CERN-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, გლობალური CMS კოლაბორაციის ლიდერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ფიზიკოსმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერმა, CERN/CMS კოლაბორაციისა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – Fundamental Research is Good for Your Health („ფუნდამენტური კვლევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“) ჩაატარა. 

საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო და სამედიცინო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ასევე, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. 

საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი წარუდგინა. 

ვიცე-რექტორის თქმით, CERN-ში მიმდინარე გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტების მაგალითზე  პროფესორ კამპორეზის მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამების სტუდენტებისთვის უდავოდ საინტერესო აღმოჩნდება.  თამარ წერეთლის განცხადებით, ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს კვლევებშია ჩართული, ამასთან ერთად, ის წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრებთან. 

შიდა---1.png

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, კოლაბორაციის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერმა არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო დღევანდელი საჯარო ლექციით ის მიმოიხილავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტების ფარგლებში ნაწილაკების ფიზიკასა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიაში განხორციელებული ინოვაციები, კერძოდ კი რადიაციასთან დაკავშირებული კვლევები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაავადებათა  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისთვის. 

პროფესორმა კამპორეზიმ საჯარო ლექცია მთავარი გზავნილით დაიწყო: ფუნდამენტური მეცნიერება და მათ შორის ნაწილაკების ფიზიკა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველია. 

მეცნიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ნაწილაკების ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევები და სამეცნიერო მიღწევები ადამიანის ჯანმრთელობას და მედიცინის განვითარებას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს უყრის საფუძველს. 

ტიციანო კამპორეზის განმარტებით, რადიაცია, რომელიც ფუნდამენტური კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, სიმსივნური უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა.

CERN-ის მეცნიერმა ისაუბრა ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციის კონტროლირებისა და იზოტოპების წარმოების პროცესებზე. მისი განმარტებით, ამაჩქარებელი, რომლითაც დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ხდება, ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნდამენტურ ფიზიკაში, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის: იზოტოპების წარმოებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში; აღნიშნა, რომ რადიოგრაფია, ანგიოგრაფია, იზოტოპური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) საშუალებას იძლევა არაინვაზიურად დავინახოთ ადამიანის შიდა ორგანოები და სისტემები, ხოლო კომბინირებული სისტემა PET/CT კი უზრუნველყოფს სხეულის ფუნქციური და ანატომიური მონაცემების ერთიანად მიღებას.

CERN-ის მეცნიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უჯრედის განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ის კარგავს გამრავლების უნარს – როცა რადიაცია მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და აზიანებს დნმ-ს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტონული თერაპია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან პროტონები ენერგიას მიზნობრივად მიმართავს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს. მისი თქმით, მეცნიერები დღეს უკვე აქტიურად იკვლევენ მძიმე იონებით, მაგალითად ნახშირბადის იონებით მკურნალობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში შესაზლოა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ეფექტური მიმართულება გახდეს. 
  
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერი და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე.

დისკუსიაში სტუ-ის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ