სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები – პროფესორები: თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით გურგენიძემ დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში წარმატებები უსურვა.
რექტორმა თურქმენეთის ელჩს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ესაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების, ასევე, იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ, რაც ქართულ უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან აკავშირებს.
მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები განიხილეს.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დაახლოებისა და ხედვების შეჯერების პროცესში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქტიურად განიხილება ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეების ინტეგრაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია თურქმენეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციების ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იულიხის კვლევითი ცენტრი გერმანიაში და ა.შ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თანამშრომლობა გააღრმაოს თურქმენეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, როგორც საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში. გარდა ამისა, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქმენ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას მიიღებენ, ექნებათ წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან და შესაძლებლობა, გამოიმუშაონ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია მომავალში გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი გახდება“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა ქართულ მხარეს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ასევე, თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა საგანმანათლებლო სფეროში ორი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და რექტორს საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თურქმენეთის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში თურქმენეთის ელჩმა ურთიერთობების მრავალმხრივი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრის შემდეგ თურქმენეთის ელჩმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...