„ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ – იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025), გაიხსნა.
ღონისძიების მიზანია ლაზერით ინდუცირებული პლაზმის უახლესი კვლევების განხილვა მწვანე ენერგეტიკისა და ბიომედიცინის მიმართულებით, ასევე იაპონიას, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები საქართველოდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და პოლონეთიდან. ფორუმი სამ დღეს გასტანს.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მისი თქმით, კონფერენციის ძირითადი თემებია ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღება და მათი მახასიათებლების განსაზღვრა თანამედროვე ლაზერული პლაზმის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ვიცე-რექტორის განცხადებით, „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ აგრძელებს ტრადიციას იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ფორუმებისა, რომლებიც წარსულში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა და ბოლოს ბათუმში გაიმართა. მისი შეფასებით, ეს არის ახალი საერთაშორისო შეხვედრების ციკლის დასაწყისი, რომლის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მკვლევართა შთაგონება და გლობალური სამეცნიერო საზოგადოების გაერთიანება მდგრადი ენერგიისა და ჯანდაცვის განვითარების საერთო მისიის გარშემო.
„ლაზერით ინდუცირებული პლაზმა აღარ განიხილება მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის გამოწვევად. იგი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ახალი ეტაპის საწყისად აღიქმება. პლაზმის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სრულიად ახალი მასალები, გავზარდოთ მათი ეფექტიანობა და გავამარტივოთ რთული სტრუქტურების სინთეზი ატომურ და ნანომასშტაბებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღებასა და მათ თვისებებზე, სადაც 2D და 3D სისტემები, მათ შორის სილიკონ–გრაფენის კომპოზიტები, მიმართულების განვითარების რევოლუციურ შესაძლებლობებს გვაძლევს. სამომავლოდ, ეს მასალები განსაზღვრავს მზის ელემენტების ეფექტიანობის ახალ სტანდარტებს, გახდებს საფუძველი სპინტრონიკისა და კვანტური ტექნოლოგიების განვითარებისთვის და განაპირობებს ელექტრონიკისა და ენერგეტიკის ტრანსფორმაციას. კონფერენციაზე, ასევე, განვიხილავთ ლაზერული დეპონირების ტექნიკებს, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი სისუფთავის, მრავალშრიანი სტრუქტურები – აუცილებელი კომპონენტები როგორც ენერგეტიკულ, ისე ბიომედიცინის სფეროებში.
რაც შეეხება ენერგეტიკას, ლაზერით მართული ბირთვული სინთეზი უკვე აღარ არის მხოლოდ შორეული პერსპექტივა. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ფიზიკური მექანიზმების ღრმა შესწავლა, არამედ იმ ტექნოლოგიური გზების ჩამოყალიბება, რომლებიც რეაქტორის შექმნისკენ მიგვიყვანს. გარდა ენერგეტიკისა, პლაზმის გამოყენება ბიომედიცინაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ განვიხილავთ ინოვაციურ სპექტროსკოპიულ Raman, IR, UV, SFG მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მოხდეს პათოგენების სწრაფი იდენტიფიკაცია, ნანოსტრუქტურული ბიოსენსორების შექმნა და ლაზერული მიდგომების დანერგვა ბირთვულ მედიცინაში. „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ არ არის ერთჯერადი შეხვედრა. ამით გრძელდება იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ტრადიცია და ამავდროულად, ეს არის ახალი საერთაშორისო კოლაბორაციის დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი კვლევების გაძლიერებას ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით და სამეცნიერო საზოგადოების კონსოლიდაციას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ენერგიისა და ბიომედიცინის გლობალური გამოწვევების გადაჭრაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური გზების ჩამოყალიბებას და ქართული მეცნიერების პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია; გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა – პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ; ვიქტორ მალკა – პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი.
იაპონია-საქართველო-ევროპის ვორქშოპი/კონფერენცია ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების განხილვის ფორმატში პირველი ეტაპია სამომავლო ღონისძიებების ციკლისა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბირთვული და ლაზერული ფიზიკის მოწინავე მეთოდებთან, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან ენერგეტიკისა და ბიომედიცინის სფეროებში.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...