ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

მათ სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.

„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება, მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მომავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, სურვილი გამოთქვა სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

photo-output (14).jpg

კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. 

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა.

საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის 100 წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მასალათმცოდნეობა“;  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „ფარმაცია“;  საბაკალავრო პროგრამაზე – „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე – „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“. 

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.

სტუდენტები, სტუ-ის და Lion Trans-ის პარტნიორობით შემუშავებულ, ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსს გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები „ავტომობილების დილერის მომზადების“ სამმოდულიან ტრენინგკურსს გადიან. 

ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისიდან დაიწყო და 2 თვის შემდეგ დასრულდება, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ლოჯისტიკურმა კომპანიამ Lion Trans-მა, სამიზნე ჯგუფის – სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დამატებითი სწავლების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმით განმტკიცებული პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად შეიმუშავეს.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს, ტრენინგკურსი დაინტერესებულ მსმენელს ავტოსადილერო ინდუსტრიის თეორიულ არსს აცნობს და კომპანია Lion Trans-ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრაქტიკული კომპონენტების გამოყენებით, ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ბიზნესაქტივობების პრინციპების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აძლევს.

ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგკურსის გავლით სტუდენტებს ექმნებათ საუკეთესო შესაძლებლობა, პრაქტიკოსებთან კონსულტაციის შედეგად შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის უნარი გამოიმუშაონ.

როგორც დეკანი აღნიშნავს, უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა და კომპანია Lion Trans-ის სპეციალისტებმა ტრენინგკურსი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და ის სამ თეორიულ მოდულად დაყვეს: „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“; „მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა“; „ავტოდილერის პრაქტიკული მოდული“, რომელთა ათვისების შემდეგ, პრაქტიკული სწავლებები სტუდენტებმა უშუალოდ Lion Trans-ის სათავო ოფისში გაიარეს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ სტუდენტებს, მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების მიზნით, მისცეს ზოგადი ცოდნა ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ, გააცნოს თანამედროვე ავტოსადილერო ინდუსტრიის მოთხოვნები, შეასწავლოს სადილერო საქმიანობის არსი და თავისებურებები, სტრუქტურა და საქმიანობის პრინციპები, დაგეგმვისა და კონტროლის მნიშვნელობა, გაათავისებინოს დილერის როლი ამ ინდუსტრიაში და შესძინოს გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ზოგადი უნარები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრენინგკურსის ყველა პრაქტიკული მოდული სტუდენტებმა Lion Trans-ის სათავო ოფისში გაიარეს, მათ შორის აითვისეს აუქციონის პლატფორმა, რომელსაც მხარს უჭერს ერთ-ერთი მასშტაბური ამერიკული ავტოაუქციონი – IAA.

წარმატებად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ ყველა ძირითადი ამოცანა, რომელიც ავტოსადილერო სფეროში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების დახელოვნებას ითვალისწინებს, ტრენინგკურსით მიღწეულია. ვიმედოვნებთ, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით შეძლებენ დასაქმებას ავტოსადილერო ინდუსტრიაში“, – აღნიშნავს ბორის გითოლენდია. 

კომპანია Lion Trans-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტრენინგკურსი ინოვაციურია და კარგად ასახავს როგორც სადილერო ბიზნესის საჭიროებებს, ასევე, ბიზნესპრაქტიკაში მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს.

როგორც ლევან სუხიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და Lion Trans-ის პარტნიორობით მომზადებული ტერნინგკურსი ქვეყნის უმსხვილესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის სტუდენტებს დამატებითი სწავლების შესაძლებლობებს სთავაზობს და ამავდროულად, წამყვანი დარგობრივი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტსაც ითვალისწინებს. 

„ავტომობილების დილერის მოსამზადებელი“ სამმოდულიანი ტრენინგკურსის სრულად გავლის შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და ამასთან ერთად, საუკეთესო მსმენელებს კომპანია Lion Trans-ში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს მხოლოდ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან, სამომავლოდ კი, კურსის განვრცობა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მისი შეთავაზებაც იგეგმება. 

სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეებმა ლიეტუვას ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
 
საცურაო აუზის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის წევრებმა, საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში, 2008 წლის ჩათვლით დაბადებულ სპორტსმენთა შორის ასაკობრივ ჯგუფებში, ლიეტუვას ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.

„ტონუსის“ მოცურავეებმა, 2009 წელს დაბადებულმა აკაკი მღებრიშვილმა 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სალი შარბაევამ თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400-მეტრიან დისტანციებზე – ორი ვერცხლის მედალი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეები საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრზე წარმატებებს აღწევენ.

დამატებითი გამოცდები დაიწყო!

დამატებითი გამოცდები ჩატარდება, მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც დასკვნით გამოცდაში მიიღო FX შეფასება (41-დან 51 ქულამდე ან/და ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის ზღვარი – მიიღო 11 ქულაზე ნაკლები).

აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში ჩასაბარებელი დამატებითი გამოცდების ცხრილები იხილეთ ონლაინ პლატფორმაზე – https://elearning.gtu.ge/

აუდიტორიებში ჩასატარებელი გამოცდები 8 ივლისს დაიწყო და 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

საგამოცდო ცენტრებში კი, 11 და 12 ივლისს ჩატარდება. 

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმში რექტორთა საბჭო გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.

რექტორთა საბჭოში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს.

მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები და შედეგები:

– სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება;
– სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა;
– სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
– 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა;
– საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
– პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა;
– მეორე International Excellence School ბათუმში;
– კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF);
– უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
– სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, დისტანციური სწავლების შესახებ.

  • ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

საუბარი ასევე შეეხო რექტორებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ აქტუალურ საკითხებს. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე, პროცესებში რექტორთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით. მათი თქმით, რექტორთა საბჭო სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება აუცილებელია.

რექტორთა საბჭოში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი აქვს.

შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) 2024/2025 სასწავლო წლიდან, 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტური თანამდებობის (0,5 საშტატო ერთეული) დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს.

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის განცხადების და ანკეტის ფორმები) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში (კოსტავას ქ. №77, VI კორპუსი, IX სართული, ოთახი №901ა, ტ.: 557 346 734). 
3. კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 10 სექტემბერს. 
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 11 სექტემბერს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსში ყვეელასათვის თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge
5. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. 
6. აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/ არა უგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბერს.
7. კონკურსში გამარჯვებულ პირთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 2024/2025 სასწავლო წლის დაწყებამდე.

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის პირობები: 
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; 

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს: 
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); 
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი); 
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); 
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4. 
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს პირს, ვისაც უკვე წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში. 

3. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: 
ა) მომავალი აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური ხედვა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხედვა. კონცეფციაში ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის განვითარების ხედვა და სამეცნიერო პროექტი/პროექტები გათვლილი მინიმუმ ოთხ წელზე, ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთი ან ორი სილაბუსი;
ბ) ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:
• საერთაშორისო და რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას (კონფერენციები, კოლოკვიუმები, ვორკშოპები, ვებინარები და სხვ.);
• საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე განხორციელებული კვლევების შედეგად მომზადებულ პუბლიკაციებს (წიგნები, კრებულები, სტატიები და სხვ.)
გ) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს აქვს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება, სასურველია, წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული მინიმუმ ერთი მეცნიერის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დასტურდება ერთობლივი აკადემიური მუშაობის გამოცდილება და მომავალი აკადემიური სამეცნიერო/კვლევითი თანამშრომლობაასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ბოლო 5 წელიწადში მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი-ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს.
ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვის და ანაზღაურების შესახებ
აკადემიური პერსონალის ვალდებულება შედგება სამი კომპონენტისგან:

1. სასწავლო-პედაგოგიური;
2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა; 
3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. 
ასოცირებული პროფესორის (0,5 საშტატო ერთეული) ვალდებულებები
(ანაზღაურება – თვეში 647.50 ლარი)

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) კვირაში 07-08 საათი, 210-240 საათი წლიური აკადემიური დატვირთვა;
2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა; 
3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:
3.1. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი – სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);
3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;
3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;
3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული; 
3.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.
ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:
ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი და 2 დოქტორანტი);
ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;
გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;
დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

III. მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
2. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუ-ში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სტუ-თან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება. 

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი კონფეფციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის კურსდამთავრებული და პედაგოგი Forbes-ის კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, ამავდროულად, კომპანია Helio.AI-ის ტექნიკური დირექტორი ნათია ქუხილავა Forbes-ის კონკურსის – 30 Under 30 – ევროპის 2024 წლის სიის ერთ-ერთი წევრია.

გამოცემამ ნათია ქუხილავა ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის დაასახელა. 

ინოვატორთა კონკურსში მონაწილეობას 400 ნომინანტი იღებდა, საკონკურსოდ წარმოდგენილი 6 ნომინაციიდან – ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ხელოვნება და სტილი, განათლება და მეცნიერება, ფინანსები, სპორტი – 35 გამარჯვებული გამოვლინდა. 

2024 წლის, 30 Under 30-ის ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის ნომინაციაში ჟიურის წევრები იყვნენ ქართულ ბაზარზე წარმატებული კომპანიებისა და საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციების სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, კურსდამთავრებულების წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას. 

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები უსაზღვროა და ის თანდათან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებისა და ადამიანის ინოვაციური უნარების თანხვედრას. ამის საფუძველს სწორედ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები ქმნის.

ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიკის, პროგრამირებისა და ციფრული ტექნოლოგიების კერად აღიარებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას.

სწორედ ახალგაზრდები, ინოვაციური იდეებით, უკეთესობისკენ ცვლიან ქვეყნის მომავალს მაშინ, როცა ცვლილებები ყველაზე მეტად საჭიროა“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისტორიულ პარალელებს საჯარო ლექცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „უცხო ქვეყნების რენეგატები საქართველოში – ისტორია და პარალელები“ წარსდგა. 

ღონისძიება ქრისტიანული კულტურის კვლევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიის, ასევე, , მიშელ მუსხელისა და ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თავისუფალი მსმენელები ესწრებოდნენ.

მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას აქტუალური ისტორიული ფაქტები გაუზიარა და მათთან დაკავშირებით თავისი ხედვა და ანალიზი წარმოადგინა. 

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს, რომლის წინაშეც უამრავი გამოწვევაა. მათგან უმნიშვნელოვანესი – სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამტკიცებაა. ჩვენი მიზანია, ისტორიული გამოცდილების გაზიარებით, გადავარჩინოთ ჩვენი თვითმყოფადობის მთავარი ატრიბუტები და ღირსეულად გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი“, – აღნიშნა პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ. 

2 (1).png

მომხსენებელმა, კონკრეტულ ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით, აუდიტორიას შეახსენა, რომ „ისტორიაში კი კარგად არის ცნობილი ფაქტები, როცა სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული გმირების პარალელურად, ყოველთვის არსებობდნენ სულით არაქართველი „ქართველები“, რომლებიც მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ჰყიდდნენ ქვეყნის ინტერესებს და უცხო სახელმწიფოების რენეგატები ხდებოდნენ.

მისი თქმით, ისტორია ციკლურია და მას აუცილებლად სჭირდება სწორი ანალიზი, ხოლო სწორი სახელმწიფოებრივი ორიენტირების პოვნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მომავალ თაობას, მის სწორ ხედვასა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ენიჭება. 

ლექციის დასასრულს, აზრთა გაცვლა და დისკუსია გაიმართა, ასევე, პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 

სტუ-ში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის- „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. 

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
 
კონფერენცია გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თეა მურვანიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც, ამავდროულად, პროექტ ReINNOVA-ს ექსპერტია. მან პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებით, შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა სტიმულირდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, – აღნიშნა კოლინ რიგბიმ. 

კონფერენცია სტუდენტების მიერ ReINNOVA-ს კონცეფციის გათვალისწინებით მომზადებული საპილოტე პროექტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

2.png

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ აღნიშნა, ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, „ინოვაციების მრჩევლების“ მენტორობით, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ექვს სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა. 

სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „მშენებელი 80“-ის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეზერვუარების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება“, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიძისა და მენტორის, ნინო ბახტაძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გიორგი შვანგირაძემ და დავით ყავრელაშვილმა განახორციელეს.

როგორც პროექტის მენტორი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების დათვალიერება, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციებისა და ზონების დაფიქსირება, შესაბამისი დასკვნა კი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მომზადდება.

სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე პროექტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ავტობანი“, თემით: “ადამიანური რესურსების მოზიდვის პრობლემატიკა”, სადაც მენტორის – თამარ ქამხაძისა და კომპანიის წარმომადგენლის თეა მორბედაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სტუდენტები სოფიო ამაღლობელი, მარიამ გუგულაშვილი და ნანა ნინიკაშვილი.

როგორც თამარ ქამხაძე აღნიშნავს, სტუდენტები კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, ასევე, გამოკითხვის ფორმით, კვლევა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.

მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლაშა დემეტრაშვილმა და კომპანია „Progress Project”-მა წარმოადგინეს პროექტი – „შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული გადაწყვეტა, გეოლოგიური დასკვნის გაკეთება“.

საპილოტე პროექტი ანა ტაბატაძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ჯონი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. სტუდენტს დაევალა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილი შენობის, როგორც ჩარჩოსებრ-კავშირებიანი კარკასული მონოლითური რკინაბეტონის სისტემის გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, ასევე კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, რომელიც მოიცავდა სტრუქტურულ გაანგარიშებას სპეციფიკური კომპიუტერული საანგარიშო პროგრამებით.

მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამამ და კომპანიამ „ფორსი“ თემით – „სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება – პრაქტიკული მაგალითი“ სტრუქტურულად რთული ფორმის მრავალსართულიანი სასტუმროს ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სტუდენტ ქეთევან თოდუას, მარიამ ვარდიაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე წაქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „Lion Trans“-ის საპილოტე პროექტის – „ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარება“ – განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ლია გოცირიძე, ანა ოდიშელიძე და გიგი პატარიძე. მათ მენტორობას უწევდა თამარ რუხაძე და კომპანიის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი. პროექტის მიზანი, ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის დაგეგმვა და აკადემიურ გარემოში მისი ადაპტაცია იყო.

3.png

ReINNOVA-ს ფარგლებში, მეექვსე საპილოტე პროექტი ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით განხორციელდა. თემაზე – „ავტომობილების ტექინსპექტირება – სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევა“ – ვალერი ჯაჯანიძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ზაქარია გაბეცაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები ავთანდილ ახალკაცი, გელა ჟღენტი და ალექსანდრე ცქიფურიშვილი მუშაობდნენ.

ბორის გითოლენდიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა – ReINNOVA უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას ეფუძნება, მიზანი კი, სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა. 

„პროგრამა ფოკუსირებულია იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის ან სერვისის შემუშავებაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან. ბიზნესკომპანიები, რომლებიც პროექტში ერთვებიან, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება-გაფორმების შემდეგ, წარმოადგენენ რეალური პრობლემის მოკლე აღწერილობას. ბიზნესქეისებზე სამუშაოდ, შიდა საუნივერსიტეტო მექანიზმების გამოყენებით, შეირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც ერთვება პროექტში და საპილოტე სასწავლო პროგრამის შესაბამის სტუდენტურ გუნდებთან ერთად, 3 თვის ვადაში რეალური ბიზნესპროექტის საკუთარ ვერსიას წარმოადგენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა”, – აღნიშნავს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი. 

პროექტ ReINNOVA-ს მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალი ჩართულობა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობა.

ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში, პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

საგრანტო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტ ReINNOVA-ს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

სტუ-ის გუნდმა ქვიშის ფეხბურთში ზაფხულის უნივერსიადის ოქროს თასი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, სტუდენტების – ნიკა ხარჩილავას, ბექა ხაბულიანის, ზუკა ქარიაულის, გიგა უშვერიძის, გიორგი ლიპარტელიანის, დავით ყიფიანის, ლაშა კაკაჩიას და რატი კელაპტრიშვილის შემადგენლობით, ქვიშის ფეხბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა. 

„ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფეხბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნახევარფინალურ შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა, ხოლო ფინალში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს სძლია, შესაბამისად, ქვიშის ფეხბურთის სახეობაში გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელი გახდა. 

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ფეხბურთის საუნივერსიტეტო გუნდს და მწვრთნელებს – ლაშა ცნობილაძესა და გიორგი ხუროშვილს ზაფხულის უნივერსიადის ოქროს თასის მოპოვებას ულოცავს და სტუდენტებს სპორტსა და სწავლაში წარმატებებს უსურვებს. 

რექტორის განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ საუნივერსიტეტო სპორტულ ტრადიციებს და სხვადასხვა ტურნირებში ღირსეული ასპარეზობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ახალი გამარჯვება მოაქვთ. 

როგორც სტუ-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი ამბობს, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობით დასრულდა.

ის გამარჯვებას ულოცავს საუნივერსიტეტო გუნდს და აღნიშნავს, რომ სტუ-ის ფეხბურთელებმა წლევანდელი უნივერსიადის ფარგლებში გამართულ ფუტსალის ტურნირშიც წარმატება მოიპოვეს, რეიტინგი გაიუმჯობესეს და საუნივერსიტეტო ლიგა I-დან უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლეს.

არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთის სტუდენტური გუნდი კვლავინდებურად აქტიურად გააგრძელებს წვრთნას მორიგი წარმატებების მოსაპოვებლად.

„ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

Support

Why are you writing to us?