საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი მეცნიერის, პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერის, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. 

რექტორის სამძიმარს უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები.

„ვეთხოვებით ცნობილ მეცნიერს, მრავალი ღირსეული თაობის აღმზრდელს, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერს, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის საერთაშორისო ფედერაციის (IFTOMM) წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსს, ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებში ფართო აღიარების მქონე მკვლევარს, საყვარელ კოლეგასა და მეგობარს, პროფესორ დავით თავხელიძეს.

ბატონი დავით თავხელიძე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, ჩვენს ალმა-მატერს და ათეული წლების განმავლობაში ჩართული იყო მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში.

ფასდაუდებელია მისი ნაშრომები სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვის მიმართულებით, როგორიცაა: მრავალრგოლიანი ბერკეტული და სამრეწველო რობოტების შემსრულებელი მექანიზმების კინემატიკური და დინამიკური ანალიზი და სინთეზი; მცირე ელექტროსადგურებისათვის ორმაგი ქმედების ჰიდროტურბინების დაპროექტება და შექმნა-დანერგვა; მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების დაპროექტება-დანერგვა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი სენსორების გამოყენების ბაზაზე მეტალო-კონსტრუქციების, მუდმივი მონიტორინგისთვის განკუთვნილი დანადგარების შექმნის საფუძვლების დამუშავება და ა.შ.

დავით თავხელიძის ავტორობით გამოქვეყნებულია 116 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორისაა 20 საავტორო მოწმობა და პატენტი, 7 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტს, მის სტუდენტებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი”, – აღნიშნულია რექტორის სამძიმარში.

სტუ-ის მკვლევრებმა პროექტ Micro-GEAR-ის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა – Micro-GEAR“ – ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით რომის ევროპულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა რომის ევროპული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მენეჯერის, სტუ-ის პროფესორის, ზაზა ცირამუას თქმით, სამწლიან პროექტში 6 ქვეყნის 16 ინსტიტუციაა ჩართული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები.

ზაზა ცირამუას ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია – GIRAF PM e.K. (გერმანია).

„ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთში მიკროკვალიფიკაციების სტატუს კვოსა და სამომავლო სამოქმედო არეალის განსაზღვრას (პროექტის შედეგი).

ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გავცნობოდით როგორც მასპინძელი უნივერსიტეტის, ასევე დასავლეთევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებასა და ცოდნას, გამოწვევებსა და მიკროკვალიფიკაციების დანერგვის მეთოდოლოგიას. მასპინძლებმა მიმოიხილეს ციფრული მიკროკვალიფიკაციების მიღებისა და აღიარების სხვადასხვა ასპექტი.

მოხსენებები და პრეზენტაციები ეძღვნებოდა ოთხ მთავარ თემას, მათ შორის: მიკროკვალიფიკაციები ევროპის და განსაკუთრებით კი, იტალიის უმაღლესი განათლების სტრუქტურებში; ეროვნული კანონმდებლობები და ინსტიტუციური რეგულაციები; როგორ შეიძლება დავიწყოთ მიკროკვალიფიკაციების დანერგვა ინსტიტუციურ დონეზე; რეკომენდაციები ორ ქვეყანაში სტატუს კვოსა და სამომავლო სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

unnamed (10).jpg

იტალიელი ექსპერტები შეეცადნენ, იტალიის განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციების ინტეგრაციის პროცესის აღწერით, საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი ინსტიტუციებისთვის კონკრეტული სამომავლო მიზნები და ამოცანები გამოეკვეთათ. წარმატებული შემთხვევების გარდა, მათ მიკროკვალიფიკაციების დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრეს. ამასთან, პროექტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ქართველმა და სომეხმა პარტნიორებმაც გავუზიარეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა თანამშრომლობის დამყარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომის ევროპულ უნივერსიტეტს შორის, რაც მოიცავს სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესს“, – აღნიშნავს ზაზა ცირამუა. 

ზაზა ცირამუას თქმით, Micro-GEAR-ი ითვალისწინებს მიკროკრედიტების შემუშავებისა და სწავლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესწავლა-ანალიზს იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს ეროვნული აკადემიური საზოგადოებების შესაძლებლობები, განავითარონ და უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის მოკლე კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კურსები, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მიკროსერტიფიკატების მიღებას.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, კურსების დიზაინის შემუშავებას, სწავლებისა და შეფასების სრული ციკლის პრაქტიკულ განხორციელებას, რაც სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეთა და განათლების პროვაიდერთათვის ციფრული მიკროსერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

Micro-GEAR-ის, რომელიც პირველი საერთაშორისო პროექტია მიკროსერტიფიცირების კუთხით, საბოლოო მიზანი ევროკავშირის პოლიტიკის გაზიარება, განათლების ჩარჩო რეფორმების მომზადება და სომხეთსა და საქართველოში ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნა, გაძლიერება, პოპულარიზაცია და მიკროსერტიფიკატების აღიარებაა.

აქედან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს რეგიონული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის შექმნას მიკროსერტიფიცირების ელჩების, ენთუზიასტების კოჰორტა და შესაძლებელი გახადოს მათი თანამშრომლობა იმ ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად ნერგავენ მიკროსერტიფიცირებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროსერტიფიცირება, დღესდღეობით, გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) სისტემებშიც.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამგზავრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში სტუდენტებისთვის ახალგაზრდულ ბანაკს მართავს.

წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს უმასპინძლებს.

მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განხორციელდება. 

ბანაკის 5-დღიანი პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდება.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეობისთვის იწვევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 18-24 წლის ასაკის 240 სტუდენტს (გენდერული ბალანსის დაცვით).

პროექტი მიმდინარე წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სტუდენტთა პირველი ნაკადი კი ანაკლიაში 6 ივლისს გაემგზავრება და 10 ივლისის ჩათვლით დარჩება. 

ბანაკში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს.

ახალგაზრდული ბანაკებისა და სხვა ახალგაზრდული სერვისების შესახებ ინფორმაცია იხილეთ გვერდებზე:

ახალგაზრდობის სააგენტო •Youth Agency  და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი • Anaklia Youth Camp 

სტუ-ის სტუდენტურმა გუნდებმა „სტუდფესტი 2024“-ის რვა ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალზე – “სტუდფესტი 2024” – ინტერმედიის, სპორტისა და ქართული ლიგის მიმართულებით გამართულ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, საერთო ჯამში, 8 ნომინაციაში, პირველი ადგილი მოიპოვეს. 

სტუდენტური ფესტივალის ჟიურიმ, ინტერმედიის მიმართულებით, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო სპექტაკლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სტუდენტური დასის სპექტაკლი აღიარა. სტუ-ის გუნდმა “შერეკილები” პირველი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში – “ქართული ლიგა”, საუნივერსიტეტო სპორტულმა გუნდებმა კი პირველი ადგილი შემდეგ სახეობებში დაისაკუთრეს: 3X3-ზე კალათბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (გოგონები), ჩოგბურთი (ვაჟები); ჯომარდობა; ბილიარდი (გოგონები).

სტუდფესტი ტექნიკური უნივერსიტეტი

“სტუდფესტი 2024”-ის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, გამარჯვებულ უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. 

ახალგაზრდული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი-ახალგაზრდობა, პროფესორ-მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები, მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე; სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიმართულებების ხელმძღვანელი პირები; საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და წევრები; გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები და სტუდენტები. 

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სტუ-ის სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2024“-ის წარმატებით დასრულებასა და ღირსეული გამარჯვებების მოპოვებას ულოცავს.

„ყველა უნივერსიტეტსა და ახალგაზრდას გულითადად ვულოცავთ სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებებს. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რვა პირველი ადგილი მოუტანეს. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი შემართებით აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს, არა მხოლოდ საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების დამეგობრებას. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მომავალ სტუდფესტზე გაცილებით შეუპოვრად იასპარეზებენ და მშობლიურ ალმა-მატერს მეტ გამარჯვებას მოუტანენ“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე. 

“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს. ფესტივალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები, საგანმანათლებლო აქტივობები (დებატები, City Game, ესეების კონკურსი) და STEM მარათონი, რომლებმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

სტუ-ში კონფერენცია — „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კონფერენცია — „ჩვენი შრომითი უფლებები”, ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. სტუდენტებს წარმატებები უსურვეს დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა გურგენიძემ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. 

„კერძო სამართლის დეპარტამენტში, კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსის, ციალა გლოველის, ინიციატივითა და პროფესორ მასწავლებლების ანა ტაკაშვილის, გიორგი ინაურის, ბესიკ ტეტელოშვილის, ნინო დონჯაშვილისა და თინათინ ჩიქვანაიას ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია -,, ჩვენი შრომითი უფლებები”, რომელმაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ხოლო მათ მიერ წარდგენილმა ნაშრომებმა მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თითოეული ნაშრომი, მაღალკვალიფიციურია და იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც დაინტერესებულ პირთათვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.

photo-output (12).jpg

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მირანდა გურგენიძის თქმით: „კონფერენციაზე სტუდენტების მიერ პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია-დებატები, სადაც საკმაოდ აქტუალური საკითხები გამოიკვეთა. დაიგეგმა პრობლემური თემებზე რეკომენდაციების შემუშავება და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მსჯელობისას ერთობლივი ანალიზით ჩამოყალიბდა. კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, მონაწილე სტუდენტებსა და ასევე ორგანიზატორებს გადაეცათ სერტიფიკატები“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო აქტუალური თემები, მათ შორის: ია ნანუაშვილი – “შრომითი ხელშეკრულება”; გვანცა აბაშიშვილი – “ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა შრომით ურთიერთობებში”; მარიამ ბოკუჩავა, ელენე ლაშქარაშვილი – “სამუშაო დრო”; გიორგი რომანიშვილი – “შვებულება ბავშვის მოვლის გამო”; ანა წიკლაური – “არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები”; მარიამ მჭედლიძე – “ზეგანაკვეთური სამუშაო”; ლუკა გალჩევი – “სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო”; ეკატერინე ილიაევი – “სამუშაო დროს თავისებურებანი და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები”; თამარ იმერლიშვილი – “ნარდობის და შრომითი ურთიერთობების გამიჯვნა”; ლიზა კერესელიძე, ლაზარე ჯელაძე – “შრომის ანაზღაურება”; ლუკა თვალიაშვილი, ქეთევან ციცქიშვილი – “სამუშაო დროის ხანგრძლივობა”; მარიამ ჯანხოთელი – “შრომის სამართლის განვითარების მიმოხილვა, დარგის მნიშვნელობა, სისტემა და წყაროები”; საბა ლიპარიძე, თამარ გაბრიჭიძე – “ნარდობისა და შრომითი ხელშეკრულების გამიჯვნის პრობლემები”; ნიკოლოზ სააკაშვილი – “შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით”; დავით სააკაშვილი – “შრომის ინსპექციის სამსახური და მისი როლი შრომითი პირობების დაცვაში”; ლუკა სიხარულიძე – “შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შეწყვეტის წესი”; იაგო მაისურაძე – “მავნე, მძიმე და საშიში გარემოს შედარებითი ანალიზი, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან”; მარიამ დათუნიშვილი – “ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადებისგან გვერდის ავლის საშუალება”; ანა ილურიძე – “შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა” და სხვა.

სტუ-ში, პროგრამა DUGEOR-ის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „EERASMUS+ Capacity Building“ პროგრამის – „საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების დანერგვის შესაძლებლობების გაძლიერება – DUGEOR“ ფარგლებში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ DUGEOR-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, კოორდინატორი და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების – University of Novi Sad (სერბეთი), FH JOANNEUM GesellschaftmbH (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გრაცი, ავსტრია), Cooperative State University Baden-Wuerttemberg (DHBW, ჰაილბრონი, გერმანია), University Business Academy in Novi Sad (სერბეთი) – წარმომადგენლები, პარტნიორი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დამსაქმებელი კომპანიები.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ. მან დუალური განათლების სისტემის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა კომპეტენციის ამაღლებას დამსაქმებელთა საჭიროებების შესაბამისად.

კონფერენცია-1-1 (1).png

„დღეისათვის თანამედროვე შრომის ბაზარს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მზად იქნებიან ყოველგვარი გამოწვევის დასაძლევად – იმ გამოწვევების, რომლებიც წარმოიქმნება მზარდ კონკურენტუნარიან გარემოში. უმაღლეს განათლებაში დუალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა კომპეტენციის ამაღლებას დამსაქმებელთა საჭიროებების შესაბამისად, ასევე, აამაღლებს სწავლის მოტივაციას და გააუმჯობესებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, გაზრდის უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან არიან. სწორედ, ამ საკითხების გადაჭრას ემსახურება პროგრამა DUGEOR-ი.

დუალური უმაღლესი განათლება, კლასიკურ განათლებასთან ერთად, უპირატესობას მისცემს კურსდამთავრებულებს შეიძინონ შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც დამსაქმებელი კომპანიების მხრიდან დიდ ჩართულობას მოითხოვს. დუალური სისტემა არ არის მხოლოდ განათლების პოლიტიკის კონკრეტული მოდელი, არამედ, ერთი მხრივ, ის სოციალურ პარტნიორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გარანტი და მეორე მხრივ, ინდუსტრიების განვითარების ხელშემწყობია. ეს არის მომავლის პროგრამა და შემთხვევითი არ არის, რომ ამ გრანდიოზულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროგრამის კოორდინატორმა, ნოვი სადის უნივერსიტეტის პროფესორმა მირკო სავიჩმა და ქართულ უნივერსიტეტებს დუალური განათლების დანერგვის მიმართულებით წარმატებები უსურვა. 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ გრაცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი ჰელგე ჰოხრინერი და DHBW ჰაილბრონის პროფესორი ურსულა გოზი, რომლებმაც კოლეგებს დუალური განათლების ევროპული გამოცდილება გაუზიარეს. 

საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და დუალური განათლების სისტემის შემუშავების საკითხებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემის ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ქვარცხავამ და დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, DUGEOR-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობითა და აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებული მხარის განსხვავებული საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად, მოხდა საჭიროებების და სპეციფიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და შემუშავდა ორმაგი უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დუალური განათლების დანერგვასა და ევროპული განათლების განვითარებას.

პროგრამა DUGEOR-ის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება: მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია – ვენგო ჯგუფი (VENGO), Wilhelmsen Port Services Georgia, WPSG, INTERLOGGEORGIA INTLOG, ღვინის კომპანია „SHUMI“; კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ეროვნული სატყეო სააგენტო. DUGEOR-ი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ეროვნულ ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გამარჯვებას ულოცავს

„წინ, საქართველო, წინ, კიდევ მრავალი სიხარულისა და გამარჯვებისკენ!“, – საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ასე ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

IN1.png

 „გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამარჯვებას! მადლობა, ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელს, გულშემატკივარს, ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში იოტისოდენა წვლილი შეიტანა! მადლობა, ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის. წინ, მომავალი გამარჯვებისკენ, საქართველოსთვის!“ –  აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

სტუ-ის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, სტუდენტების – პეტრე ლობჟანიძისა და ზურაბ მუკბანიანის შემადგენლობით, ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელია. 

„ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფრენბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. ფრენბურთის სახეობაში საუნივერსიტეტო გუნდების მწვრთნელი სულხან ახვლედიანია.

ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ანგარიშით 2:0, დაამარცხა, ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა და ტურნირის უპირობო გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთელებს ოქროს თასის მოპოვებას ულოცავს და სასპორტო კარიერასა და სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ – მადლობას ვუხდით მათ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერას კვლავაც ვპირდებით“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ულოცავს სტუ-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი.

როგორც ის აღნიშნავს, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ ქვიშის ფეხბურთის ტურნირით დასრულდება. მისი ინფორმაციით, ტურნირი ქვიშის ფეხბურთში სტარტს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიღებს და მასში ჩაერთვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი, რომელიც ასევე გაამართლებს უნივერსიტეტის იმედს და საპრიზო ადგილს მოიპოვებს.  

„ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

სტუ-ის რექტორი FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და აფრიკაში რეგიონული მმართველობის ხელმძღვანელს, ნადერ იმანს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე; ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი; რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეა მურვანიძე; საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ეკა ნარეშელაშვილი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია; დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი; ასევე, FESTO DADACTIC SE, DENKENDORF-ის გლობალური გაყიდვების მენეჯერი დიდემ ოზკანი და კომპანია „სოფთმასტერის“ დამფუძნებელი, დირექტორი მიხეილ კვეტენაძე. მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გახსნისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მას განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რისი ნათელი დადასტურებაა ის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: ჰაერის კონდიცირება; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავის შეკეთება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; საბაჟო საქმე; გრაფიკული დიზაინის შესრულება; ხის მხატვრული დამუშავება; სარკინიგზო გადაზიდვები; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სამრეწველო ავტომატიზაცია; მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი; სამთო ტექნიკოსი; სამთო ელექტრომექანიკოსი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი; მღებავი; მებათქაშე; ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა; მევენახეობა; მეფუტკრეობა; ბუღალტრული აღრიცხვა. 

აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში, მთავრობის მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით გაიხსნა და მოქმედებს ანალიზხელსაწყოს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც აღჭურვილია სრულიად თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით.

სტუ-ში შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) მუშაობა დაიწყო

„XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კომუნიკაციების სფეროში უახლესი მიღწევები და კვლევებია. თუმცა,  გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი პროცესი – ინფორმაციის გავრცელების საფრთხე. 

IEEE-ის ეგიდით, რომელიც მსოფლიოში სანდო „ხმაა“ საინჟინრო, გამოთვლითი და ტექნოლოგიური ინფორმაციის მიმართულებით მომუშავე მეცნიერთათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ მეტად მნიშვნელოვან და აუცილებელ თემებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა მიუთითებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი IEEE დიდი ოჯახის ღირსეული წევრია.

მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ IEEE შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენციის – “კომუნიკაცია და ქსელები” – გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

_1.png

შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) ორგანიზატორია ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის ინსტიტუტი (IEEE), თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მხარდამჭერი კი,  სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.

კონფერენციის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.  ადგილობრივი პროცესების მართვის თავმჯდომარე – სტუ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე,  კონფერენციის ოპერაციების მართვის თანათავმჯდომარეები კი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია და ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი. 

სტუ-ის რექტორის მოადგილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მეორედ არის IEEE-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი. 

“IEEE და მისი წევრები შთააგონებენ გლობალურ საზოგადოებას, მეცნიერება გამოიყენონ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის – ციტირების მაღალი ინდექსის მქონე პუბლიკაციების, კონფერენციების, ტექნოლოგიების სტანდარტებისა და პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

კონფერენცია,  განსაკუთრებული აქცენტით შავი ზღვის რეგიონზე, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებს, როგორიცაა, კომუნიკაციების სფეროში უახლესი მიღწევები და კვლევები.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობს ორი პარალელური სექცია, სადაც ისეთი საინტერესო კვლევები განიხილება, როგორიცაა: საიმედო უპილოტო საფრენი აპარატების ნავიგაცია ფიჭური ქსელების გამოყენებით: ღრმა  სწავლის გამოყენებით; THz-ზე დაფუძნებული მიკროფლუიდური LSPP-მეტასტრუქტურა ბაქტერიულ ქსელებში ელექტროქიმიური კომუნიკაციის ანალიზისთვის; მრავალი RIS ტრანსმისია Multihop Relaying THz უსადენო სისტემისთვის; აპერიოდული მრავალშრიანი ორმაგი ზოლის მეტაზედაპირის დიზაინი ანალიტიკური მიდგომის გამოყენებით; სარკისებური ელემენტის ეფექტური მინიჭება OIRS-ის დახმარებით UAV-ზე დაფუძნებულ FSO ქსელებში, სიჩქარის ადაპტაციით; LEO სატელიტური კომუნიკაციების შეფერხება-გათიშვის ანალიზი მილიმეტრიან ტალღის ზოლებზე; უპილოტო საფრენ აპარატზე დაფუძნებული კომუნიკაციები ნაპირთან დაკავშირებული საზღვაო ტერიტორიებისთვის; MIMO OFDM სისტემებში ანტენის პორტების საპილოტე ოვერჰედის შემცირება მაღალი გარჩევადობის რუკის გამოყენებით.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ IEEE-ის ნამდვილი წევრი, კომუნიკაციების და ქსელების მიმართულებით, არის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი სერგო შავგულიძე, რომელსაც ძალიან მაღალი ციტირების ინდექსი აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა  IEEE-ის ეგიდით  ბათუმში  კონფერენცია ჩატარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი. ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა წარმატებულ მოღვაწეობაზე”, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი IEEE შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom), მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს. 

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად,  მსოფლიოს 16 ქვეყნიდან წამყვანი მეცნიერ-მკვლევრები მონაწილეობენ.  მათ შორის: აშშ, გერმანია, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, უკრაინა, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდონეზია, ბანგლადეში, იტალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

“საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევების შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი მაღალი რანგის კონფერენციის პარტნიორი და თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ჩვენს ქვეყანაში, ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით, 71 წელია განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერაა. ამდენად, საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და მასში მონაწილეობა საფუძველს ჩაუყრის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს”, – აცხადებს დავით გურგენიძე.

_123.png

კონფერენციის მონაწილეების წინაშე სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ ცნობილი მეცნიერები: მინესოტას უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, IEEE-სა და OPTICA-ს (ამერიკის ოპტიკური საზოგადოება OSA) წევრი – მოჰამედ-სლიმ ალუინი, რომელიც ამჟამად მუშაობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არათანაბარ განაწილებასთან დაკავშირებული ტექნიკური გამოწვევების გადაწყვეტაზე; დოქტორი ეგონ შულცი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მობილური კომუნიკაციის სფეროში კვლევასა და ინოვაციაში; 1988 წელს ის შეუერთდა მობილური ქსელის განყოფილებას Siemens AG-ში, მიუნხენში; 2007 წლის აპრილში გახდა Nokia Siemens Networks-ის (NSN) წევრი; 2009 წელს დოქტორი შულცი შეუერთდა ჰუავეის მიუნხენის კვლევით ცენტრს და ხელმძღვანელობდა მოწინავე ტექნოლოგიების კვლევას; ის აქტიურად იყო ჩართული 5G/B5G კვლევაში, ამჟამინდელი კვლევითი სამუშაო კი ფოკუსირებულია 6G-ზე.  გარდა ამისა, ის არის ევროპის ტექნოლოგიური პლატფორმის (ETP) NetworldEurope-ის საბჭოს წევრი და აქტიურად უწყობს ხელს NetworldEurope SRIA-ს, აქტიურად თანამშრომლობს 6G-IA/SNS საბჭოსთან; 

დოქტორი ერდალ პანაირჯი – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლის ძირითადი მიმართულებაა ელექტროინჟინერია, კომუნიკაციის თეორია, სინქრონიზაცია, სიგნალის დამუშავების მოწინავე ტექნიკა და მათ გამოყენება უსადენო ელექტრო, წყალქვეშა და ოპტიკურ კომუნიკაციებში. ამჟამად ის არის სტამბოლის, კადირ ჰასის უნივერსიტეტის ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის განყოფილების პროფესორი, მიწვეული პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის დეპარტამენტში. ის არის IEEE GLOBECOM/ICC მენეჯმენტისა და სტრატეგიის, ასევე,  IEEE ComSoc Awards მუდმივი კომიტეტების წევრი; არის IEEE Life Fellow და თურქეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი; 

გაერთიანებული სამეფოდან – პროფესორი არიან კაუშიკი, რომელიც 2021 წლიდან მოღვაწეობს  სასექსის უნივერსიტეტში. ის იყო UCL, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე მოღვაწეობდა ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბოლონიის, იტალიისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტებში, Athena RC, საბერძნეთსა და Beihang University – ჩინეთში; ის არის Elsevier-ის, IEEE CTN, IEEE Internet of Things Magazine, IEEE OJCOMS, IEEE Communications Letters და რამდენიმე IEEE სპეციალური გამოშვების რედაქტორი, როგორიცაა IEEET Network, IEEE Ieo., IEEE OJCOMS; 
 
პროფესორი ვონჯაი შინი  – ასოცირებული პროფესორი სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში. ის იყო აჟუ-ს უნივერსიტეტისა და პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, IEEE OJCOMS-ის რედაქტორი; 2017 წელს დაჯილდოვდა ოქროს პრიზით IEEE Student Paper Contest-ისგან; 2020 წლიდან არის IEEE ComSoc-ის ფრედ ვ. ელერსიკის პრიზის და აზია-წყნარი ოკეანის გამოჩენილი ახალგაზრდა მკვლევრის ჯილდოს მფლობელი. 

რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მოჰამედ-სლიმ ალუინის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო მოხსენების ავტორს სერტიფიკატი გადასცა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ-სლიმ ალუინის მოხსენება შეეხებოდა 6G ტექნოლოგიის, მიღწევებს და გამოწვევებს. როგორც მან აღნიშნა, ინტერნეტისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ტრანსფორმაციულმა გავლენამ შეცვალა საზოგადოება, რაც შეეხო ყველა ასპექტს ეკონომიკიდან ჯანდაცვამდე. 5G-ის ფართოდ გავრცელება გრძელდება, მაგრამ უკვე აქცენტი კეთდება მეექვსე თაობის  უკაბელო საკომუნიკაციო სისტემებზე (WCSs).

პროფესორ ალუინის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2030-იან წლებში მომავალი კავშირის ჩამოყალიბება მოხდება 6G-ის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს მიაწოდოს შეუდარებელი საკომუნიკაციო სერვისები ჰიპერ-კავშირის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და გაეროს 2030 წლის მდგრადობის მიზნებთან შესაბამისობაში, 6G-ის მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით,  მდგრადი გლობალური კავშირები მნიშვნელოვნად შეიცვლება.

Support

Why are you writing to us?