სტუ-ის რექტორი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, საუნივერსიტეტო სივრცეში დააფუძნოს ამერიკის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც იქნება ფლაგმანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შესწავლის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსანდერ დენიელსთან შეხვედრისას განაცხადა.

უნივერსიტეტში საქმიან ვიზიტად მყოფ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე და სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე ესწრებოდნენ, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უძღვებოდა. 

როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ უმაღლეს სკოლებთან, როგორიცაა: ფერფაქსის ამერიკის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, პენსილვანიის ჰარისბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანტა კლარას უნივერსიტეტი, ამერიკის კოლეჯთა და უნივერსიტეტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სახალხო კოლეჯები, კირკვუდის სახალხო კოლეჯი, მუსკატინის სახალხო კოლეჯი, მორაინ ვალის საგანმანათლებლო ცენტრი, ვაუკეშა ქაუნტის ტექნიკური კოლეჯი, ჩრდილოეთ ვისკონსინის ტექნიკური კოლეჯი, სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის სახალხო კოლეჯი და დასავლეთ აიოვას ტექნიკური კოლეჯი. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, მიზნები. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტს მიზნების განხორციელებაში დაეხმარება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დენიელსმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კი, ონლაინ რეჟიმში, ალექსანდერ დენიელსსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში მონაწილე ქართველ მეცნიერს, სტუ-ის CERN/CMS  ქართული ჯგუფის ლიდერსა და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს შორის  საქმიანი საუბარი შედგა. 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა შეხვედრის დასასრულს განაცხადა, საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

„არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებმა და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში ახალგაზრდების საქმიანობამ. ასევე, შთამბეჭდავი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მდიდარი და რარიტეტული კოლექციებით. რაც მთავარია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, უფრო ინტენსიურად ამოქმედდება სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეტად დაახლოების პროცესს“, – აღნიშნა ალექსანდერ დენიელსმა.

„ლეონარდო და ვინჩის” ფინალისტი ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ეწვია და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტში განახორციელეს, შედეგად კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ – ფინალში გავიდნენ. 

მოსწავლეები პროექტებს უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის, პროფესორ თემურ ჩიჩუას და დოქტორანტ უტა კილასონიას მენტორობით ამუშავებენ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, პროექტებზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის მდიდარ ლაბორატორიულ რესურსს და სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით ითვისებენ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის STEM უნარ-ჩვევებს.

აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, „ლეონარდო და ვინჩის“ წლევანდელი კონკურის ფინალში გასული ერთ-ერთი პროექტი – „მებაღე რობოტი“ გააცნეს და იმ სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას უკავშირდება.

Untitled design (6).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მოსწავლე-ახალგაზრდების არაერთი თაობა აღიზარდა. ისინი წარმატებებს აღწევენ ისეთ მნიშვნელოვან STEM ღონისძიებაში, როგორიცაა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“.

სასიხარულოა, რომ მოსწავლეთა ჯგუფი – დავით ვახტანგაძის, ლადო ადამიას და მარიამ ვახტანგაძის შემადგენლობით – კონკურსის ფინალში გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი გაეცნო მათ ინოვაციურ პროექტს და ძალიან საინტერესო წინადადება შესთავაზა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას თქმით, სამინისტრო „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი გუნდის პროექტ „მებაღე რობოტის” მოდელის შექმნას დააფინანსებს, რათა ახალგაზრდებმა თავიანთი გამოგონების წარმოებაში ჩაშვება შეძლონ. 

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩვენს ახალგაზრდებს ასწავლა მართვის უნარების სწორი განვითარება, მისცა ნიჭის გამოვლინების შესაძლებლობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდული გუნდი წელს „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალში გავიდა მეტად საინტერესო პროექტით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის გვერდში დგომა, მათი წარმატებისთვის ზრუნვა. ფინალისტ ჯგუფს შევთავაზეთ შექმნან თავიანთი გამოგონების უფრო დახვეწილი და სრულყოფილი მოდელი, რომელიც გავა ბაზარზე, რაშიც ჩვენ შევუწყობთ ხელს. სამინისტრომ დააფინანსა ფინალისტი გუნდის სასწავლო პროცესი, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას მათ გამარჯვებულ პროექტსაც აღმოვუჩენთ ”, – განაცხადა დავით ფაცაციამ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, ერთ-ერთი ფინალისტი გუნდის წევრმა მარიამ ვახტანგაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტსა და სამინისტროს მხარდაჭერისთვის. 

„ჩვენი პროექტი განკუთვნილია პრაქტიკული გამოყენებისთვის ორანჟერეებში, სათბურებში და გათვლილია ადამიანის შრომის შემსუბუქებაზე. მადლობას ვუხდი ტექნიკურ უნივერსიტეტს, მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს მხარდაჭერისა და იმ ინიციატივისთვის, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩვენი პროექტი – „მებაღე რობოტი” დავხვეწოთ, განვავითაროთ და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ”, – განაცხადა მარიამ ვახტანგაძემ. 

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ კონკურსის ფინალისტი ჯგუფის წევრებს სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. 

სტუ-ში სტუდენტური პროექტის – „ლექტორის საათი” დახურვის ღონისძიება გაიმართა

„დასრულდა პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. „ლექტორის საათი” ერთ-ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოდარ ტაბიძის სტუდენტურმა კლუბმა განახორციელა თავისი არსებობს მანძილზე.

სტუდენტებმა რვა თვის განმავლობაში მოვისმინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი თემატიკით. მადლობა კლუბს და მადლობა რექტორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ანა მიქაძემ პროექტ „ლექტორის საათის“ დახურვის ღონისძიებაზე. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და ნოდარ ტაბიძის კლუბის ინიციატივით, უნივერსიტეტში მიმდინარეობდა პროექტი – „ლექტორის საათი“, რომლის ფარგლებშიც 15 საჯარო ლექცია გაიმართა. 

სტუ-ის ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტის, არჩილ გურგენიძის თქმით, პროექტი გაიხსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროფესორისა და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, თინათინ აფხაიძის საჯარო ლექციით – „PR-ის როლისა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში”.

„პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია პროფესორმა თინათინ აფხაიძემ ჩაატარა, ხოლო ბოლო საჯარო ლექცია – „კრიზისების მართვა”, სტუდენტმა ნიკოლოზ რევიშვილმა გამართა და ასე შევკარით ერთგვარი წრედი.

პროექტის მიზანი იყო, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექციები ჩაეტარებინათ, სტუდენტებს კი მათგან მიეღოთ რჩევები, გაეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის წევრებს, ყველას, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა რექტორს მხარდაჭერისათვის”, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

„ლექტორის საათის” ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოისმინეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, თეოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ მეუფე ანანიას ჯაფარიძის საჯარო ლექცია – „ქალდეა – ქართული ცივილიზაციის სათავეებთან”, სტუ-ის პროფესორების:

  • ლია მეტრეველის „ვაჟა-ფშაველა“,
  • გიგლა გობეჩიას – „ნოდარ ტაბიძე“,
  • თამთა ღლონტის – „კონტენტის შექმნა“ და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, ნოდარ ტაბიძის კლუბის პრეზიდენტმა პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

სტუ-ში ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების წინაშე ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მოხსენებით – „კლიმატის ცვლილება და ნიადაგის ეროზიისაგან კონტროლი”, წარდგა. 

ღონისძიება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ გახსნა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე 2013 წელს, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესდა. 

1 (28).png

„ნიადაგის დაბინძურება, ხშირ შემთხვევაში, უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც ვიღებთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ“, – ეს არის გაეროს ერთ-ერთი განცხადებიდან ამონარიდი. გაერო გვაფრთხილებს, მოვუაროთ ნიადაგს, მიწას, რომელიც გვაცოცხლებს. 2024 წელს ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღის გზავნილია – „ნიადაგზე ზრუნვა: ღონისძიებები, მართვა, მონიტორინგი“.

ყოველწლიურად ამ დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს ნიადაგების მდგომარეობის ზუსტ მონაცემთა ბაზების შექმნის მნიშვნელობას, ნიადაგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების რეგულარულად გატარებას, რაც უმნიშვნელოვანესია არსებული გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. მადლობას მოვახსენებ აკადემიკოს გივი გავარდაშვილს აქტუალური და მრავლმხრივ საინტერესო მოხსენებისთვის”, – აღნიშნავს ნოე ხოზრევანიძე. 

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა მოხსენებაში აქცენტი გააკეთა ნიადაგის დეგრადაციასა და მის უპირველეს მიზეზზე – ეროზიაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია; განიხილა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობა, რაც ითვალისწინებს აგროტექნიკურ და ნიადაგდაცვით ღონისძიებებს, საირიგაციო ფართობების დატერასებას, ეროზიის საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკურ, სატყეო-სამელიორაციო და სხვა ქმედით ღონისძიებებს. 

„ნიადაგის რაციონალური მართვა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კლიმატის ცვლილების ფონზე, მწვავედ დგას ნიადაგის დეგრადაციის საკითხი. სწორედ ამ კონტექსტში, ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების ფორმირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა გივი გავარდაშვილმა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი 5 დეკემბერს დაიწყო და 2 დღე გასტანს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

სტუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის თაობაზე.

მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ENQA-ს, ასევე ცენტრის ვებგვერდზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.
 
ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. 

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. 

ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი“.

სტუ-ის რექტორი Erasmus+ საგრანტო პროექტ LISS24-ის კონსორციუმმა, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიიწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტ LISS24-ის კონსორციუმმა, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიიწვია. 

პროექტ LISS24-ში (Learn – Innovate – Sell – Succeed / „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“) მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა, როგორც აღნიშნული პროექტის ეროვნულმა კოორდინატორებმა, ვალენსიაში (ესპანეთი), პროექტის კონსორციუმის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. 

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს პროექტის განხორციელებული, ასევე, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები დასახეს. გიორგი მიქიაშვილის თქმით, ღონისძიებების ფარგლებში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრენერთათვის განკუთვნილი ტრენინგკურსი და ვორქშოფი – „ინოვაციური კომპეტენცია – როგორ განვავითაროთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ – ჩატარდა. 

„ვიზიტის მიზანს პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „ინოვაციური კომპეტენციების” სწავლებისთვის ტრენერთა ტრენერების გადამზადება წარმოადგენდა. პროექტ LISS24-ით პარტნიორ უნივერსიტეტებში დაგეგმილია სპეციალური სწავლება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეწარმეო და ინოვაციური უნარების განვითარების მიზნით.

ტრენერთა ტრენერების გადამზადების კურსი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესისფაკულტეტმა და ამავე უნივერსიტეტის სამეწარმეო მომზადების ცენტრ IDEAS UVP-მ ერთობლივად შეიმუშავეს. კურსი, რომელიც ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილებას ეფუძნება, კომბინირებულია თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, რეალური ქეისებით, ასევე, ე.წ. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გაცნობის მიზნით, შედგა საინფორმაციო ტური. ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია და მიღებული შედეგები პროგრამის ხელმძღვანელებმა და სტუდენტებმა გაუზიარეს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება მოხდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც, ასევე, განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც ჩვენი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ LISS24-ის კონსორციუმის მხრიდან, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიწვეულია სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციის და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის”, – აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.  

LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed / „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“) ევროკავშირის Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება;
  • სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება;
  • იგეგმება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით.

პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდება ე.წ. „სეილების სტუდენტური შეჯიბრება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. საბოლოო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარებისთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ცნობისთვის, პროექტი LISS24, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში, 2026 წელს დასრულდება. პროექტის კოორდინატორია ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). 

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
 

„ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“ – საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ სასწავლო კურსის ფარგლებში, „ჯინო პარკის” აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცოტნე ჯამბურიამ ჩაატარა საჯარო ლექცია „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“. 

ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ჯინო ჰოლდინგის” და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივების მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს. 

Untitled design (3).png

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯინო პარკს” შორის თანამშრომლობას ახლო წარსულში ჩაეყარა საფუძველი.

„კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვფიქრობთ, სტრატეგიულად ორმხრივად საინტერესოა. ფაკულტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კომპანიასთან გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, განივითარონ პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მემორანდუმი კომპანიასაც დაეხმარება ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და შერჩევაში. წინასწარი შეთანხმებით, ასევე, დაიგეგმება სასწავლო-პრაქტიკული გასვლა აკვაპარკის ტერიტორიაზე“, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე. 

Untitled design (4).png

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების სასწავლო კურსის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ ცოტნე ჯამბურიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 

საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 

სტუ-ის რექტორი ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს, გეორგე პროუმისს შეხვდა. 

დავით გურგენიძემ და გეორგე პროუმისმა ავიაციის სფეროში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ლიცენზირებული ერთობლივი სწავლებისა და პროფესიული მომზადების კურსების განხორციელების შესაძლებლობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გეორგე პროუმისს გააცნო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული უმაღლესი სკოლის ისტორია. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, წარმატებით ხორციელდება საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა. ამდენად, უნივერსიტეტი მზადაა, შესაბამისი სამართლებრივი პირობების მომზადების შემთხვევაში, ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-თან აქტიურად ითანამშრომლოს.

Untitled design.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან.

მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე უკვე მესამე წელია განახლდა საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სწავლება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-თან და დაინტერესებულ პირებს, IKAROS-ის ქოლგის ქვეშ, შევთავაზოთ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ლიცენზირებული სხვადასხვა მიმართულების ტრენინგკურსები და მოდულური გამოცდები“, – განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. 

ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორის, გეორგე პროუმისის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდა EASA-ს სტანდარტებთან შესაბამისობის პირველადი აუდიტი. გარდა ამისა, არსებული შესაძლებლობებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლის მიზნით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და გეორგე პროუმისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. 

ცნობისთვის, „IKAROS – ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრი“ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომზადების ორგანიზაციაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ, კვიპროსის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის მეშვეობით. კომპანიას ჰყავს 120 მეტი ლიცენზირებული კვალიფიციური ტრენერი. დაარსებიდან დღემდე, საავიაციო მიმართულებით, IKAROS-მა ჩაატარა: EASA-ს ტრენინგები ევროპის 16 ქვეყანაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში; 20 000-ზე მეტი მოდულური გამოცდა და გადაამზადა 3 000-ზე მეტი მსმენელი.

 

„VRscan3 D – ინტერაქტიური სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“ – პროფესორ დარიუს პოპოვასის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დარიუს პოპოვასმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის  საინჟინრო-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია გამართა. 

საჯარო ლექცია –  „ VRscan3 D – ინტერაქტიური სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გახსნა. როგორც პროფესორმა ნინა მაისურაძემ განაცხადა, დარიუს პოპოვასი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ატარებს საჯარო ლექციას.

1 (26).png

„პროფესორ დარიუს პოპოვასის საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ პროფესიად საინჟინრო-გეოდეზიას და გეოინფორმატიკას მოიაზრებენ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ სპეციალისტებს საინჟინრო დარგების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს“, – განაცხადა ნინო მაისურაძემ. 

ლიეტუველმა სტუმარმა, ვიზიტის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერა.

სტუ-ის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, სატყეო საქმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამით, ოთხწლიან საერთაშორისო პროექტში – DUGEOR, 2023 წლის იანვრიდან მონაწილეობს.

DUGEOR-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობითა და აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებული მხარის განსხვავებული საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად, მოხდა საჭიროებების და სპეციფიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და შემუშავდა ორმაგი უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დუალური განათლების დანერგვასა და ევროპული განათლების განვითარებას.

პროგრამა DUGEOR-ის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება: მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია – ვენგო ჯგუფი (VENGO), Wilhelmsen Port Services Georgia, WPSG, INTERLOGGEORGIA INTLOG, ღვინის კომპანია „SHUMI“; კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ეროვნული სატყეო სააგენტო.

DUGEOR-ი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. დეტალები იხილეთ ბმულზე.

Support

Why are you writing to us?