საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასშტაბურ საერთაშორისო ტრენინგს – „Forge AI Uplift Program №2“-ს მასპინძლობს
დეტალები:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით რიგით მეორე ინტენსიური სასწავლო ტრენინგი – „Forge AI Uplift Program №2“ – ჩატარდება. ორდღიანი პროგრამა (3-4 ნოემბერი, 2026 წ.) მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემისა და კვლევითი მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიება აერთიანებს წამყვან ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს (DFKI), კომპანიებს კრეატივ კლასტერი (Creative Cluster), ტრიატლონი (Triathlon), ასევე ციფრული მმართველობის სააგენტოს (YNN), ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (SR).
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე (ზუსტი მისამართისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს რეგისტრაციის შემდგომ ეცნობებათ).
პროგრამის ძირითადი თემები და დღის წესრიგი.
3 ნოემბერი (სამშაბათი) – სტარტაპების ეკოსისტემა და პრაქტიკული ვორქშოფები (Workshops) ღონისძიების პირველი დღე სრულად დაეთმობა ტექნოლოგიური ბიზნესის საფუძვლებს:
- წარმატებული ქართული ქეისები (Cases): მონაწილეები გაეცნობიან წარმატებული ადგილობრივი სტარტაპების (Helio AI/DAL) გამოცდილებას.
- მსოფლიო კაფე (World Café): მოეწყობა სამი მბრუნავი მაგიდა, რომლებზეც მენტორები მონაწილეებს ეხმარებიან ტექნიკური (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი – MVP, პროტოტიპირება, ტექნოლოგიური სტეკი – Tech Stack, მასშტაბირება), ბიზნეს (ბაზართან შესაბამისობა – Market Fit, ფასწარმოება, კლიენტების მოზიდვა) და პიროვნული თუ სოციალური უნარების (Soft Skills – ლიდერობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა) გამოწვევებში.
- სტარტაპ გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკუმი (Startup Problem-Solving Clinics): გუნდები იმუშავებენ კონკრეტულ გამოწვევებზე და მენტორებთან ერთად შეიმუშავებენ 3-ნაბიჯიან სამოქმედო გეგმას.
- სტარტაპ იდეების წარდგენის სესია (Pitching Session): დღის ბოლოს მონაწილეები საკუთარ პროექტებს ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიას წარუდგენენ.
4 ნოემბერი (ოთხშაბათი) – კვლევების მენეჯმენტი და ევროპული რეგულაციები (EU AI Act) მეორე დღე დაეთმობა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და სამართლებრივ ჩარჩოებს:
- ვორქშოფი კვლევის მენეჯერებისთვის: ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის სერვისების განხილვა.
- დაფინანსების ინსტრუმენტები: ევროპული და ქართული საგრანტო შესაძლებლობები კვლევითი მობილობისთვის.
- პროექტების წერა: ჩატარდება პრაქტიკული სემინარი კვლევითი და ინოვაციური საპროექტო განაცხადების (Research and Innovation Proposal) მომზადების შესახებ.
- ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act): განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპულ რეგულაციებს, მონაცემთა დაცვას (GDPR), მათ იმპლემენტაციასა და ქართულ პერსპექტივას. ასევე, წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამოცდილება სომხეთში.
დღის ბოლოს გაიმართება პროექტის სამუშაო შეხვედრა მივლინებაში გასაგზავნ მკვლევრებთან (secondees). შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო მივლინებების (secondments) ორგანიზების საკითხები.