სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „PLMCN 24“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გამოყენებითი ფიზიკის სფეროში მნიშვნელოვანი, რიგით 24-ე რეგულარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) გახსნა.

4-დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად იმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორი, სტუ-თან პარტნიორობით, ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტია (MIFP – რომი, იტალია). „PLMCN 24“-ის მუშაობაში მსოფლიოს 15 ქვეყნის (მათ შორის: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვედეთი, და ა.შ.) ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს საქართველოში ვიზიტისა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, თარიღი, რომელსაც კონფერენციის გახსნა დაემთხვა, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში, რადგან ის ერთდროულად იტევს 35 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებსა და 33 წლის წინ ქართული სახელმწიფოს აღდგენილ დამოუკიდებლობას. რექტორის განცხადების პასუხად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მოქალაქეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ერთ-ერთ უძველეს, ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანაში – საქართველოში, რომელიც მდიდარია თავისი ისტორით, კულტურით, განათლების და მეცნიერების კერებითა და ინსტიტუციებით. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია – 35 წლის წინ, 9 აპრილს, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც ძირეულად შეცვალა ქართული სახელმწიფოს ისტორია. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ჩვენი მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ორი წლის შემდეგ, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განაგრძობს აღმშენებლობას, სწრაფვას დიდი ევროპული ოჯახისკენ, ავითარებს ეკონომიკას, წარმატებით ახორციელებს ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ამის დასტური ეს საერთაშორისო კონფერენციაც არის, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება, რათა იმსჯელოს ნანოსტრუქტურებში სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკის შესახებ. მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას პირველად მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ის იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების გარდა, თითქმის ორი ათეული წელია, ჰუმანიტარულ და აგრარულ დარგებსაც წარმატებით ავითარებს. უნივერსიტეტის მეცნიერებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ღირსეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და რაც მთავარია, სტუდენტები მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში, როგორიცაა ATLAS და CMS ექსპერიმენტები CERN-ში; COMET ექსპერიმენტი იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, DUNE ექსპერიმენტი ამერიკულ FermiLab-ში. გარდა ამისა გვაქვს მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაცია იულიხის კვლევით ცენტრსა და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფთან (HZDR), ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციები ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება და ხარისხობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე გადადის.

ჩემი, როგორც რექტორის, უმთავრესი მიზანი იმ უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების მხარდაჭერაა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციონირება საერთაშორისო სივრცეში მეტად აქტიური და ხილვადი გახდება. ფიზიკის დარგში რეგულარული საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობაც სწორედ ამ კონტექსტში განიხილება, მითუმეტეს, რომ კონფერენციის მუშაობაში, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მკვლევრებთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრებიც მონაწილეობენ. მიგვაჩნია, რომ „PLMCN 24“-ი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კვლევების შედეგების გაზიარებისა და ახალი კოლაბორაციების განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ  ამ ფორუმის ფარგლებში დამყარებული ახალი სამეცნიერო კონტაქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამეცნიერო იდეების გავრცელებას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და საერთაშორისო ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მადლობას ვუხდით მომხსენებლებს, მონაწილეებს, რომის ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტსა და მის პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ერამოს და ფორუმის სხვა ორგანიზატორებს ამ დიდებული სამეცნიერო ღონისძიების გამართვისთვის“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა თავიანთ გამოსვლებში სამეცნიერო ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და კონფერენციის ორგანიზატორებს.

როგორც მათ აღნიშნეს, „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში“ 2000 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად იმართება ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში და მიზნად ისახავს, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოებას ახალი ხედვები გაუზიარონ. მათი თქმით: „PLMCN 24-მა მრავალი ქვეყანა მოიარა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, მექსიკა, კუბა, კოლუმბია და ახლა ჩვენი მასპინძელი უმშვენიერესი საქართველო და მისი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომლის სახელი კარგად არის ცნობილი ევროპის სამეცნიერო წრეებში  და რომელთანაც MIFP-ს მრავალწლიანი ნაყოფიერი კოლაბორაცია აკავშირებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს იმ გულითადი მიღებისთვის, რითაც ეს სამეცნიერო ფორუმი მრავალმხრივ განსაკუთრებული გახდება თითოეული ჩვენგანისთვის. სინათლის ფიზიკის შეუდრეკელი და ყოველდღიური კვლევებით გარემოცული მეცნიერები დიდად ვაფასებთ უნიკალურ შესაძლებლობას, კონფერენციის დღეებში ჩავიძიროთ დისკუსიებში, გავცვალოთ მოსაზრებები, სამეცნიერო იდეები, განვახორციელოთ ბრწყინვალე ტვინების შტორმები, დავამყაროთ ახალი კონტაქტები, დავიმეგობროთ ახალგაზრდა ქართველი მკვლევრები და შევეცადოთ გავუკვალოთ გზა ჭეშმარიტი სამეცნიერო ღირებულებებისკენ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიბადება ის ახალი სამეცნიერო იდეები, რომლებიც შემდგომში ასახვას პოვებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ნაშრომებში და დარჩება შთამომავლობას, როგორც ანაბეჭდი ჩვენს თანამედროვეობაზე, როგორც რწმენა იმისა, რომ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით კონფერენციის მასპინძელს“, – აღნიშნეს მეცნიერებმა.

რიგით 24-ე რეგულარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასექციო მუშაობა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობს, 12 მიმართულებით წარიმართება:  პოლარიტონიკები; კვანტური კორელაციები; Single Photons; Many-body; ფაზური გარდაქმნები; კვანტური ჰიდროდინამიკა; ფოტონიკური გისოსები; Spin & Vortices; მოწყობილობები; მასალები; ეგზოტიკური გარემო (მატერია); მრგვალი მაგიდა და მოწვეული მომხსენებლები. „PLMCN 24“-ის შემაჯამებელი სესია 13 აპრილს გაიმართება.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს,   ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის წევრები: იუოზას ბაუბლისი, იონას გუდაუსკასი, ვიგილიუს იუკნა, კესტუტის მაჟეიკა, კომიტეტის ოფისის ხელმძღვანელი აუგუსტე მატულევიჩიენე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ფორმატს ითვალისწინებს.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს პატრონაჟით, 14 წელია ნაყოფიერად ფუნქციონირებს და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს „პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. რექტორის განცხადებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრში 400-მდე სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და მეგობარი ქვეყნის ისტორიას ეზიარა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგარარულ სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს და კომიტეტის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების შესახებ ესაუბრა.

„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც არსებობის 11 წელს ითვლის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, ტრადიციულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ასევე, ახალ, ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად. სწავლების სამივე საფეხურზე ხორციელდება 24 საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის ინგლისურენოვანი. გვაქვს ვეტერინარიის ახლადაკრედიტებული პროგრამაც. ფაკულტეტი, თავისი შესაძლებლობებით, მთლიანად ფარავს აგარარულ დარგს და ახალგაზრდებს ცოდნის დაუფლებისა თუ კვლევების განხორციელების მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. ფაკულტეტზე ეფექტურად მუშაობს ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამები საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ-1-თან პარტნიორობით – რძის მრეწველობის წარმოების მენეჯმენტში და მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით – მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით. გარდა ამისა, 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრია. კონსორციუმში ერთიანდებიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ჩვენს მაგისტრანტებს, რომლებიც ამ პროგრამაზე სწავლობენ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი წლის ვადით გაემგზავრონ კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიიღონ ევროპული განათლება, მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი და მოიპოვონ ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წამყვანი ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი. ამასთან ერთად, ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში, წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტზე მოქმედებს 32 ერთეული სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორია. მათ შორისაა მცენარეთა გენეტიკის, ფიზიოლოგიის და ბიოლოგიის, ორგანული, კოლოიდური, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის, მიკრო და მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სურსათის, ნიადაგისა და წყლის, ჰიდრავლიკისა და აგროინჟინერიის, ასევე, მეცხოველეობის ლაბორატორიები. სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სარგებლობენ, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით, აპარატურითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, აგრარულ სექტორში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებებით კოლაბორაცია გავააქტიუროთ ლიეტუვის რესპუბლიკის შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და ბიზნესსექტორთან, გავაფართოოთ სპეციალისტთა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევართა, სტუდენტთა გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია მონაწილეობა მიიღოს აგრარული დარგის განვითარებაში, შემატოს მას პროფესიონალი ახალგაზრდა კადრები და თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღმავლობაში“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაციას ფაკულტეტის სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, 100-წლოვანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მომავალი წარმატებების საწინდარია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად, რექტორის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, როგორც აგრარულ დარგში, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ორგანიზაციებს, ორი ქვეყნის მკვლევრებსა და სტუდენტებს შორის“.

შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თანხლებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვია.

სტუ-ის მიშელ მუსხელის კლუბმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება — „საქართველო, გმირების სამჭედლო“ ჩაატარა

„9 აპრილი თავისუფლების, მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და მომავლის იმედის საწყისია. 9 აპრილი არის ერთგულების, ვაჟკაცობის სიმბოლო. ეს არის ცრემლიანი სიხარულის დღე – მტერი ეცადა, მაგრამ ვერ აჩეხა ქართული გმირული სული! ჩვენ, მომავალმა თაობამ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს წარსული, პატივი მივაგოთ გმირებს“, — ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი) სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო ჭადაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 9 აპრილის მონაწილეებს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შეხვდნენ.

ღონისძიება – “საქართველო, გმირების სამჭედლო”, რომელსაც ესწრებოდნენ ვეტერანები: მალხაზ თოფურია,ზაირა მიქატაძე, მალხაზ ჩემია,  გური ზაქარეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა მიშელ მუსხელის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა. როგორც სანდრო ჭადაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა, უამრავი დაშავდა, მოიწამლა.

“სტუდენტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უსამართლობას და თავი შესწირეს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ჩვენი ტოლები იყვნენ. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს, ხერხემალში გადაამტვრიეს იმპერია. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ მომხდარი და არ გვაქვს უფლება თავდაუზოგავად არ ვემსახუროთ სამშობლოს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, ვაშენებთ ქვეყანას, წინ მივიწევთ, მალე ევროკავშირის წევრი გავხდებით და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ათასობით თავდადებული ადამიანის თავგანწირვა. დღეს ჩვენს ღონისძიებას 9 აპრილის მონაწილენი ესწრებიან, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ყოველი დღისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, რომელმაც ჩვენი სამშობლო გადაარჩინა. დიდება გმირებს და უფალი ფარავდეს საქართველოს”, — განაცხადა სანდრო ჭადაშვილმა.

9 აპრილის ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიურმა მონაწილეებმა მამუკა გიორგაძემ, მალხაზ თოფურიამ,ზაირა მიქატაძემ, მალხაზ ჩემიამ,  გური ზაქარეიშვილმა სტუდენტებს 9 აპრილის ისტორიული მოვლენის შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხი.

სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. სამივე სტუდენტს მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ვახტანგ ჩხეტია; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – სასურსათო ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შოთა იველაშვილი.

საქართველოში აკრედიტებული 6 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შერჩეულ 19 სტიპენდიანტ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ შეხვდნენ, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა საგაზაფხულო (მეორე) სემესტრის მანძილზე, ფონდისგან, ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდიანტებთან ერთად, შეხვედრას ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი,  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო იმნაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.

შეხვედრაზე სტიპენდიანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას ფონდის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.

შეხვედრის დასასრულს სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა მიწვეულ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიანტობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს – მათი შრომის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის – და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს – მხარდაჭერისა და ფუნდამენტური განათლების მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუ-ის სტუდენტების თქმით, სასიხარულოა, როცა მათი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც სტიპენდიით აჯილდოებს, რაც არა მხოლოდ ახალგაზრდების მოტივაციას, არამედ მათ პასუხისმგებლობასაც ზრდის.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა და სტიპენდიანტებს წარმატებები უსურვა.

„სტიპენდიის მოპოვება არა მხოლოდ სტუდენტების გამარჯვებაა, არამედ დიდი სტიმულის მიმცემია ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ, კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, ვახტანგ ჩხეტია და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი უკვე მეორედ გახდნენ თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიის მფლობელები. ჩვენი უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა იველაშვილმა კი, პირველად მოიპოვა ფონდის სტიპენდია. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული  ახალგაზრდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის ხელმძღვანელობას და ამ მნიშვნელოვან წარმატებებას ვულოცავთ ყველა ახალგაზრდას, რომელმაც სტიპენდია მოიპოვა“, – აღნიშნა ნინო ნიშნიანიძემ.

დაარსებიდან სამი წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 105 სტიპენდიანტი და 27 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 21 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

სტუ-ში, ARC Informatique-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ კომპანიას –  „არქ ინფორმატიკ“ (ARC Informatique), შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა კი, ხელშეკრულების ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“ — ჩაატარა.

ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაში თანამშრომლობა და პარტნიორობა, ასევე, ავტომატიზაციის სფეროში ახალი საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური მასალების შექმნა, ხელი მოაწერეს სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ARC Informatique-ის პრეზიდენტმა პიერ დე ბაიენკურ დი კურკოლიმ.

სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტი და კომპანია ერთობლივი პროგრამებისა და ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად  გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავენ.

„ხელშეკრულებით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებასა და კონფერენციას აკადემიურ პერსონალთან ერთად, ესწრებიან ბიზნეს სექტორის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები, რომელთა მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენ ბაზარს უნდა შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს და პარტნიორებს“, — განაცხადა კარლო კოპალიანმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ARC Informatique-ის შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიება გაგრძელდა კონფერენციით  — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“.

კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, კონფერენციის მიზანია ARC Informatique-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რეალური პროექტების მაგალითზე,  გამოცდილების გაზიარება.

„კომპიუტინგის და ავტომატიზაციის მიმართულებით ჩვენი ფაკულტეტი რეგიონში არის ერთადერთი, რომელსაც აქვს 65 წლიანი გამოცდილება და ტრადიციები. ჩვენთან, 26 საგანმანათლებლო  პროგრამას, სამივე საფეხურზე 4000-მდე სტუდენტი ეუფლება. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ – ბიოსამედიცინო ინჟინერია, მოიპოვა ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში ამერიკული სააკრედიტაციო სააგენტოს – ABET აკრედიტაცია. ეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის, აკადემიური პერსონალის, სასწავლო და ლაბორატორიული ბაზების, ზოგადად, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა. ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა, ტექნოლოგიური წინსვლის ხელშეწყობა, ჩვენი მთავარი მიზანია. გვაქვს ამბიცია ვიყოთ ლიდერები. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ARC Informatique-თან ამ კუთხით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, — განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

კონფერენციას – “დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“ ესწრებოდნენ ქართველი,  ფრანგი, აზერბაიჯანელი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენცია ორ სექციად ჩატარდა.

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანტონიო ბუონფილიომ სტუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ანტონიო ბუონფილიომ საჯარო ლექცია, თემაზე – „ალქიმიური ტრანსფორმაცია, ხელუხლებელი ნივთიერებიდან ამაღლებულ ქმნილებებამდე“(Alchemic transformation, from pristine matter to sublime creations),  წაიკითხა.

ანტონიო ბუონფილიომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს გააცნო თავისი შემოქმედება. იტალიელმა დიზაინერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მასალებზე და მათ გამოყენებაზე, მნიშვნელობაზე, ტექნიკურ საკითხებზე და პრობლემებზე.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი საქართველოში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიწვია. როგორც დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, ანტონიო ბუონფილიოს საქართველო ძალიან უყვარს და დიდი სიხარულით დათანხმდა სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით წარმსდგარიყო.

„ანტონიო ბუონფილიო არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე.  მისი პირველი საერთაშორისო, პერსონალური გამოფენა – Kunst im Kreisehaus, 2003 წელს შედგა. გამოფენის ციკლი გაგრძელდა ევროპის მასშტაბით. მან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მხატვარმა, შემდეგ კი გადავიდა კერამიკასა და ქანდაკებაში.  ანტონიო ბუონფილიო მუშაობს სხვადასხვა მასალაში, მათ შორის მარმარილოში, ქვასა და სხვადასხვა ლითონში. არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის პროფესიაში, ამდენად, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების წინაშე მისი საჯარო ლექციით წარდგენა, ჩვენი ფაკულტეტის მუშაობის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ცნობილ დიზაინერებთან, დარგის მაღალრეიტინგულ პროფესიონალებთან. ისინი ჩამოდიან ჩვენთან და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს მართავენ, რაც მომავალი  დიზაინერების ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ნინო ახობაძემ.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის  სამომავლოდ სამდღიანი ვორქშოფის ჩატარებას გეგმავს.

გიორგი ამილახვარმა საქპატენტის თავმჯდომარესთან ქართული უნივერსიტეტების პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში გაწევრიანების დეტალები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში გაწევრიანების დეტალები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქპატენტის შუამდგომლობით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები ერთწლიან, სრულად დაფინანსებულ სტაჟირებას სექტემბრის თვიდან ესპანეთში, ალიკანტეში ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლიან.

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალობის მიხედვით მიიღონ შესაბამისი ინსტრუქციები, გაიარონ სწავლება დარგის ექსპერტებთან და აქტიურად ჩაერთონ უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც თავის მხრივ, მათ მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. ასევე, ახალგაზრდებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ტრენინგები და უცხო ენების (7 ენა) კურსები ჩაუტარდებათ.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.

პან-ევროპული პროფესიული სტაჟირება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ერთობლივი პროგრამაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ემსახურება აკადემიურ საზოგადოებასა და შრომის ბაზარს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, PES პროგრამა უზრუნველყოფს ერთწლიან სრულად დაფინანსებულ პან-ევროპულ სტაჟირებას, ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებას სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულთათვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის. პროგრამა ახორციელებს კვლევით ვიზიტებს EUIPO-ში აკადემიური თანამშრომლებისა და მკვლევრების მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად.

დღევანდელი მონაცემებით, PES პროგრამაში ევროკავშირის წევრი 27 და ევროპულ საპატენტო კონვენციაზე ხელმომწერი 11 სახელმწიფოდან 126 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. ქართულმა უნივერსიტეტებმა PES პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მას შემდეგ მიიღეს, რაც საქპატენტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის (EU4IP) მონაწილე გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ გათვალისწინებულია PES პროგრამაში გაწევრიანებული უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტების სტაჟირება საქპატენტში.

სტუ-ის შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორია ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი საგანმანათლებლო პროგრამის – გეოლოგია, სამივე საფეხურის –  ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა – აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში განაგრძობს პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ლაბორატორიების განახლებაზე ინტენსიურ მუშაობას. 

აკრედიტაციის მზადების პროცესის ფარგლებში, ახლადდამონტაჟებული შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიის სპეციალისტებს კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (გერმანია) წარმომადგენელმა მარტინ ვონ დოლლერმა, შლიფებისა და ანშლიფების დამზადების მიმართულებით, ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარა.

როგორც, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, შლიფებისა და ანშლიფების ლაბორატორია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აღჭურვილია ევროპული სტანდარტის შესაბამისი Metkom Geoform 102, Metkon Forcipol-ით.

“გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში შლიფებისა და ანშლაფების ლაბორატორიის აღჭურვა არის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი. ლაბორატორია ცოტა ხანში მთელი დატვირთვით ამუშავდება, რაც ქანების, მადნებისა და მინერალების კვლევისას უფრო ნაყოფიერს გახდის. ასევე, საშლიფე ლაბორატორია დიდად დაეხმარება მკვლევრებსა და სტუდენტებს სასწავლო და სამეცნიერო სამუშაოების შესრულებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კარლსრუეს ტექნოლოგიურ  ინსტიტუტთან სამუშაო პროცესის ინიციატივისა და ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადო კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორს, DAAD-ის პროექტის ხელმძღვანელს ბირგიტ მიულერს. დოქტორებს დენის ქუანდტსა და ბენჯამინ ბუშს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა ნოდარ ფოფორაძემ.

კარლსრუეს ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2023 წელს, DAAD-ის პროექტის – „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში“, ფარგლებში გადმოსცა.

სტუ-ში „ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი გამოავლინეს.

კონკურსში, რომელიც საქარეთველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა, საკონკურსო ჟიურიმ გამარჯვებულად სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის მიერ შექმნილი ლოგო დაასახელა.

„სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს კონკურსში საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის გამოვლენისა და მისი ავტორის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონკურსის მონაწილე სტუდენტები, საკონკურსო ჟიურის წევრები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრის გამოვლენის ცერემონია, რომელიც საკონკურსო პროექტების ექსპოზიციის ფონზე წარიმართა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, ლოგოტიპის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 47-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც  მრავალმხრივ საინტერესო კონცეფციები, ლოგოს ორიგინალური ვერსიები და ტიპოგრაფიული კომბინაციები წარმოადგინეს. მისი თქმით, ყველა საკონკურსო ნამუშევარს აერთიანებდა სლოგანი – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ (Junior Scientists for the Best Future of the Planet). უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს.   

„ლოგოს კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მადლობას ვუხდით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც კონკურსის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს და მრავალმხრივ საინტერესო, ორიგინალური საკონკურსო ნამუშევრები შექმნეს. 47 კონკურსანტის მიერ შექმნილი ლოგოები უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია გამოფენილი და მათი ობიექტურად შეფასება დამთვალიერებელსაც შეუძლია. საკონკურსო პირობების თანახმად, რაც რექტორის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა, საკონკურსო ჟიურის მხოლოდ ერთი საუკეთესო ნამუშევარი უნდა გამოევლინა. ვულოცავთ გამარჯვებული ლოგოს ავტორს, ჩვენი უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს, ნიკა ცეცხლაძეს და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მას. გვინდა უნივერსიტეტის, მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და სტუდენტების სახელით, მადლობა გადავუხადოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად, მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ პაუკაშვილს, სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთევან ქოქრაშვილს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ზაზა მარუაშვილს – იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ „ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შექმნის პროცესში უნივერსიტეტს გაუწიეს“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.

კონკურსანტებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი მიესალმა და კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. ქეთევან ქოქრაშვილის განცხადებით, კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორს, სტუ-ის სტუდენტ ნიკა ცეცხლაძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო – 2000 ლარი გადაეცემა.  

როგორც ქეთევან ქოქრაშვილმა აღნიშნა, „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეული“, რომელიც სამომავლოდ, ყოველწლიურად, სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებული ლოგოთი იპოზიციონირებს, არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით შეუწყობს ხელს ახალგაზრდა თაობებში მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, არამედ, ასევე, აქტიურად მოახდენს საერთაშორისო სივრცეში ახალგაზრდების სამეცნიერო იდეებისა თუ კვლევების ინტეგრირებას.  

ცერემონიის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.

კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორის, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის თქმით, საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი კონკურსების მოწყობა უდავოდ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა  ახალგაზრდების ნიჭის, უნარებისა და მსოფლმხედველობის გამოსავლენად.  

„არ ველოდი, თუ ასეთ წარმატებას მივაღწევდი და ჩემს შექმნილ ლოგოს კონკურსის ჟიური საუკეთესოდ დაასახელებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპოზიციაზე ბევრი არაჩვეულებრივი ნამუშევარია წარმოდგენილი. მადლობას ვუხდი ჩემს უნივერსიტეტს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს საკონკურსო ნამუშევარში საკმარისი რესურსი ჩავდე, სპეციალური კონცეფცია შევიმუშავე – მინიმალისტური თვალთახედვა, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება 21-ე საუკუნეს: მეცნიერების, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ერას. ლოგოსთვის შევქმენი ხაზოვანი სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია ატომი და ხელებგაშლილი ადამიანი, რომელიც მოიცავს ჩვენს სამყაროს, პლანეტას. შესაბამისად, გამოვიყენე ძირითადი კომპლემენტარული ფერები: ცისფერი და სტაფილოსფერი, რაც კომბინაციაში ახალგაზრდული, უსაფრთხო, კრეატიული, ენერგიული და მეგობრულია. ასევე, გამოვიყენე დამხმარე ფერები: მუქი ლურჯი და თეთრი, რომლებიც მშვიდად ერწყმის ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ ჩემმა კონცეფციამ გაამართლა“, – აღნიშნა გამარჯვებულმა კონკურსანტმა.      

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი მიმდინარე წლის 2 მარტს გამოაცხადა. საკონკურსო პირობების თანახმად, სტუდენტების საკონკურსო მასალების მიღება 20 მარტის ჩათვლით წარმოებდა.

 

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია – „ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში”, ჩაატარა.

სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა ისეთ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში ჩატარებული რეფორმები.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გატარებული რეფორმების საფუძველზე ევროკავშირი საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. მან ხაზი გაუსვა ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისაუბრა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მიზეზებსა და მის უპირატესობებზე, გადასვლის ეტაპებსა და ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის – 2030 წლისთვის ევროკავშირის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზებზე და განიხილა ცირკულარული ეკონომიკის მამოძრავებელი ფაქტორები – ადგილობრივი და რეგიონული სტრატეგიების შემუშავების მნიშვნელობა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სხვა დარგებში.

„ცირკულარულ ეკონომიკაში არაერთი გამოწვევაა; სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტის განხორციელება და მათში დონორების ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხნის წინ მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების პლატფორმის შექმნაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარჩენების გადამმუშავებლებს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ, ვინაიდან წრფივი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს არის რისკების შემცველი ეკონომიკა, ამიტომ მას გარკვეული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ მიმართულებით, სტუდენტების, როგორც მომავალი სპეციალისტების როლი, დიდია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საჯარო ლექციის თემამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?