სტუ და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს „ინჟინერიის მსოფლიო დღეს მდგრადი განვითარებისთვის“ (World Engineering Day for Sustainable Development) ულოცავენ და მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.

როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, ინჟინერიის მსოფლიო დღის აღნიშვნით, გაერო  საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს ყველა წამყვან დარგში ინჟინრების მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ უმთავრეს მისიაზე, რაც ინჟინერიას კაცობრიობის მდგრადი განვითარების გზაზე აკისრია.

„ინჟინერია, მეცნიერებასთან და განათლებასთან ერთად, კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა, რასაც ტექნიკური პროგრესი მოაქვს, იჭრება ყველა დარგსა და სფეროში, იყენებს როგორც კარგად დამკვიდრებულ სამეცნიერო პრინციპებს, ასევე, ავითარებს ახალ სისტემებს, ტექნოლოგიებს, ინდუსტრიას, ქმნის ინოვაციებს. დღეს თითქოს აღარ გვაკვირვებს ის გასაოცარი სიახლეები, რომლებიც მეცნიერებისა და ინჟინრების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება და რომლითაც საზოგადოება აქტიურად სარგებლობს. დღეს აღარავის უკვირს თამამად შემოჭრილი ახალი მიმართულებები – ნანოტექნოლოგია თუ ხელოვნური ინტელექტი, არც სხვა უახლესი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც კაცობრიობის ყოფა-ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

დღეს, როგორც არასდროს, ინჟინერია კაცობრიობის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ინჟინერიით შეძლო ადამიანმა ფეხი დაედგა მთვარეზე და თუ ოდესმე ვარსკვლავებს მივაღწევთ, ესეც, უდავოდ, ინჟინერთა დამსახურება იქნება.

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გამორჩეულია ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებით, მნიშვნელოვანი საინჟინრო და ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობით. ჩვენს ქვეყანაში  ერთ-ერთი ელიტარული მიმართულების – კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი, მისი სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებით. ტექნოლოგიური პროგრესი უნივერსიტეტის იმ ინჟინერთა, მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა უდიდესი ძალისხმევის შედეგიც არის, რომლებიც სამეცნიერო აღმოჩენებსა და ინოვაციებს პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიან, ქმნიან სამეცნიერო იდეებზე მომუშავე უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ექსპერიმენტებში, კოლაბორაციაში არიან მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, ზრდიან ახალ თაობებს და STEAM განათლების მიმართ ინტერესს უღვივებენ.

ინჟინერთა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ამ ღისშესანიშნავი დღის ადრესატები საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც წლების მანძილზე, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გენერალურ ასამბლეებსა და საერთაშორისო კონფერენციებში ევროპასა და ამერიკაში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ის კვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის, თავდაუზოგავი ერთგულებით ემსახურებიან ისეთ დარგებსა და სფეროებს, როგორიცაა: სამოქალაქო ინჟინერია; მანქანათმშენებლობა და სამრეწველო ინჟინერია; ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა და განახლებადი ენერგია; კომპიუტერული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა; საჰაერო და კოსმოსური ინჟინერია; ბირთვული და ბიოსამედიცინო ინჟინერია; ქიმიური, ბიოსისტემებისა და გარემოს ინჟინერია, ნავთობისა და გაზის მოპოვება. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების სახელით, გილოცავთ ინჟინერიის მსოფლიო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებას  საინჟინრო-სამეცნიერო კარიერაში!

გვინდა ჩვენს ახალ თაობებსაც მივმართოთ – ინჟინერია STEAM განათლების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. დღეს  ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დაეუფლოთ  მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას. გვინდა იცოდეთ, რომ ინჟინერიის შესაძლებლობები უსასრულოდ ფართოვდება, სპეციალისტებზე მოთხოვნა კი, როგორც არასდროს, მზარდია. და თუ თქვენ, ახალგაზრდები, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ისურვებთ, ვფიქრობთ, რომ არჩევანს აუცილებლად ინჟინერიაზე შეაჩერებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის, იური სვანიძის ერთობლივ მიმართვაში.

ინჟინერიის მსოფლიო დღე მდგრადი განვითარებისთვის“ 2020 წლიდან, ყოველ 4 მარტს აღინიშნება. თარიღი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) დაარსების დღეს ემთხვევა და მიზნად ისახავს ინჟინერიის პოპულარიზაციას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გამოწვევასთან გამკლავებას.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო!

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე https://online.naec.ge/ueereg/Entrants/EntrantsLogin.aspx

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

·პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;

·საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;

·საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

რეგისტრაციის პროცესისა და  სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს www.naec.ge

აქვე გაეცანით ინფორმაციას, თუ რატომ უნდა აირჩიოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი –  https://gtu.ge/News/24444/

სტუ-ში CERN/IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN, შვეიცარია) საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაწყებითი კურსების სტუდენტები, ასევე, თბილისის სხვადასხვა სკოლის 30-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდნენ.

საქართველოში მასტერკლასი, CERN/IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციასთან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიება STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასები, პარალელურ რეჟიმში, ევროპის კიდევ ორ უმაღლეს სკოლაში – კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტსა (AGH UST, პოლონეთი) და მადრიდის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში (UAM/CSIC, ესპანეთი) ჩატარდა.

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდებს  საგანმანათლებლო ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. 

„CERN-ის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის, განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ და თავიანთი მომავალი საქმიანობა მეცნიერებას დაუკავშირონ. დღეს ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, გაიფართოოთ თვალსაწიერი და მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას მოახმაროთ. თქვენი წინსვლა მეცნიერებაში ახალ სიტყვას და ახალ მიღწევებს ნიშნავს. ნებისმიერი მკვლევარი რთულ გზას გადის, მაგრამ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც CERN-ის IPPOG კოლაბორაციის წევრია, უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასების ორგანიზებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს STEAM დისციპლინებით, რათა მომავალი თაობა დაარწმუნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს საყრდენი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკაა“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის და IPPOG კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ასევე, წაუკითხა ლექცია თემაზე: „დეტექტორის ტექნოლოგიები“; CERN-ის პროფესორი ჰანს-პიტერ ბექი (შვეიცარია) სტუდენტებსა და მოსწავლეებს მაღალი ენერგიის ფიზიკასა და დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე ექსპერიმენტებზე, ხოლო სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დოქტორი, ნიკო ცუცქირიძე – Tracer აპლიკაციის ტექნიკურ მახასიათებლებსა და სპეციფიკაციებზე ესაუბრა.

მოზარდებთან მასტერკლასის პრაქტიკული სესიები და ვებინარი სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრებმა – მარიამ ნოზაძემ, სალომე ვაშაკიძემ, ალექსანდრე ალიხანოვმა და ვლადიმერ დოლინსკიმ ჩაატარეს.   

როგორც სტუ-ის პროფესორმა, ალექსანდრე შარმაზანაშვილმა აღნიშნა, CERN/IPPOG-ის შემეცნებითი მასტერკლასების მიზანი მოზარდების სამეცნიერო თვალსაწიერის გაფართოება, პროგრესის შემეცნება და კრეატიულობის განვითარებაა, ამავდროულად, მათი ერუდიციის ამაღლება ისეთ ასაკში, როცა ისინი პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეთოდიკით ჩატარებულ მასტერკლასზე ახალგაზრდებს, უცხოელ თანატოლებთან ერთად, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რაც თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი საწყისი უნარებია მეცნიერებაში წვდომისთვის.

 

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა სამივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან,  CERN-ის მკვლევართან, დოქტორ ნოვაკთან ერთად, ღონისძიების შედეგები პირდაპირი ტელეხიდის მეშვეობით, სპეციალურ ონლაინ კონფერენციაზე შეაჯამეს.

საქართველო 2019 წლიდან IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრი-ქვეყანაა. CERN-ის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც CERN/IPPOG-კოლაბორაცია წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობების მოზიდვასა და დაინტერესებას ფუნდამენტური კვლევებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს ემშვიდობება

73 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) ყოფილი სპიკერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე,  გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულისტკივილით ემშვიდობება ძვირფას კოლეგას, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს და თანადგომას უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მის აღზრდილებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა რიგებს, ქართველ იურისტთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ღირსეული მამულიშვილი, ადამიანი, რომლის ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე განუზომელია.

დიდია ჯემალ გახოკიძის ღვაწლი კონფლიქტების მოგვარებისა და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საერთაშორისო გამოცდილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით.

ბატონი ჯემალის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ მიერ პროექტის – „საქართველოს აფხაზეთი და ჩინეთის ჰონკონგი (ძიებანი კონფლიქტის დარეგულირებისათვის) – ფარგლებში მომზადდა ნაშრომი: „ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 1997“, რომელმაც განსაკუთრებული და ღრმა წიაღსვლებით, უმალ მიიპყრო მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტთა ყურადღება. ქართულ რეალობაში ეს პირველი ფუნდამენტური ნაშრომია – მანამდე ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის მშვიდობიანი გზით მიერთების შესახებ საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა. მეტიც, ქართულ ენაზე არ თარგმნილა ის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებსაც აღნიშნული მიერთების აქტი დაეფუძნა.

ბატონ ჯემალ გახოკიძეს ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკუთარი ინოვაციური ხედვა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოსავალი წერტილი, უპირველეს ყოვლისა, ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის მშვიდობიანი, გულწრფელი დიალოგი და დაკარგული ნდობის დაბრუნებაა. ამ მიმართულებით ჯემალ გახოკიძემ, სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, არაერთი კვლევა ჩაატარა, რამაც მის ნაშრომებში ჰპოვა ასახვა.

პროფესორ ჯემალ გახოკიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 30 სამეცნიერო სტატიაში, ხუთ სახელმძღვანელოსა და ერთ დამხმარე სახელმძღვანელოში, 50-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 100-მდე საგაზეთო სტატიასა და 2 მონოგრაფიაში; არის კრიმინალისტიკის კურსის თანაავტორი.

პროფესორ ჯემალ გახოკიძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული იურისტები და სპეციალისტები არიან.

ჯემალ გახოკიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997 წლებში,  შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში კი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

2004-2005 წლებში, ჯემალ გახოკიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში – სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

1997 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემების – „თემიდა“, „ბიზნესინჟინერინგი“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალი – სარედაქციო კოლეგიის წევრი.

2010-დან 2024 წლის თებერვლამდე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხისა და ღირსების ორდენით, ასევე, სხვა სამთავრობო ჯილდოებით.

პროფესორი ჯემალ გახოკიძე სხვადასხვა სამიტისა და 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე იყო. გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუფციის და სამართალდაცვის სისტემის რეფორმების მიმართულებით: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში (ვაშინგტონი), უნგრეთში – გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ბუდაპეშტი), საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა (პარიზი) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (გარმიში).

სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“

მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და პედაგოგს, ტექნიკის დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის, მეცნიერების დარგში ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ხათუნა ჟვანიას, ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, ლევან იმნაიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.

„ჩვენი უნივერსიტეტის მაღალი რანგის მეცნიერ-მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, ლევან იმნაიშვილს – გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც საქართველოს პროფესიონალთა თაობებს უზრდის – 70 წელი შეუსრულდა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი და მისი კვლევითი ჯგუფი, ცოდნის სამკუთხედის – „განათლება-კვლევა-ინოვაციები“ – პრინციპებზე დაყრდნობით, მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები მასშტაბურ სისტემებში, SCADA და IoT სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლება, მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები, ინტერფეისი –  „ადამიანი–კომპიუტერი“ და მისი ეფექტურობის ამაღლება, დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები და სხვა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მუშაობს მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან, მუდმივად უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ფანტაზია და კრეატიულობა ამოუწურავია,რადგან ჯერ კიდევ არ არის „დამძიმებული“ ცოდნითა და ამოცანის გადაწყვეტის სტერეოტიპებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ბატონ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებას სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.

სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი, 500 სტუდეტზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ახალი კომპლექსი, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 000 კვ/მ ფართობზე აშენდება.  

კომისიის სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა: ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და 13 ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლებმა. სხდომას, ასევე, ესწრებოდა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე.

როგორც კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. მისი განცხადებით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების განსახილველად, კომისია რეგულარულად შეიკრიბება.  

სხდომაზე დეტალურად განიხილეს 500 სტუდეტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის კონცეფცია და კომპლექსისთვის განკუთვნილი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა. სტუდენტთა წარმომადგენლებმა ყურადღება საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სტუდენტების საჭიროებებსა თუ მოთხოვნებთან სრულად იქნება ადაპტირებული და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები, მოეწყობა სოციალური და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები, სპორტული მოედანი, ონლაინ ბიბლიოთეკა, გარე სარეკრეაციო სივრცეები, საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერული ცენტრი და სხვა. საერთო საცხოვრებლის შენობა და 2 სტუდენტზე გათვლილი თითოეული ოთახი ასევე აღჭურვება იმ აუცილებელი თუ დამხმარე ინფრასტრუქტურით – სამრეცხაო, სამზარეულო ბოქსი, მოსასვენებელი და მეცადინეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, აივანი – რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

სხდომის დასასრულს, კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ სტუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისია იზრუნებს შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიურ საბჭოსა და სენატს განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადასცემს, გადაწყვეტილებებს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სტუ-ის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა, თოვლის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ვერცხლის მედალი და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდმა თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში სტუდენტების – ალექსი ზაქაიძის, დავით ცხომარიას, ალექსანდრე ქაჩიბაიასა და პეტრე ლობჟანიძის შემადგენლობით იასპარეზა. სტუ-ის ფრენბურთელებმა ფინალური შეხვედრა ბათუმის გუნდთან ჩაატარეს.   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სასპორტო კარიერაში.

„ჩვენმა სპორტსმენმა სტუდენტებმა თოვლის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავ ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალს. სტუდენტური სპორტული სახეობების გააქტიურება და პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, სხვადასხვა ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ – მადლობას ვუხდით მათ“, – აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნულ ჩემპიონატს, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანმა უმასპინძლა.

სტუ-ში, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიურის, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის 27 სტუდენტი წარდგა, ხოლო, საერთო ჯამში, მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ფაკულტეტების 63 სტუდენტმა, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნეს.

გარდა ამისა, სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენასა და სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციაში, ასევე, მათ სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს.

როგორც დეკანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, სამშენებლო ფაკულტეტზე იმართება. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგინოს მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაში დაინერგოს.

სტუდენტთა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველ დღეს, სამეცნიერო მოხსენებითა და შესაბამისი პრეზენტაციით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ხოლო ღონისძიების მეორე დღეს – მაგისტრანტები და დოქტორანტები. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებით არის დაკომპლექტებული, კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელ ბაკალავრთა, ასევე მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შორის სამი-სამი საუკეთესო ნაშრომი  გამოავლინა.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, სტუდენტები, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, თემებს მთელი სემესტრის განმავლობაში ამუშავებენ, რათა  საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეცნიერო თვალსაზრისით, კვალიფიციური და აქტუალური კვლევები წარმოადგინონ.

დეკანის მოადგილის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბაკალავრთა შორის სამი საპრიზო ადგილი სტუდენტებს – გეგა ჯერენაშვილს, ლუკა მოდებაძეს და გიორგი კუპრაშვილს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის –  ლაშა ჭიპაშვილს, სალომე სეხნიაშვილსა და ქეთევან წიქარიშვილს მიაკუთვნა. მასალის საუკეთესოდ წარმოდგენისა და თემის აქტუალობისთვის კი, სპეციალური პრიზი სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ბაკალავრ დავით მაისურაძეს გადასცა.  

სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული ნაშრომების პირველი სამეულის ავტორებს, საერთო ჯამში ექვს სტუდენტს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს. 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისტორიკოს ალექსანდრე ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, არქეოლოგსა და მკვლევარს, ისტორიის აკადემიურ დოქტორს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს –  ალექსანდრე (სანდრო) ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.

„ცნობილ მკვლევარს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ კოლეგასა და შესანიშნავ პედაგოგს, ახალგაზრდების საუკეთესო თაობების აღმზრდელს  –  სანდრო ნონეშვილს 70 წელი შეუსრულდა.

სანდრო ნონეშვილი ერთ-ერთია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც სტუდენტებს შორეული თუ უახლესი წარსულის ფაქტებს, მოვლენებსა და გზავნილებს, ისტორიულ მოღვაწეთა შესახებ ცნობებს უბადლოდ და დროულად აწვდის, წარსული გამოცდილების გაზიარებით უმდიდრებს თვალსაწიერს სწორედ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევების მასშტაბურად შემეცნება-გააზრება, ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის გლობალურ ჭრილში აღქმა, ისტორიის გამოყენება იმ ერთ-ერთ საჭირო და აუცილებელ ინსტრუმენტად, რაც ახალ თაობას უბიძგებს იბრძოლოს, იღვაწოს იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ ოჯახსა და საერთაშორისო სივრცეში ღირსეულად შეძლოს პოზიციონირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ სანდრო ნონეშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულის, თვალსაჩინო მოღვაწის, ვიქტორია სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გასული საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულის, ვიქტორია (ვიკა) სირაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ქართულ საზოგადოებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები, მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება სინანულითა და ღრმა მწუხარებით ვეთხოვებით გამორჩეულ ქალბატონს, გასული საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თავისი განუზომელი სიკეთით, გულისხმიერებით, მოყვასისადმი სიყვარულით, სულიერი და გარეგნული მშვენიერებით.

მუდამ გვემახსოვრება ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ღირსეული კურსდამთავრებული, ვიკა სირაძე, რომელიც უდიდეს პატივს სცემდა თავის ალმა-მატერს, რომელმაც დაუღალავი შრომით, ნიჭიერებით, ერუდიციით ყველა ურთულესი გამოწვევა ღირსეულად დაძლია და ცხოვრების მანძილზე თაობების სიყვარული დაიმსახურა.

საუნივერსიტეტო საზოგადოება ხანგრძლივად შემოინახავს ამ დიდებული ქალბატონის ხსოვნას. სამძიმარს ვუცხადებთ ვიქტორია სირაძის ოჯახს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას“.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?