სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 100 წლისაა
„ჩვენ ვამაყობთ იმ ეროვნული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებით და იმ ღია სამეცნიერო საზოგადოებით, რომელიც ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა 100 წლის განმავლობაში შექმნა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ „სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.
სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის, „სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ დაარსებიდან 100 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით აღინიშნა. კონფერენციის თემა იყო: „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.
საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეები, დოქტორანტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს, იტალიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის, ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა დელეგაციები და სხვა მიწვეული პირები.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ ლომინაძემ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ადმინიტრაციის წარმომადგენლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს ინსტიტუტის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს ინსტიტუტის გადამწყვეტ როლს მეცნიერების განვითარებისა და ინტეგრირებული კვლევითი მიდგომების დანერგვაში.
როგორც ვიცე-რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ინსტიტუტმა, საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობის ფორმირებაში და დღემდე რჩება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად.

„თანამედროვე სამყაროში, სადაც ბუნებრივი რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დაცვა და ტექნოლოგიური პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ინსტიტუტის როლი არსებითად იზრდება. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციებზე დაფუძნებულ კვლევებს, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიული, აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი წარსული გვასწავლის, რომ პროგრესი მუდმივ განვითარებასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ხედვას მოითხოვს. შესაბამისად, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მისიაა, მომავალშიც დარჩეს ცოდნის, სამეცნიერო ძიებისა და პროფესიული სრულყოფის ერთიან სივრცედ“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და იმ ცნობილ მეცნიერთა ღვაწლზე ესაუბრა, რომლებიც დაარსებიდან წლების განმავლობაში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე, საგრანტო პროექტებსა და მათ სამეცნიერო ღირებულებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტმა მარკო არჩიერიმ, ცენტრალური ჩინეთის ნორმალ უნივერსიტეტის (CCNU) პროფესორმა იუჯინ ვუ ვუჰანიმ, სომხეთის აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰოგანეს ტოკმაჯიანმა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფარდა იმანოვმა და სხვა სტუმრებმა.
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს ღისშესანიშნავ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს ის ფასეულობები, რომლებიც მჭიდროდ აკავშირებს განათლებას, მეცნიერებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.
„წყალთა მეურნეობა, როგორც დარგი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე სამყაროში, სადაც, ურბანული განვითარების პირობებში, კლიმატის ცვლილებასა თუ წყლის რესურსებთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება, ბუნებრივი რესურსების გონივრული მართვა, ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებად რჩება. ამ კონტექსტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი უკვე ერთი საუკუნეა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრია, რომელიც წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქტიურად ახორციელებს კვლევით პროექტებს, იღებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ინსტიტუტის წვლილი განსაკუთრებით ფასეულია იმ პირობებში, როცა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დამყარებული წყალმომარაგებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება, რაც ნათლად წარმოაჩენს ინსტიტუტის როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ მნიშვნელობას.
ამ ინსტიტუტმა აღზარდა ინჟინრების, მკვლევრებისა და სპეციალისტების არაერთი თაობა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი შრომის შედეგი არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევები და წარმატებებია, არამედ ის ღირებულებები, რაც დაკავშირებულია მეცნიერებისადმი ერთგულებასთან, პროფესიულ ეთიკასთან და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან. ამდენად, დღეს მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებებით არ ვამაყობთ, დღევანდელი დღე არის გარდამტეხი ეტაპი, რომელიც შეგვახსენებს მომავალის წინაშე პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. ეს არის ახლის საწყისი, რომელიც შეგვახსენებს, რომ წარსული გამოცდილება მხოლოდ საყრდენია მომავლის გეგმების განსახორციელებლად, რომ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სახელოვანი ისტორია უნდა იქცეს სტრატეგიულ საძირკვლად მდგრადი, ინოვაციური მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის მძლავრი პლატფორმა გახდება. მადლობას ვუხდი კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს, განსაკუთრებული მადლობა და გულითადი მილოცვა კი ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცოდნითა და თავდადებით წლებია ემსახურება წყალთა მეურნეობის დარგს“, – აღნიშნავს თავის მიმართვაში დავით გურგენიძე.
სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ორი დღის მანძილზე სამ სექციად წარიმართა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...