საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაარსებიდან 104-ე წლისთავი ახლად განაშენიანებულ ბაღში გიორგი ნიკოლაძის ძეგლის გახსნით აღნიშნა

სიახლეები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლიანი ისტორია ნათლად ასახავს იმ უწყვეტ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი უმაღლესი სკოლის როლს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტი ეყრდნობა აკადემიურ ტრადიციებს, ხელს უწყობს საინჟინრო აზრისა და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებას, აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო კვლევების გაფართოებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ კვლევებს, რომლებიც ინტეგრირებულია სარეგულაციო სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებასთან. უნივერსიტეტი კვლავინდებურად რჩება ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესის, ინოვაციური კვლევებისა და პროფესიული განათლების მნიშვნელოვან სეგმენტად. ჩვენი მთავარი მიზანია ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა, ინოვაციური კვლევების განვითარება და ისეთი პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამებიან. ახალი კვლევითი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ლაბორატორიები, მათ შორის სტროუ ლაბორატორია, ინოვაცია, რომელიც დაინერგა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში და პირველად განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, დიდ მნიშვნელობას ატარებს როგორც სამეცნიერო, ისე ეროვნული თვალსაზრისით და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მყარ საფუძველს ქმნის “, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის დაარსებიდან 104 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრები, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია, მეუფე აბბა ალავერდელი, მიტროპოლიტი დავითი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეგი, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, მეუფე სვიმონი, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, ქართული მეცნიერებისა და ტექნიკური აზრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის – გიორგი ნიკოლაძის ძეგლისა და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის მემორიალური სკულპტურის გახსნის საზეიმო ცერემონიით დაიწყო.

გიორგი ნიკოლაძის ძეგლი და ქართული კოსმოსური ობიექტის მემორიალური სკულპტურა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადგანაშენიანებულ ბაღში გახსნეს.

სტუ-ის რექტორმა, ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მათემატიკოსის, მეტალურგის, ტერმინოლოგის, გამომგონებლისა და სპორტსმენის (ტანმოვარჯიშე და მთასვლელი) – გიორგი ნიკოლაძის ძეგლის ავტორს, მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილს, არქიტექტურული ნაწილის ავტორებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს – გოგი სალუქვაძესა და რატი მეფარიძეს, კონსტრუქტორ ლევან ზამბახიძეს რეალისტური ძეგლის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციებს და უკვდავყოფს სახელოვან მამულიშვილთა ხსოვნას, რისი დასტურიც გიორგი ნიკოლაძის მედლის არსებობაა, რომლსაც უნივერსიტეტი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამშრომლებს ხანგრძლივი, ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადასცემს. ასევე, უნივერსიტეტმა აღადგინა გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება – „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრი“, რომელმაც ფაქტობრივად, საქართველოში ინფორმატიკასა და გამოთვილით ტექნიკას დაუდო სათავე.

„შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ჩვენი საზეიმო ღონისძიება გიორგი ნიკოლაძის ძეგლისა და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის მემორიალური სკულპტურის გახსნით დავიწყეთ. გიორგი ნიკოლაძე ქართული ტექნიკური აზრისა და მეცნიერული შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის შრომამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ტექნიკური განათლებისა და საინჟინრო კვლევების განვითარებას საქართველოში, ხოლო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომლის გენერალური კონსტრუქტორია აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე დღემდე ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება. დღეს ჩვენ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ ცოტა ხნის წინ გახსნილი უნიკალური სტროუ ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა საინჟინრო ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები, მსოფლიოში პირველად, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სტროუ ტრეკულ მილებს დაამზადებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი ესოდენ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძის მხარდაჭერა. მთავრობისა და სამინისტროს ინიციატივებითა და ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა მყარი საფუძველი თანამედროვე ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ტექნიკური განათლების მაღალი სტანდარტი და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩვენი მეცნიერების აქტიური მონაწილეობა. დღეს, როდესაც მსოფლიო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაშია, ჩვენი პრიორიტეტია სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კვლევები ერთმანეთს ერწყმის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებით და იმ სტუდენტებით, რომლებიც ხვალ ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს უზრუნველყოფენ. ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსებიდან 104-ე წლისთავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ ოჯახს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

ღონისძიების ფარგლებში წმინდა გიორგის სახელობის საუნივერსიტეტო სამლოცველოში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, ხოლო ღონისძიების მხატვრულ მხარეზე იზრუნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა და მათ შორის უძველესმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, როგორიცაა: იოსებ კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასი, ჯაზ-ორკესტრის წევრები და ანსამბლი „ფესვები“.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ