სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა დელეგაციამ ხუთდღიან საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრარული სექტორისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. უნივერსიტეტი მრავალი წელია მიზანმიმართულად მუშაობს ადგილობრივი პრაქტიკის ანალიზზე, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლასა და მისი ჩვენი ქვეყნის პირობებთან შესაბამისობაში ადაპტირებაზე, რაც, თავის მხრივ ემსახურება საქართველოში მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის მოდელის ჩამოყალიბებას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დელეგაციამ საერთაშორისო პროექტის – „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“ – ფარგლებში, ჩეხეთში გამართულ ხუთდღიან საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა.
პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სოფლის მეურნეობის სექტორი ძირითადად ოჯახურ მეურნეობებზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ მეურნეობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ ძირითადი გამოწვევა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მდგრადი პოზიციის შენარჩუნებაა.
როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, პროექტის მიზანი სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირება და პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში უკვე აპრობირებულ, წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ბიზნესსტრატეგიებისა და მოდელების გაზიარებაა, რაც საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ოჯახური მეურნეობების გაძლიერებას და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) დანერგვას შეუწყობს ხელს.
„SFSC-ის მოდელი ეფუძნება ადგილობრივი ბაზრების გამოყენებას, პროდუქციის ფერმიდან პირდაპირ გაყიდვას, სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენებასა და მარკეტინგის ინოვაციურ მიდგომებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფერმერებისა და მომხმარებლების შორის კავშირის აღდგენას და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ინიციატივებში, რომლებიც ორიენტირებულია ფერმერთა საქმიანობაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული სექტორის მხარდაჭერა მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლოს და მჭიდროდ უკავშირდებოდეს ადგილობრივ საჭიროებებსა და პრაქტიკულ განვითარებას. მიმდინარე პროექტი ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) მოდელები აითვისონ, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ ბაზარზე პოზიციონირებასა და მდგრად განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან საქართველოში, სადაც მათთან მოხდება პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, მორგებული ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ რეალობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით დანერგონ SFSC პრინციპები თავიანთ საქმიანობაში და გააძლიერონ ეკონომიკური მდგრადობა“, – აცხადებს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი.
საერთაშორისო პროექტი – „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“, Visegrad+ Grants-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...