სტუ-ში ფაკულტეტების რეორგანიზაცია განხორციელდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე მიღებული №01-05-02/22 ოქმის საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად:

  • ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • მთის მდგრადი განვითარებისა და სამთო გეოლოგიური ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი;
  • სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შეიქმნა მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი.

რეორგანიზაციის შესაბამისად განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური დეპარტამენტების შესახებ იხილეთ დოკუმენტი.

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე იწვევს.

კურსები ცენტრში ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: ორშაბათს და ოთხშაბათს, 17:00 საათზე. 

უფასო კურსებზე დასწრება შესაძლებელია, სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტისათვის. 

პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრში ლიეტუვური ენის შემსწავლელ ახალი ნაკადის კურსებზე რეგისტრაცია, 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება (მისამართი:  მერაბ კოსტავას 69, სტუ მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, 216 კაბინეტი).

რეგისტრაციის გასავლელად, მსურველებმა აუცილებელია, შეავსოთ მოცემული ფორმა.

სტუ-ის პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუდენტებს  ასევე  არაერთ  სხვა უსასყიდლო პროექტს სთავაზობს:

  • სასწავლო კურსები ლიეტუვას უნივერსიტეტებში
  • საზაფხულო კურსები
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ლიეტუვას რესპუბლიკაში (სტიპენდიით)

სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაამთავრებენ ბაკალავრიატს და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვას ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, სწავლის პერიოდში, დაენიშნებათ ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.

სტუ-ის პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის პროგრამას აფინანსებს ლიეტუვას რესპუბლიკა.

სტუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში EAIE 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში — EAIE 2025 Conference and Exhibition, რომელიც 2025 წლის 16-19 სექტემბერს, შვედეთის ქალაქ გოთენბურგში გაიმართა.

სტუ-ის წარმომადგენლებმა ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენის ფარგლებში გამართეს მრავალი შეხვედრა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერნაციონალიზაციის პროცესების განვითარებასა და Erasmus+ და Horizon Europe პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებას.

შეხვედრებს შედეგად მოჰყვა უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო კონტაქტები და პარტნიორობა, ხოლო არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

2.png

EAIE 2025 გამოფენაზე მოწყობილი იყო საქართველოს ერთობლივი სტენდი, სადაც ქვეყნის წამყვანმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმოადგინეს თავიანთი საერთაშორისო აქტივობები და პარტნიორული შესაძლებლობები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის აქტიურ როლს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის მონაწილეობა EAIE 2025 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში და საქართველოს სტენდის ღირსეული წარმოდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მიზნად ისახავს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასა და ევროპული პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სტუ-ში საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, L’institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და  ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (UFG) ფინანსური მხარდაჭერით, საშემოდგომო სკოლა -„Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა. 

საშემოდგომო სკოლის თემატიკაა „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“. მასში აგრონომიის, მევენახეობის, მცენარეთა მეცნიერებების და ტექნოლოგიის, აგრო-სასურსათო მეცნიერებების ან მონათესავე სფეროების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 20-ზე მეტი ქართველი და ევროპელი სტუდენტია ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ ინტერდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს Vinifera EuroMaster (EMaVE) პროგრამის სამეცნიერო მიგნებებსა და NewClim-ის ტრანსფორმაციულ მიდგომებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების ღრმად გააზრებას ინოვაციის, კულტურული ტრადიციებისა და ლოკალური ჩართულობის ინტეგრირებული პრიზმიდან. როგორც  პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროექტები საფუძველს შექმნის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების სტრატეგიების შესამუშავებლად და მდგრადი მიდგომების დასანერგად, ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ სპეციფიკაზე მორგებული მევენახეობა-ენოლოგიის პრაქტიკის შენარჩუნება-განახლებას.

ქავერი-2.png

„Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ საერთაშორისო აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. წლევანდელი საშემოდგომო სკოლის თემატიკა – „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“ – ხაზს უსვამს გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მონაწილეობით, ამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს პარტნიორებთან ერთად მასპინძლობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს EMaVE კონსორციუმის საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საერთაშორისო მობილობასა და ინოვაციური ცოდნის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ამავე დროს, ამ პროცესში NewClim პროექტის ჩართულობა წარმოაჩენს უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების ინტეგრაციის მზარდ აუცილებლობას და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მდგრადი განვითარების პრინციპებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაზე. ეს მიდგომა შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვითი განათლების პარადიგმას, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებას ისე, რომ სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ჩამოაყალიბონ ხედვა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები გარემოსდაცვით გამოწვევებთან რეაგირების, ადაპტაციისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს.  როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს,  მონპელიე სუპაგროს ბაზაზე ფუნქციონირებს ევროკავშირის ერთ-ერთი პრესტიჟული ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ი, რომლის მასპინძელია აგრო-სექტორისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ფრანგული მაღალკვალიფიციური სასწავლო და კვლევითი ცენტრი L’Institute Agro Montpellier.

ქავერი-3.png

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორი დიპლომი – როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, ასევე Vinifera EuroMaster-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Vinifera EuroMaster-ის პროგრამაში სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი. ინტეგრაცია ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიიღონ ინტერდისციპლინური განათლება მევენახეობა-მეღვინეობის, აგროეკოლოგიისა და კლიმატისადმი მდგრადი მიდგომების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და ევროპის ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთისაგან, აქტიურად ერთვებიან საველე კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ სამეცნიერო და პროფესიულ პოტენციალს. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები, თემატური სემინარები, საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური პროექტები მნიშვნელოვანწილად ემსახურება იმგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სისტემური აზროვნება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ლოკალური ცოდნის ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუციურ მზაობაზე მეტყველებს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოს პოზიციონირებას ღვინის კულტურისა და კლიმატზე მგრძნობიარე აგრარული სისტემების კონტექსტში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ეს საშემოდგომო სკოლა გახდეს ცოდნის გაცვლის, ინოვაციის გაძლიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კატალიზატორი“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ. 

საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დოქტორი პატრის ლალემანი – EMaVE სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი (საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი ან პელეგრინო – ეკოფიზიოლოგიის მიმართულება (Institut Agro Montpellier, საფრანგეთი); დოქტორი შარლი რომიე – ფიზიოლოგიის მიმართულების მკვლევარი (Institut National de Recherche pour l’Agriculture, l’Alimentation et l’Environnement – INRAE, მონპელიე, საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი პასკალ ვეგმანი – ენოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Weincampus Neustadt, გერმანია); დოქტორი, პროფესორი, დავით მაღრაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი; დოქტორი როლანდ ბურდიაშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი; დოქტორი მანუჩარ მესხიძე – კომპანია GWS-ი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი.

სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ICT in Life 2025“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ქართულ-გერმანული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2025”, ჩატარდა.

კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  როგორც ქართველმა, ასევე გერმანელმა სტუდენტებმა მიიღეს. კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტების წახალისება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციური იდეების გაცვლა ისეთ აქტუალურ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება და  ბიოსამედიცინო ინჟინერია.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციაზე სტუდენტებმა თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით  საკუთარ კვლევითი და პრაქტიკული პროექტები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიება ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და  მათ შესაძლებლობას აძლევს, ინიციატივები ფართო აუდიტორიას გააცნონ.

GTU Cover (5).png

„საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life“, უკვე მეოთხე წელია, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ჩატარება ჩვენს ფაკულტეტზე დამკვიდრებულ კარგ აკადემიურ პრაქტიკად იქცა. პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და ინოვაციური იდეები თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე და თანატოლებთან, ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, დაამყარონ მჭიდრო კონტაქტი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გააღრმავონ საკუთარი კვლევითი კომპეტენციები, გაცვალონ ცოდნა, რაც, თავის მხრივ ნიშნავს აიმაღლონ  ინტელექტუალური პოტენციალი, გამოიმუშაონ მაღალი ხარისხის კვლევისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული უნარები და აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესებში. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვის გაფართოებისა და კვლევითი კულტურის გაღრმავებისთვის, ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ინტერდისციპლინარული უნარების გაძლიერებას. კონფერენციის შედეგები, როგორც აკადემიური ხარისხით, ისე მონაწილეთა ჩართულობით, ნათლად ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების წარმატებული მომავლის შექმნაში, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია“, – აცხადებს თალიკო ჟვანია. 

საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – “ICT in Life 2025”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. ორდღიანი კონფერენციის დასასრულ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გერმანელი პროფესორების მხარდაჭერით კონფერენციის მონაწილე სტუდენტთა ნაშრომები გერმანიაში, ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.

სტუ-ში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებას საზღვრები არ აქვს და თანამშრომლობა იაპონიის, ევროპის ქვეყნების და საქართველოს წამყვან სპეციალისტებს შორის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ახალი კვლევების განსახორციელებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევები მიმართულია მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისკენ – მოიცავს მიმართულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს. გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე, ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებები გარდაუვალი საჭიროებაა, ხოლო ბიოსამედიცინო მიმართულებები პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი სამეცნიერო პლატფორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა მეცნიერებმა, ინჟინრებმა და სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება, ხოლო საქართველო გახდეს აქტიური მონაწილე იმ გლობალური პროცესებისა, რითაც მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანმრთელი, უსაფრთხო და მდგრადი სამყარო“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“, შეფასებისას  განაცხადა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის – „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ (სრული სახელწოდება: „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025) – დახურვის ღონისძიება გაიმართა. 

13-PLA.png

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის  ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია;  გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა – პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ;  ვიქტორ მალკა – პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი.

იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ ექვს სესიად წარიმართა.

პირველ სესიაზე, თემით – „ახალი მიდგომები ლაზერით ინდუცირებული მეთოდებსა და ტექნოლოგიებში“, განიხილეს შემდეგი თემები: პროფესორი დიმიტრი ბატანი (საფრანგეთი) – „ლაზერით ინდუცირებული თერმობირთვული სინთეზის მომავალი”; პროფესორი პაატა კერვალიშვილი (საქართველო) – „ლაზერით სინთეზირებული კვანტური მასალები ენერგეტიკისა და გამომთვლელი ხელსაწყოებისათვის“; ტოშიმორი სეკინე (იაპონია) – „გამთბარი, მკვრივი მატერია, რომელიც ხასიათდება ლაზერული დარტყმითი შეკუმშვით“; ალდო ბონასერა (აშშ) –  „ბირთვული ასტროფიზიკა და ლაზერების გამოყენება”. მეორე სესიაზე, რომლის  თემა იყო „ლაზერით მართული ტექნოლოგიები”, მოხსენებებით წარსდგნენ: შიგემორი კეისუკე (იაპონია) – „ლაზერულ-პლაზმური ურთიერთქმედებები“; ვიქტორ მალკა (ისრაელი-რუმინეთი) – „ლაზერით მართული აჩქარებული ელექტრონები და მათი გამოყენება“; ბორის ჩიჩკოვი (გერმანია) –  „ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგიები“. მესამე სესიაზე – „ბირთვული სინთეზი: მეთოდები და ინსტრუმენტები“ განიხილეს შემდეგი თემები: ფაბრიციო კონსოლი (იტალია) – „ნაწილაკების იდენტიფიკაციის თანამედროვე დიაგნოსტიკა ლაზერით ტრიგერირებული ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტებში“; კატარჟინა ბატანი (პოლონეთი-საფრანგეთი) – „პროტონბორის სინთეზი ლაზერით მართული სამედიცინო აპლიკაციებისთვის“. მეოთხე სესიაზე, რომელიც „ნანოობიექტების კვლევისთვის  კოჰერენტულ სინათლეზე დაფუძნებულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს“ მიეძღვნა, მოხსენებებით წარსდგნენ: პაბლო ჩირონე (იტალია) – „ლაზერით მართული ნაწილაკების აჩქარება (იონები/ელექტრონები) სამედიცინო აპლიკაციებისთვის“; კაორუ იამანუჩი (იაპონია) – „მოკლე ლაზერული იმპულსები და ფემტოწამიანი ქიმია“; ზვიად კირტავა და სხვები (საქართველო) –  „ახალი პარადიგმა: თანამედროვე მედიცინაში ფარმაცევტული მიდგომებიდან ბიოფიზიკურზე გადასვლა“; თამარ ბჟალავა და სხვები (საქართველო): „პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლა ოპტიკური სპექტრომეტრიის მეთოდებით“. მეხუთე სესიაზე, თემით – „ლაზერული ფიზიკა და ტექნოლოგიის გამოყენება” მოისმინეს შემდეგი მოხსენებები: ლევან ჩხარტიშვილი და სხვები (საქართველო) – „ბორის იზოტოპებზე დაფუძნებული ნეიტრონების დეტექტირების კონცეფცია“; ამირან ბიბილაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული პლაზმის გამოყენება თხელფენოვანი მასალების მიღების პროცესში“; ნუგზარ ღომიძე და სხვები (საქართველო) – „LIBS ტექნოლოგია პლაზმის დახასიათებისთვის: მონაცემთა დამუშავება და თეორიული ანალიზი”; თამაზ მინაშვილი და სხვები (საქართველო) – „ოქროს ნანოკლასტერების მომზადება GaP (001) ზედაპირზე გალვანური გადაადგილების მეთოდით”; თამარ ბერბერაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული ოპტიკური სპექტრომეტრიის კვლევები ATP რეაქციებში“. მეექვსე სესიაზე კი, რომელიც „ლაზერით განპირობებული ფიზიკისა და ტექნოლოგიის მიღწევების” განხილვას მიეძღვნა, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა კოლეგებს დასკვნითი სიტყვით მიმართეს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025 წლის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

„ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ – იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025), გაიხსნა. 

ღონისძიების მიზანია ლაზერით ინდუცირებული პლაზმის უახლესი კვლევების განხილვა მწვანე ენერგეტიკისა და ბიომედიცინის მიმართულებით, ასევე იაპონიას, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერება. 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები საქართველოდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და პოლონეთიდან. ფორუმი სამ დღეს გასტანს.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მისი თქმით, კონფერენციის ძირითადი თემებია ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღება და მათი მახასიათებლების განსაზღვრა თანამედროვე ლაზერული პლაზმის ტექნოლოგიების გამოყენებით.

11-PLA.png

ვიცე-რექტორის განცხადებით, „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ აგრძელებს ტრადიციას იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ფორუმებისა, რომლებიც წარსულში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა და ბოლოს ბათუმში გაიმართა. მისი შეფასებით, ეს არის ახალი საერთაშორისო შეხვედრების ციკლის დასაწყისი, რომლის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მკვლევართა შთაგონება და გლობალური სამეცნიერო საზოგადოების გაერთიანება მდგრადი ენერგიისა და ჯანდაცვის განვითარების საერთო მისიის გარშემო.

„ლაზერით ინდუცირებული პლაზმა აღარ განიხილება მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის გამოწვევად. იგი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ახალი ეტაპის საწყისად აღიქმება. პლაზმის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სრულიად ახალი მასალები, გავზარდოთ მათი ეფექტიანობა და გავამარტივოთ რთული სტრუქტურების სინთეზი ატომურ და ნანომასშტაბებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღებასა და მათ თვისებებზე, სადაც 2D და 3D სისტემები, მათ შორის სილიკონ–გრაფენის კომპოზიტები, მიმართულების განვითარების რევოლუციურ შესაძლებლობებს გვაძლევს. სამომავლოდ, ეს მასალები განსაზღვრავს მზის ელემენტების ეფექტიანობის ახალ სტანდარტებს, გახდებს საფუძველი სპინტრონიკისა და კვანტური ტექნოლოგიების განვითარებისთვის და განაპირობებს ელექტრონიკისა და ენერგეტიკის ტრანსფორმაციას. კონფერენციაზე, ასევე, განვიხილავთ ლაზერული დეპონირების ტექნიკებს, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი სისუფთავის, მრავალშრიანი სტრუქტურები – აუცილებელი კომპონენტები როგორც ენერგეტიკულ, ისე ბიომედიცინის სფეროებში.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ლაზერით მართული ბირთვული სინთეზი უკვე აღარ არის მხოლოდ შორეული პერსპექტივა. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ფიზიკური მექანიზმების ღრმა შესწავლა, არამედ იმ ტექნოლოგიური გზების ჩამოყალიბება, რომლებიც რეაქტორის შექმნისკენ მიგვიყვანს. გარდა ენერგეტიკისა, პლაზმის გამოყენება ბიომედიცინაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ განვიხილავთ ინოვაციურ სპექტროსკოპიულ Raman, IR, UV, SFG მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მოხდეს პათოგენების სწრაფი იდენტიფიკაცია, ნანოსტრუქტურული ბიოსენსორების შექმნა და ლაზერული მიდგომების დანერგვა ბირთვულ მედიცინაში. „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ არ არის ერთჯერადი შეხვედრა. ამით გრძელდება იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ტრადიცია და ამავდროულად, ეს არის ახალი საერთაშორისო კოლაბორაციის დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი კვლევების გაძლიერებას ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით და სამეცნიერო საზოგადოების კონსოლიდაციას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ენერგიისა და ბიომედიცინის გლობალური გამოწვევების გადაჭრაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ინოვაციური გზების ჩამოყალიბებას და ქართული მეცნიერების პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის  ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია;  გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა – პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ;  ვიქტორ მალკა – პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი. 

იაპონია-საქართველო-ევროპის ვორქშოპი/კონფერენცია ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების განხილვის ფორმატში პირველი ეტაპია სამომავლო ღონისძიებების ციკლისა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბირთვული და ლაზერული ფიზიკის მოწინავე მეთოდებთან, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან ენერგეტიკისა და ბიომედიცინის სფეროებში.

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის და CERN-ის ახლადარჩეული, მომავალი გენერალური დირექტორის, მარკ თომსონის შეხვედრა ჟენევაში გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ჟენევაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრში – ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN – the European Organization for Nuclear Research) სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს, პროფესორ მარკ თომსონს, სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ გოტიე ამელ დე მონშენოს, CERN/ATLAS კოლაბორაციის სპოუქსპერსონს – სტეფან ვილოქს, CERN/CMS კოლაბორაციის ლიდერს და სტუ-ის პროფესორს – ტიციანო კამპორეზის შეხვდა.

სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განიხილავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის გაფართოების გზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორიცაა მაღალი და ზემაღალი ენერგიების ფიზიკა, ნაწილაკთა ამაჩქარებლების ტექნოლოგიები, ინოვაციური მასალები და კომპიუტერული მოდელირება. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს სტუ-ის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, რათა მათ შეძლონ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროგრამებში და მიიღონ უნიკალური გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებში.

შიდა-30.09.2025-სტუ-რექტორი-CERN გენდირექტორი მარკ ტომსონი-შეხვედრა-ჟენევა.jpeg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან თანამშრომლობას, რადგან ეს არის ის პლატფორმა, სადაც ყალიბდება თანამედროვე მეცნიერების გლობალური დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთონ ისეთ ექსპერიმენტებსა და კვლევებში, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ფიზიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინფორმაციული მეცნიერებების განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია, გახდეს ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო ჰაბი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო პარტნიორებს და შექმნის მყარ საფუძველს ახალი თაობის მეცნიერთა ჩამოყალიბებისთვის. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მომავალ გენერალურ დირექტორთან, პროფესორ მარკ თომსონთან. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა მრავალთაგან: მჯერა, რომ CERN-თან თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო სფეროს მომავალისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის პარტნიორობას.დღეს ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და გაფართოებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული და ევროპული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის უფრო მეტად დაახლოებასა და ქართული განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს გივი მიქანაძეს. მათი მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ქართულმა უნივერსიტეტებმა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან, განავითარონ ინოვაციური პროექტები, აღზარდონ ახალი თაობის მეცნიერები და გახადონ საქართველო რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი შესაძლებლობების ცენტრი“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის, 2024 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის HL-LHC -ს მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. 2025 წლის თებერვლის თვეში მათ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – წარმატებით დასრულდა 80 უახლესი iRPC კამერისა და მათთვის საჭირო ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საერთაშორისო სომელიეთა გილდიის პრეზიდენტს ჯოზეფ მილერს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის საერთაშორისო სომელიეთა გილდიის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ, საერთაშორისო სომელიეთა გილდიის (International Sommelier Guild, ISG) პრეზიდენტს  ჯოზეფ მილერს და სომელიეთა სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა  თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

რექტორმა და სომელიეთა გილდიის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საერთო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე. 

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს გააცნო სტუ-ში განხორციელებლული  ინოვაციური პროექტები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება. რექტორის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუდენტების პროფესიულ შესაძლებლობებს და დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

GTU Cover GTU.png

დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, ტურიზმის გაძლიერებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო აქტიურ პოპულარიზაციას მსოფლიო არენაზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების პრიორიტეტებს. მეღვინეობა, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, ჩვენთვის არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინტერესის სფეროა. უნივერსიტეტი წლებია მუშაობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, რათა მომავალ თაობას მიეცეს შესაძლებლობა ღრმად შეისწავლოს როგორც ტექნოლოგიური პროცესები, ისე ღვინის კულტურის მნიშვნელობა. საერთაშორისო სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ საგანმანათლებლო სივრცე და უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ სომელიეთა პროფესიული კურსი, რომელიც დააკავშირებს ქართულ მეღვინეობის გამოცდილებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული პრაქტიკის გაძლიერებას მოემსახურება, რაც მომავალ სომელიეებს საშუალებას მისცემს, გახდნენ საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები გლობალურ მასშტაბზე“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ISG-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე ტურიზმისა და ღვინის კულტურის უფრო მეტად განვითარებისათვის. მისი თქმით, საერთაშორისო სომელიეთა გილდია დაინტერესებულია პარტნიორობით, რომელიც მოიცავს ერთობლივ სასწავლო კურსებს, ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებს.

მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პროფესიულ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. 

Support

Why are you writing to us?