საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში
დეტალები:
9 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით – „წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობს ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“, რომლის მიზანია მდგრადი სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხელშეწყობა, საოჯახო მეურნეობების ეკონომიკური გაძლიერება და ევროპული გამოცდილების გაზიარება სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების (Short Food Supply Chains – SFSC) მიმართულებით.
პროექტი აერთიანებს ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებს, მათ შორის მენდელის უნივერსიტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა), პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტს (პოლონეთი), სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს ნიტრაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მომზადდა წიგნი, რომელიც ასახავს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმატებულ პრაქტიკებს სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების განვითარებაში.
წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელშიც თავმოყრილია საოჯახო მეურნეობების განვითარების წარმატებული მაგალითები, ინოვაციური ბიზნესმოდელები და სტრატეგიები, რომლებიც ფერმერებს ეხმარება პროდუქციის დამატებითი ღირებულების შექმნაში, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირების გაძლიერებაში. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისა და სოფლის რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებს.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება პროექტის კოორდინატორი, მენდელის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ექსპერტი ივო ზდრაჰალი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს პროექტის ძირითად შედეგებს, ევროპულ გამოცდილებასა და სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების განვითარების თანამედროვე მიდგომებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართული პროექტის კვლევით საქმიანობაში, ცოდნის გავრცელებისა და საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დანერგვის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მკვლევრები, სტუდენტები, ფერმერები, აგრობიზნესის სფეროს წარმომადგენლები და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ საქართველოს აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებზე, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზებსა და ადგილობრივი სასურსათო სისტემების მომავლის შესახებ.
ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს და მიზნად ისახავს მეცნიერების, განათლებისა და პრაქტიკის დაახლოებას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ინტერესებში.