სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

განცხადება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის  ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 15 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 5) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე:

1. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2024 წლის  06 ივნისს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება;

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2024 წლის 16 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას 68, მე-5 სართული, ოთახი №538  განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2024 წლის 05 ივნისს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭო

უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

განცხადება  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ: 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 15 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 4 ) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,

1. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2024 წლის 06 ივნისს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2024 წლის 16 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  კოსტავას 69, სტუ-ის მე-2 კორპუსი მესამე სართული, ოთახი №221,  განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2024 წლის 05 ივნისს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

 

 

სტუ-ის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა სტუდენტებმა დედაენის დღე ღონისძიებებით აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა – ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა – დედაენის დღე ღონისძიებებით აღნიშნეს.

ქართული ენის დღის პატივსაცემად, სტუდენტებმა დედაენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასოცირებული პროფესორი მანანა ქაჯაია ახალგაზრდებს დედაენის ძეგლის აღმართვის ისტორიისა და 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 14 აპრილი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის დღეა და 46 წლის წინ, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, უმნიშვნელოვანესი საქმე სწორედ მშვიდობიანმა სტუდენტურმა მანიფესტაციამ გააკეთა.

სტუდენტებმა წაიკითხეს ირაკლი აბაშიძის ლექსი „ხმა კატამონთან“, ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“, ასევე, გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, ავთანდილ გურგენიძისა და სხვა პოეტთა ლექსები.

შემდეგ მათ მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაინაცვლეს, სადაც ყვავილებით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ისაუბრეს მის დამსახურებასა და ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე.

იმავე დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 70-ზე მეტმა სტუდენტმა.

კონკურსი სტუ-ის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილისა და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

 

სტუ-ში მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ PLMCN-2024-მა მუშაობა დაასრულა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგულარულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ — „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN-2024“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) — მუშაობა დაასრულა.

მაღალი რანგის 4-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ჩატარდა, 9 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. PLMCN-2024-ის ორგანიზატორი, სტუ-თან პარტნიორობით, ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტია (MIFP – რომი, იტალია).

PLMCN-2024-ის მუშაობა, 9-დან 13 აპრილის ჩათვლით, 12 სექციად მიმდინარეობდა: პოლარიტონიკები; კვანტური კორელაციები; Single Photons; Many-body; ფაზური გარდაქმნები; კვანტური ჰიდროდინამიკა; ფოტონიკური გისოსები; Spin & Vortices; მოწყობილობები; მასალები; ეგზოტიკური გარემო (მატერია); მრგვალი მაგიდა და მოწვეული მომხსენებლები.

სექციებზე კვლევები წარმოადგინეს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მკვლევრებმა, ასევე, მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. მსჯელობა და დისკუსიები შეეხო ისეთ ფუნდამენტურ და გამოყენებით საკითხებს, როგორიცაა ახალი თაობის ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობები და ოპტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევები, ფოტონური და სპინტრონიკული სტრუქტურები, პოლარიტონიკული ლაზერები, ახალი ოპტიკური მოწყობილობები, ნახევარგამტარული და ორგანული ნანოსტრუქტურების დამუშავების ტექნოლოგიები, თხევადი კრისტალების და ნანოსტრუქტურის სინერგიის განვითარება ე.წ. მწვანე ტექნოლოგიებისთვის, ოპტიკის თანამედროვე მიღწევების როლი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა დამუშავებაში და სხვ.

PLMCN-2024-ის შემაჯამებელ სესიაზე, რომელიც კონფერენციის სასექციო მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა, რომის ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის (MIFP) პრეზიდენტმა, დოქტორმა ჯუზეპე ერამომ, სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მასპინძლობისა და ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

როგორც დოქტორმა ერამომ აღნიშნა, „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში“ საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული სამეცნიერო კონფერენციაა, რომლის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი ხედვებისა და იდეების გაზიარება, ასევე,  მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა  შორის კოლაბორაციის გაღრმავებაა.

„PLMCN კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და ოპტიკის მიმართულებით ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონფერენციაა. ეს სამეცნიერო ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და სიახლე, რაც  მოგვიანებით გახდა კიდეც ნობელის პრემიით დაჯილდოების საფუძველი, პირველად სწორედ PLMCN-ზე იქნა წარდგენილი. თბილისში ჩამოსვლამდე, კონფერენცია სტუმრობდა ტოკიოს, რომს, ჰავანას, ბერლინს, გლაზგოს, მონპელიეს, მედელინს, კუერნავაკას, ჰერაკლიონს, მაგდებურგს, ჰანჯოუს და სხვა ქალაქებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2024 წლისთვის კონფერენციის მასპინძელი ქალაქისა და ორგანიზაციის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში თბილისმა გაიმარჯვა და მასპინძლის სტატუსი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიპოვა. გადაწყვეტილება საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტმა და პროგრამის კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ფაბრის ლაუსმა (ესპანეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციისა და რეიტინგის გათვალისწინებით მიიღეს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PLMCN-2024-ის მონაწილეები არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის პროფესორები: ჯერემი ბაუმბერგი (კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ბორის ალტშულერი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი, აშშ), პავლოს სავიდისი (ვესტლეიკი, ჰანჯოუ, ჩინეთი). არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო წლებში რომელიმე მათგანი ნობელის პრემიაზე წარადგინონ. წლევანდელ კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავს კვანტურ გამოთვლებს, ახალ მასალებს მომავალი ტექნოლოგიებისთვის, ფოტონიკასა და სპინტრონიკას. უნდა აღვნიშნოთ, რომ PLMCN კონფერენცია საიუბილეო, 25-ე გამოცემაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს PLMCN-ის ისტორიაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის მეცნიერებს, პროფესორებსა და სტუდენტებს – დახვედრისა და კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, ასევე, იმ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებიც ქართველმა მეცნიერებმა კონფერენციის სექციებში წარმოადგინეს. კონფერენციის ორგანიზატორები და დელეგატები დიდად ვაფასებთ განთქმულ ქართულ სტუმართმოყვარეობას, უძველეს კულტურას, ქართულ ღვინოსა და მასთან დაკავშირებულ უძველეს ტექნოლოგიებს. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მალე კვლავ მოვხვდებით საქართველოში“, — აღნიშნა ჯუზეპე ერამომ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის — „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN-2024“ — მუშაობაში მსოფლიოს 15 ქვეყნის (მათ შორის: საქართველო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვედეთი, და ა.შ.) ცნობილმა მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღეს მონაწილეობა. PLMCN-ი 2000 წლიდან რეგულარულად იმართება ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართველ ერს, სტუდენტებს, კოლეგებსა და თანამშრომლებს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის – დედაენის დღეს ულოცავს.

14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და მას შემდეგ ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ვითარდება, რაც ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების საფუძველია.

„გილოცავთ დედაენის დღეს ყველას, განსაკუთრებით მომავალ თაობას, ვინაიდან სახელმწიფო ენის ბედი დღეს თქვენს ხელშია.

1978 წლის 14 აპრილიდან 46 წლის შემდეგ, დედაენის დღის აღნიშვნისას უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია. უნდა გვახსოვდეს, რომ – „ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ და რომ, საქართველოში „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს დაწერიდან 10 საუკუნის შემდეგ, 1978 წელს, ჩვენ დავიცავით „ლაზარეს ენა“ საბჭოთა მარწუხებისგან, კონსტიტუციის 75-ე მუხლში კი ჩავწერეთ: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“ – ქართველმა ხალხმა უდიდესი ბრძოლით მოიპოვა უფლება, ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო ენა და აღეზარდა თაობები ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან 46 წლის შემდეგ, არ გვჭირდება მტკიცება იმისა, რომ მსოფლიოში არსებული დამწერლობებიდან, ქართული ერთ-ერთი უძველესია, რაც სწორედ 1978 წელს განვითარებული მოვლენების დამსახურებაა – 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ძვირფასი თარიღია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა არ დაუკარგავს ქვეყნის მომავლის მშენებლობისთვის საჭირო ძალა. საუკუნეებია ენა და სახელმწიფო ერთად ვითარდება, ასე მოვედით დღემდე და მალე,  სამი სახეობის უნიკალური ანბანით ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით.

ქართული ენა არის „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა” და სწორედ ამ ძალის დამსახურებაა, რომ ქართულმა ენამ კაცობრიობას მრავალი სიმდიდრე, მათ შორის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი  – „ვეფხისტყაოსანი” აჩუქა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბოროტებაზე დედაენის გამარჯვების დღეს და შეგახსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვებს: „ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი… ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.  

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

სტუ-ის სტუდენტები “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმრო მომსახურეობა,  სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით,  “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმროს მომსახურება – სტუდენტების ვიზიტი “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi”-ში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და მისი მიზანი სასტუმროს სპეციფიკის გაცნობა და სასტუმროში არსებული აქტიური ვაკანსიების გაცნობა იყო.  

„დღევანდელი შეხვედრა გასულ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სასტუმრო  “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დროს დაიგეგმა სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, თომას ვან ოპსტალისთან. ვიზიტის მიზანი სტუდენტების ინფორმირება და იმ სიახლეების ნახვა იყო რაც დანერგილია მაღალი დონის სასტუმროებში. სტუდენტებს, პრეზენტაციის სახით,  სასტუმროს მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა სასტუმროს ადამიანური რესურსების ტრენინგ მენეჯერმა შორენა ბერეჯიანმა. მანვე წარუდგინა აქტიური ვაკანსიები და დაათვალიერებინა სამუშაო გარემო. შეხვედრამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრას შემოუერთდა HOTE= l  S M C -ის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი დავით ყიფიანი. რომელთან ერთადაც აწ. უკვე ზაფხულში დაიგეგმა ანალოგიური ტური შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“.  ამ და მსგავსი აქტივობების მიზანია სტუდენტებს დავეხმაროთ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების შანსების გაზრდაში,” –  აცხადებს ნატო ქათამაძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რომლის თანახმად სასტუმროში 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას. 

სტუ-ის რექტორმა MIFP-ის მეცნიერებთან ფიზიკის საერთაშორისო სკოლის დაფუძნების შესახებ იმსჯელა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუ-ში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) ორგანიზატორს, უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუტის წარმომადგენლებს – ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის (MIFP – რომი, იტალია) პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ერამოს, სამეცნიერო დირექტორს, ვესტლეიკის უნივერსიტეტის (ჩინეთი) პროფესორს, ალექსეი კავოკინს და კემბრიჯის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ჯერემი ბაუმბერგს შეხვდა.

შეხვედრაში სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამომავლო კოლაბორაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ფიზიკის რეგულარული საერთაშორისო სკოლის დაფუძნების თაობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივაზე იმსჯელეს.

როგორც რექტორმა აღნიშნა, ფიზიკის რეგულარულმა საერთაშორისო სკოლამ, რომელსაც მოქნილი სტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობა ექნება, საქმიანობა ფიზიკის ყველა მიმართულებით უნდა განახორციელოს და მოიცვას ფილოსოფია, ასევე, ფიზიკის მომიჯნავე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. დავით გურგენიძის განცხადებით, ფიზიკის საერთაშორისო სკოლის დაფუძნების იდეა ემყარება სურვილს, ახალგაზრდა მკვლევრებს მიეცეთ შესაძლებლობა ფიზიკის დარგში მიმდინარე უახლესი კვლევების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, სამეცნიერო კონსულტაციები, მოისმინონ საჯარო ლექციები მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსებისგან, ფილოსოფოსებისა და ფიზიკის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებისგან, ასევე, თავისუფალ ფორმატში გამართონ დიალოგი და დისკუსიები. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ფიზიკის საერთაშორისო სკოლა ახალგაზრდა მეცნიერთათვის მოიაზრება, როგორც ფუნდამენტური კვლევების პროცესში მნიშვნელოვანი დამხმარე რგოლი.

„დიდი სურვილი გვაქვს, შეიქმნას საერთაშორისო სკოლა, რომელიც გააერთიანებს ფიზიკის მიმართულებებს, ფილოსოფიას და ფიზიკის მომიჯნავე მეცნიერებებს, რადგან მსოფლიო აწყობილია ფიზიკის დარგში კვლევებზე, ფილოსოფია კი ყველა მეცნიერებაშია შეჭრილი. ცხადია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებზე ვფიქრობთ, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ სკოლა კარს ასევე გაუღებს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრებს. ნიჭიერ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დიდ მეცნიერებს. გთავაზობთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, MIFP-ი ფიზიკის საერთაშორისო სკოლის თანადამფუძნებელი გახდეს. ასევე, გთავაზობთ, ამ იდეის ირგვლივ ერთობლივი ძალებით მოვიზიდოთ, როგორც საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ასევე, ფიზიკის დარგში მოქმედი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები – ეს სჭირდება ჩვენი პლანეტის საერთო მომავალს, მეცნიერთა ახალგაზრდა თაობებს“, – აღნიშნა შეხვედრაზე რექტორმა, დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე მოსაზრებების შეჯერების შედეგად, ფიზიკის რეგულარული საერთაშორისო სკოლის დაფუძნების ადგილად მხარეები საქართველოს განიხილავენ. მათივე მოსაზრებით, საერთაშორისო სკოლის შეკრებების გეოგრაფიული არეალი ვრცელი იქნება და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს მოიცავს.

სტუ-მ, რუსთავში, აბიტურიენტებთან შეხვედრის ღონისძიება გამართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, რუსთავში, რუსთავის მერიიისა და რესურსცენტრის ხელშეწყობით, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ორგანიზებით,  აბიტურიენტებთან შესახვედრად გასვლითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება, რომელშიც რუსთავის 26 საჯარო და 7 კერძო სკოლის 650 მოსწავლემ მიიღო მოანწილეობა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდა.  

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის რექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რუსთავის მერიას და რესურსცენტრს ღონისძიების ორგანიზატორების მხარდაჭერისთვის, სკოლის მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, აბიტურიენტებთან შეხვედრის მიზანი, მათთვის საგანმანათლებლო პროგრამების დეტალურად გაცნობაა.

“1922 წელს დაარსებული, საქართველოში პირველი საინჟინრო უნივერსიტეტი, დღესაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მრავალფეროვანი და უნიკალური საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებით. 2022 წელს, სტუ-მ 100 წლის იუბილე აღნიშნა და ეს თარიღი გახდა ახალი ათვლის წერტილი, უნივერსიტეტის დასახული მიზნებისა თუ გამოწვევებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 69  საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის ინგლისურენოვანი, მოქმედებს. აქედან, 36 პროგრამა, მათ შორის: მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი, სახელმწიფოს მიერ სრულიად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში, წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და რაც მთავარია, სტუდენტები მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში, როგორიცაა ATLAS და CMS ექსპერიმენტები CERN-ში; COMET ექსპერიმენტი იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, DUNE ექსპერიმენტი ამერიკულ FermiLab-ში. გარდა ამისა გვაქვს მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაცია იულიხის კვლევით ცენტრსა და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფთან (HZDR), ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში სტუდენტები ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას ეუფლებიან, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა. ზაზა ბუაჩიძის განცხადებით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით ორჯერ ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რა დროსაც ათობით სტუდენტი დასაქმდა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას, უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას. დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნება და კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრებით შევსება კი ჩვენი ერთ-ერთი მისიაა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ დამსაქმებელი სახელმწიფო ორგანიზაციები თუ კერძო სექტორი, ჩვენს უნივერსიტეტში აღზრდილი კვალიფიციური სპეციალისტებით დიდ წარმატებებს აღწევენ”, – განაცხადა ზაზა ბუაჩიძემ. 

  

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ღონისძიება სამ ეტაპად ჩატარდა და მაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტი მონაწილეობდა.

“სამეტაპიანი ღონისძიების პირველი ნაწილი გაიმართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ეზოში, სადაც ფაკულტეტები აბიტურიენტების წინაშე  ერთგვარი შოუთი წარსდგნენ. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა საინჟინრო და არქიტექტორული კონსტრუქციები, მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ცდებში, აქტიურად ჩაერთნენ ვირტუალური ლაბორატორიების სამუშაოებში. ეს იყო ლამაზი და თამამდ შემიძლია ვთქვა, გრანდიოზული სანახაობა, რომლის მსგავსი, როგორც აბიტურიენტებმა განაცხადეს, არასდროს უნახავთ. მოსწავლეების დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს 13-ვე ფაკულტეტის დეკანებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებმა, რომლებიც რუსთავში მოღვაწეობენ. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას, პირადად მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რესურსცენტრს, სკოლების ადმინისტრაციების და თვითმმართველობების  წარმომადგენლებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების საინტერესოდ ჩატარებაში”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო-თეატრის –  “მოდინახე” –  დასი მაყურებლის წინაშე ლაშა თაბუკაშვილის პიესით “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, წარსდგა.

 ⁠

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თსუ-ს საკალათბურთო გუნდს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება და სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, სტუდენტებს, უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს საქართველოს თასის მოპოვებას ულოცავს.

„ბატონო ჯაბა, 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მორიგ წარმატებას – საქართველოს თასის ტურნირში გამარჯვებას. 

სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჯანსაღი ცხოვრების წესის  ახალგაზრდებში დანერგვა კი, უმაღლესი დაწესებულებების ერთ-ერთი მოვალეობა, რაც უზრუნველყოფს ჰარმონიულად განვითარებულ მომავალ თაობას. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და წინსვლას გისურვებთ”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში. 

 

სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.

„35 წლის წინ საბჭოთა იმპერიამ ნიჩბებით აჩეხა, ტანკებით გადაუარა, ქიმიური იარაღით მოწამლა მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები. 35 წელია ყოველ 9 აპრილს მოვდივართ აქ, სადაც დაიღვარა თავისუფლებისათვის მებრძოლთა სისხლი, საიდანაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

9 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის სევდიანი სიხარულით სავსე დღე. 1991 წელს, ხელისუფლებამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, გამოსცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. პრეზიდენტმა გამსახურდიამ ბრძანა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ქვეყნის ძირითად კანონში, კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინშია, დღეს, როცა ხელისუფლებას ქვეყანა მშვიდობიანი გზით აღმშენებლობისკენ მიჰყავს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სულები „ზეციურ საქართველოში ხარობენ“ – დიდება გმირებს!

მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მიზანი ევროპული სტანდარტის განათლება,  მეცნიერების განვითარება,  მაღალი კვალიფიციური კადრების მომზადება, პროგრესითა და აღმშენებლობით ქვეყნის წინსვლაა. წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მომავალ თაობას და მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ქვეყნის თავისუფლებას ჩაუყარეს საფუძველი. დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი – ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?