სტუ-ის რექტორი სემეკის თავმჯდომარესა და კომპანია „ჯივიპის“ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას და საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) კომუნიკაციის დირექტორ ეკატერინე ბერიძესა და ტექნიკურ დირექტორ გიგა ნადირაძეს შეხვდა და მათთან ერთად წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდა კადრების მომზადების პერსპექტივა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილა. 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ და სამომავლო კოოპერაციის დეტალები შეათანხმეს. 

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

რექტორმა ისაუბრა წყალმომარაგებისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადების მნიშვნელობაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. 

რექტორის განცხადებით, კომპანია „ჯივიპი“, რომელსაც მენეჯმენტს უწევს ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი – ესპანური კომპანია Aqualia, დაინტერესებულია უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ჩართვით კომპანიის საქმიანობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ახალგაზრდების დახელოვნებას და მათ მონაწილეობას კომპანიის საქმიანობაში. 

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მისი თავმჯდომარე დავით ნარმანია მხარს უჭერენ უნივერსიტეტსა და წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შორის მსგავსი ტიპის კოლაბორაციის გაღრმავებას. რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო სპეციალობებს მრავალი წარმატებული სტუდენტი ეუფლება, რომელთაც „ჯივიპიში“ სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდეს მჭიდრო კავშირი როგორც მარეგულირებელ ორგანოებთან, ისე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა ერთად შევქმნათ ისეთი სასწავლო და პრაქტიკული სივრცე, რომელიც მომავალ სპეციალისტებსა და მკვლევრებს რეალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული უნარებიც განივითარონ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები ინდუსტრიებთან და მათი მხარდაჭერით თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა შექმნას. მოხარული ვარ, რომ სემეკის თავმჯდომარესთან და კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ არა მარტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე – სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების მოდერნიზების, ასევე, ახალი ლაბორატორიების შექმნის შესახებ. საგულისხმოა, რომ „ჯივიპი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი კომპანიები, მაგალითად, „არემჯი“, „თეგეტა მოტორსი“, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიები და სხვა, გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზის განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მოდერნიზება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის ქმნის ღირებულ სასწავლო გარემოს, არამედ აძლიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პოტენციალს. ჩვენი მიზანია, სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას დაეუფლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არამედ აქტიურად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაშიც, იმუშაონ რეალურ პროექტებზე სხვადასხვა კომპანიაში და სტუდენტობის წლებიდანვე ეზიარონ პროფესიულ გამოცდილებას. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის საფუძველი სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისა და მათ შორის წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის,“ – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის მომზადებაზე. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სემეკის თავმჯდომარე და კომპანია „ჯივიპის“ ხელმძღვანელობა ახლო მომავალში მოაწერენ ხელს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ISO 9001:2015 სერტიფიკატი წარმატებით განაახლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის — ISO 9001:2015-ის შესაბამისად გათვალისწინებული ხელახალი სერტიფიცირების პროცესი. შედეგად, უნივერსიტეტს განუახლდა ISO 9001:2015 სერტიფიკატი მომდევნო სამი წლის ვადით.

სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში ჩატარდა გარე აუდიტი, რომელმაც მოიცვა უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება 2022-2024 წლების პერიოდში.

აუდიტის შედეგად მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა სრულად შეესაბამება ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და ხაზს უსვამს ორგანიზაციის გამართულ მმართველობით და ადმინისტრაციულ სისტემას.

ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ხელახლა გაცემული ISO 9001:2015 სერტიფიკატი და აუდიტის ოფიციალური დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის დოკუმენტაციაში:

სტუ-ის დეკანი – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავალის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა

„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავალის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აყალიბებს ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის მომზადებულ, კრიტიკულად მოაზროვნე და ინოვაციაზე ორიენტირებულ თაობას. საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია იყოს კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების, როგორც პროგრესის ბირთვის, შესწავლა აუცილებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე 72 წელია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა. 2025/2026 სასწავლო წლისთვის მივიღებთ პირველ ნაკადს კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ფაკულტეტი ახორციელებს ბიოსამედიცინო ინჟნერიის ინგლისურენოვან ABET აკრედიტებულ პროგრამას და პარალელურად ABET აკრედიტაციისათვის ვამზადეთ 5 პროგრამას: ბიოსამედიცინო ინჟნერია (ქართული), კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისური და ქართული), კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისური და ქართული). ასევე, CIF პროექტის ფარგლებში მზადდება ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა IoT-სისტემების და დისტანციური სწვალების ლაბორატორიები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა 3 კომპიუტერული ლაბორატორია.

კურსდამთავრებულთა ფონდის მხარდაჭერით სრულად განახლდა ბიოსამედიცინო ინჟნერისს დეპარტამენტის სააუდიტორიო და ლაბორატორიული ფონდი. 

GTU Cover (7).png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს კომპიუტერული ინჟინერიის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამის მიმართულებით. პროფესორი თალიკო ჟვანია, კიდევ ერთხელ ულოცავს იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებს, ძიუდოისტ ზაურ დვალაშვილს, საქართველოს ჩემპიონს, აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის და ასევე მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს მორიგ წარმატებას, ასევე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრს ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონობას და გამარჯვებებს უსურვებს მათ. 

„2024/2025 სასწავლო წელი ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ფაკულტეტის ორგანიზატორობით ოთხი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა სტუდენტებმა;  დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“; მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას ნანოტექნოლოგიების მიმართულებით – „Nano 2024“; ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კომუნიკაცია და ქსელები“, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად იყვნენ მსოფლიოს უდიდესი ტექნიკურ პროფესიული ორგანიზაციი ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის აი-ტრიპლ-ის წევრები. მიმდინარე წელს ჩავატარეთ სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“. სტუდენტების მხარდასაჭერად გრძელდება სტაჟირების პროგრამა, სადაც სტუდენტებისთვის გამოყოფილია სახელოსნო და სტაჟირების სივრცე. ფაკულტეტზე ხორციელდება პროექტები – “სტუდენტი სტუდენტისთვის”, “პროფესორი პროფესორისათვის”. ჩამოყალიბდა კიბერსპორტის კლუბი. 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა 89-ე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში. ჩვენი კურსდამთავრებულები ფორბსის მიერ შერჩეულ 30 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდნენ. ჩვენი კურსადმთავრებული ლადო ბიწაძე ჟენევაში AI for Good-ის სამიტზე წლევანდელი Innovate for Impact-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისათვის. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტში – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), პროექტის ფარგლებში წელს სამუსაო შეხვედრები გაიმართა სომხეთსა და საქართველოში. ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით ვხვდებით, წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებსა და კოლეგებს”, – აცხადებს დეკანი. 

2024/2025 სასწავლო წელს, იმს ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, მათ შორის:

  • პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისათვის;
  • მოძრავი ობიექტის იდენტიფიკაცია რეალურ დროში;
  • მრავალფუნქციური შენადნობებისათვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით;
  • ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება.

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – „ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი ბიოტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრში იმყოფებოდნენ. 

ბიოტექნოლოგიების კვირეული, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, 14-18 წლის მოზარდებისთვის ტარდება, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარებას, აგროტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიების სწავლების მნიშვნელობის გაზრდასა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორთა აქტიურად ჩართვას. 

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აგრარული მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში 50 მონაწილე ინტენსიურად გადის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბიოტექნოლოგიებისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, მონაწილეები ესწრებიან „მენტორინგ სესიებს“, რა დროსაც საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე მუშაობენ, დასკვნით ეტაპზე კი საკუთარ იდეებს წარადგენენ. 

ეკოლოგიის დოქტორ, პროფესორ მაია კუხალეიშვილის თქმით, ბიოტექნოლოგიის ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დანიშნულებაა მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევა, ასევე აღნიშნული ტექნოლოგიების მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

2 (2).png

კერძოდ, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება-გავრცელება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია, კულტივირება და მდგრადი გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მიკრობული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა და ხეხილოვანი კულტურების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება-დანერგვა. 

„ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა, კვლევებით შესაძლებელი გახდეს სუფთა პროდუქტის მიღება. კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებია. მათი მიწოდება შესაძლებელია ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების განვითარებას საქართველოში. ფიტოგენეტიკური რესურსის – სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებავი, სანელებელი, შხამიანი – და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება გლობალური კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით ძალზე აქტუალურია. შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამავე დროს მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია მცირემიწიანი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მქონე საქართველოსთვის. კურკოვანი ხილის და ყურძნის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია საშუალებას მისცემს ფერმერებს, აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეინახონ მაქსიმალური დროით, მინიმალური დანაკარგებით და მოახდინონ მათი რეალიზაცია ზამთრის პერიოდში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც. ამ მისიის შესრულება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა-განახლება (კოლექცია); კარტოფილის ტუბერიზაცია in vitro პირობებში და მიკროტუბერების გატანა ღია გრუნტში ელიტური თესლის მიღების მიზნით და კაკლის in vitro მცენარეების მიღება; ნიადაგის და ბოსტნეული კულტურების ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის და ფუნგიციდის მოქმედების შედარებითი შესწავლა მცენარისა და ნიადაგისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად; სამკურნალო, არომატულ, თაფლოვან, საღებავ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება; მდგრადი გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში; კურკოვანი, კენკროვანი ხილის, სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და ბიოქიმიური კვლევა. ახალგაზრდებს სწორედ ამ მიმართულებებზე ვესაუბრეთ და ლაბორატორიები დავათვალიერებინეთ ”, – განაცხადა მაია კუხალეიშვილმა.

როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე აცხადებს, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარება ყოველდღიურად ცვლის ცხოვრებას, ამ ფონზე კი ინოვაციებისა და მეცნიერების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანია. 

„ბიოტექნოლოგიების კვირეულის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, რადგან ეს ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარები. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვართ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ქვეყანაში. უნივერსიტეტის გამოცდილება, პროფესიული რესურსი და ინფრასტრუქტურა აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, ახლოს გაეცნონ ბიოტექნოლოგიის, აგროტექნოლოგიისა და ინოვაციების სამყაროს, რაც საბოლოოდ განამტკიცებს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას და ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი აღჭურვილია რეგიონში უნიკალური ლაბორატორიებით. აქ წარმოებული კვლევები კი მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები იმდენად დაინტერესდნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებით, რომ მასში ჩართვის სურვილი გამოთქვეს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ. 

სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი – „ინტელექტუალური კაპიტალი ჩვენი მთავარი ღირებულებაა“

„უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო გამოწვევებით, შრომითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე. ვეუფლებოდით პროფესიას და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები გვიზიარებდნენ გამოცდილებას, გვასწავლიდნენ გამჭრიახობას და პასუხისმგებლობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა ჩვენი ცოდნის, პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი, სადაც გვენდობოდნენ და ჩვენი სჯეროდათ. გმადლობთ იმ ენერგიისთვის, რაც თითოეულმა თქვენგანმა დაგვახარჯა და იმ გზავნილებისთვის, რომლებიც ცხოვრების გზაზე გაგვყვება, როგორც მთავარი ღირებულებები“, – ასე მიმართეს პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა გაცილების ღონისძიებაზე. 

კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებათა ციკლი, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდა, დასრულებულია. 

კურდამთავრებულთა გაცილების ბოლო ეტაპის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიების, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, დიზაინის საერთაშორისო სკოლის, სამთო-გეოლოგიური, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მიულოცა.

Graduation Ceremony of the Faculty of Law 1.png

„თქვენ ხართ თაობა, რომელიც შექმნის საქართველოს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ტექნოლოგიურ ძლიერებას. არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება და გახსოვდეთ – თქვენი წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებაა, რადგან ინტელექტუალური კაპიტალი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. უნივერსიტეტში გატარებული წლები, სირთულეებით, გამოწვევებით და შემეცნებით იყო აღსავსე; თქვენ გვერდში გედგნენ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც გიქმნიდნენ მოტივაციას, გიძლიერებდნენ სწავლისა და კვლევის სურვილს, დახმარებას გიწევდნენ თვალსაწიერის გაფართოებაში, პროფესიული პასუხისმგებლობის გაღრმავებაში. დღეს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც მრავალმხრივ დაეფუძნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერება. თქვენ ხართ თაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ სივრცეში. 

გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლის დასრულებას და გისურვებთ წარმატებას, როგორც მომავალ ლიდერებს, მკვლევრებს, ინჟინრებს, სამართლისა და ბიზნესტექნოლოგიების სტრატეგებს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, ენერგეტიკოსებს, სამთოელებს, გეოლოგებს, ეკონომისტებს, აგრარული მიმართულების, ინფორმაციული, ციფრული თუ მედიატექნოლოგიების სპეციალისტებს – ყველა ახალგაზრდას, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შეიტანს ახალ სიცოცხლესა და ძალას საქართველოს განვითარებაში, და გვჯერა, რომ ყოველთვის იქნებით თქვენი ალმა-მატერის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენლები”, – აღნიშნა თავის მიმართვაში ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი – „ჩვენი მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად“

„ფაკულტეტის მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად. ჩვენ ვახორციელებთ მრავალმხრივ კვლევით პროგრამებს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აკადემიურ, სამეცნიერო და ინდუსტრიულ პარტნიორებთან, ვავითარებთ ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, რათა სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღონ როგორც მაღალკვალიფიციური თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა. 

1 (1).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024/2025 სასწავლო წელს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს 19 პროექტი, მათ შორის:

  • ფუნქციური პოლიმერმატარებლის მიღების ტექნოლოგია L-ლიზინის საფუძველზე;
  • მაგნეტიტის ნანონაწილაკების ელექტროქიმიური სინთეზი რკინის სულფატის ელექტროლიტის ხსნარში ბიოთავსებადი სტაბილიზატორების გამოყენებით;
  • ელექტროქიმიურად სინთეზირებული ნანონაწილაკების გამოყენება წამლის მიწოდებასა და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკაში;
  • მეორადი მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა ვაშლის კონცენტრატის დამამზადებელ საწარმოში;
  • არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების ტერიტორიის ნიადაგის სარეკულტივაციოდ ბიოგენური ელემენტების რეკუპერაცია ბუნებრივი სორბენტებით;
  • ტექნოგენურად დაბინძურებული მჟავა კარიერული წყლების ქიმიური მეთოდით გაწმენდის შემდეგ ნარჩენი მძიმე მეტალების ფიტომიგრაცია;
  • საკვები მცენარეული ზეთის ნარჩენების გადამუშავება საწარმოში;
  • მდინარე ივრის აუზის წყლის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემად  გამოყენებისთვის დამცავი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
  • ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყაროებისა და კომპონენტთა იდენტიფიცირება და მათი შემცირების ტექნიკური ღონისძიებების შემუშავება;
  • ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის ავტოტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურების შემცირების პრევენციული ღონისძიებების დამუშავება;
  • მუყაოს ქაღალდის და მუყაოს პროდუქციის წარმოება მაკულატურიდან;
  • პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია;
  • ზღვის ნიჟარებში მინერალთა არსებობის ფორმებისა და შესაძლო ფაზური გარდაქმნების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა;
  • კობალტის (II) და მანგანუმის (II) შერეულ-ლიგანდიანი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა და სხვა.  

3.png

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს 8 საგრანტო პროექტიდან სამი დასრულებულია, ხუთი კი – მიმდინარეობს. მათ შორის, დასრულდა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო ორი პროექტი „გამოყენებითი კვლევებისთვის“: „ცემენტის წარმოების ხერხი საკვამლე აირების (CO2, SOx, NOx ) გასასუფთავებლად, ატმოსფეროში ემისიამდე კლინოფთოლითიან სორბერში გატარებით, ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით გამოყენებლობის დადგენა, კონცეპციის დამტკიცება“ და „CO2 სორბენტები ბუნებრივ ცეოლითთა ბაზაზე, სინთეზის/გამოყენების/უტილიზაციის ტექნოლოგიური იდეის კონცეფციის ფორმულირება, გამოყენებითობის დადგენა და დამტკიცება ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით“; ასევე, რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პროექტი – „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“. 

როგორც დეკანი ამბობს, რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ასევე მიმდინარეობს შემდეგი საგრანტო პროექტები:

  • „ბიოთავსებადი მოდიფიკატორებით სტაბილიზირებული ნანო მაგნეტიტის მიღება ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით”;
  • „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“; 
  • „მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტები B4C-TiC-SiC-BN-Al2O3-SiAlON-ნახშირბადის ბოჭკო სისტემაში საჯავშნე ფილების, ტურბინების დისკებისა და ფრთების მაღალტემპერატურული და ცვეთამედეგი კვანძებისათვის“ „კრიოგენული და თერმული დამუშავების კომბინირებული ზეგავლენა თუჯებში მაღალფუნქციური მულტიფაზური ბეინიტურ-მარტენსიტული სტრუქტურების ფორმირებაზე“;
  • „მრავალფუნქციური შენადნობებისთვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით“. 

გარდა ამისა, დეკანი აღნიშნავს, რომ 2024/2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, ფაკულტეტზე გარემონტდა გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორია და მასალათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. 

„ზოგადად, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის სფეროები დიდწილად განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას. დღეს, როცა მეტალურგია გადადის დაბალემისიურ და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე, ჩვენი ამოცანაა, საფუძველი ჩავუყაროთ და განვავითაროთ ცოდნაზე დაფუძნებული წარმოება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესებისა და ინჟინერიის ინტეგრაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მდგრადი, ეფექტიანი და ეკომეგობრული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროცესში ასრულებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ლიდერის როლს. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელსაც ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა – გიორგი ნიკოლაძემ, რუსუდან ნიკოლაძემ, დიმიტრი ერისთავმა, ნიკოლოზ ლანდიამ, ვასილ კაკაბაძემ, რაფიელ აგლაძემ, კალისტრატე ქუთათელაძემ, გივი ცინცაძემ და დარგის სხვა ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი. წარმატებებს ვუსურვებ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერ-მკვლევრებს“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე. 

სტუ-ის რექტორი ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო 1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1999 წლის 23 ივლისის უდიდესი საინჟინრო და სამეცნიერო მიღწევა – ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება – წარსული წარმატება არ არის, ეს საყრდენი წერტილია მომავალი საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს, სამეცნიერო საზოგადოებას, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. 

როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 26 წლის წინ, ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გაშვებით, ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. 

„1999 წლის 23 ივლისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე, გავიდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური საინჟინრო ნაგებობა – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას. 

გასაშლელი რეფლექტორის წარმატებული ექსპლუატაცია ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი საინჟინრო ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ის ფაქტი, რომ მსგავსად რთული ტექნოლოგიური ობიექტი შეიქმნა და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ორბიტაზე, მიუთითებს ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მაღალ პროფესიონალიზმზე, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის უნარზე.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო პროექტების განხორციელებას. 1999 წლისა და შემდგომი მიღწევები ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევითი და ტექნოლოგიური ინიციატივებისათვის.

გილოცავთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს!”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში. 

ცნობისთვის, 26 წლის წინათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას.

ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“. სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად. 

სტუ-ის ღია საერთაშორისო კონკურსის პირველადი შედეგები

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
.academic-competition{
text-align:left;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლიდან 4 (ოთხი) წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები საგანთა ჯგუფების მიხედვით:


  1. მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანთა ჯგუფები

  2. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საგანთა ჯგუფები

  3. გეოლოგიასა და სამთო ინჟინერიის საგანთა ჯგუფი

  4. მექანიკის ინჟინერიის, მეტალურგიის და ტრანსპორტის საგანთა ჯგუფი

  5. არქიტექტურისა და დიზაინის საგანთა ჯგუფი

  6. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანთა ჯგუფი

  7. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანთა ჯგუფი

  8. მათემატიკისა და ფიზიკის საგანთა ჯგუფი
  9. ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის საგანთა ჯგუფი

  10. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგანთა ჯგუფი

  11. აგროეკოლოგიისა და ქიმია-ბიოლოგიის საგანთა ჯგუფი

სტუ-ის ინსტიტუტის, „ტექინფორმის“ და FAO-ს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის („ტექინფორმი“) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, საქართველოში FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI – Agricultural Science and Technology Indicators) პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის (რომი, იტალია) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარნიორობით, სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინატორობით გაიმართა, მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა.

GTU Cover (2).png

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კვლევაში ჩართული იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი, სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, მისი დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის სახით, რომელმაც 2024 წელს მონაწილეობა მიიღო FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის სამუშაო შეხვედრაში. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO-ს მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად. 

„2024 წელს FAO ASTI საპილოტე პროექტი ჩატარდა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ერთი წლის განმავლობაში, FAO-ს კოორდინაციით, შემუშავდა სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის გზები. შემუშავდა სპეციალური კითხვარები და დაიგზვნა შესავსებად სოფლის მეურნეობის კვლევებით დაკავებულ უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში. დაგროვილი მონაცემები დამუშავდა და საპილოტედ აისახა FAO-ს პორტალზე შემდგომი დამუშავებისა და ანალიტიკისთვის. დაიდო საკმაოდ საინტერესო და სამსჯელო სტატისტიკური და ანალიტიკური შედეგები. ამ ფონზე, ერთი წლის შემდეგ „ტექინფორმი“, როგორც პროექტის კოორდანტორი საქართველოში ატარებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს სათაო ოფისის ხელმძღვანელობით, კვლევებისა და განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, პრეზენტაციისა და შედეგების განსახილველად. ვიმსჯელეთ შემუშავებულ სტატისტიკურ ანალიზსა და მიღებული შედეგების პრაქტიკულ ღირებულებაზე. მონაცემების შემდგომი დამუშვებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება საყურადღებო რეკომენდაციების გაწევა და სამოქმედო გეგმის დახვეწა, რაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები მონაცემთა სისტემატიზაციის, ანგარიშგების და პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. ტექინფორმის მონაწილეობით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ინსტიტუტ “ტექინფორმის” დირექტორს ნელი მახვილაძეს, დირექტორის მოადგილეს მარიამ რაზმაძეს, პროექტში ჩართულ ყველა მეცნიერს და წარმატებები ვუსურვო მათ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღონისძიების მნიშვნელობის შეჯამებისას აცხადებს, რომ “ტექინფორმი”, პროფესორ ნელი მახვილაძის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის კვლევით სფეროში პოზიციონირებს როგორც კოორდინაციისა და მონაცემთა სისტემატიზაციის საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წლიდან, სხვადასხვა სამეცნიერო ხაზით, თანამშრომლობს FAO-სთან.

GTU Cover (3).png
   
აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ღონისძიება აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონში, როგორც ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით. მონაწილე ქვეყნები აყალიბებენ თანამშრომლობის პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართულ მეცნიერებას, კვლევისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ მეზობელ ქვეყნებთან. რექტორის განცხადებით, „ტექინფორმი“ უკვე 67 წელია სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოებს ასრულებს, რომლებიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საფუძველია.

აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ნელი მახვილაძეს მადლობას უხდის ინსტიტუტის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებისა და რეკომენდაციების სისტემის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მოიძიებული უახლესი ინფორმაციის გამო. როგორც რექტორი აღნიშნავს, ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება.

„ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს. 

„უნივერსიტეტისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება. საქართველო აქტიურად არის ჩართული აგრარული სექტორის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების სისტემურ გაანალიზებაში. მნიშვნელოვანია, რომ ASTI-ის ქსელის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დარგში პოლიტიკის ფორმირებას ემსახურება. ამ სამუშაო შეხვედრამ კი, რეგიონის მასშტაბით, ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ASTI-ის ქსელი სწორედ ამ მიდგომის გაძლიერებას ემსახურება. ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებულ შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება, აგრარული განათლება და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. ვფიქრობ, ინტეგრირებულმა მიდგომამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებს ეფუძნებოდეს და სფეროს მდგრად განვითარებას ემსახურებოდეს“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები განიხილეს. როგორც „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, საქართველო დროებითი კვლევიდან გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.

სტუ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტს – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“ მასპინძლობს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ ამ ინოვაციური და ინტერდისციპლინური პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროში, რომელსაც საქართველოში ღრმა ფესვები და ისტორიული დატვირთვა აქვს. ზუსტად ასეთ პროექტებზე დაყრდნობით დავნერგეთ მულტიდისციპლინური მიდგომები, შევქმენით საერთო კვლევითი სივრცეები და გავაძლიერეთ საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხიან განათლებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) დელეგაციასთან შეხვედრისას, „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“ – ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) მევენახეობისა და მეღვინეობის უმაღლესი სკოლის პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ. 

2.png

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025” – ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის სლოგანია: „მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია: შვეიცარიის ალპებიდან და ნაპირებიდან მეღვინეობის აკვნისაკენ“. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შვეიცარიის HES-SO უნივერსიტეტთან, ჩანგინის მევენახეობისა და მეღვინეობის სკოლასთან გაფორმებული 5-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარლებში, 2018 წლიდან თანამშრომლობს.

ვიზიტის განმავლობაში ივეგმება მემორანდუმის განახლება,  ასევე, ავსტრალიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალუ მემორანდუმების გაფორმება. 

„ზაფხულის უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება, კულტურათშორისი უნარების განვითარება და საერთაშორისო პროფესიული კავშირების შექმნა. პროგრამაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის მაღალი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ზაფხულის სკოლა ორგანიზებულია შვეიცარიის HESˑSO უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენს Vinifera EuroMaster პროგრამის პარტნიორ პროექტს, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ერთად, ვიზიტით გვეწვია Vinifera EuroMaster პროგრამის მენეჯერი და ზაფხულის სკოლის თანახელმძღვანელი პატრის ლალემანი. 40-კაციან დელეგაციას აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფაკულტეტს ეძლევა შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო სტუდენტებს და გაუზიაროს მათ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ გააცნოს მათ ქართული ვაზის და ღვინის უნიკალური მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნინო ჩხარტიშვილმა. 

შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HES SO) დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიები, გაეცნენ მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

Support

Why are you writing to us?