პროექტის „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ გახსნის ღონისძიებას “ლისი ლემანსი” უმასპინძლებს
დეტალები:
25 ოქტომბერს, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება. გახსნის ღონისძიებას “ლისი ლემანსი” უმასპინძლებს.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფაკულტეტებს შორის შეჯიბრებების გზით სტუდენტთა სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას.
პროექტი სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სთავაზობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრს – პადელი, კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, რაგბი, ცურვა და კიდევ ბევრი სხვა აქტივობა.
გარდა ამისა, გაიმართება ინტელექტუალური კონკურსები – „რა? სად? როდის?“, „წიგნების თარო“, დებატები, სპორტული ვიქტორინა და ესეების კონკურსი; კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები – ხატვა, ცეკვა, სიმღერა, თეატრი, ფოტოკონკურსი და გამოფენა.
სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და თითოეულ მონაწილეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოცდილების მიღებისა და დაუვიწყარი საუნივერსიტეტო მოგონებების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.