სტუ-ის რექტორი გარდაცვლილი სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტის, თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ნიჭიერი და იმედისმომცემი სტუდენტის – თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უკურნებელ სენთან ბრძოლა ერთობ ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე ჩვენი მაგისტრანტისთვის, მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, მისი მშობლიური ლანჩხუთისა და მისი ალმა-მატერისთვის. 

გვინდა თორნიკე წილოსანის ოჯახმა იცოდეს, რომ მათი შვილი იყო მაღალი სამეცნიერო მოტივაციის მქონე, ნიჭიერი, კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირებულებებით – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები 2019 წლიდან იცნობენ თორნიკეს, იმ დროიდან, როცა ის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და მიენიჭა პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ თორნიკეს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს – ღმერთმა მისცეს მათ ძალა და „ჭირსა შიგან გამაგრება“. 

გამორჩეული სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ხსოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში. 

აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან. 

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და „ჯეო-ემ-ტექსმა“, საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შპს „ჯეო-ემ-ტექსის“ დირექტორმა ნინო ნიქაბაძემ, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკას კომპანიაში გაივლიან. 

მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს  შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდილება პირდაპირ კომპანიის საწარმოო ობიექტებზე მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს მათ თეორიულ ცოდნას და გააძლიერებს პროფესიულ უნარებს.

როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, საწარმოო პრაქტიკის რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. მსგავსი პარტნიორობა კი აძლიერებს განათლებისა და ბიზნესის სფეროების ურთიერთკავშირს და ამკვიდრებს ხარისხზე ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებს. 

memorandumi satransporto fakulteti 1.png

„საწარმოო ინჟინერია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს თანამედროვე სამყაროში. მისი განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ეფექტიანობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. ინოვაციური მექანიკური სისტემები უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას და გარემოსდაცვით სტანდარტების დაცვას. დღეს, როდესაც მსოფლიოში პრიორიტეტი მწვანე ტექნოლოგიები და აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ჩვენი ვალდებულებაა, სტუდენტებს მივცეთ მაღალკვალიფიციური განათლება, რომლიც ინოვაციური იდეების განხორციელებას შეაძლებინებთ. „ჯეო-ემ-ტექსთან“ გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კომპანიასთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს სტუდენტებმა  პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საწარმოო გარემოში მიიღონ. ისინი გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ პროცესებს და გაიღრმავებენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე დარგებისთვის. მემორანდუმი არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის ურთიერთობის გაღრმავებას, და საბოლოოდ გაზრდის ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად

„ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ისეთ დარგებს, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ თანამედროვე სამყაროში: საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები. ეს სფეროები ქმნის პლატფორმას, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ერწყმის ეკონომიკურ ანალიზს და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამ ცოდნის სინთეზი აყალიბებს სტუდენტს კონკურენტუნარიან პროფესიონალად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე სიჭინავამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

2024/2025 სასწავლო წელს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოური დაფინანსებით განხორციელდა სამეცნიერო-საგრანტო პროექტები: “Human War Casualties and National Memory. British-Georgian-Polish Perspective”; დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე”, ასევე, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები:

  • ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა;
  • გაზსადენის „საგურამო-გორი”, „ლეხურ-სვენეთის” მონაკვეთის არქეოლოგიური გათხრები;
  • ამლევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები;
  • „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“ – კულტურის ხელშეწყობის/მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგამომცემლო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტი;
  • ჰეგელის საიუბილეო 35-ე კონგრესი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი.

განხორცილდა საგრანტო პროექტები:

  • ნარიყალა-დედაციხის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა საქართველოში – სოციოკულტურული, თეოლოგიური და საბუნებისმეტყველო პერსპეტივების კვეთაზე”. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს, სტუდენტები, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი კონსურსში. 

„ფაკულტეტი აერთიანებს ტექნიკური აზროვნების, ეკონომიკური ხედვების, თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების პროგრამებს. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს ანალიზის უნარსა და პასუხისმგებლობას. ცოდნის მიღება არ სრულდება უნივერსიტეტის კედლებში. განათლება წარმოადგენს დინამიკურ, უწყვეტ განვითარებას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და ეკონომიკური მოდელები სწრაფად იცვლება. მუდმივი განათლება არის პროფესიული სტაბილურობისა და კარიერული ზრდის მთავარი გარანტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ანალიტიკური აზროვნება და გაიუმჯობესოს პრობლემების გადაჭრის უნარი. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ. 

სტუ-ის სტუდენტმა „ჰანიველ ცემენტის“ მიერ ორგანიზებულ, სტუდენტ-არქიტექტორთა კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ (Hunnewell Cement) მიერ ორგანიზებულ სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის მენტორობით წარდგენილი პროექტისთვის – „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში” – I ადგილი მოიპოვა და შედეგად, კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა.

სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსზე, რომელიც „ჰანიველ ცემენტის“ ინიციატივით, ხარისხის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ მომავალი არქიტექტორები სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან: ანა ჭელიძე  (მენტორი: ასოცირებული პროფ, ვასილ ქობულია), ალექსანდრე დგებუაძე (მენტორი: პროფესორი გია ნადირაძე), თათია ჩერქეზიშვილი (მენტორი: ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი) და ანრი ფერცელაძე (მენტორები: პროფესორი ნინო იმნაძე და ვასილ ქობულია).

ფაკულტეტის პროფესორის, ნინო იმნაძის თქმით, გამოფენა-კონკურსზე, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტთა არქიტექტურული პროექტები, ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებსა და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ, ყველაზე შთამბეჭდავი პროექტებისთვის ხმა მიეცათ.

როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, გამარჯვებული სტუდენტური პროექტების დაჯილდოების ცერემონია „წინანდლის მამულში“ გაიმართა, ჟიურის გადაწყვეტილება კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან გამოფენა-კონკურსში პირველი ადგილი ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა მოიპოვა. 

GTU Cover 1 (2).png

სტუდენტსა და მის მენტორს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, ნებისმიერი მსგავსი აღიარება ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც, სწავლების პროცესის ორგანიზებისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ხელმძღვანელობს.  

„ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ნინო კოპალეიშვილს – მან სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ და მის მენტორს, ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილს.  სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. ასეთი მონაწილეობები უაღრესად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის – სტუდენტები იღებენ რეალურ გამოცდილებას, თავიანთ ნამუშევრებს აცნობენ ფართო საზოგადოებას, დარგის სპეციალისტებს და ამყარებენ ასე აუცილებელ ფართო კავშირებს პროფესიულ წრეებთან.

სტუდენტის პირად წარმატებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის სკოლისთვის. ნებისმიერი მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც ფაკულტეტი სწავლების პროცესის ორგანიზებისას ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები მთლიანად არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე. ყოველი ასეთი წარმატება მიუთითებს პროფესორ-მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, სტუდენთა ნიჭიერებასა და დიდ მოტივაციაზე.  დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ არქიტექტორებს წინ მრავალი პროფესიული გამარჯვება ელით.

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ჰანიველ ცემენტს“ გამოფენა-კონკურსის ორგანიზებისა და ახალგაზრდა არქიტექტორთა მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა პროექტებით ახალგაზრდების წახალისებას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობას და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი თაობის არქიტექტორთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას“, – აღნიშნავს დეკანი.

სტუ-სთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის – ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია, Polytechnic Institute of Beja) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, – ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლით პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

GTU Cover (2).png

მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია: „თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობის დარგები წარმოადგენს, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა განიხილავს როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა წარმოადგენს სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებას. 

„ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორები ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, – აცხადებს მარიკა ზვიადაძე. 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ბეჟას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეფექტურად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.

ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ. 

„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიზნით, არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოვიდა 6 აკადემიური, 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი და 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსსა და დამსახურებულ მეცნიერს, ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილე მიულოცა.

მინისტრის მილოცვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„მინდა, დიდი პატივისცემით მოგილოცოთ 75 წლის იუბილე.

გამორჩეული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში. მართლაც ფასდაუდებელია ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განვითარებაში თქვენი როლი. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია არაერთი ნაშრომი და ის პროექტები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებისთვის განახორციელეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.” – აღნიშნულია გივი მიქანაძის მილოცვაში.

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ საწყლოსნო სპორტით დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი – „წყალთა სახეობის ცენტრი ტონუსი“ იწყებს სტუდენტთა შერჩევას, რომლებიც დაინტერესებულები არიან საწყლოსნო სპორტის სახეობებით – კერძოდ, სპორტული სტილის ცურვითა და წყალბურთით.

შერჩეული სტუდენტები აუზით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ! 

ხოლო იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს ცურვის სწავლა სამოყვარულო დონეზე, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • 032 2 180 215
  • 599 25 33 59

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

სტუ-ის ქოლცენტრის განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქოლცენტრი, ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებით მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის აღმოფხვრამდე დაგჭირდებათ დახმარება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gtu.ge.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და გმადლობთ მოთმინებისთვის.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 100 წლისაა

„ჩვენ ვამაყობთ იმ ეროვნული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებით და იმ ღია სამეცნიერო საზოგადოებით, რომელიც ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა 100 წლის განმავლობაში შექმნა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ „სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის, „სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ დაარსებიდან 100 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით აღინიშნა. კონფერენციის თემა იყო: „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეები, დოქტორანტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს, იტალიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის, ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა დელეგაციები და სხვა მიწვეული პირები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ ლომინაძემ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ადმინიტრაციის წარმომადგენლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს ინსტიტუტის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს ინსტიტუტის გადამწყვეტ როლს მეცნიერების განვითარებისა და ინტეგრირებული კვლევითი მიდგომების დანერგვაში.

როგორც ვიცე-რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ინსტიტუტმა, საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობის ფორმირებაში და დღემდე რჩება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად.  

GTU Cover 2 (1).png

„თანამედროვე სამყაროში, სადაც ბუნებრივი რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დაცვა და ტექნოლოგიური პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ინსტიტუტის როლი არსებითად იზრდება. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციებზე დაფუძნებულ კვლევებს, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიული, აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი წარსული გვასწავლის, რომ პროგრესი მუდმივ განვითარებასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ხედვას მოითხოვს. შესაბამისად, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მისიაა, მომავალშიც დარჩეს ცოდნის, სამეცნიერო ძიებისა და პროფესიული სრულყოფის ერთიან სივრცედ“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და იმ ცნობილ მეცნიერთა ღვაწლზე ესაუბრა, რომლებიც დაარსებიდან წლების განმავლობაში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე, საგრანტო პროექტებსა და მათ სამეცნიერო ღირებულებაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტმა მარკო არჩიერიმ,  ცენტრალური ჩინეთის ნორმალ უნივერსიტეტის (CCNU) პროფესორმა იუჯინ ვუ ვუჰანიმ, სომხეთის აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰოგანეს ტოკმაჯიანმა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფარდა იმანოვმა და სხვა სტუმრებმა. 

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს ღისშესანიშნავ დღეს ულოცავს და  წარმატებებს უსურვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს ის ფასეულობები, რომლებიც მჭიდროდ აკავშირებს განათლებას, მეცნიერებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

„წყალთა მეურნეობა, როგორც დარგი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე სამყაროში, სადაც, ურბანული განვითარების პირობებში, კლიმატის ცვლილებასა თუ წყლის რესურსებთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება, ბუნებრივი რესურსების გონივრული მართვა, ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებად რჩება. ამ კონტექსტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი უკვე ერთი საუკუნეა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრია, რომელიც წყლის რესურსების დაცვისა და  მართვის კუთხით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქტიურად ახორციელებს კვლევით პროექტებს, იღებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ინსტიტუტის წვლილი განსაკუთრებით ფასეულია იმ პირობებში, როცა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დამყარებული წყალმომარაგებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება, რაც ნათლად წარმოაჩენს ინსტიტუტის როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ მნიშვნელობას.

ამ ინსტიტუტმა აღზარდა ინჟინრების, მკვლევრებისა და სპეციალისტების არაერთი თაობა,  რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი შრომის შედეგი არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევები და წარმატებებია, არამედ ის ღირებულებები, რაც დაკავშირებულია მეცნიერებისადმი ერთგულებასთან, პროფესიულ ეთიკასთან და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან. ამდენად, დღეს მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებებით არ ვამაყობთ, დღევანდელი დღე არის გარდამტეხი ეტაპი, რომელიც შეგვახსენებს მომავალის წინაშე პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. ეს არის ახლის საწყისი, რომელიც შეგვახსენებს, რომ წარსული გამოცდილება მხოლოდ საყრდენია მომავლის გეგმების განსახორციელებლად, რომ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სახელოვანი ისტორია უნდა იქცეს სტრატეგიულ საძირკვლად მდგრადი, ინოვაციური მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის მძლავრი პლატფორმა გახდება. მადლობას ვუხდი კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს, განსაკუთრებული მადლობა და გულითადი მილოცვა კი ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცოდნითა და თავდადებით წლებია ემსახურება წყალთა მეურნეობის დარგს“, – აღნიშნავს თავის მიმართვაში დავით გურგენიძე. 

სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ორი დღის მანძილზე სამ სექციად წარიმართა.

სტუ-ის რექტორი პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ულოცავს. 

„ბატონო ვახტანგ, გულითადად გილოცავთ 75 წლის იუბილეს.

მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობა  შეუფასებელია. თქვენ, როგორც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არა მხოლოდ განაგრძეთ ქართული მათემატიკის სკოლის უმდიდრესი ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი მის შემდგომ განვითარება-გაძლიერებას. 

თქვენი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ნაშრომს, სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიას, მიუთითებს იმ დაუღალავ შრომასა და პროფესიონალიზმზე, ასე რომ გახასიათებთ. თქვენი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენი თაოსნობით განხორციელებული  საერთაშორისო კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანი შენატანია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და სამეცნიერო მიღწევებს.  დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის“, – აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

Support

Why are you writing to us?