სტუ-ში სამუშაო ვიზიტით ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს, პაულ ჯეკისონს შეხვდა. 

ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით გაიმართა, სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.
 
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტს.

როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს შორის თანამშრომლობა შედგა უნივერსიტეტსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტს და საზოგადოებას მრავალმხრივი მიმართულებით მჭიდრო და ფართო სპექტრის კოლაბორაცია აკავშირებს.

ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭო, ევროპის მასშტაბით, აერთიანებს პროფესიონალ ინჟინერთა 22 საზოგადოებას, ნახევარმილიონზე მეტი წევრით და ყოველწლიურად ატარებს ან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ამ ორგანიზაციასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ნიშნავს ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ. 

საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება 2024 წლიდან არის ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს წევრი ორგანიზაცია: „მეცნიერებთან ერთად საინჟინრო სექტორის განვითარებაზე დიდ როლს ასრულებს პროფესიული საზოგადოებები და ახალგაზრდა ინჟინრები.

ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს აქტიური წევრი და საბჭოსთან ერთად ჩავერთოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი უნივერსიტეტთან ერთად 102 წელს ითვლის. ეს არის უძველესი სკოლა და იმედი მაქვს, როგორც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები გარკვეულ წვლილს შეიტანენ საინჟინრო სექტორში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში“, – აცხადებს იური სვანიძე. 

ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტმა პაულ ჯეკისონმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნო და გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

სტუდენტების შეხვედრა სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ დამფუძნებლებთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ (HERIO) დამფუძნებლები ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა შეხვდნენ.

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სწავლება-სწავლის პროცესი, ასევე, სტუდენტის კარიერული წინსვლა. 

Untitled design.png (1).jpeg

„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის თუ შუამავალი რგოლის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება. ამჯერად, სტუდენტები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდნენ.

HERIO არის სწრაფი დასაქმების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს და სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას სხვადასხვა სფეროში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს, რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას”, – აცხადებს ნატო ქათამაძე. 

სტუდენტებისა და სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ წარმომადგენლების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სტუ THE-ს რეიტინგის საერთაშორისო სისტემაში, სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების კატეგორიებში, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემის (THE – World University Rankings 2025) მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებს შორის, სწავლების კატეგორიაში პირველ ადგილზეა. 

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგშიც, რომელიც Times Higher Education-ის მსოფლიოს სარეიტინგო სისტემის მიერ წელს პირველად იქნა შემოთავაზებული. აღსანიშნავია, რომ სტუ-მ ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგშიც, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 601+ კატეგორიაში შევიდა. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარეიტინგო სისტემაში მკვეთრი დაწინაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რაც საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ყოველდღიური ძალისხმევისა და საერთო მიზნისადმი ერთგულების შედეგია. 

„ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, რაც გვიქმნის არა მხოლოდ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის სწრაფი განვითარების მოტივაციას. 

Times Higher Education-ის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი კატეგორია არის „სწავლება”. სწორედ ამ კატეგორიით ფასდება სწავლების ხარისხი, სასწავლო გარემოს რეპუტაცია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა სასწავლო პროცესებთან და პროგრამებთან მიმართებაში, დოქტორანტების და მკვლევრების აღზრდის პოტენციალი.

ამ კატეგორიით ფასდება ისიც, თუ რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტი მომავალი თაობის მკვლევართა უზრუნველყოფას მოწინავე ინფრასტრუქტურით. „სწავლების“ კატეგორიაში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პირველი ადგილი, უდავოდ, დიდი წარმატებაა.

ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Times Higher Education-ის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემამ წელს პირველად შემოიღო ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგი, რომელშიც ორმა ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ინტერდისციპლინურ კვლევებში მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 601+ კატეგორიაში მოხვედრა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის პირველი ადგილის დაკავება დიდი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. 

ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ აღებული გეზი, რომელიც მოიცავს სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდებისთვის საუკეთესო განათლების მიცემის, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ზრდას, ჩვენი მამოძრავებელი ძალაა წინსვლისა და მეტი წარმატებისკენ“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაში მსოფლიოს 2092 საგანმანათლებლო ინსტიტუციის შედეგებია ასახული, მათ შორის, საქართველოდან სამი უმაღლესი სასწავლებელი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი.

ანალიტიკისა და საერთაშორისო უმაღლესი განათლების სექტორში ავტორიტეტული Times Higher Education-ის სარეიტინგო კვლევების მისიაა მოტივირებულ ახალგაზრდებს, მსოფლიო მასშტაბით, სწორი არჩევანის გაკეთების, პოტენციალის სათანადოდ გამოყენებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ.

Times Higher Education-მა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის შეფასებისას 18 დაკალიბრებული ინდიკატორი გააანალიზა, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიად დაყო:

1. სწავლება (29,5%) – სასწავლო გარემო, რეპუტაცია, სტუდენტების და ლექტორების თანაფარდობები, დოქტორების და ბაკალავრების თანაფარდობები, ინსტიტუციური შემოსავალი;

2. კვლევა (29%) – რეპუტაცია, შემოსავალი და პროდუქტიულობა;

3. კვლევის ხარისხი (30%) – ციტირების გავლენა, კვლევის სიძლიერე, განსაკუთრებულობა და გავლენა;

4. საერთაშორისო პერსპექტივა (7.5%) – საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და საერთაშორისო თანამშრომლობა;

5. ინდუსტრია (4%) – ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი, პატენტები.

Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულებით:

საუნივერსიტეტო სტამბის მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საუნივერსიტეტო სტამბის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება მიმდინარეობს. 

საუნივერსიტეტო სტამბის სისტემური მოდერნიზაცია თავისი მასშტაბით აღემატება აქამდე სტამბაში განხორციელებულ ყველა პროექტს. 

როგორც სტამბის ხელმძღვანელი გიორგი ჯერენაშვილი აცხადებს, საუნივერსიტეტო სტამბა, არსებობის 65 წლის მანძილზე, ტირაჟირებას ახდენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ და რეგისტრირებულ, აკადემიური და დამხმარე პერსონალის და ასევე, სხვა ავტორების მიერ მომზადებულ სასწავლო და მეთოდიკურ ლიტერატურას, სამეცნიერო პერიოდიკის შრომების კრებულებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებულებს და თეზისებს, საცნობარო ლიტერატურას, ლექსიკონებს, ახდენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული და სპეციალური დოკუმენტების ტირაჟირებას. 

„იაპონური წარმოების ციფრული ფერადი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro C5300SL, ციფრული შავ-თეთრი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro 8300S, თერმოამკინძავი HORIZON BQ-270, გერმანული წარმოების ქაღალდის საჭრელი POLAR Mohr – 92 EM – ეს არის დანადგარები, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიძინა საუნივერსიტეტო სტამბამ. ასეთი მასშტაბური გადაიარაღება ჩვენი სტამბის ისტორიაში პირველად მოხდა.

2 (17).png

2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელსაც საგამომცემლო სახლი – „ტექნიკური უნივერსიტეტი” ეწოდა. გეგმები დიდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ვერ განხორციელდა. 

სტამბის გადაიარაღების თაობაზე არსებობდა, როგორც აკადემიური საბჭოს ისე სენატის უამრავი დადგენილება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა. წელს კი, რექტორისა და კანცლერის უდიდესი ძალისხმევით მოხდა მნიშვნელოვანი განახლება, რაც ხელს შეუწყობს გაცილებით მაღალი ხარისხის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის და საცნობარო მასალის გამოცემას.

საუნივერსიტეტო სტამბას უკვე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს მაღალი დონის ფერადი ნაბეჭდი პროდუქციის ტირაჟირება, რომლის თვითღირებულება მცირეა და კონკურენტუნარიანს გვხდის საქართველოს ბაზარზე. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სახის გამოცემა, ახლადშეძენილი დაზგის მეშვეობით, უნაკლოდ და მაღალ დონეზე ავკინძოთ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი 65-წლიანი გამოცდილება განსხვავებული და გამორჩეულია”, – ასე აფასებს გიორგი ჯერენაშვილი საუნივერსიტეტო სტამბის განახლება-გადაიარაღების პროცესს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტამბას დაარსებიდან დღემდე 5000-ზე მეტი დასახელების სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა აქვს გამოცემული. 

სტუ-ის სტუდენტმა GFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ოღაძემ, კადეტთა და ჭაბუკთა შორის პროფესიონალური კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის, 90+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. 

კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ერევანში (სომხეთი) 22-24 ნოემბერს K1 ვერსიით გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის გუნდ „სტუ“-ის წევრმა, სტუდენტმა ლევან ოღაძემ მონაწილეობა ქართული საბრძოლო ორგანიზაცია GFC-ის ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მიიღო.

საერთაშორისო ტურნირში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის ცენტრ „სტუ“-ის ხელმძღვანელი და საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელი ლერი სუბელიანი აღნიშნავს, GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლევან ოღაძე ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მასთან სამი რაუნდი ჩაატარა, საბოლოო ჯამში, მოპოვებული ქულებით სძლია.

2 (18).png

„საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კიკბოქსინგის პოპულარიზაციისა და გუნდ „სტუ“-ში ახალგაზრდების მოსაზიდად.

მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კიკბოქსინგის და, ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების სრული მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენს გუნდს დიდ მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის“, – ამბობს ლერი სუბელიანი. 

კიკბოქსინგის საუნივერსიტეტო გუნდი „სტუ“ რამდენიმე წელია აქტიურ წვრთნებს გადის.

გუნდში 37 სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 12 სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში. 

სტუ-ის სტუდენტმა კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის – „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ – გამარჯვებული გახდა. 

სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელ „მარკო პოლოს“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერის“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ჟიურიმ მონაწილეებს შორის  საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა. 

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება – „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“ – საუკეთესოთა შორის დაასახელა. 

Cover gtu (9).jpg

„კონფერენციის ფორმატში განიხილეს სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვა მიმართულებებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა დოლიძემ მეორე ადგილი მოიპოვა. ანა დოლიძეს დაჯილდოების ცერემონიაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სერტიფიკატი გადასცა, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის სასტუმრო “ალპინას“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერის“ წარმომადგენლებისგან კი სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღო. ვულოცავ ჩვენს სტუდენტს და მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ქობლიანიძეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ. 

ცნობისთვის: ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა.

ღონისძიებას  თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

„ვაზის სხვლა და ფორმირება“ – მევენახეობის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი ხულიო პრიეტო დიასი სტუდენტებისთვის ტრენინგს ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი გაიხსნა. 

სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგს – „ვაზის სხვლა და ფორმირება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ატარებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებითა და აუდიტორიებით, სადაც როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.

ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა. 

1 (16).png

როგორც ედიშერ კვესიტაძე აცხადებს, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ორი – ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომი აიღონ.

გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი ევროპის კონსორციუმის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, სტუ-ში ერთწლიანი სწავლების შემდეგ, ერთი წლით კონსორციუმის წევრ ნებისმიერ უნივერსიტეტში გადაინაცვლებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ.

„FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში, ხულიო პრიეტო დიასი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მევენახე ინჟინერია. პარალელურად, ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მევენახეებს უზიარებს ენოლოგიის მეცნიერების სიახლეებს, ვენახის მართვის საკითხებში თანამედროვე მიდგომებს, ახალ საინჟინრო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე. 

სტუდენტებისთვის ტრენინგის „ვაზის სხვლა და ფორმირება“ სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი საგურამოში გაიმართება. 

AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის

26-28 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართება AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის (AI Bootcamp for Research Managers).

ტრენინგს Academic Language Experts-ის (ALE) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ავი სტაიმანი გაუძღვება.

იგი, ასევე, SciWriter.ai-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მკვლევრებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროექტების წერაში ეხმარება. 

ავი სტაიმანი არის New Books Network-ის ‘Scholarly Communication’ პოდკასტის თანაწამყვანი და Wiley-ის Learned Publishing ჟურნალის რეცენზენტი.

ის, ასევე, CANGARU-ს ძირითადი წევრია, სადაც წარმოადგენს EASE-ს და მუშაობს კვლევაში AI-ის პასუხისმგებლობიანი გამოყენების პოლიტიკის შექმნაზე. 

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გაუზიაროს ცოდნა, რომლებიც მათ პროექტების შექმნასა და მართვაში დაეხმარება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პროექტის შექმნის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.

ტრენინგი სამ, სრულ სამუშაო დღეს (11:00-17:00 საათები) მოიცავს. 

ტრენინგზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: 

  • ტელეფონზე: 551 124 040.

„დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე” – სტუ-ში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, ფილოლოგის, პროფესორ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – „დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე”, გაიმართა. 

საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

მან მადლობა გადაუხადა ლევან გიგინეიშვილს და, ასევე, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისს საჯარო ლექციის ორგანიზებისთვის.

1 (13).png

„რა არის დემოკრატია და დემოკრატიული მმართველობის შესატყვისი ადამიანური ბუნების არსი, როგორ მყარდება დემოკრატიული წყობა სახელმწიფოში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მასში და თავად სახელმწიფო დემოკრატიის პირობებში, რა „საფრთხეების“ მატარებელია ეს სისტემა, – ეს არის საკითხები, რომელიც საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ადამიანის შემეცნებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.

კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი, „ფილოსოფიური დიალოგების“ ავტორი და ათენის აკადემიის დამფუძნებელი თავის მეტაფიზიკურ დიალოგებსა და წერილებში კამათობს მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, განიხილავს არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას და ასე შემდეგ.

მისი ცენტრალური თემა კონფლიქტია ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებს, ადამიანური გონისა და ხასიათის, ცოდნისა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ნიცშე კი, აზროვნების ისტორიაში შევიდა, როგორც ეპოქის რადიკალური კრიტიკოსი და ნიჰილისტი. ნიცშესთან კაცობრიობას ეცლება საყრდენი და ადამიანი ორიენტირების გარეშე რჩება. ღმერთი მოკვდა და ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ეთაყვანებოდა, კარგავს თავის ფასს, უმაღლესი ღირებულებები უფასურდებიან და ისადგურებს შემზარავი ნიჰილიზმი. და ეს არის „არას“ თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლეს.

ნიცშესთან ზეადამიანი – ძლიერი ადამიანის განვითარება და მაღალი კაცობრიობის შექმნის საფუძველია. მოცეკვავე და მხიარული ღმერთი ზარატუსტრა ძლიერი და დაუნდობელია. განა უნდა დაეჭვდეს ადამიანი ასეთი ღმერთის არსებობაში, რომელიც უპირისპირდება ქრისტიანობას, რადგან ნიცშეს მიაჩნია, რომ ქრისტიანული დემოკრატია, რომელიც აგებულია თანასწორობაზე, ღუპავს კაცობრიობას. ნიცშეს აზრით, უპირველესი პრობლემა რომელიც უნდა გადაწყდეს – ყოფიერების ახალი თეორიის, „სიცოცხლის ფილოსოფიის“ შექმნაა. ვფიქრობ, განსხვავებული დროის ორი დიდი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, პლატონისა და ნიცშეს ასევე განსხვავებული მიდგომები, ნააზრევი საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. 

სტუ-ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ – „ტალღის“ დღე აღინიშნა. 

სამეცნიერო-კვლევითი ორი ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 64 წლის წინათ დაფუძნდა. ჩამოყალიბების პროცესში ინსტიტუტში გაერთიანდნენ ქართველი მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები – მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მედიკოსები, რომლებმაც შესამჩნევი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში.  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ კი, 42 წლის წინ დაფუძნდა, რომლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მრავალმხრივია.

12.png

ინსტიტუტის პირველ მიმართულებად განიხილება პარამაგნიტურ მდგომარეობაში მყოფი, ძლიერად ანიზოტროპული მასალის მაგნიტური რელაქსაციის კვლევა, ნულოვანი და სუსტი გარეშე მაგნიტური მუდმივი ველის პირობებში.

მეორე თემაა ზოგიერთი შენადნობის (სხვადასხვა ნივთიერებით ლეგირებული მასალების) ფიზიკო, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა ადამიანის ორგანიზმში მათი შემდგომი გამოყენებისათვის.

მესამე – ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე უკვე მესამედ აღინიშნება. წელიწადში ერთხელ მეცნიერები გვიზიარებენ კვლევების შედეგებს, წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას. ამ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დაარსებიდან დღემდე, მრავალი პერსპექტიული მეცნიერი აღიზარდა.

სასიხარულოა, რომ დღეს ვლადიმერ ჭავჭანიძის და სხვა მეცნიერების მიერ გაკვალულ გზას ღირსეულად აგრძელებენ მათი აღზრდილი მეცნიერები, რომლებიც, თავის მხრივ, ახალგაზრდა მკვლევრებს ზრდიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ ინსტიტუტებმა მიიზიდონ მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს ასახელებენ. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ზაზა სოფრომაძემ. 

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა და სტუმრებმა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და, ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები დაათვალიერეს. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული.

ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა მედეა ბურჯანაძემ და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 

Support

Why are you writing to us?