სტუ-მ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. 

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მიულოცა.

_001--NN.png

„უკვე დიპლომირებულ კურსდამთავრებულებს გილოცავთ სწავლის დასრულებას. პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგით სკოლის დასრულების შემდეგ, როცა არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა თქვენ ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლება მოგცათ, რომელსაც ეკონომიკის, ევროპისმცოდნეობის, არქეოლოგიის, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით გამოიყენებთ.

კურსდამთავრებულთა შორის, ასევე, არიან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტები, რომელთა მიერ შექმნილი ობიექტური ინფორმაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა დეკანმა.

2023-2024 სასწავლო წელს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 153-მა სტუდენტმა დაასრულა. 

სტუ, ADA უნივერსიტეტთან პარტნიორობით, BSES-ის მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი დღის განმავლობაში „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის (Baku Summer Energy School (BSES) 2024) დასკვნით ნაწილს მასპინძლობს. 

რიგით მე-18 BSES-ი ADA უნივერსიტეტის, ADA-სთან პარტნიორობის ფონდის, bp აზერბაიჯანის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის, GL-ის, KOLIN-აზერბაიჯანის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ორგანიზებით ბაქოსა და თბილისში ტარდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის, ADA უნივერსიტეტისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და საზაფხულო სკოლის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

BSES-ის დასკვნითი ნაწილი გახსნა, მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მიესალმა და წარმატებები უსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში.

თამარ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაქოს დიპლომატიურ აკადემიას შორის (ADA) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლის მისიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

0001--inn.png

„უკვე ორი წელია გრძელდება ADA-ს უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა, რასაც სათავეში უდგანან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი ჰაფიზ ფაშაევი.

ჩვენი სურვილია, პარტნიორობა გაცილებით მჭიდრო გახდეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ერთ-ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მით უფრო, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. BSES-ის სასერტიფიკატო პროგრამა აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, ენერგეტიკის პოლიტიკის შემქმნელებს, რათა უკეთ მოხდეს გლობალური და კასპიის აუზის ქვეყნების ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ მიმართულებით, დღეს, საგანმანათლებლო ბაზარზე, შეიძლება ითქვას, მონოპოლისტია, რადგან მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტს აქვს წლების განმავლობაში შექმნილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული ბაზა როგორც ტრადიციული, ასევე, განახლებადი და ალტერნატიული ენერგეტიკის მიმართულებით.

გარდა ამისა, გვყავს პროფესიონალები, რომელთაც ენერგეტიკის დარგში დიდი გამოცდილება აქვთ. უნივერსიტეტი ამზადებს ახალ თაობებს ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, საინჟინრო მენეჯმენტის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ასევე, ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტისა და ენერგეტიკის ინდუსტრიული პოლიტიკის, ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სპეციალობებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მიმართულებით.

ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა, რომელიც ADA-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, ჩვენი პირველი მასშტაბური ერთობლივი პროექტია. სამომავლოდ ვგეგმავთ საგანმანათლებლო პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.

IMG_0005.JPG

ვფიქრობთ, კოოპერაციით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიური სივრცეების დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, BSES-ის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებთ“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

როგორც სტუ-ის რექტორის მოადგილემ განაცხადა, BSES-ში მონაწილეობს 11 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, ჩეხეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, სამხრეთ არაბეთის ქვეყნები. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, BSES-ის ფარგლებში, სტუმრობენ წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსები, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნული ქვეყნებიდან. 

BSES-ის მონაწილეებს მიესალმნენ ADA უნივერსიტეტის განათლების, განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პროფესორი ნარგიზ ისმაილოვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარგალიტა არაბიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.

IMG_6200.JPG

BSES-ის სექციებზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში წარიმართება, იმსჯელებენ საკითხთა ისეთ ფართო სპექტრზე, როგორიცაა: ჰოლისტიკური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიდგომა ტრანსკასპიის რეგიონში, კასპია-ევროკავშირის მწვანე ენერგიის დერეფანი, მწვანე ენერგიის შესაძლებლობები რეგიონში, რეგიონული მილსადენისა და ენერგოუსაფრთხოების განვითარება, ენერგეტიკული კანონი და ენერგეტიკის ეკონომიკა, გარემოს დაცვის საკითხები, კლიმატის ცვლილება, მწვანე ენერგეტიკული ინიციატივები და COP29-სთან დაკავშირებული მოლოდინები, SOCAR-ისა და bp-ის სტრატეგიული პერსპექტივები და სხვა.

მოხსენებელთა შორის არიან პრინსტონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი მაიკლ რეინოლდსი, ADA უნივერსიტეტის პროფესორი დამჯან კრნჯევიჩი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის პროფესორი მაკა ჯიშკარიანი, ამერიკული კომპანია Deloitte-ის წარმომადგენელი ერიკ ვიალა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მონაწილეები.

„ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში, BSES-ის მონაწილეები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, მოინახულებენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში აშენებულ ქარის პირველ კომერციულ ტურბინებს – „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“.

სტუ-ში ახალი წიგნის — „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ — პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის მკვლევართა ავტორობით გამოცემული წიგნი – „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ წარუდგინეს. 

პროფესორების: ნანი არაბულის, აკაკი შეყელაძის, ვლადიმერ ადამიასა და ზაზა ცირამუას ავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები – პროფესორები: სოსო ქართველიშვილი, მარიამ ჩხაიძე, ლევან იმნაიშვილი, ქეთევან კოტრიკაძე, პროფესორ – მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ნანი არაბულმა აღნიშნა, წიგნი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი თქმით, ავტორთა მიზანი გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის – კიბერუსაფრთხოების რისკების დაძლევაა. 

IN (5).png

„გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფორმაციის უსაფრთხოებაა. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სახელმწიფო და კერძო სექტორმა დიდი ხნის წინ გაიაზრა, რომ კიბერუსაფრთხოების რისკების არიდება თუ მათთან გამკლავება ახალგაზდა თაობაში კიბერცნობიერების ამაღლებით არის შესაძლებელი, ამ ეფექტის მიღწევა კი შეუძლებელია სამეცნიერო წრეების ჩართულობის გარეშე.

ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ კიდევ ბევრია საკეთებელი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს პლატფორმა, სადაც უსაფრთხოების თემებით დაინტერესებული მკვლევრები თავიანთი მიღწევებს დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ და ასევე, სპეციალისტებთან ერთად, მნიშვნელოვან კომპეტენციებზე იმსჯელებენ. ვფიქრობთ, ჩვენი ჯგუფის ავტორობით მომზადებული ნაშრომი სწორედ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აღნიშნა ნანი არაბულმა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, გამოცემაში განხილულია ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები, კიბერსივრცის თანამედროვე გამოწვევები, მათთან გამკლავების მეთოდები და ინსტრუმენტები, რითაც დაინტერესებული მკითხველი კიბერუსაფრთხოების იურიდიულ, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს გაეცნობა და სფეროში მოღვაწეობისთვის მყარ საფუძველს შეიქმნის. 

„ნაშრომში განხილული კიბერუსაფრთხო¬ებასთან დაკავშირებული თემები და მდიდარი პრაქტიკული მასალა სპეციალიტებს, განსაკუთრებით კი ახალბედებს მეტ გამოცდილებას შესძენს და ამავდროულად, ახალი, უნიკალური უნარ-ჩვევებით გაამდიდრებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამეცნიერო ნაშრომის გამოყენება შესაძლებელია უნივერსიტეტებში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსების როგორც ძირითად, ასევე, დამხმარე ლიტერატურად. მადლობას ვუხდით ავტორებს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროების საჭირო ლიტერატურით გამდიდრებისთვის“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

წიგნი 300 გვერდზე მეტს მოიცავს და შემდეგი თავებისგან შედგება:

  • კიბერუსაფრთხოება – ექსპერტებისა და კრიმინალების სამყარო; კიბერუსაფრთხოების „კუბი“;
  • საფრთხეები კიბერუსაფრთხოებაში, მოწყვლადობა და შეტევები;
  • საიდუმლოების დაცვის ხელოვნება – ტექნოლოგიები, პროდუქტები და პროცედურები კონფიდენციალობის დასაცავად;
  • მთლიანობის უზრუნველყოფა – ტექნოლოგიების, პროდუქტების და პროცედურების გამოყენება მთლიანობის უზრუნველსაყოფად;
  • ხუთი ცხრიანის კონცეფცია;
  • ტექნოლოგიების, პროცესებისა და პროცედურების გამოყენება ქსელის კომპონენტის დასაცავად;
  • კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტები.

ნაშრომის ბოლოს კი, დანართის სახით, პრაქტიკული დავალებებია მოცემული.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მიულოცა.

“ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს დასრულდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. გილოცავთ! ინფორმატიკა, ინფორმაციისა და ავტომატიკის ერთობლიობაა, რომლის გარეშეც 21-ე საუკუნეში მეცნიერების არც ერთი დარგი არ მუშაობს. თქვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაეუფლეთ მსოფლიოში ყველაზე საჭირო სპეციალობას და უკვე შეუერთდით პროფესიონალთა რიგებს. ეცადეთ, რომ კარიერული წინსვლისას მუდმივად გაიღრმავოთ ცოდნა, პროფესიული უნარები და არ დასჯერდეთ მიღწეულს.

IMG_2427.JPG

თქვენთვის უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიად იქნება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და ერთად გადავჭრათ პრობლემები. აუცილებლად მიუსმინეთ კოლეგებს და ერთი შეხედვით, თუნდაც რუტინულ შემთხვევასაც კი, მიუდექით მაქსიმალური გულისყურით. განათლება და მეცნიერება ის საკითხებია, რომელებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფოს განვითარების საქმეში, ინფორმატიკა და მართვის სისტემები ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თალიკო ჟვანიამ. 

IMG_0003.JPG

კურსდამთავრებულებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა.

როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, 2023-2024 სასწავლო წლებში, სწავლა-სწავლების კურსი დაასრულა ბაკალავრიატის 212-მა სტუდენტმა, 62-მა მაგისტრანტმა და 15-მა დოქტორანტმა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელით გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. მაქვს პატივი გადმოგცეთ აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები და გაგაცნოთ მისი მიმართვა: “ძვირფასო კურსდამთავრებულო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სახელით, გილოცავთ მნიშვნელოვანი ეტაპის – სტუდენტობის წარმატებით დასრულებას, უპერველეს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში!

_01-IN.png

სტუდენტობის დაუვიწყარი წლები, აღსავსე შემეცნებითა და თავდაუზოგავი შრომით, დღეიდან თქვენივე მომავალს განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენს საქმიანობაში, დაგეხმარებათ დაძლიოთ გამოწვევები, იყოთ ინოვაციური და პროგრესული, პატივი სცეთ დემოკრატიულ ფასეულობებს, მიაღწიოთ წარმატებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ვისურვებდი, მომავლის გზაზე ყოფილიყავით ცნობისმოყვარე, მიზანსწრაფული და ღია შემეცნებისთვის, ეძიებდეთ ახალ ცოდნას, გამოცდილებას და არასოდეს შეგეწყვიტოთ სრულყოფისკენ სწრაფვა. გთხოვთ, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოთ თქვენს ალმა-მატერთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი ის დიდი რესურსია, რომლის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. გახსოვდეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენ გვერდით თქვენი უნივერსიტეტია, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, ინჟინერ-ტექნოლოგი და მკვლევარი აღზარდა, რომელიც თავის მოვალეობად თვლის, მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ, ინოვაციური იდეების განხორციელებაში ხელი შეგიწყოთ და თქვენი წარმატებითაც იამაყოს.

IMG_0004.JPG

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა და თქვენშია ის კოდი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს!” და ბოლოს, იმედი მაქვს მიზანმიმართულად გამოიყენებთ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის არსებობა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. მას საფუძვლად დაედო საქართველოში ავტომატიზაციისა და ინფორმატიზაციის სხვადასხვა დარგის სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების გახსნა და განვითარება. დღეისათვის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს, უმაღლესი განათლების სამივე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

ფაკულტეტზე მოქმედებს საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, ასევე, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია, რომელიც უნიკალურია ბევრი პარამეტრის გამო. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია არ არსებობს.

სტუ-ში ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავი აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციის, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებითა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – აღინიშნა. 

საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და დოქტორანტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთის და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მკვლევრები და სხვა მიწვეული სტუმრები.

ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ღისშესანიშნავი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, ახლო მომავალში სამეცნიერო ინსტიტუტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული კომპლექსით აღიჭურვება და მეტი ეფექტიანობით შეძლებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობას. 

„ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 99 წლისაა.

_002-IN.png

ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ინსტიტუტში, ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ღვაწლმოსილი მეცნიერები და ახალი თაობის მკვლევრები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი კატასტროფების – წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ეროზიული პროცესების ინტეგრირებული მართვის მეთოდების შემუშავებას კლიმატის ცვლილების პირობებში და მათი საწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებას, წყლის წესურსების უსაფრთხოებას, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება-კონტროლს, ზღვისა და წყალსაცავების პრობლემების პროგნოზირებას, ასევე, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობას და სხვა.

წლების მანძილზე ინსტიტუტის მკვლევრების სამეცნიერო პროექტებმა არაერთი საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რომლებსაც ევროპელ მკვლევრებთან კოლობორაციით ახორციელებენ.

რაც მთავარია, ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტრატეგიული ნაბიჯებს დგამს ევროპის, ამერიკისა და აზიის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაწყებული აქვს ზრუნვა, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული კომპლექსით აღჭურვოს, რათა ჩვენმა მეცნიერებმა გაცილებით ეფექტიანად შეძლონ საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობა.

მინდა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს და ყველა თანამშრომელს, ძველი და ახალი თაობის მკვლევრებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და სამეცნიერო წარმატებები ვუსურვო ქვეყნის, ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს ღირსსახსოვარი დღე მიულოცეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფარდა იმანოვმა, აკადემიკოს ივანე ეგიაზაროვის სახელობის წყლის რესურსებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ოგანეს ტოკმანჯიანმა, ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გახსნა, შეკრებილ საზოგადოებას და უცხოელ სტუმრებს მიმართა ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა.

მან აქტიური მხარდაჭერისთვის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მორიგი წარმატება მიულოცა, რაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე გლობალურ CMS ექსპერიმენტის ასოცირებულ წევრად სტუ-ის რექტორის არჩევას, ასევე, მისთვის პოლონეთის ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას უკავშირდება. 

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და იმ ცნობილ მეცნიერთა ღვაწლზე ესაუბრა, რომლებიც დაარსებიდან წლების განმავლობაში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე, საგრანტო პროექტებსა და მათ სამეცნიერო ღირებულებაზე.

როგორც გივი გავარდაშვილმა აღნიშნა, ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების ინტეგრალური მართვა, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და კონტროლი, მწვანე მშენებლობისა და ურბანული არქიტექტურის თანამედროვე გამოწვევები და სხვა.

სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ორი დღის მანძილზე სამ სექციად წარიმართება, მესამე დღე კი უცხოელი მონაწილეებისთვის მდინარეების – ვერესა და არაგვის წყალშემკრებ აუზებში პროფესიულ ექსკურსიებს დაეთმობა.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა. 

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მიულოცა.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახლადჩამოყალიბებულია და თქვენ ხართ პირველი ნაკადი, რომელმაც ჩვენთან მიღებული, ევროპული სტანდარტის განათლება, მთის აღორძინებას უნდა მოახმაროს.

არსებობის განმავლობაში ჩვენ აქტიური და ორგანიზებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 300-მდე სტუდენტი სწავლობს.

ის, რომ ჩვენი პროგრამები მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, ამას მოწმობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოთხივე პროგრამაზე კონკურსების მაღალი მაჩვენებელი.

001-IN.png

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა უმეტესობა მაგისტრატურის საფეხურის გავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეგმავს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მდგრადი განვითარება განიხილება როგორც კაცობრიობის განვითარების ახალი კონცეფცია. მდგრადი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნის გასაღები სწავლაა.

სწორედ აზროვნების შეცვლაზეა დამოკიდებული ცვლილება მდგრადობისკენ. ტრანსდისციპლინარული კვლევის დროს, განსხვავებული სფეროების ცოდნა ინტეგრირებულია საერთო ხედვაში, რაც საშუალებას იძლევა გლობალური ცოდნის ერთეულის მიღება ახალ პრობლემებზე რეაგირებისთვის. ტრანსდისციპლინარული მიდგომა ცდილობს სხვადასხვა ცოდნის ჩამოყალიბებას და გაერთიანებას, რაც რეალობის გლობალური და ინტეგრირებული ხედვის საშუალებას იძლევა. ამგვარი მიდგომა ახალგაზრდებს უფრო სრულყოფილად მოამზადებს მთაში ცხოვრების და რეალობისთვის, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ, აფასებენ და გარდაქმნიან მომავალში.

ამდენად, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოთ საქართველოს მთის განვითარებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება სირთულეებიც, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდული შემართებით გადალახავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფაკულტეტის ბიზნესადმინისტრირების, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების, საჯარო მმართველობის და სასტუმროს მომსახურების საბაკალავრო პროგრამების, ასევე, ბიზნესადმინისტრირების, საბანკო პროცესების მართვის, საჯარო მმართველობის და სასტუმრო მომსახურების მართვის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების  კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. 

_DG_0001.jpeg

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ  მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ! თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ახალი გზა, ახალი გამოწვევები, წარმატებები მეცნიერებისა თუ კარიერული ზრდის მიმართულებით. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელზედაც იმედებს ვამყარებთ, თქვენ უნდა ააშენოთ ახალი და შეცვალოთ ძველი. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი 300 სტუდენტმა დაასრულეთ. წარმატებულ პროფესიული ცხოვრებას გისურვებთ. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს! გისურვებთ შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ამ დიდ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა. 

_DG_6417.jpeg

კურსდამთავრებულებს მიესალმა ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი. მან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, ასევე, ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და საუკეთესო სურვილები  გადასცა.  

კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ასევე, მიულოცეს დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სულაშვილმა, ტურიზმის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა კოჭლამაზაშვილმა, პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ.  

_DG_0012.jpeg

ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 2016 წელს ჩამოყალიბდა და სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ფაკულტეტზე მოქმედებს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის: საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ზურაბ ჩხაიძის სახელს ატარებს. ლაბორატორიაში შექმნილია  თანამედროვე საბანკო დაწესებულებების სრული მოდელი და საბანკო ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ სისტემაში სხვადასხვა საბანკო ოპერაციები პრაქტიკულად განახორციელონ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია, რომლის უმთავრესი ამოცანაა მეცნიერულად გაანალიზებული და კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, მომავალი საჯარო მოხელეების სათანადო ცოდნით აღჭურვა. 

_DG_0007.jpeg

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს ფაკულტეტის მაგისტრალურ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ბიზნესის ჰუმანიზაციის და სოციალიზაციის თეორიულ-გამოყენებითი პროექტები. ამ თემატიკით მომზადებულია არაერთი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ინსტიტუტი აქტიურად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პროგრამას. დასახული ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს პრობლემით დაინტერესებულ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონკრეტული თემატიკით დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან.

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, რომლის მიზანია საჯარო მმართველობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და კვლევების განხორციელება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების სირთულეთა დასაძლევად. ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებაზეა ფოკუსირებული: ინოვაციური სახელმწიფო სერვისები, ტექნოლოგიების მართვა და მათი დანერგვის გზები; ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლემენტაცია; საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელები – პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო. ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა კვლევისა და სწავლების პროცესში სპარინგის ახალი მეთოდის გამოცდას. სპარინგის მიზანია: ტექნოლოგიების მოძიებისა და პრობლემის გადაწყვეტისათვის მმართველობითი ხასიათის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ჩვევების გაღრმავება, მოდელების შექმნაში კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლება, ცოდნის ინტეგრირებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მართვის უნარების რეალიზაცია. განხორციელდა სპარინგის მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო დანერგვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების მოძიება, ჩატარდა ტრენინგები სპარინგში მონაწილე პროექტის შექმნის თაობაზე. 

_DG_6173.jpeg

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას. ის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმაა. ცენტრის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება, სამეწარმეო უნარის დაუფლების გზით თვითრეალიზაციის მოტივაციის ამაღლება, სამეწარმეო საქმიანობის არსის გაცნობიერება და პოპულარიზაცია; ბიზნესკონფერენციების, ბიზნესოლიმპიადების და ბიზნესკონკურსების ორგანიზების გზით, ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა მიულოცა.

„დღეს, დარგს 100 ენერგეტიკოსი შეემატა.  მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის და ფაკულტეტის 100 კურსდამთავრებული, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მიღებულ ევროპული სტანდარტის განათლებას დარგის განვითარების საქმეში წარმატებულად გამოიყენებს.

ვულოცავ კურსდამთავრებულებს და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, მეცნიერს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მივულოცავ ძალიან კარგ სიახლეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. ეს არის რექტორის და აკადემიური პერსონალის ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგი, ეს არის თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის დამსახურება. კიდევ ერთხელ ვულოცავ უნივერსიტეტს და კურსდამთავრებულებს. წარმატებები მისურვებია“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

Untitled design.png (3).jpg

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა: ნათია არაბიძემ, გრიგოლ ხელიძემ, რამინ ჩიხლაძემ, ბადურ ჭუნაშვილმა, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ქუთათელაძემ.

კურსდამთავრებულებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა თელასის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ გამრეკელაშვილმა, რომელმაც მათ კომპანიაში სტაჟირება და შემდგომი დასაქმება შესთავაზა.

ინფორმაციისთვის: ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის. ამჟამად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი რვა დეპარტამენტს აერთიანებს: ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის, თბოენერგეტიკისა და ენერეგოეფექტურობის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების, ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის.

სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“.

სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით.

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარების საქმეში: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ფუძემდებელი და ყოფილი პირველი პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე პროფესორი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ხალილოვი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ვახტანგ გომელაური და ვახტანგ ჭიჭინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ლუტიძე, ელექტრული მანქანების მთავარი კონსტრუქტორი ლოდოჩნიკოვი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის ტიმოფეევი და სხვა.

რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება პოლონური უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მიენიჭა. 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე ოფიციალური ცნობა და დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა რექტორმა დავით გურგენიძემ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკისგან მიიღო.

როგორც ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კშიშტოფ კოვალჩიკი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს საპატიო დოქტორის წოდება პოლონურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი კვლევითი თანამშრომლობისა და დიდი დამსახურებისთვის, ასევე, მექანიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მეცნიერების განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

„ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტების სახელით, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით, თქვენ მოგენიჭათ ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ძვირფასო კოლეგა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორო, გთხოვთ, მიიღოთ ეს წოდება, როგორც მადლიერების გამოხატვა ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან იმ დიდი დამსახურებისთვის, რაც დაკავშირებულია ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან მრავალწლიან ნაყოფიერ კვლევით თანამშრომლობასა და მექანიკის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მეცნიერების განვითარებაში შეტანილ სოლიდურ წვლილთან. 

ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სენატისა და ჩემი სახელით, გთხოვთ, ოფიციალურად მიიღოთ მოწვევა და კოლეგებთან ერთად დაესწროთ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა, პირადად გადმოგცეთ საპატიო ჯილდო და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს ღირსსახსოვარი დღე“, – ნათქვამია ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა რექტორის, პროფესორ კშიშტოფ კოვალჩიკის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია 2024 წლის ნოემბერში, ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კონგრესის ცენტრში გაიმართება.

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსს აცხადებს

1) მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
   
    მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

2) ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის ხელოვნური ინტელექტის პრობლემების განყოფილება: 
   
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან – 14 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 16 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 16 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე: https://msi.gtu.ge/ და https://gtu.ge/ 

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://msi.gtu.ge/ 

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:


ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერის (უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://msi.gtu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი


კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Support

Why are you writing to us?