„გზა-მდე და შემდეგ“ – პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა პარასპორტსმენმა ფარიკაობაში, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელმა, 2017 წელს ნიდერლანდებსა და პოლონეთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანმა, 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის მონაწილემ და 4 წლის მანძილზე 9 ოქროს მედლის მფლობელმა ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია – „გზა – მდე და მერე“, გამართა. 

ირმა ხეცურიანის საჯარო ლექცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით ჩატარდა, ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ განაცხადა, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანის ცხოვრების გზა თანატოლებისა და მომავალი თაობებისთვის არის დაუღალავი შრომის, შეუდრეკელობისა და წარმატების მაგალითი. 

2 (23).png

„სიმბოლურია ირმა ხეცურიანის საჯარო ლექციის თემა, მისი ცხოვრების გზა წარმატებამდე და შემდეგ. ეს არის სიმამაცის, შრომისმოყვარეობის, დასახული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის და სიხარულის გზა, თვალნათელი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა შევქმნათ მომავალი.

თავისი ცხოვრებითა და მოპოვებული წარმატებებით ის საუკეთესო მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის – თუ როგორ არ უნდა შეუშინდე ცხოვრებისეულ სირთულეებს, თუნდაც ტრაგიკულს და უნდა იბრძოლო, რათა გახდე არა განსაცდელებისგან ძლეული, არამედ მათი მძლეველი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი გაბისონიამ. 

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, რომლის მთავარი მიზანი და მოვალეობა მომავალი თაობის აღზრდა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა, ვისთვისაც ორგანული იქნება როგორც ეროვნული, ისე საუკეთესო დასავლური ფასეულობები. ჩვენ ქვეყნის პატრიოტები უნდა აღვზარდოთ, რომლებიც, დიდი წინაპრების მსგავსად, თვითონაც იტყვიან მნიშვნელოვან სიტყვას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპული და საერთაშორისო სივრცის განვითარებაში. როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, „ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა – განათლებასა და წიგნიერებაში“.

ჩვენთვის დაუშვებელია სხვისი აზრის მიუღებლობა და გაუმართლებელი აგრესია. სწორედ დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვს განსხვავებული აზრის პატივისცემას და შესვლას დისკუსიასა და კამათში და არა – დაპირისპირებაში. 

ჩვენთვის ძვირფასია საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის და ღრმად სწამს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევითა და ქართველი ხალხის ნებით, საქართველო საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“, – აღნიშნულია სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სპეციალური განცხადება აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღო.

სტუ-ში „AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Academic Language Experts-ის (ALE) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ავი სტაიმანმა „AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Research Managers) ჩაატარა. 

„AI ტრენინგი“ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

მასში 200-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა, მკვლევარმა და მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა. 

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, Academic Language Experts-ის (ALE) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ავი სტაიმანი დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელიც ტრენინგებს ევროპასა და ამერიკაში ატარებს.

2 (21).png

როგორც გიორგი მიქიაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მაღალრეიტინგული და მოთხოვნადი ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება უნივერსიტეტს წარმოაჩენს ლიდერად როგორც საგრანტო, ასევე, კვლევით სფეროში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კვლევების მიმართულებით საგრანტო განაცხადების შემუშავება-წარდგენას. ჩატარებულ AI ტრენინგს ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული 25-ზე მეტი უნივერსიტეტისა და, ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ტრენინგი აქტუალური და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას მკვლევრებმა, მეცნიერებმა და მენეჯერებმა გაიმარტივონ სამუშაო პროცესი და დაზოგონ დრო. ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებმა შეიძინეს ის აუცილებელი ცოდნა, რაც მათ პროექტების შემუშავებასა და მართვაში დაეხმარება, გაეცნენ ყველა საჭირო ინსტრუმენტსა და მეთოდებს, რასაც პროფესიულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენებენ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ტრენინგის ორგანიზება უნივერსიტეტის ცნობადობას კიდევ მეტად ამაღლებს, მით უმეტეს, რომ ტრენინგი ჩაატარა სფეროს ერთ-ერთმა ნოვატორმა, Academic Language Experts-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ავი სტაიმანმა.

ის, ასევე, არის თანადამფუძნებელი SciWriter.ai-ისა, რომელიც მკვლევრებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროექტების შედგენაში ეხმარება.

გარდა ამისა, არის New Books Network-ის პოდკასტის – Scholarly Communication-ის თანაწამყვანი და Wiley-ის ჟურნალ Learned Publishing-ის რეცენზენტი, CANGARU-ს ძირითადი წევრი, სადაც წარმოადგენს EASE-ს და მუშაობს კვლევაზე, რომელიც AI-ის პასუხისმგებლობიანი გამოყენების პოლიტიკის შექმნას ითვალისწინებს”, – აღნიშნავს გიორგი მიქიაშვილი.

„AI ტრენინგმა კვლევის მენეჯერებისთვის“ სამი დღე გასტანა და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

„მენეჯმენტი ინჟინრებისთვის” – პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში ბიზნესორგანიზაციებისთვის ტრენინგკურსი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ტრენინგკურსის – „მენეჯმენტი ინჟინრებისთვის“, საპილოტე სერია ჩატარდა. 

ტრენინგი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის „ფიქრის ლაბორატორიაში“ სამ ეტაპად ჩატარდა და მოიცავდა როგორც მენეჯმენტის სხვადასხვა თემების თეორიულ განხილვას, ასევე, პრაქტიკულ აქტივობებსა და ქეისებზე მუშაობას.

ტრენინგკურსს 6 ბიზნესორგანიზაციის – „მშენებელი 80“, „ავტობანი“, Progress Project-ი, „ფორსი“, Lion Trans-ი და „გრინვეი საქართველო“ – წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

როგორც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, მოკლევადიანი ტრენინგკურსი – „მენეჯმენტი ინჟინრებისთვის”, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეიქმნა. 

1 (24).png

პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კურსი განკუთვნილია ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახალი პროდუქტის თუ ახალი სერვისის დანერგვა-განვითარებას გეგმავენ ან უშუალოდ მათი შექმნის პროცესში არიან. 

„პროექტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა მოკლე საპილოტე სატრენინგო კურსის მომზადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ პირველ ეტაპზე შეგვემუშავებინა ტრენინგკურსი – „მენეჯმენტი ინჟინრებისთვის“, რომელიც პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებს პლატფორმა Reinnova.gtu.ge-ის ეგიდით შევთავაზეთ. მოხარული ვართ, რომ მათგან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ.

მსგავსი პრაქტიკა არაერთ წამყვან დასავლურ უნივერსიტეტშია დანერგილი და ჩვენც გვაქვს სურვილი, ასეთი ინიციატივები, გარკვეული პერიოდულობით, ქართულ ბიზნესორგანიზაციებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეთავაზება ეფუძნება საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკას და აღსანიშნავია, რომ მისი რეალურად განხორციელების შესაძლებლობა პირველად, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საგანგებოდ შექმნილი საუნივერსიტეტო პლატფორმა Reinnova.gtu.ge-ის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

გარდა ამისა, სამომავლოდ,  საწარმოო ბიზნესთან მდგრადი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ვგეგმავთ სხვადასხვა ინოვაციური საგანმანათლებლო პროდუქტის მომზადება-შეთავაზებას, რაც, უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის კონტექსტში, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებას უზრუნველყოფს“, – აცხადებს დეკანი.

3 (7).png

„კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული საუნივერსიტეტო პროექტია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობითა და უშუალო ხელმძღვანელობითაა შექმნილი.

მას კოორდინაციას უწევს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის საპილოტე აქტივობები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტებზე ხორციელდება.

ReINNOVA-ს მიზანი, სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაადგინა: დამტკიცდეს 2024 წლის 20 დეკემბერს დაგეგმილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. ლიანა თარგამაძე – კომისიის თავმჯდომარე. სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი.

2. ბორის გითოლენდია – თავმჯდომარის მოადგილე. სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი.

3. სალომე გუმბერიძე – კომისიის მდივანი. სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. სტუდენტური პროექტების კოორდინატორი.

4. დემეტრე ჯანჯალაშვილი – კომისიის წევრი. სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი.

5. ნიკოლოზ რევიშვილი – კომისიის წევრი. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულება.

სტუ-ის სტუდენტებს კლინიკა „ახალ მზერაში“ თვალის დაავადებათა მკურნალობა და მხედველობის კორექცია გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ოფთალმოლოგიურ კლინიკა „ახალ მზერაში“ თვალის დაავადებათა მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და მხედველობის კორექცია გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ.

მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კლინიკა „ახალი მზერის“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გაამყარეს.

დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს თანამშრომლობის ეტაპობრივად გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი და შემეცნებითი პროექტებისა თუ ღონისძიებების განხორციელებას და კვალიფიციური კადრების მომზადებაში ურთიერთმხარდაჭერას.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ორმხრივი სასარგებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის კლინიკა „ახალი მზერის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა.

რექტორის განცხადებით, ოფთალმოლოგია, ისევე, როგორც მედიცინის სხვა მიმართულებები, უსწრაფესად ვითარდება, მასზე ზეგავლენას კი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესი და ინოვაციები ახდენს, რაშიც, მედიკოსებთან ერთად, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმიური ტექნოლოგიის, ინფორმატიკის თუ სხვა საინჟინრო დარგების სპეციალისტები და მეცნიერ-მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც სამედიცინო მიმართულების წამყვან დაწესებულებასთან მსგავსი ტიპის მემორანდუმს აფორმებს.

დოკუმენტი ითვალისწინებს ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების და მეორე მხრივ, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ოფთალმოლოგის, პროფესორ მერაბ დვალის მიერ დაფუძნებულ კლინიკას შორის განსაკუთრებული კოლაბორაციის ჩამოყალიბებას, რაც უპირველეს ყოვლისა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და მომდევნო ეტაპზე პროფესორ-მასწავლებლებისთვის თვალის სხვადასხვა დაავადებების, მათთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევებისა და მხედველობის კორექციის გარკვეული შეღავათებით მიღებას უზრუნველყოფს.

ეს არ გახლავთ ბიზნესშეთანხმება – ეს უნივერსიტეტთან პარტნიორობის მხოლოდ დასაწყისია, რაც დარწმუნებული ვართ, ეტაპობრივად გაღრმავდება და გაფართოვდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, სადაც ექსკლუზიურად მოქმედებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამა საერთაშორისო ამერიკული ABET აკრედიტაციის მფლობელია და ამჟამად, ვმუშაობთ ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად.

საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის წარმატების მომტანია არა მხოლოდ სამეცნიერო ასპარეზზე, არამედ ღირსეულად დასაქმების მიმართულებითაც. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით მონაწილეობენ ბიოსამედიცინო ინჟინერიის მონიტორინგში და ასევე, თვითონ ქმნიან ახალ მოწყობილობა-დანადგარებს, რითაც ხელს უწყობენ სამედიცინო ინჟინერიის განვითარებას.

„ახალ მზერასთან“ მემორანდუმი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დასაბამი ახალი ურთიერთობისა საინჟინრო დარგებსა და მედიცინას, კონკრეტულ შემთხვევაში კი ოფთალმოლოგიას შორის. ურთიერთგაგების პრინციპზე დამყარებული ეს ახალი კოლაბორაცია დადებითად, ისევ და ისევ, სტუდენტების ჯანმრთელობასა და პროფესიულ განვითარებაზე აისახება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი ამბობს, „ახალი მზერა“ იღებს ვალდებულებას, იზრუნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხედველობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩაუტაროს სათანადო კვლევები და შესთავაზოს მხედველობის კორექციის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის – ექსიმერ ლაზერული კორექცია, კლინიკის მაღალპროფესიონალი ოფთალმოლოგების ჩართულობითა და უახლესი აპარატურის გამოყენებით.

მერაბ დვალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ინიციატივის მხარდაჭერისა და ნდობის გამოხატვისთვის.

მერაბ დვალის თქმით, კლინიკა „ახალი მზერისთვის“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მრავალმხრივ არის მიმზიდველი, განსაკუთრებით კი დიდია დაინტერესება საინჟინრო დარგის სპეციალისტების, კერძოდ კი მაღალკვალიფიციური ბიოსამედიცინო ინჟინრების ოფთალმოლოგიურ კლინიკაში მოზიდვით, რომლებიც მზად იქნებიან, თავიანთი ცოდნა-გამოცდილება მედიკოსებს გაუზიარონ.

მემორანდუმის ხელმოწერას უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ოფთალმოლოგიური კლინიკა „ახალი მზერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.

კანდიდატთა რეგისტრაცია საფაკულტეტო საარჩევნო კომისიებში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 5-დან 11 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას.

სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (მერაბ კოსტავას 77), ოთახი #239 ტელ.: 032 277 11 11 /7031.

გამგეობის დადგენილება არჩევნების შესახებ.

„სამოთხიდან გოლგოთამდე“ – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია „სამოთხიდან გოლგოთამდე“. 

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია არიან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფესორმა მამუკა გიორგაძემ გახსნა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი „ქართული თვითმყოფადობა“, სტუდენტებისთვის ისტორიის გაცნობიერებას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში საჯარო ლექცია უკვე მეორედ ტარდება.

2 (19).png

ეს არის პროგრამა, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა.

ეს არის პროექტი, რომელსაც ახალგაზრდობამდე მიაქვს მთავარი იდეა – საქართველო და ქართველი ხალხი არის კაცობრიობის პარტნიორი ღირსეული ერი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ სუპრანატურალური, სუპრამენტალური მდგომარეობის სუბსტანცია. დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამოთხიდან გოლგოთამდე”. სასიამოვნოა, რომ აუდიტორია სავსეა, რაც მიუთითებს ახალგაზრდების მხრიდან დიდ ინტერესზე”, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ენათმეცნიერი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები.

საჯარო ლექციის დასასრულს ასმათ ოქროპირიძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა. 

სტუ-ში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორის, პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო სემინარი „კალაპოტური პროცესები და გარემოს დაცვა“, გაიმართა.

სამეცნიერო სემინარი სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინსტიტუტში მრავალი საერთაშორისო დონის მეცნიერი მოღვაწეობდა, მათ შორის, აკადემიკოსები: ცოტნე მირცხულავა, ოთარ ნათიშვილი.

პროფესორები: მიხეილ გაგოშიძე, იოსებ ბუაჩიძე, ფრიდონ შატბერაშვილი, თამაზ ჟორდანია, ვახტანგ თევზაძე, ჯამლეტ მკერვალიშვილი, გიორგი ვოინიჩ-სიანოჟენსკი.
 
გივი გავარდაშვილის თქმით, პროფესორი ფრიდონ შატბერაშვილი 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 46 წლის განმავლობაში საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. 

„ფრიდონ შატბერაშვილის მეცნიერული მოღვაწეობა კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და მიწების ათვისების პრობლემების შესწავლას მოიცავდა. მან შეიმუშავა მდინარეთა რეგულირებისა, მათ შორის, მეანდრეობა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების მეცნიერული მეთოდები. საქართველოში, პირველმა დაამუშავა კოლხეთის დაბლობზე არსებული მძიმე თიხოვანი დანალექი ჭარბტენიანი ნიადაგებისათვის მელიორაციული ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდოლოგია.

იგი დიდხანს მოღვაწეობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ბატონმა ფრიდონმა, 1986 წელს, აკადემიკოს ოთარ ნათიშვილთან თანაავტორობით გამოსცა ბოლო მეცნიერული ნაშრომი – ,,მელიორაციის ცნობარი“, რომელიც მელიორაციის დარგის მთელ სპექტრს მოიცავს.

ის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ათამდე მონოგრაფიის ავტორია, მისი ხელმძღვანელობით მომზადებული ახალგაზრდები დღეს მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები არიან და წარმატებით მოღვაწეობენ დარგში”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში გივი გავარდაშვილმა. 

სამეცნიერო სემინარს – „კალაპოტური პროცესები და გარემოს დაცვა“, ესწრებოდნენ ფრიდონ შატბერაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები. 

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯივიპი“ ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) ჟინვალჰესის პროექტების მენეჯერი, ელექტროენერგიის წარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბაკურაძე და „ჯივიპის“ უფროსი რეკრუტერი მარიამ ადეიშვილი შეხვდნენ. 

შეხვედრა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა გახსნა.

როგორც დეკანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის მიმართულების პოპულარიზაციას, სტუდენტთა დასაქმებასა და კარიერულ ზრდას.

მისივე თქმით, „ჯივიპი“ საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმიანობს. 

„სტუდენტთა კარიერულ ზრდაზე ზრუნვა ქვაკუთხედია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთან ერთად, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში – მეტ კვალიფიციურ კადრს. სტუდენტების მონაწილეობა „ჯივიპის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში და მათი სამომავლო დასაქმება ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრებით ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას აქტიურად შევუწყობთ ხელს”, – აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ შესაძლებლობა აქვთ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ შემდეგ ვაკანსიებზე: ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერი, აღრიცხვის სპეციალისტი, ელექტროინჟინერი, ელექტრიკოსი, უფროსი ოსტატი, ელექტრომექანიკოსი და ზეინკალი. 

Support

Why are you writing to us?