ისტორია

საქართველოს დედაქალაქი თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია.  იგი მე-5 საუკუნეში, კერძოდ 450-იან წლებში, მეფე ვახტანგ გორგასალმა ააშენა.

თბილისის ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. ქალაქის ისტორიულ უბანში – აბანოთუბანში – ძ.წ.  I -III ათასწლეულის ნაქალაქარი და რომაული ტიპის აბანოს ნაშთებია აღმოჩენილი, რაც მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიანიშნებს.

აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისი ყოველთვის მშობლიური სახლი იყო სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანებისთვის. ის მრავალეთნოსური და მრავალრელიგიური ქალაქია.

ქალაქის მდიდარი ისტორია ასახულია მის არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაში – დღევანდელი თბილისი ქართული, სპარსული, რუსული და ევროპული არქიტექტურული სტილების ნაზავია, რომელიც უნიკალურ ურბანულ პეიზაჟს ქმნის.

გეოგრაფია

თბილისი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე. მთაწმინდის სიმაღლე კი, რომელიც ყველაზე ცნობილი მთაა თბილისის გარემომცველი მთებიდან, ზღვის დონიდან 719 მეტრს აღწევს.

საცხოვრებელი უბნებს შორის ყველაზე მაღლაა ე. წ. ნუცუბიძის პლატო – ზღვის დონიდან 700 მ-ზე.

ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.

კლიმატი

თბილისში ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა მაღალია და 12,2 გრადუსს აღწევს. ყველაზე ცივი თვე იანვარია – საშუალო ტემპერატურა 0.9 გრადუსია. ყველაზე ცხელი თვე ივლისია – საშუალო ტემპერატურით 24.4 გრადუსი. თოვლი წელიწადში საშუალოდ 15 დღე მოდის.

თბილისში ნალექი მცირე იცის, ჰაერი მშრალია. ქალაქი დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რის გამო ღრუბლიანობა მცირეა, ხოლო მზიანი დღეები უხვი და ხანგრძლივი.

სტრატეგიული მნიშვნელობა

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი).

ქალაქი თბილისი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო ჰაბის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი და სომხეთი) გზაგასაყარზე.

თბილისური ღირსშესანიშნაობები

როცა ამ უძველესი ისტორიის მქონე ქალაქში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ, ფეხით მოიაროთ ძველი უბნების მოკირწყლული ქუჩები, სადაც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; ესტუმროთ მუზეუმებს, სადაც გამოფენილია საქართველოს მდიდარი წარსული; დაისვენოთ თანამედროვე პარკებსა და ბაღებში და პატარა, მყუდრო კაფეებში ქართული ღვინო და უნიკალური ქართული კერძებიც დააგემოვნოთ.

გირჩევთ, ამ ღირსშესანიშნაობების მონახულებით დაიწყოთ თბილისის გაცნობა:

ნარიყალა და აბანოთუბანი: თბილისის უძველესი უბანი და მისი განსაკუთრებული ეგზოტიკა – XVIII საუკუნის ჭრელი, გუმბათოვანი აბანოები, სადაც ბუნებრივად თბილი, გოგირდიანი წყალი მოდის.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (სამება): ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ელიას გორაზე (ავლაბარი) მდებარეობს. ტაძრის არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი (1951-2020) ­­- აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1973 წ.).

მშვიდობის ხიდი: თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში ძველ უბანში, მდინარე მტკვარზე. ეს საფეხმავლო ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს.

რუსთაველის გამზირი – ოპერისა და ბალეტის თეატრის უნიკალური შენობა, პარლამენტი, ეროვნული გალერეა, რუსთაველის თეატრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და ქაშვეთის ეკლესია, მაღაზიები, კაფეები, გამწვანებული სკვერები.

მეტეხის ტაძარი და თბილისის დამაარსებელი მეფის, ვახტანგ გორგასლის მონუმენტი:  თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული ადგილია. აქედან ხელის გულზე მოჩანს აბანოთუბანი.

მწვანე სივრცეები თბილისში

თბილისის ლანდშაფტი მრავალფეროვანია, კლიმატი კი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, რაც ხელს უწყობს ქალაქში მრავალი მწვანე სივრცის არსებობას. ქალაქის პარკებში დასვენება, სეირნობა, ვარჯიში თითქმის მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნოა.

რიყის პარკი: ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე მდებარე თანამედროვე დასასვენებელი სივრცე. აქედან საბაგირო გზით შეგიძლიათ პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრეზე ახვიდეთ.

მთაწმინდის პარკი: ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი (719 მ). აქედან მთელი თბილისის ხედი იშლება.

ვაკის პარკი და კუს ტბა: სტუდენტების საყვარელი მარშრუტი. ვაკის პარკიდან საბაგიროთი ან საფეხმავლო გზით ახვალთ კუს ტბაზე, რომელიც ზაფხულში საცურაოდ და მზის აბაზანებისთვის საუკეთესო ადგილია. თუ ფეხით აუყვებით, გზად ეთნოგრაფიული მუზეუმი შეგხვდებათ, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია და ქვეყნის მრავალფეროვან ეთნოკულტურას  ასახავს.

ლისის ტბა: მდებარეობს ქალაქის მაღალ ნაწილში, ნუცუბიძის პლატოსთან ახლოს (700 მ ზღვის დონიდან). ეს არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ველოსიპედით სეირნობისა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებისთვის.

ბოტანიკური ბაღი: ნარიყალას ციხესიმაგრის ძირში მდებარე ეს მწვანე ოაზისი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ეგზოტიკური ყვავილები, სიმშვიდე და ჩანჩქერის ყურება უყვარს.

თბილისის ზღვა და დენდროლოგიური პარკი: ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე წყალსაცავი, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ იახტ-კლუბს ან დაისვენოთ კეთილმოწყობილ პარკში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?