პროექტის მოკლე აღწერა

გლობალურმა დათბობამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა თბილისის მიმდებარედ არსებული ტყემცენარეულობის ზრდა-განვითარების, ბუნებრივი განახლებისა და სხვა მახასიათებლების დღევანდელ მდგომარეობაზე, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუსწავლელი იყო, ამიტომ დღის წესრიგში დადგა შესაბამისი კვლევებისა და ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა ქალაქის შემოგარენში ტყის ეკოსისტემების ოპტიმიზაციის მიზნით. აღნიშნულის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელი შეეწყოს მათ გაუმჯობესებას, ქალაქისა და მიმდებარედ დასახლებული პუნქტების მოსახლეობის არსებობისათვის აუცილებელი საარსებო გარემოს შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. თბილისის გარე პერიმეტრის მუხნარებში (Q. iberica), რცხილნარებსა (C. caucasica) და სხვა მერქნიანების კორომებში ბუნებრივი განახლების (თესლითი, ვეგეტატიური), სახეობათა ცვლის, ფიტოსანიტარული მდგომარეობისა და ზრდა-განვითარების რიგ მახასიათებლებზე დაკვირვებით, ახლო და შორეულ მომავალში ზოგადად ტყეების არსებობის, მათი სავარაუდო მდგომარეობისა და უმთავრესი ფუნქციების შესრულების შესაძლო პოტენციალის პროგნოზირებაა შესაძლებელი.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
პროფ. გ. გაგოშიძე
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • ასოც. პროფ. ზ. ტიგინაშვილი (მეტყევე ექსპერტი)
  • დოქტორანტი გ. ჯინჭარაძე (სპეციალისტი)

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

2020 წელს ჩვენ მიერ კვლევები ჩატარებული იქნა წყნეთისა და ახალდაბის მიდამოებში, ქართული მუხისა და მასთან თანამზარდი სხვა მერქნიანების (კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი იფანი, მინდვრის თელა, უხრავი, კავკასიური ცაცხვი და სხვა უმნიშვნელოდ წარმოდგენილი სახეობები) ბუნებრივი განახლების შესწავლის მიზნით. შვიდი სანიმუშო ფართობის საშუალო მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ძირითადი სახეობის – მუხის ვეგეტაციური განახლება უპირატესად პირუტყვის დაურეგულირებელი ძოვებისა და მოსახლეობის მიერ ამონაყარის უსისტემოდ მოპოვების გამო პრაქტიკულად არ არსებობს და იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ მერქნიანებზეც. რაც შეეხება ასევე მუხისა და სხვა სახეობების ბუნებრივ თესლით განახლებას, საიმედო მოზარდის რაოდენობის მიხედვით აღნიშნული პარამეტრის შეფასების დღეისათვის არსებული მეთოდიკის საფუძველზე, იგი სანიმუშო ფართობებზე კვლევის შედეგად მოპოვებული მასალის საშუალო მონაცემებით – არადამაკმაყოფილებელია, რისი მიზეზიც გარდა ანთროპოგენული ფაქტორისა, კლიმატური, კერძოდ ჰაერის ტემპერატურის მატებისა და მის საფუძველზე ტყემცენარეულობის ბიოლოგიურად დასუსტების, აქედან გამომდინარე სხვა ბიოტური ფაქტორების, განსაკუთრებით, მავნე ორგანიზმების გააქტიურების, ჰაერის ფარდობითი ტენიანობი შემცირებისა და ტყეზე მომქმედი სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორების უარყოფითი გავლენაცაა.

კვლევის შედეგების მიხედვით ასევე გამოიკვეთა უაღრესად საგულისხმო და არასასურველი პროცესის მიმდინარეობის ფაქტიც, რომელიც ბოლო წლებში შესამჩნევად პროგრესირდება. საქმე ეხება უძოს მთის მიდამოებში ეროზიული და მეწყერული პროცესების გააქტიურების ტენდენციას, რაც უახლოეს პერიოდში დეტალური კვლევისა და შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას საჭიროებს. სავალალო შედეგი უკვე სახეზეა და იგი გულისხმობს არამხოლოდ მიწის მოზრდილი მასების ნგრევისა და ჩამოშლის შეუქცევადი პროცესის მიმდინარეობას, არამედ ასევე მათზე განვითარებული ტყის გარკვეული მონაკვეთების მოწყვეტასა და ხევის სიღრმეში ჩაცურებას, რაც იქვე ჩამდინარე წყლის დაგუბების საშიშროებას ქმნის თანმდევი შედეგებით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?