გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფით აღინიშნა. ღონისძიება აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა და სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკებს დაეთმო.

ვორქშოფში სტუდენტები, უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიების წარმომადგენლები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები კომპანიები – RMG-ი და WasteLess-ი იყვნენ.

ვორქშოპი აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მადლობა გადაუხადა პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერებს იმ დიდი ღვაწლისათვის, რაც ათწლეულების მანძილზე გარემოსდამცველთა აღზრდას და გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევების განხორციელებას უკავშირდება.

პროფესორმა ლიანა თარგამაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გლობალურ და რეგიონულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას, მათ შორის – სამრეწველო ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებისა და ინდუსტრიული განვითარების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ინჟინრების მომზადებას. როგორც ლიანა თარგამაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი უკვე 45 წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორედ ამ მიმართულებით: აერთიანებს განათლებას, კვლევასა და პრაქტიკას, ამზადებს პროფესიონალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პროცესებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ვორქშოფის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თანამედროვე ვეისტ მენეჯმენტის შესახებ საჯარო ლექციები ჩაატარეს სფეროს პროფესიონალებმა. კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითმა მმართველმა კონსტანტინე ხაჭაპურიძემ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ისაუბრა, ხოლო კომპანია WasteLess-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი გულიაშვილმა სპეციფიური ნარჩენების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ვორქშოფის მონაწილეთა წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგა აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირის გაღრმავებას.

პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც განათლების ხარისხის ამაღლების, ისე გამოყენებითი კვლევების განვითარების კუთხით, ასევე ისაუბრა სამომავლო ერთობლივი პროექტების, ინოვაციური კვლევებისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაფართოების ძირითად მიმართულებებზე.

ვორქშოფის – „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკაში გამოყენება“ – ფარგლებში, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებისთვის RMG-ის ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური ტური, რომელზეც კომპანიის სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საწარმოო პროცესების შედეგად წარმოქმნილი სამრეწველო და სახიფათო ნარჩენის მართვის მეთოდები გააცნეს.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ