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტი. ისინი სწავლობენ სამკერვალო საქმეს, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებას, ავტომობილის ძრავის შეკეთებას, საბაჟო საქმესა და გრაფიკულ დიზაინს. “აუტიზმი საუბრობს, დროა მოვუსმინოთ”, “თუ მე ვერ ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ არ მესმის”, „შეხედე აუტიზმს გულით, თვალებს შეიძლება რამე გამორჩეს“, – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ღვთის შვილებმა შეძლონ და გაარღვიონ ის წრე, რომელიც ერთი შეხედვით ჩაკეტილი ჩანს. მსოფლიო იცნობს არა ერთ აუტისტს, რომელთაც აღიარება მოიპოვეს. მათ გაგვიხსნეს თავიანთი ჩაკეტილი სამყარო და ჩვენ დავინახეთ გული, დავინახეთ სული და დავინახეთ უფალი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა. სტუ-ის ინკლუზიური განათლების სპეციალისტის თამარ კობერიძის თქმით, ღონისძიებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების ხარისხიანად წარმართვის პროცესში, ისაუბრეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალური მხარდაჭერაზე, არსებულ გამოცდილებაზე, მიღწევებსა თუ გამოწვევებზე.

“სასწავლო პროცესში, სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება დაკვირვება და საჭიროებათა გამორკვევა,სტუდენტთა ძლიერი თუ სუსტი მხარეების განსაზღვრა. სტუდენტს შესაძლოა დასჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა,  დამატებითი სპეციალისტის მხარდაჭერა, მაგალითად, ხმოვანი პროგრამების სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, პერსონალური ასისტენტი და სხვა.  ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი იძიებს სასწავლებლის მიღმა სხვადასხვა რესურსს, ვთანამშრომლობთ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, სტუდენტთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის. ვთანამშრომლობთ მშობლებთან. სტუდენტებს მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო   უნარების განვითარებაში. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას, ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერით ჩვენი სტუდენტები დასაქმებულები არიან”, – განაცხადა თამარ კობერიძემ.

 

სტუ-მ სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN,  შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino Detector at the LHC) გლობალური ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა მონაწილეობას გულისხმობს.

ახალი სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წინადადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბოლო სხდომაზე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ ოფიციალურად გაასაჯაროვა. 

პროფესორმა კამპორეზიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიური საბჭოსა და სტუ-ის სამეცნიერო წრეებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე ახალი ექსპერიმენტის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და SND@LHC-ის მე-2 ფაზაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა მონაწილეობის ეტაპებზე ისაუბრა. 

CERN/CMS კოლაბორაციის ლიდერის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ამასთან ერთად, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას. აღნიშნულის გათვალისწინებით,  SND@LHC ექსპერიმენტის განხორციელების პროცესში, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს. შესაბამისად, ექსპერიმენტის ხელმძღვანელობა სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს სთავაზობს, ჩაერთონ ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში, რომელიც დიდ მასშტაბებს აიღებს. მისი თქმით, ახალ ექსპერიმენტში მონაწილეობა სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, შეასრულოს ახალი ამოცანები, რომელთა რეალიზება მოხდება როგორც CERN-ში, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.

როგორც ტიციანო კამპორეზიმ აღნიშნა, ამჟამად SND@LHC ექსპერიმენტის მე-2 ფაზისთვის CERN-ში წინადადები მზადდება, რაც მის სრულ მოდერნიზირებას ითვალისწინებს. მე-2 ფაზის რეალიზება 2029 წლიდან დაიწყება, შედეგები კი მეცნიერთათვის ბევრად მრავლისმომცველი იქნება.

რექტორმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მადლობა გადაუხადა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ახალი სამეცნიერო შეთავაზებისთვის. მისი განცხადებით, CERN-თან კოლაბორაციის გაფართოება უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, მუდმივად იყვნენ გლობალური სამეცნიერო მოვლენების ეპიცენტრში.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მსოფლიოს უმსხვილეს კოლაბორაციებსა და ექსპერიმენტებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობას ქმედით ორგანიზაციულ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – პირადად მინისტრი გიორგი ამილახვარი უწევენ. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრესტიჟული და მსოფლიოს წამყვანი კოლაბორაციებისა თუ ექსპერიმენტების წევრია. ჩვენ არაერთი წელია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან. მათ შორისაა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია. SND@LHC ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში მონაწილეობის თაობაზე ამ უდავოდ უმნიშვნელოვანესი ახალი შეთავაზებისთვის მადლობას ვუხდით CERN-სა და CMS კოლაბორაციის ერთ-ერთ ლიდერს, ჩვენი უნივერსიტეტის დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის, რომელსაც მინდა ვთხოვო გადასცეს ჩვენი საუკეთესო სურვილები CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ იოაჰიმ მნიხს, მეცნიერებს, კოლაბორაციების ლიდერებს, სფოუქსპერსონებს – ყველას, ვინც მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობას უმსხვილეს კოლაბორაციებში, მათ მიერ მაღალ დონეზე შესრულებულ ურთულეს სამუშაოებსა და ამოცანებს.  შედეგები, რომლებიც ჩვენმა მეცნიერებმა CMS-ის მიმდინარეობისას დადეს, დადებითად აისახა მთლიანად ექსპერიმენტზე და კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გლობალურ კვლევით პროცესებში ჩართულობა უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის და შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. CERN-თან კოლაბორაციის გაფართოება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან ჩვენი საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას და უნივერსიტეტის მიღწევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას, გზას გაუხსნის სტუდენტებსა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობებს უმნიშვნელოვანესი გლობალური კვლევებისკენ“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN/CMS კოლაბორაციის შექმნის დღიდან მისი წევრია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები, IT სპეციალისტები, ინსტიტუტის დირექტორის, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში; მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში. სტუ-ის მეცნიერები და ინჟინრები სერიოზულ წარმატებებს აღწევენ მსოფლიოს ლიდერ ცენტრებში მიმდინარე ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა: COMET (KEK, J-PARC, იაპონია) და DUNE (Fermilab, აშშ) და უცხოელი კოლეგების მაღალ შეფასებას იმსახურებენ.

SND@LHC-ი ნეიტრინოების შესწავლის მიზნით, CERN-ში 2021 წელს შეიქმნა. დეტექტორი მდებარეობს მიწისქვეშ, ATLAS ექსპერიმენტთან ახლოს, გამოუყენებელ გვირაბში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერს (LHC) სუპერ პროტონულ სინქროტრონს აკავშირებს. მისი მისიაა LHC-ის ნაკადების შეჯახებისას წარმოქმნილი ნეიტრინოები აღმოაჩინოს. 2022 წლის ივლისიდან, LHC ექსპერიმენტებზე მონაცემების მიღების პარალელურად, მონაცემების მიღება SND@LHC ექსპერიმენტზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილაკების კოლაიდერები ნეიტრინოებს დიდი რაოდენობით აწარმოებენ, კოლაიდერზე არც ერთი ნეიტრინო არასოდეს ყოფილა დამზერილი, რადგან ისინი ძალიან სუსტად ურთიერთქმედებენ მატერიასთან და გამოტოვებენ ტიპური კოლაიდერის დეტექტორებს. LHC ნეიტრინოების უმეტესობა ენერგეტიკულ დიაპაზონშია, სადაც მათი ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი, რაც მათ კვლევას კიდევ უფრო საინტერესოსა და მეცნიერებისთვის მიმზიდველს ხდის.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?