„საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივები” – კონფერენცია სტუ-ში

15-16 დეკემბერს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ორგანიზებით,    სამეცნიერო კონფერენცია
„საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივები” გაიმართება. 

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შეფასებას და მათი მდგრადი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრას.

კონფერენციის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ხედვა: „ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა”.

კონფერენციის მთავარი მიზნებია:

  • ბუნებრივი რესურსების მართვის არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება მათი გადაჭრის გზებზე;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და მისი როლის ხაზგასმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში;
  • რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით.

განსახილველი თემატიკა:

  • საქართველოს მიწის რესურსები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
  • საქართველოს ტყის რესურსები და განვითარების შესაძლებლობები;
  • ქვეყნის წყლის რესურსების პოტენციალი;
  • საქართველოს ზღვისპირეთის რესურსების გამოყენების გზები;
  • წიაღისეულის რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები;
  • ენერგორესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენება;
  • სამკურნალო მცენარეებისა და სხვა მცენარეული რესურსების გამოყენების შესაძლებლობები;
  • ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ეფექტიანი განვითარება.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მეცნიერები, მკვლევრები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და თემით დაინტერესებული პროფესიონალები.

კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს  მეცნიერებისა და პრაქტიკის დასაკავშირებლად, რაც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას საქართველოში.

***
კონფერენციაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე, თანდართული ინსტრუქციის სრული შესაბამისობით.

თეზისის მომზადების წესი (Abstract)

თეზისი უნდა მოიცავდეს შემდეგ სტრუქტურას:

  1. სათაური – შრიფტი: Sylfaen და Times New Roman – 12 pt, Bold, ცენტრში განლაგებული. 
  2. ავტორი/ავტორები – სახელი, გვარი, დაწესებულება, სამეცნიერო წოდება; 
  3. ელ. ფოსტა;
  4. ძირითადი ტექსტი (150–200 სიტყვა);
  5. თემის აქტუალობა, მიზანი და ამოცანები;
  6. კვლევის მეთოდი, მიგნებები ან ძირითადი დასკვნები;
  7. რეკომენდაციები რესურსების გამოყენების შესახებ; 
  8. საკვანძო სიტყვები  4-6 სიტყვა, მძიმით გამოყოფილი. 

ფორმატირების მოთხოვნები:

  • შრიფტი: Sylfaen და Times New Roman – 12 pt
  • შუალედი: 1.5
  • სათაური: Bold, 14 pt
  • მინდვრები: 2 სმ
  • შენახვის ფორმატი: Word (DOCX)
  • ფაილის სახელწოდება: ავტორის გვარი + „თეზისი“ (მაგ. gogoladze_tezisi.docx)

კონფერენციაში მონაწილეებმა თეზისები უნდა წარადგინონ ელ. ფოსტის – science.dep@gtu.ge საშუალებით, 20 ნოემბრამდე. 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად  არჩევნები 2025 წლის  12 დეკემბერს ჩატარდება – აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის საბჭოს  წევრებმა 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე  მიიღეს.

დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით,  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის  12 დეკემბერს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2025 წლის 21 ნოემბრიდან 05 დეკემბრის  ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას -77, მე-6 კორპ. მე-7 სართული, ოთახი № 715ა. განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 დეკემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). 

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს  განცხადებაში. 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად  არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა, – ამის შესახებ ნათქვამია  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის  12 დეკემბერს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2025 წლის 21 ნოემბრიდან 05 დეკემბრის  ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას -77, მე-6 კორპ. მე-8 სართული, ოთახი № 815ა. განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 დეკემბერს.  

7. აკადემიური საბჭო, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). 

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭოს განცხადებაში. 

განათლების საერთაშორისო გამოფენა

26 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმროში – Holiday Inn Tbilisi (26 მაისის მოედანი #1), იმ სტუდენტებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლით არის დაინტერესებული, განათლების საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა. 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ სტუდენტებს შესთავაზებენ გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრებს, გააცნობენ სტიპენდიებისა და გრანტების მიღების შესაძლებლობებს. 

აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ყველა საინტერესო კითხვაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია – Edu-Guide.Ge.

ღონისძიებაზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა, აუცილებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

სტუ-ის ვიცე-რექტორი და მეცნიერ-მკვლევრები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ასევე, სტუ-ის საინჟინრო ფაკულტეტების დეკანები, მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს, პროფესორ როჯერ ვ. გონსალესს შეხვდნენ და მასთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროს განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. 

შეხვედრის ფარგლებში როჯერ ვ. გონსალესმა, ქართველი კოლეგების უშუალო ჩართულობით, ასევე გამართა სემინარი თემაზე – “თანამედროვე გამოწვევები საინჟინრო განათლებაში“. 

1 (2).png

შეკრებილ საზოგადოებას ამერიკელი მეცნიერი და ექსპერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა წარუდგინა. თამარ ლომინაძემ როჯერ გონსალესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მიღწევები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის: ამერიკაში FERMILAB-თან, შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ; მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებზე, მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საუნივერსიტეტო კვლევით პრიორიტეტებზე.  

სემინარის ფარგლებში სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: საინჟინრო განათლების გლობალური განვითარების მიმართულებები სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობა და თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა; საინჟინრო კომპეტენციასთან ერთად ლიდერობისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების შედარებითი ანალიზი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მაგალითზე.

2 (3).png 
სემინარის დასრულების შემდეგ ვიცე-რექტორმა, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორ როჯერ გონსალესთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ამერიკელი მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს თავიანთი ხედვები გაუზიარეს. 

ცნობისათვის, როჯერ ვ. გონსალესი (Roger V. Gonzalez – PhD, PE, F.ASME, F.AIMBE) ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ელ-პასოს ფაკულტეტის წევრი, საინჟინრო ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და საინჟინრო განათლებისა და ლიდერობის დეპარტამენტის პირველი თავმჯდომარეა; არის ბიომედიცინისა და მექანიკის ინჟინერიის ექსპერტი და ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) მოქმედი ექსპერტი; ხელმძღვანელობს მაიკ ლოიას სახელობის ინჟინერიის ენდოუნდ-კათედრას და ინტეგრირებულ საინჟინრო ალიანსს (A4IE.org); მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებულია არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი; არის ამერიკის მექანიკის ინჟინერთა საზოგადოების (ASME) და ამერიკის სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ინსტიტუტის (AIMBE) ფელოუ; მისი დაფუძნებულია გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია LIMBS International-ი, რომელიც დაბალფასიან პროთეზულ მოწყობილობებს ქმნის და  დახმარებას უწევს განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს.

„საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ – კონფერენცია სტუ-ში

27 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აფხაზური ენის დღეს, კონფერენციათა ციკლი გაიხსნება სახელწოდებით – „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“. 

კონფერენცია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების დარბაზში, 14:00 საათზე ჩატარდება. 

ღონისძიების მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს წლიდან წლამდე საშუალება ჰქონდეს, უწყვეტ რეჟიმში ადევნოს თვალი ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე კვლევითი პროცესების შედეგებს. 

საკონფერენციო მოხსენებებს წაიკითხავენ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.

ამავე დასახელების, უფრო მასშტაბური კონფერენცია 2026 წლის 14 აპრილს ჩატარდება, რომელიც  ქართული ენის დღეს მიეძღვნება.

სტუ-ის სტუდენტები იტალიური ენის შესწავლას, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები  იტალიური ენის უფასოდ შესწავლას საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის – „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები სტუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის“ – ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წელსაც გააგრძელებენ. 

საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თემით – „იტალოფონია – ენა საზღვრებს მიღმა“ გაიმართა.

ღონისძიებას, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწიეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა, ხოლო საერთაშორისო პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისმა უზრუნველყო.

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო, საერთაშორისო პროექტის ბენეფიციარი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, ასევე, „დანტეს“ კომიტეტისა და ცენტრის წარმომადგენლები.

1 (1).png

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტი, რომელიც იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „დანტეს“ კომიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.  

„საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მხრივ. სასიხარულოა, რომ იტალიური ენის შესწავლას მიმდინარე სასწავლო წელს 90 მსმენელი გააგრძელებს, რომელთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები არიან, რომლებიც ინტერკულტურული თანამშრომლობის უშუალო მონაწილეები გახდებიან. ეს პროექტი თავისი შედეგებით არსებითად აძლიერებს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, პირადად ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს; მადლობას ვუხდით დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისს, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, ასევე „დანტეს“ თბილისის კომიტეტს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი უნივერსიტეტის, მისი სტუდენტებისა და მკვლევრების იტალიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მივიღეთ,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ზურაბ გუდავაძის განცხადებით, იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეული სლოგანით – „იტალოფონია – ენა საზღვრებს მიღმა“ მთელ მსოფლიოში აღინიშნება და საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, „დანტეს“ კომიტეტის უშუალო ჩართულობით და ორივე ქვეყნის მთავრობებისა და საელჩოების ქმედითი თანადგომით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერები თანამშრომლები ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინურ კურსებს უსასყიდლოდ გადიან.  

აუდიტორიას მიესალმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ინიციატივა კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობას, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში. 

პროექტის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე „დანტეს“ თბილისი კომიტეტის პრეზიდენტმა, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ცერცვაძემ ისაუბრა.

„საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის ფარგლებში წელს სიახლეა, რომლის აპრობაცია, ექსპერიმენტის სახით, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება. სიახლე ითვალისწინებს სასწავლო პროცესში საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის მესვეურებთან პირდაპირ თანამშრომლობას და განთავსებული კონტენტის ინტეგრაციას, რაც ცოდნისა და ინტერკულტურული ასპექტების სინთეზის მეშვეობით მსმენელებს სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებსა და იტალიური ენის შესწავლის ინოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში „დანტეს“ თბილისის კომიტეტის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების ინოვაციური ტრენინგკურსი ჩაუტარდათ;  შედეგად, სწავლების ინოვაციური და თანამედროვე სტრატეგიები Dante.global-ის გამოყენებით დაინერგება“, – აღნიშნა ნინო ცერცვაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ერთ-ერთი სტუდენტი, კურსების მსმენელი, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრი რობერტ გურეშიძე, რომელმაც იტალიური ენის შესწავლასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები აუდიტორიას გაუზიარა.

იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებისა და საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის – პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იტალიის მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე – ჰეშთეგით: #SLIM2025 #linguaitaliana.

ელიკო ოხანაშვილის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და გამორჩეული თანამშრომლის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერის – ელიკო ოხანაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოხანაშვილების ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებსა და ახლობლებს.  

„ქალბატონი ელიკო ოხანაშვილი თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში თავდაუზოგავად და ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მან სრულიად ახალგაზრდამ, 1964 წელს შემოაბიჯა მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მას შემდეგ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება ჩვენს ალმა-მატერს დაუკავშირა; გამოირჩეოდა სითბოთი და სიყვარულით კოლეგების მიმართ, განუზომელი ერთგულებით ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს, ხოლო 1978-დან 2021 წლის ჩათვლით უდიდესი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიას. მისი საქმიანობა, პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან. 

ქალბატონი ელიკო იყო უაღრესად გულისხმიერი, მშვიდი, კეთილგანწყობილი და გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც 57 წლის მანძილზე, ყოველდღიური და თავდაუზოგავი რუტინითა და გულისხმიერებით მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა დიდი საუნივერსიტეტო ოჯახის ღირსეული ისტორიის შექმნაში. სწორედ მისი გამორჩეული ღვაწლი და დამსახურება აღინიშნა უნივერსიტეტის საპატიო და უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით, რომელიც ქალბატონ ელიკოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გადავეცით.  

ელიკო ოხანაშვილის ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. გულით ვუსამძიმრებთ ოხანაშვილების ოჯახს, ქალბატონი ელიკოს ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში. 

სტუ-ის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2025“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) და ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა ბსუ-ის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2025“.

კონფერენციის მიზნები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, მკვლევრები, დოქტორანტები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები და ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და კვლევა ისეთ თემატურ მიმართულებებით, როგორიცაა: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ფიზიკა-მათემატიკა და ჰუმანიტარულ -სოციალური მეცნიერებები. 

შიდა-13.10.2025-სტუ-კონფერენცია-ინფორმაციული ტექნოლოგიები-ბსუ.png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაღრმავებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ ზრდას. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს მზაობა, მომდევნო წლებში გააგრძელონ საერთაშორისო თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი მონაწილე ქვეყნისა და უნივერსიტეტის ჩართვა.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 90-ე წლისთავს ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებსა და სტუდენტებს. მოხარული ვართ, რომ უკვე მეოთხედ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ერთად დაგვესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არსებულ გამოწვევებზე. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს როგორც გამოცდილ მეცნიერებს, ისე ახალგაზრდა მკვლევრებს, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, გააზიარონ გამოცდილება და ერთად იმსჯელონ მომავლის ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და საუნივერსიტეტო სივრცისთვის – როგორც აკადემიური ხარისხის ამაღლების, ისე ინოვაციური იდეების პრაქტიკაში გადმოტანის კუთხით“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ში ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური პროექტის – „ინოვაციური იდეების კონკურსი“ – ჩატარება დაანონსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) მრავალწლიანი პარტნიორობის ფორმატში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – ჩატარება სპეციალურად მოწვეულ საორგანიზაციო შეხვედრაზე ოფიციალურად დაანონსდა. 

საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და უნივერსიტეტის შესაბამისი  ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები. შეხვედრაში მოწვეული ექსპერტების სტატუსით ჩართულნი იყვნენ პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ – კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის პარტნიორობის განვითარების მენეჯერი ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით – ემა ბონფილიო. 

როგორც საორგანიზაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის ახალი სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება, ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერაა, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. 

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციური იდეების საუნივერსიტეტო კონკურსის განხორციელება, რაც მოიცავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკულად აღსრულების ხელშეწყობას, რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
 3.png

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის კონკურსები საუნივერსიტეტო სივრცის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ინოვაციური იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნეს და ეკონომიკურ პროცესებში, გააღრმავებს თანამშრომლობას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის, ხოლო ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის ამით იქმნება ერთგვარი საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ პროფესიულ, სამეწარმეო და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან  და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიებთან ეფექტიან კოლაბორაციას. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოყალიბდეს სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად. ინოვაციური იდეების კონკურსი სამ ძირითად კატეგორიაში ჩატარდება. ესენია: „ციფრული ტექნოლოგიები“; „სოციალური გავლენა“; „შემოქმედებითობა“; გარდა ამისა, ცალკე კატოგორიად განვიხილავთ „ფენტეზის“. საგულისხმოა, რომ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრაქტიკაში შესრულება მოხდება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით. გამარჯვებული ახალგაზრდები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას, რომელთა წარდგენაც ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ავტორების მიერ პრეზენტაციის სახით მოხდება. კონკურსში ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. გუნდის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსანტები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დამუშავებულ პროექტებს წარადგენენ და გაიმარჯვებენ კონკურში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. გვინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჩვენს კურსდამთავრებულებს – 18-დან 35 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოადგინონ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და ამასთან ერთად, სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

საორგანიზაციო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარების, რეგისტრაციის ვადების, საკონკურსო პირობებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი და საუნივერსიტეტო ცენტრი – „ერთად“.

კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ღონისძიების აკადემიურ მხარდაჭერას სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა ახორციელებს, ხოლო კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს კონსულტაციებს ბრიტანელი ექსპერტები გაუწევენ.

Support

Why are you writing to us?