სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა.
სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.
ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე იკვეთება აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები, მზადდება ნიადაგი მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის.

„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს – სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას.
ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციები ხვდება უდიდეს პასუხისმგებლობას. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, მოითხოვს არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას, არამედ ეთიკურ მიდგომასაც.
სწორედ მსგავს ფორუმებზე ნათლად იკვეთება აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები, მზადდება ნიადაგი აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა – ეს არის ჩვენი ერთობლივი სწრაფვა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტეტს, კომპანიებს – Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს – ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.
როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავს ორ მნიშვნელოვან პანელს, სადაც გაიმართება სიღრმისეული განხილვები ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება.

„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია – თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი – თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი – თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ის დოქტორანტი გიორგი იაშვილი – თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე – თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური – თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.
სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ – თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში – როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ – თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირერესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა – თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად – პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა – თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ის დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ – თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...