რექტორმა პოლონელ მეცნიერებთან შეხვედრისას კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) გეოინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორებს – ჯოანა პავლოვიჩსა და ალდონა სკოტნიცკა-შეპშაკს შეხვდა და პოლონელ მკვლევრებთან ერთად, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილა. 

ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოში კვლევითი მივლინებით იმყოფებიან, კერძოდ კი, მონაწილეობენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავისადმი მიძღვნელ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

რექტორის შეხვედრას პოლონელ მკვლევრებთან ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის ბელოსტოკის ტექნოლოგიურ და ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი და სხვა.

მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN-თან ერთად.

აღსანიშნავია, რომ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიურ და ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ აკადემიური, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების მობილობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი დოქტორანტები და მაგისტრანტები ატარებენ ერთობლივ კვლევებს ამ პოლონურ უნივერსიტეტებში.

მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობთ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან და პოლონეთის სახელით მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველეს საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტის 99 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმავოს კოლაბორაცია ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კვლევითი პროექტები, დაგეგმოს სამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ჯოანა პავლოვიჩმა და ალდონა სკოტნიცკა-შეპშაკმა აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

როგორც რექტორთან საუბრისას პოლონელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება. მათი თქმით, პოლონური უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო-კვლევითი პროცესების გაღრმავებით, ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებით, ასევე, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებით, რაც ორ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს საფუძველი ჩაუყაროს მყარ პარტნიორულ კოლაბორაციას. 

სტუ-ის სტუდენტებმა ზარლაანდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტებმა – დავით ჩიტაძემ და მარიამ პატაშურმა ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის კონკურსის წესით შეარჩია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა.

როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიამ პატაშური აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მაღალი სტანდარტის განათლების მიღების პარალელურად, შესაძლებლობა მისცა, მონაწილეობა მიეღო არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.

„მსგავს პროექტში პირველად ჩავერთე, თუმცა, შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა განვითარების საშუალებას, რაც ძალიან მისასალმებელია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ როგორც ფაკულტეტს, ასევე უნივერსიტეტს, განსაკუთრებით დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.

რაც შეეხება პროგრამას, ის მოიცავდა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებს. მათ შორის, ინტენსიურ კურსს გერმანულ ენაში და ლექციებს როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. სასიხარულოა, რომ პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა, გერმანულ ენაში ცოდნა გამეუმჯობესებინა და მიმეღო ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხებზე“, – აცხადებს მარიამ პატაშური. 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის, დავით ჩიტაძის თქმით, ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობა, რის საშუალებასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა, სტუდენტებისთვის წარმატებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

„აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ახლა ირჩევენ ან მომავალში უნდა აირჩიონ უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, რათა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, ვურჩევდი არჩევანი შეაჩერონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს აქვს საშუალება, მიიღოს ევროპული სტანდარტის განათლება და, გარდა ამისა, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში და გაცვლით პროგრამაში. ეს კი უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას“, – აცხადებს დავით ჩიტაძე. 

სტუდენტებს ექსპერტებმა აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციები წაუკითხეს, ამასთანავე, მათ საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ ვორქშოპში და პრაქტიკულ დავალებებზე ემუშავათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცათ. 

სტუ-ის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს, UEFA Euro 2024-ის მონაწილეს, გიორგი გველესიანს შეხვდნენ. 

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, გულღია ოვაციის ფონზე მიმდინარეობდა. სპორტსმენთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ნიკო ნიკოლაძის, მიშელ მუსხელისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ორგანიზებით შედგა.

ინტერაქციულ შეხვედრას მოდერაციას უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და რექტორის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი უწევდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი და რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე.

გიორგი გველესიანის ვიზიტი სტუ-ში.png

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ეროვნული ნაკრების წევრთან შეხვედრისას აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების  Euro 2024-ზე წარმატებულმა ასპარეზობამ ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა და ნანატრი გამარჯვების საერთო რწმენის ქვეშ გააერთიანა.  

„ეროვნული ნაკრების უდიდესმა გამარჯვებამ მოგვიტანა განუზომელი სიხარული და რწმენა, რომ  მორიგი ღირსეული გამარჯვებები გარდაუვალია. ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ შრომით, წესრიგით, მშვიდობითა და ერთიანობით უდიდესი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება და სტუდენტები გისურვებთ გმირ ფეხბურთელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას, ყველა ქომაგსა და მხარდამჭერს, ახალ გამარჯვებებს. წინ მსოფლიო ჩემპიონატია, წინ ევროპის მომავალი ჩემპიონატია, დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ მრავალი გამარჯვება ელის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა აუდიტორიას ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებსა და განწყობაზე, ქომაგთა სამომავლო მოლოდინების გამართლებაზე, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მზარდ ტენდენციებსა და ეროვნული ნაკრების პერსპექტივებზე, წარმატების საკუთარ ფორმულასა და ასევე, საინტერესო სპორტულ თემებზე ესაუბრა. 

„პირველ რიგში დიდი მადლობა სიყვარულით სავსე ეპითეტებისთვის, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დაუღალავი გულშემატკივრობისთვის – ვეცდებით თქვენი იმედები ყოველთვის გავამართლოთ. ერთ დროს მეც ვიყავი სტუდენტი, სამწუხაროდ, ვერ შევძელი სწავლის დასრულება, რადგან შეუძლებელია, ერთდროულად იყო კარგი სპორტსმენი და კარგი იურისტი. იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი სირთულე, თუმცა, არასოდეს დავნებებულვარ და დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს არჩეულ გზას. ჩემს წარმატებაში ჩემი მეუღლის უდიდესი წვლილია. იგივე შეიძლება ითქვას ნაკრების დანარჩენ წევრებზეც. ფეხბურთი მასშტაბური სპორტია, რომელსაც მასშტაბური ემოციის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, დაძაბულობის განმუხტვა და ერთიანობის შეგრძნების დაბრუნებაც. ნებისმიერ ადამიანს აქვს სურვილი, იცხოვროს ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის, მხოლოდ, სურვილი საკმარისი არ არის, ამას დაუღალავი შრომა სჭირდება. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს ჰკიდებს ადამიანი, დიდი შემართებითა და მოტივაციით უნდა აკეთოს, გამოიჩინოს შეუპოვრობა, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. დიადი მიზნები სხვაგვარად ვერ მიიღწევა. გვჯერა, თითოეულ ჩვენგანს დიდი მიზნები ამოძრავებს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გარანტიას ქმნის. საქართველოს გზა ევროპაშია, ჩვენი საერთო მოტივაცია ევროპისკენ სვლაშია“, – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი გველესიანმა.

სტუდენტის შეკითხვაზე, თუ რა არის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატების უმთავრესი მიზეზი, გიორგი გველესიანის თქმით, ეს ერთიანი სულისკვეთება, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება და ერთმანეთის პატივისცემაა. 

„ეროვნული ნაკრები ჩვენი დიდი ოჯახია, სადაც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ერთად, ყველას თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია. წარმატება თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული. მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს დისციპლინის შეგრძნება, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და მოტივაცია. ჩვენი წარმატება, აუცილებლად, იქნება გადამდები, ახალგაზრდა თაობას ეროვნული ნაკრების ფორმები აცვია და წინ დიდი მომავალი ელის“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

გიორგი გველესიანი ავტოგრაფს აძლევს სტუ-ის სტუდენტებს.png

სტუდენტის შეკითხვას, თუ რა არის მთავარი მოტივაცია, რაც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა შემდეგი დეფინიცია მისცა: „პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გინდათ, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი – არ აქვს მნიშვნელობა, ეს გეოდეზია იქნება, სპორტი, მშენებლობა, არქიტექტურა თუ ენერგეტიკა, ყველაფერს სჭირდება დიდი ენთუზიაზმი, რაც დაგეხმარებათ, იყოთ საუკეთესო თქვენს საქმეში“.

გიორგი გველესიანმა, ირანის საფეხბურთო კლუბებში თავის კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობა, ფეხბურთელმა აღნიშნა: „როდესაც ისპაანში ჩავდივარ, პირველად რასაც ვაკეთებ, ფერეიდნელ ქართველებს ვხვდები. ყოველთვის მაინტერესებდა მათი ყოფა, ის, თუ როგორ საუბრობენ, როგორ გულმოდგინედ შემოინახეს 5 საუკუნის მანძილზე მშობლიური ენა და ადათ-წესები, მაინტერესებს, რა სირთულეებს აწყდებიან და ა.შ. დღეს ბევრი ფერეიდნელი მეგობარი მყავს. წარმოიდგინეთ, როცა 88-მილიონიან ირანში თამაშებს ატარებ სტადიონზე, რომელსაც 80 ათასი კაცი ავსებს და ამ დროს, სტადიონზე საქართველოს დროშა ფრიალებს – ეს წარმოუდგენელი ემოციაა, უდიდესი სიხარულია, რომელსაც ახლა მე თქვენ გიზიარებთ“.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით კი, გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. 

„რაც შეეხება მომავლის გეგმებს, გამარჯვებაც და დამარცხებაც გარდაუვალია. ამას ყველა ჩვენგანი უნდა შეეგუოს. მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის გამომუშავება, რაც ადრე არ არსებობდა, ახლა ეს არსებობს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს უდიდესი პოტენციალი, ის დაბალანსებულია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით, ჩვენზე მუშაობენ გამოცდილი მწვრთნელები, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს მორიგ გამარჯვებებამდე. თუ ჩვენ შევძლებთ 2 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატში ვიასპარეზოთ, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება ამ სასიხარულო ემოციის ერთად გადატანა“, – აღნიშნა ეროვნული ნაკრების წევრმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გიორგი გველესიანსა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი დაამსხვრია და საქართველოს გამარჯვების რწმენა გაუმყარა.

„თქვენ უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთეთ, დაამსხვრიეთ სტერეოტიპი და ჩვენ ყველამ ერთად ვირწმუნეთ გამარჯვების – რომ გამარჯვება შესაძლებელია და ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ვიცით, რომ ეს თქვენი უდიდესი შრომის შედეგია, მაგრამ არც ერთ სფეროში დიდი შრომის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა. ჩვენ უკვე  განწყობილნი ვართ მორიგი გამარჯვებებისთვის, წინ პარიზის საერთაშორისო ოლიმპიადაა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია და გვჯერა, საქართველოს არაერთი წარმატება ელის“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.  

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ფეხბურთელსა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადეს იმ უდიდესი სიხარულისთვის, რაც მათ საქართველოს მიანიჭეს. ახალგაზრდებმა გიორგი გველესიანს ავტოგრაფები ჩამოართვეს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება მოიეწყო. 

2023-2024 სასწავლო წელს ფაკულტეტის ტრანსპორტის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ლოგისტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის, სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, ასევე, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, საერთო ჯამში, 88 ახალგაზრდამ დაამთავრა.   

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლა დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

01-IN.png

„სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია სახელმწიფოში წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს, რომელიც ინდუსტრიის რევოლუციონირებას ახდენს. ეს უმნიშვნელოვანესი დარგი მოითხოვს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი 1928 წლიდან ზრდის სპეციალისტებს. დღეს ფაკულტეტზე ხორციელდება, საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და რაც მთავარია, ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას. ქართულ პროგრამებთან ერთად, ფაკულტეტზე ასევე ხორციელდება მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სწავლობენ.

დაარსებიდან დღემდე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა თაობის არაერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ სხვადასხვა დარგში როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით. მიგვაჩნია, რომ ფაკულტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ მეცნიერთა გაკვალულ გზას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვან მიმართულებას. სასიხარულოა, რომ 2023-2024 სასწავლო წლების 88 კურსდამთავრებული სამომავლოდ კარიერულ წინსვლას პროფესიისა და მეცნიერების მიმართულებით გეგმავს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ბორის გითოლენდიამ. 

ღონისძიების დასასრულს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორმა ბიზნესორგანიზაციებმა ერთობლივი „პრომო გამოფენა“ მოაწყვეს, რომელზეც კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, მოქმედი ვაკანსიები წარმოადგინეს. 

სტუ-ის სტუდენტები პარლამენტის წევრ გივი მიქანაძეს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

გივი მიქანაძემ ჯერ მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

001-inn.png

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის სტუდენტებთან შეხვედრა მიშელ მუსხელის, ნოდარ ტაბიძისა და ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ინიციატივით განხორციელდა. 

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი — გამოწვევები და შესაძლებლობები“

2024 წლის 26-28 სექტემბერი.

(ეძღვნება ტურიზმის მსოფლიო დღეს – 27 სექტემბერს)

ორგანიზატორები:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტები;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მხარდამჭერები: 

  • გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism)
  • მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO)
  • იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA, იაპონია)
  • გრასრუტ ინსტიტუტი – GRASSROOT INSTITUTE (კანადა)
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • კურორტების განვითარების სააგენტო
  • გარემოს ეროვნული სააგენტო
  • სოფლის განვითარების სააგენტო
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
  • შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია
  • ბეჟას პოლტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია)
  • მილანის უნივერსიტეტი (იტალია)
  • გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია)
  • კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია
  • კონსალტინგისა და ახალი პროფესიების ეროვნული ცენტრი

კონფერენციის მიზანი:

ქართველი და უცხოელი სტუდენტების კოლაბორაციისთვის ხელის შეწყობა, ინოვაციური იდეების გენერირება და სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური.

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და ონლაინ).

კონფერენციის დღის წერიგი:

26 სექტემბერი – კონფერენციის გახსნა, პანელური სხდომა და ონლაინ მონაწილეთა სექციის 

მუშაობა: თბილისი, კოსტავას 77, სტუ- ის ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკო ნიკოლაძის დარბაზი
                              
27 სექტემბერი – ეკოლაშქრობა ტანას დაცულ ტერიტორიაზე (გორის მუნიციპალიტეტი);

28 სექტემებერი – მოხსენებების პრეზენტაცია, კონფერენციის დახურვა (ბოშური, გორის მუნიციპალიტეტი);
                    
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ქართული და უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებს, დოქტორანტების შემთხვევაში იმუშავებს ცალკე სექცია. 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ლიკზე (მიყევით ბმულს) და გადმოაგზავნოთ თეზისები და პრეზენტაციები (New Microsoft PowerPoint Presentation) მეილზე: nhsec@gtu.ge

კონფერენციის თემატიკა:

ტურიზმი, როგორც მშვიდობის მამოძრავებელი ძალა;
ტურიზმი, როგორც მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშემწყობი ინდუსტრია;
ტურიზმი და მთის საზოგადოებების განვითარება;
დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი და ახალი პარადიგმები;
მთა, ორგანული მეწარმეობა და აგროფერმერული ტურიზმი;
კლიმატის ცვლილება, მთის ტურიზმი და მდგრადი განვითარება;
მთის ტურიზმისა და სხვა ინდუსტრიების კოლაბორაცია მდგრადი განვითარებისათვის
მთის ტურიზმი ‒ ველნესი, გამაჯანსაღებელი კურორტები, გასტრონომია, ეთნოკულტურა და საქართველოს შესაძლებლობები;
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ‒ სტუმარმასპინძლობის ტრადიციების თანამედროვეობაში ასახვა.

თეზისების წარდგენა:

თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემატიკას და მომზადებული იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
თეზისის მოცულობა: 300-400 სიტყვა;
თეზისის ფორმატი: ვორდი (word) ; ფონტი – sylfaen; ფონტის ზომა – 11; მანძილი სტრიქონებს შორის 1.5; 
თეზისების ტექსტში არ გამოიყენოთ ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები;

თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თემის დასახელება; სტუდენტის სახელი და გვარი, სწავლების საფეხური, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება; 

ხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი;

სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა);

თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე (უცხოელი სტუდენტებისათვის მხოლოდ ინგლისურ ენაზე); 

პრეზენტაციის შესრულების ფორმატისადმი სპეციფიკური მოთხოვნები არ არის წაყენებული. 

დედლაინი:

თეზისებისა და პრეზენტაციების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 18 სექტემბერი 18:00 საათი. 

თეზისი შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმუმ 15 ქულა)
თემის აქტუალურობა (5 ქულა);
კვლევის კომპონენტი (5 ქულა);
თემის ინოვაციურობა (5 ქულა).

გამოვლენილი საუკეთესო თეზისები დაიბეჭდება, ხოლო მათ ავტორებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ეკოლაშრობაში (ტანას დაჩული ტერიტორია, გორის მუნიციპალიტეტი) და მოხსენებებით წარსდგენენ ჟიურის წინაშე (სასტუმრო გრანდ ბოშური, ტანას ხეობა, გორის მუნიციპალიტეტი), რომლის დროსაც გამოვლინდება საუკეთესო მოხსენებები. 

მოხსენების შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმუმ 40 ქულა);
კვლევის მეთოდოლოგია (10 ქულა);
საკითხის ფლობის დონე (10 ქულა);
კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის უნარი (10 ქულა);
პრეზენტაციის შესრულების ტექნიკური დონე (10 ქულა).

კონფერენციაზე დარეგისტრირებულ ყველა მონაწილეს, რომელიც გამოაგზავნის თეზისს, გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.

ღონისძიების პროგრამა გაეგზავნება მონაწილეებს.
 
ონლაინ დასწრების შემთხვევაში მონაწილ;ეები შეხვედრის ლინკს მიიღებენ კონფერენციის წინა დღეებში (არაუგვიანეს 25 სექტემბრისა).

დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს:

საკონტაქტო პირები ქართველი მონაწილეებისათვის:

თამარ ქობლიანიძე     მობ.  551 07 71 57
შორენა კუპრეიშვილი   მობ. 599 52 63 05 

საკონტაქტო პირები უცხოელი მონაწილეებისათვის:                 

ნინო ადამაშვილი     whatsapp +39 389 008 26 80                                        

სტუ-ის დოქტორანტმა სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თინათინ დეკანოიძემ, პროფესორების იაშა კუტუბიძის და ვაჟა გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად, სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა. 

დოქტორანტ თინათინ დეკანოიძის კვლევა — „რელიგიისა და კულტურის როლი სოციალურ პედაგოგიკაში — სოციალური პედაგოგიკის სხვადასხვა ასპექტსა და რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებთან მის ინტეგრაციას ეხება.

ნაშრომი ასევე იკვლევს სოციალური პედაგოგიკის ადგილსა და როლს საზოგადოებაში, ასახავს მის არსს, პრაქტიკულ მნიშვნელობას, მის ურთიერთქმედებას სეკულარიზმთან და საგანმანათლებლო პარადიგმებთან. 

როგორც დოქტორანტი აცხადებს, ნაშრომი ხაზს უსვამს სოციალური პედაგოგიკის მნიშვნელოვან გავლენას ჰოლისტური განვითარების აღზრდაზე, საგანმანათლებლო სისტემაში როგორც სოციალური პედაგოგიკის ჩართულობის აუცილებლობას, ასევე რელიგიისა და კულტურის როლს, რაც მოიცავს სეკულარულ და სულიერ პრინციპებს ინკლუზიური და ღირებულებებზე ორიენტირებული გარემოს გასაძლიერებლად.

მკვლევარი განიხილავს ბავშვების რელიგიური განათლების მოდელებს, ეხება ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებს, რელიგიათაშორის განათლებას, ოჯახისა და საზოგადოების როლს, სასწავლო გეგმის შემუშავებასა და პედაგოგიკას. 
 
„კვლევაში შევეცადე, ფსევდოთავისუფლების ეფექტების გათვალისწინებით, კრიტიკულად გამეანალიზებინა თავისუფლებასა და რელიგიურ პარადიგმებს შორის ბალანსი, თავისუფლებისა და სეკულარიზმის არასწორი, სახეცვლილი აღქმა და მის პოპულარიზაცია, რაც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მოზარდებისა და ახალგაზრდების სულიერ ფორმირებაზე.

ნაშრომში წარმოდგენილია სულიერი განათლების პრაქტიკის შედარებითი ანალიზი განვითარებულ ქვეყნებში, მათ გამოცდილება და სწავლის მეთოდები, გამოვლენილია საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები საგანმანათლებლო ჩარჩოებში სულიერების ინტეგრაციისას. კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა და მოზარდთა რეალობაზე, მათ ფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და არსებულ კანონმდებლობაზე, ასევე, განხილულია ზოგადი მდგომარეობა და არსებული ვითარება ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბენეფიციარების როგორც აღმზრდელობით, ასევე, საკანონმდებლო დონეზე. აქცენტი კეთდება ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

კვლევა ემსახურება აღნიშნული საკითხების მართვის რეალური შესაძლებლობების ძიებას, ასევე, სოციალური პედაგოგიკის ფენომენის შესაძლებლობისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დაფუძნებას, განსაკუთრებით კი, საქართველოს რელიგიური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას”, – აცხადებს თინათინ დეკანოიძე. 

სტუ-ის პროფესორის, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, იაშა კუტუბიძის განცხადებით, თინათინ დეკანოიძის ნაშრომი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დეტალურ კვლევას, თუ როგორ კვეთს რელიგია და კულტურა სოციალურ პედაგოგიკას, რას გულისხმობს სოციალური პედაგოგიკის პრინციპებისა და რელიგიური ფასეულობების გამოყენება აღზრდის პროცესში როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ეფექტურ ინტეგრაციას. 

„რელიგიისა და კულტურის როლის შესწავლას სოციალურ პედაგოგიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ქართული საზოგადოების კონტექსტში. რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული ჩვენი ქვეყანა გვთავაზობს უნიკალურ ობიექტს, რომლის საშუალებითაც განიხილება ურთიერთკავშირი ამ ფუნდამენტურ ელემენტებსა და საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებს შორის.

აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე მდებარე საქართველო მუდამ სხვადასხვა რელიგიური ტრადიციებით დატვირთული გახლდათ, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანობა თავისთავად გამორჩეულია.

სოციალური პედაგოგიკის არსი, ძირითადად, უკავშირდება მოზარდების მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან გამკლავებისას და ამით, მათ დახმარება-ხელშეწყობას გარემოსთან ადაპტაციისა და აღზრდა-განვითარების პროცესში. სოციალური პედაგოგიკის არსებული კონცეფციების ეფექტურობიდან გამომდინარე, ის წარმატებით გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში – როგორც განათლებს სისტემის განუყოფელი ნაწილი და მდგენელი, რომელიც მოზარდების გარემოში ადაპტაციას და სოციალიზაციას უწყობს ხელს, ამასთან ერთად, ითვალისწინებს კონკრეტული საზოგადოების ფართო სოციალურ, კულტურულ და გარემო თავისებურებებს.

სოციალური პედაგოგიკის პრინციპების გამოყენება განათლების სისტემაში განაპირობებს მოზარდების პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, თვითგამოხატვისა და გადაწყვეტილების უნარის გამომუშავებას, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებასთან ეფექტურ ინტეგრაციას, ასევე, მათ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.

სოციალური პედაგოგიკა საგანმანათლებლო სფეროში, როგორც სასიცოცხლო გამტარი, აკავშირებს აკადემიურ სწავლებას სოციალურ განვითარებასთან, მოიცავს სიღრმისეულ მიდგომას, რომელიც ეხება მოსწავლეთა მრავალმხრივ ბუნებას. საქართველოში აღზრდის პრინციპები მოიცავს სეკულარიზმის ნიუანსირებულ გაგებას, რაც ნიშნავს არა რელიგიური გავლენის მოხსნას, არამედ ყველა რელიგიური კონფესიის სამართლიან ჩართვას საგანმანათლებლო და სოციალიზაციის პროცესში”, — აცხადებს იაშა კუტუბიძე.

სტუ-ის სტუდენტები გომბორის სასწავლო ცენტრში გაემგზავრებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მიმდინარე წლის 22-დან 26 ივლისის ჩათვლით, გომბორის სასწავლო ცენტრში ტრენინგს გაივლიან. 

ორგანიზაციის – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფთხოებისთვის“ – მიერ ორგანიზებული სამხედრო-სასწავლო ღონისძიების მეორე ნაკადის ფარგლებში, გომბორის სასწავლო ცენტრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 50 მოხალისე სტუდენტი გაემგზავრება, პირველ ნაკადში კი ტრენინგი სტუ-ის 15 სტუდენტმა გაიარა.  

გომბორის სასწავლო ცენტრში უნარ-ჩვევების შესაბამისად შერჩეული მოხალისეები გაივლიან სპეციალურ მომზადებას უნიკალურ და მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, მოისმენენ ლექციებს შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის, გეოპოლიტიკის, სამხედრო ისტორიის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ.

სტუდენტები გაივლიან სწავლებას საცეცხლე ოპერაციებსა და სროლაში, სახმელეთო ნავიგაციასა და საინჟინრო მომზადებაში; შეისწავლიან სპეციალურ კურსს პირველად სამედიცინო დახმარებაში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და კავშირგაბმულობაში, ასევე, გაივლიან საველე მომზადებას ექსტრემალურ ვითარებაში თვითგადარჩენის ხერხებსა და მეთოდებზე. 

სწავლებისგან თავისუფალ დროს, ცენტრის ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს მიეცემათ დასვენების, სპორტული აქტივობისა და გართობის შესაძლებლობა. მოხალისე სტუდენტებისთვის ცენტრში უზრუნველყოფილია კომფორტული და კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. 

გომბორის სასწავლო ცენტრის მესამე ნაკადში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, ასევე, ფაკულტეტების სტუდენტურ თვითმართველობებს.

ცნობისათვის: გომბორის სასწავლო ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც 2023 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და გენერალთა კლუბმა ერთობლივად დააფუძნა.

სასწავლო ცენტრი ემყარება თავდაცვის კოდექსის XVII თავს – „თავდაცვის სფეროში მოხალისეობა“ (საქართველოს კანონი).

სასწავლო ცენტრის მიზანია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გეოლოგიის, სამთო და გეოინჟინერიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, ასევე, სამთო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულ ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. 

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ მიულოცა.

„მეამაყება მოგმართოთ – უკვე სამთოელებო და გეოლოგებო! ჩვენო ბაკალავრებო, მაგისტრებო, დოქტორებო – დღეიდან კი, კოლეგებო! გილოცავთ სასწავლო კურსის დასრულებას, წარმატებებს გისურვებთ.

სამთო-გეოლოგია ერთ-ერთი ურთულესი და ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო პროფესიაა. ვთვლი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და მაღალი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება – შევასრულეთ. თქვენ გაამართლეთ ჩვენი მოლოდინები, რისთვისაც გიხდით მადლობას და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში დეკანმა.

000--IN.png

ცნობისთვის: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი უკვე 102 წლისაა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამი უნიკალური მუზეუმი: გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, რომლებიც მუდმივად ივსება უნიკალური ექსპონატებით. ფაკულტეტზე მოქმედებს სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი სამხრეთ კავკასიასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში.

გარდა ამისა, ფაკულტეტზე სტუდენტებსა და მკვლევრებს ემსახურება სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს აგრეთვე სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც სტუდენტები და მკვლევრები შეისწავლიან თანამედროვე დარგობრივ ტექნოლოგიურ პროგრამებს. მხოლოდ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება აკრედიტირებული პროფესიული მომზადების პროგრამა – „ამფეთქებელი“, რომელიც ამზადებს კადრებს სამთო-მომპოვებელი, სამშენებლო-სატრანსპორტო და მრეწველობის სხვა დარგებისათვის.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დარგში მოქმედ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის „არემჯი ჯგუფთან“, რომელიც უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ფაკულტეტის მოტივირებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს, წარჩინებული სტუდენტებისთვის კი სასტიპენდიო პროგრამას შეიმუშავებს.  

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2023-2024 სასწავლო წლის 160 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება დეკანმა, აკადმიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მიულოცა.

„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის უძველესი დარგია. იმისათვის, რომ დარგის საბაზრო კომპონენტი კარგად განვითარებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მაღალკვალიფიციური კადრები. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც მათი პროფესიონალიზმის გარანტიაა.

ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. აგრარულ სექტორში ჩვენს კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა, რაც განსაკუთრებულად გვიმაღლებს მოტივაციას. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დეკანმა. 

ინფორმაციისთვის: აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-მდე სტუდენტი სწავლობს და აგრარული მიმართულების 22 საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, მათ შორის, პროგრამა – „სატყეო საქმე“ რეგიონში ერთადერთია. 

_-0001-INN.png

სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, აგრარული მეცნიერებების განვითარების მიზნით, ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები; მევენახეობა და ენოლოგია; მეცხოველეობა; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგრონომია; აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს.

2019 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის – Universite de RENNES 1-ის თანამონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში).

ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების პროგრამებში მონაწილეობს. პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

სასწავლო კურსს, ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ – ფრანგული უნივერსიტეტისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასევე, მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. 2021 წლიდან სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა – მევენახეობა და ენოლოგია გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრი.

კონსორციუმის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ამ პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მევენახეობა-ენოლოგიის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ და სამაგისტრო ნაშრომი მოამზადონ.

Support

Why are you writing to us?