სტუ-ში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს, UEFA Euro 2024-ის მონაწილეს, გიორგი გველესიანს შეხვდებიან.

შეხვედრა 17 ივლისს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება.

გიორგი გველესიანთან სტუდენტების შეხვედრას მოდერაციას გაუწევს სტუ-ის რექტორის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გიორგი გველესიანს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებსა და მათთვის საინტერესო სპორტულ თემებზე ესაუბრონ, ჩამოართვან ავტოგრაფი და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ. 

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი, ასევე, ნიკო ნიკოლაძის, მიშელ მუსხელისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბები.

სტუ-ის ლექტორმა ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა და პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა, თანაავტორებთან ერთად, ნაშრომში — „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“ (Consumers’ Willingness to Pay for Agri-Food Products Delivered with Electric Vehicles in the Short Supply Chains), ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო. 

კვლევა მიზნად ისახავს, დაადგინოს ის ფაქტორები, რომლებიც მყიდველთა ქცევაზე ახდენს გავლენას და ამისთვის იყენებს ონლაინგამოკითხვის მეთოდსა და ტობით (Tobit) რეგრესიის მოდელს შედეგების ანალიზისთვის.

კვლევაში გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს მომხმარებელთა ქცევას:

  1. მომხმარებელთა დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ;
  2. ცოდნა და შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პასუხისმგებლობით შესყიდვებში;
  3. მეგობრებისა და ნათესავების დადებითი ქცევა (სოციალური ნორმები).

როგორც ნინო ადამაშვილი აცხადებს, ნაშრომი სწავლობს მომხმარებლების მზადყოფნას, გადაიხადონ შედარებით მაღალი ფასი მდგრადი განვითარების ნორმების მაქსიმალური დაცვით მიწოდებულ აგროსასურსათო პროდუქტებში.

ნაშრომში, მაგალითისთვის მოყვანილია სიცილიური ფორთოხალი, რომელიც მიეწოდება მოკლე მიწოდების ჯაჭვით ადგილობრივ ბაზრებზე და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულია ელექტრომობილები, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების პროცესში მინიმუმამდეა შემცირებული გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვი.

“ნებისმიერი ჯილდო სასიხარულოა, რადგან ნიშნავს, რომ იმ გარკვეულ კატეგორიაში შენი ნაშრომი საუკეთესო აღმოჩნდა მაგრამ ამ დონის საერთაშორისო ჟურნალისგან ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდოს მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისევე, როგორც ყველა მკვლევარი, მეც ვცდილობ, პირველ ყოვლისა, საზოგადოებას და ჩემს უნივერსიტეტს ვემსახურო.

შევიტანო წვლილი მეცნიერების განვითარებაში, რომელიც ისევ საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო და არ დარჩება მხოლოდ ფურცლებზე ბუნდოვანი თეორიების სახით.

ეს ჯილდო სწორედ ამას ნიშნავს! გამარჯვებული სტატია არის ყველაზე გავლენიანი, ის არის ყველაზე შედეგიანი, ყველაზე გამოსადეგი, ყველაზე საჭირო სტატია ამ წელს გამოქვეყნებულ აკადემიურ ნაშრომებს შორის. რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო სტატიის ერთ-ერთი ავტორი, ანტონინო გალატი, როგორც კვლევაში შეტანილი წვლილისთვის, ისე ჩემი ცოდნისა და უნარების ამ დონემდე განვითარებისთვის, ცხადია, სხვა ბევრ პროფესორ-მასწავლებელსა თუ კოლეგასთან ერთად როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე ფოჯის, ლუქსემბურგის, ტურინის ტექნიკური და სასწავლო უნივერსიტეტებიდან”, – აცხადებს ნინო ადამაშვილი. 

სტატიის ავტორების მთავარი რეკომენდაციაა, მხარი დაუჭირონ ფერმერების არჩევანს ელექტრომანქანებში ინვესტირებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებს ამ გარდამავალი პროცესის ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთან ერთად ნაშრომის – „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“, თანაავტორები არიან: პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო მეცნიერებების დეპარტამენტის სრული პროფესორი ანტონინო გალატი, ასოცირებული პროფესორი ჯუსეპინა მილიორე, სრული პროფესორი ჯორჯო სკიფანი, ნკვლევარი ჯუზეპინა რიცო და ნიქოზიის უნივერსიტეტში არსებული გნოსისის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტში მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლისთვის პროფესორი ალკის თრასოუ. 

ინფორმაციისთვის, ნინო ადამაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხური, შემდეგ კი – ფოჯის უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორანტურა.

ამჟამად იგი პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარია იტალიური ნაციონალური პროექტის W.E. B.E.S.T. PRIN-ის ფარგლებში, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ამავე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი და გამარჯვებული სტატიის ასევე ავტორი პროფესორი ანტონინო გალატი. ნინო ადამაშვილი კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად პალერმოს, ფოჯის, ლუქსემბურგის, ალკალისა და ტურინის უნივერსიტეტებში.

არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტის წევრი, სესიების წამყვანი, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფების ხელმძღვანელი.

მაღალრეიტინგულ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთაგან 13 Scopus-ის სისტემაშია (9 h-ინდექსით). 

ნინო ადამაშვილმა 1 ივლისს, პალერმოს უნივერსიტეტთან ახალი კვლევითი კონტრაქტი გააფორმა. 

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა.

„დღეს, საქართველოს იურისტთა დიდ არმიას 200-ზე მეტი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შეემატა, რომლებიც მუშაობას გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, მეცნიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ხელში აიღებენ სადავეებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლისას სტუდენტებმა შეიძინეს, გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში, გამოიყენონ სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში და ასახელონ ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დეკანმა.

კურსდამთავრებულებს, ასევე, მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. პროფესორმა თამარ წერეთელმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და მოპოვებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

IN (3).png

„თქვენ ხართ ძალა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, ჩვენმა ქვეყანამ თქვენთან ერთად უნდა დასძლიოს ყველა წინაღობა. საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენზე.

თავისუფლება, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში თქვენს ლექტორებთან ერთად შექმენით, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თქვენ მოგცათ შესაძლებლობა მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, თქვენ მონაწილეობდით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, ქმნიდით საინტერესო გარემოს, იმარჯვებდით და მიდიოდით წინ. ახლა დადგა დრო, ეს ცოდნა და გამოცდილება „გარეთ გაიტანოთ“, სამშობლოს მოახმაროთ. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

ინფორმაციისთვის: 2016 წლის 25 მაისიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იყო,  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა დაარსებულიყო, რათა სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება მიეღოთ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორის: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესს.

ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმისა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს პროფესიონალ კადრებს; პრაქტიკული სამართლის კლინიკა სტუდენტებს  ადვოკატის პროფესიულ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ატარებენ; საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა.

მათ შორის წარმოდგენილია ძველი ქართული სამართლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია და ა.შ. 

სტუ-ის სტუდენტებს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა.

ანაკლიის ბანაკს, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს, პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტი ეწვია. 

ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა პირველი ნაკადის სტუდენტებს ბანაკში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებზე ესაუბრა და სასიამოვნო დასვენება უსურვა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, პროგრამის მიზანი ახალგაზრდების აქტიური დასვენების, სოციალური ინტეგრაციის და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის პარალელურად, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პატრიოტული ღირებულებების წახალისებაა.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვატო ბააკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთული დასვენება უსურვა და მათ ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

IN (4).png

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდულ ბანაკებისთვის შემუშავებულია მრავალფეროვანი აქტივობები იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შეძლონ დასვენება, გართობა და თვალსაწიერის გაფართოება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ანაკლიის ბანაკში 5 დღის მანძილზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორც საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ასევე, სპორტული და კულტურული მიმართულებით.

სასიხარულოა, რომ ბანაკი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა აღჭურვილი – არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. მადლობას ვუხდით სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარს იმ შესაძლებლობის შექმნისთვის, რაც ჩვენი ახალგაზრდების დასვენებას, მათ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთულ დასვენებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ანაკლიის ბანაკის 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ აქტივობებში, ასევე, თემატურ ტრენინგებში, მათ შორის: ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობის, ნარკოდამოკიდებულების საფრთხეების, ასევე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენის შესახებ; Guest Speaker-ის ფარგლებში კი, ახალგაზრდები ცნობილ პოლიტიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს შეხვდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტისგან შემდგარი პირველი ნაკადი ანაკლიის ბანაკიდან დღეს გამოემგზავრა. 

წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს მიიღებს და ჯამში 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა მიულოცა.

„ძვირფასო სტუდენტებო, დღეს თქვენ ტოვებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებს, სადაც გატარებული ოთხი წელი დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და წარმატებებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში გამოიყენებთ. თქვენი პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, სამშენებლო ფაკულტეტი კი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლო. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მეცნიერებაში. როგორც პროფესორმა გინა გურეშიძემ აღნიშნა, 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს დარგს, რომელსაც  სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებით პასუხობენ და წარმატებებს აღწევენ.

IN---სამშენებლოს-გრედუეიშენი.png

„2023-24 სასწავლო წელს 222-მა სტუდენტმა, მათ შორის, 168 ბაკალავრმა, 52-მა მაგისტრმა და 2-მა დოქტორანტმა დაასრულა სწავლა-სწავლების პროცესი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.

ფაკულტეტი უკვე თითქმის 104 წლისაა. აქ სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და მკვლევრები. იმედი მაქვს, ძალიან მალე თითოეული თქვენგანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიაღწევს წარმატებას და გააგრძელებს ღირსეული წინაპრების გზას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, – განაცხადა გინა გურეშიძემ.

ინფორმაციისთვის: 1922 წლის 16 იანვარს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც შეიქმნა სამი განყოფილება: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. 1928 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლიტექნიკური ფაკულტეტი გამოეყო და მის ბაზაზე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა. მალე მის შემადგენლობაში, იმ პერიოდში უკვე არსებული პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადავიდა, სადაც სამშენებლო განყოფილება სამშენებლო ფაკულტეტად გარდაიქმნა და ქართულ და რუსულ სექტორებად ჩამოყალიბდა.

ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 8 აკადემიური დეპარტამენტი: საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი №101; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი №102; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი №103. ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი N104; საგზაო დეპარტამენტი №105; მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი №106; მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი №107; სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი №108.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები: მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორია; ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია; ა. გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია; წყალმომარაგების, წყალარინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორია. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. 

სტუ-ის რექტორი CERN-ის CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა. 

აკადემიკოსი დავით გურგენიძე ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში რექტორი CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ლიდერს, ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ ლუკა მალგერის, CMS ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის და RPC ჯგუფის ხელმძღვანელს, დოქტორ სალვატორე ბუენტემპოს შეხვდა. 

დავით გურგენიძემ ლუკა მალგერისთან და ტიციანო კამპორეზისთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN-ს შორის სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა.

CERN-ის CMS ექსპერიმენტის წამყვან ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, დავით გურგენიძემ CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერთა როლი შეაფასა, ასევე, მიმდინარე კვლევების აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორი CMS ექსპერიმენტში CMS-ის მიონური სისტემის RPC ჯგუფში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებს შეხვდა.

RPC ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სალვატორე ბუენტემპომ RPC კამერების შექმნისა და წარმატებით ფუნქციონირებაში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის უდიდეს წვლილზე რექტორს ინფორმაცია მიაწოდა.

CMS კოლაბორაციის წევრებთან აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CMS კოლაბორაციის კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად, ფიზიკის თანამედროვე საუნივერსიტეტო ლაბორატორიის განახლება-მოწყობაში შეიტანს წვლილს და ამ მიზნით უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს. 

სტუ-სა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგ „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს, ერთი მხრივ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, მეორე მხრივ კი, ჰოლდინგის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლევან ბეგლარიშვილმა მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტთა კორპორაციაში სტაჟირებას, მათ დახელოვნებასა და მედიაპროდუქტების კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე „ბიზნეს მედია კორპორაციაში“ სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, პროგრამაში ჩართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, კორპორაცია იღებს. 

_2 (1).png

„კორპორაცია დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით თავის საქმიანობაში. ეს გულისხმობს კორპორაციის გრიფით გასულ სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ კონტენტების მომზადების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას, სამუშაო გამოცდილების მიღებას, მათ დახელოვნებას როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით და რაც უმთავრესია, ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ვფიქრობთ, ეს მრავალმხრივ საინტერესო და საჭიროა, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“.

სემესტრულად სტაჟირების პროგრამას არაუმეტეს 10 სტუდენტი გაივლის და ისინი, უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ.

ამავდროულად, კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების კარიერული ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქმედით ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

„ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელის, ლევან ბეგლარიშვილის თქმით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ, მედიაინდუსტრიის სტანდარტებს დაეუფლებიან და ეკონომიკისა თუ ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს განივითარებენ. 

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო კოოპერაციის დეტალები კიდევ ერთხელ შეათანხმეს. ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი აღმოჩნდება, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მზაობას გამოვთქვამს, ამ პროცესში აკადემიურმა პერსონალმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, სტუდენტების ჩართულობით, „ბიზნეს მედია კორპორაციასთან“ პარტნიორობა განავითაროს და ახალი პროექტები განახორციელოს.

სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი შემდეგ სამეცნიერო თანამდებობებს შეეხება:

  • ნანოკომპოზიციური მასალების დამუშავების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
  • ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან- 14 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ.თოფურიძის II გას. 1, მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი: ლეილა თანანაშვილი, ტელ: 593 678475.

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 16 აგვისტოს.

კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 16 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი)

გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:


ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კონკურსის დამატებითი მოთხოვნები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი:

მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს:

  • სამეცნიერო კვლევების განვითარების პრობლემები და მიმართულებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • ადგილობრივი და უცხოური მიღწევები მეცნიერებათა შესაბამის დარგებში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • სამეცნიერო კვლევა – ძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების თანამედროვე მეთოდები და საშუალებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);

მთავარ მეცნიერ თანამშრომელს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს:

  • განსაკუთრებული დამსახურებები: მონაწილეობა სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შედეგების დანერგვა, მოდერნიზაციასა და კომერციალიზაციაში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, სტატია/მონოგრაფია სამეცნიეროადგილობრივ ჟურნალებში (არანაკლებ 20-ისა მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • მონაწილეობა საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში (არანაკლებ 3 – ისა მემბრანული ტექნოლოგიების საკითხების შესახებ). 

ბ) მეცნიერი თანამშრომელი:

მეცნიერმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს: 

  • ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში მის თემატიკაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევა-ძიებების შესახებ (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • კვლევა-ძიებების ორგანიზების თანამადროვე მეთოდები და საშუალებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);

მეცნიერ თანამშრომელს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს: 

  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (არანაკლებ 15-ისა) წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში არანაკლებ 3-ისა (მემბრანული ტექნოლოგიების საკითხების შესახებ). 

სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე:https://gtu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი


კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, უნივერსიტეტის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობდნენ ან სწავლობენ) 2024 წლის 15 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.

  • შიდა მობილობის ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ, საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პირობები: (დანართი 4).
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“) შიდა მობილობის მსურველებმა, უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 23 ივლისს, 11:00 საათზე, მისამართი: თბილისი; კოსტავას #68, სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 408.
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”; ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“) შიდა მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 23 ივლისს, 11:00 საათზე, მისამართი: თბილისი, კოსტავას #75ა, სტუ-ის VIII კორპუსი.
  • სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად, იხ. დანართში 1; 2; 3. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 2 და დანართი 3) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც წინაპირობა არ აქვთ, ცხრილში მითითებული არ არის.

შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის, მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5)

სტუ მომავალ სასწავლო წელს მკვეთრად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგით ხვდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. 

გასული წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი 2025 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და „1400+“ პოზიციიდან „901-950“ პოზიციაზე დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ QS-ის ბოლო გამოცემის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რეგიონში უპირობო ლიდერია როგორც საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასე ჰუმანიტარული მიმართულებით. 

QS World University Rankings 2025-მა, საუკეთესო უნივერსიტეტების გამოსავლენად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 37000-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეაფასა, 104 ქვეყნის 1500 უნივერსიტეტი კი საუკეთესოდ აღიარა და შესაბამისად, ბოლო გამოცემის მოკლე სიაში შეტანა, მათ შორის ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

შეფასებისას QS-მა გააანალიზა ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორები, როგორიცაა: უნივერსიტეტის მდგრადობა, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელი, აკადემიური და სამეცნირო პერსონალი, ციტირების ინდექსი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა რეპუტაცია, ინტერნაციონალიზაცია და სხვ.

როგორც სტუ-ში აღნიშნავენ, Მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარეიტინგო სისტემაში მსგავსად მკვეთრი დაწინაურება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მორიგი წარმატებაა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ყოველდღიური ძალისხმევის, საქმისადმი ერთგულების და საერთო მიზნისკენ განუხრელად სვლის შედეგია. 

„ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ წევრს ამ წარმატებას! გვჯერა, რომ გეზი, რომელიც უნივერსიტეტს აქვს აღებული და ის ერთიანი სულისკვეთება, რაც უნივერსიტეტის მამოძრავებელი ძალაა, სულ მალე კიდევ უფრო მეტი წინსვლის და წარმატების მომტანი იქნება.

ეს მნიშვნელოვანი წარმატება გვიქმნის არა მხოლოდ რეიტინგის გაუმჯობესების ძლიერ მოტივაციას, არამედ უდიდეს სურვილს, გავნაგრძოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეტაპობრივი და სწრაფი განვითარება, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ეფექტიანი გაზიარება, სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტებისთვის საუკეთესო განათლების მიღების, მათი სამომავლო დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდა და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება“, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

QS World University Rankings – https://www.topuniversities.com/ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაა, რომელიც კვლევებს ყველა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით ატარებს.

QS-ის რეიტინგების შედეგები, დაახლოებით, 17,5 მლნ აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის შესახებ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. 

ანალიტიკისა და გლობალური უმაღლესი განათლების სექტორში QS-ის სარეიტინგო კვლევების მისიაა,  მსოფლიო მასშტაბით, მოტივირებულ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისა და პოტენციალის სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა კარიერულ განვითარებას საუკეთესო განათლების მიღებისა და საერთაშორისო მობილობის გზით მიაღწიონ. 

Support

Why are you writing to us?