სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ კონცერტი გამართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე კონცერტით წარდგა. 
ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებით  ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 44 წლის განმავლობაში, საუნივერსიტეტო კაპელას სათავეში უდგას მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, უნივერსიტეტში მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა შექმნა მძლავრი ტრადიცია, რომელსაც ვაჟთა სახალხო კაპელა ღირსეულად აგრძელებს.

სტუ-ის ვაჟთა კაპელა

„60 წლის განმავლობაში მრავალი თაობის სტუდენტი, ხელმძღვანელი და თანამოაზრე ქმნიდა ვაჟთა სახალხო კაპელას, სადაც თავიანთი შემოქმედებითი გზა დაიწყეს ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა; ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ; ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ; „ცისფერმა ტრიომ“ – დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ; „ტრიო თბილისმა“ (ზაზა მამალაძე, რევაზ გუნიავა, ნუგზარ აფხაიძე); ტრიო “სიმმა“ (ზაზა ვეფხვაძე, რეზო გელაშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი); ანსამბლმა „მგზავრებმა“ (გიგი დედალამაზიშვილი, ლაშა დოხნაძე, დათო გოგელია, ბეჟან ამირანაშვილი, გუგა კუბლაშვილი); ანსამბლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ; „ქართული ხმების“ წევრებმა, ძმებმა ბაკურაძეებმა; ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა; ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ.

 საქართველოში ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ, მათ შორის არის: „ერისიონი“, „რუსთავი“, საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები.
ექვსი ათეული წელი იყო სიხარულით სავსე შრომის, ხელოვნების სიყვარულით გაჯერებული კონცერტებისა და კულტურული ხიდების გაბმის პერიოდი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. მუსიკა, სიმღერა, ხალხური ტრადიციები და ერთობა, რასაც ჩვენი კაპელა მთელი 60 წლის განმავლობაში ამკვიდრებდა, ქმნის განათლების ორგანულ ნაწილს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თითოეულ ახალგაზრდას სთავაზობს. ამაშია ჩვენი განსაკუთრებულობა –  სტუდენტებს არა მხოლოდ ინჟინერიას, ტექნოლოგიებსა და მეცნიერებას ვასწავლით, არამედ ვუღვივებთ ხელოვნებისადმი სიყვარულს. ამ გზის გაგრძელება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
შეუძლებელია ხაზგასმით არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის შესახებ. სწორედ, აკადემიკოს დავით გურგენიძის ძალისხმევამ შესძინა ახალი სიცოცხლე კაპელას. დღეს ვაჟთა გუნდს აქვს სარეპეტიციო ფართი, საჭირო ინსტრუმენტები, საკონცერტო ფორმა, რისთვისაც რექტორს მადლობას მოვახსენებთ –  მადლობა, რომ ჩვენთან ხართ!  მადლობა, რომ აფასებთ ხელოვნებას, კულტურას და ქართულ სიმღერას. და დიდი მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს იმ ნიადაგისთვის, რომელზეც მუსიკა და ტექნიკა თანაბრად ძლიერდება“, – ამბობს ბადრი ლებანიძე. 

როგორც სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების კოორდინატორი თამარ გაგნიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობის ყველა ეტაპზე  სტუდენტურ შემოქმედებას დიდი ყურადღება ეთმობოდა, რაც დღემდე გრძელდება.

სტუ-ის ვაჟთა კაპელა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე ცნობილია როგორც არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევების მქონე ტექნოლოგიური მექა, არამედ უმდიდრესი კულტურულ-შემოქმედებითი ტრადიციების მქონე უმაღლესი სკოლა. სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში, და ალბათ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, არცერთ უნივერსიტეტს არ ჰყავს ასეთი ძირძველი შემოქმედებითი ჯგუფები! არცერთ სტუდენტურ თვითშემოქმედებით კოლექტივს არ მოუპოვებია სახელმწიფო სახალხო კოლექტივის წოდება – ჩვენ კი ასეთი ოთხი ჯგუფი გვყავს! ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა წლებში მოღვაწე პოლიტექნიკური ინსტიტუტის თუ აწ უკვე,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორების  და ადმინისტრაციის ხელშეწყობა და თანადგომა.
ტრადიციები გრძელდება – უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ჩვენი რექტორი ყოველხრივ  უწყობენ ხელს სტუდენტებს, რათა, საგანმანათლებლო პროცესის პარალელურად, მათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება შესძლონ. ვაჟთა სახალხო კაპელის კონცერტი სწორედ ამის დადასტურებაა –  სცენაზე, ახალგაზრდა თაობასთან ერთად, წინა თაობების მომღერლები იდგნენ და ეს იყო დიდი ბედნიერება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და რექტორის, ბატონი დავითის ხელშეწყობით, კაპელას და ყველა სხვა შემოქმედებით ჯგუფს, კომფორტული მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ!“ – აცხადებს თამარ გაგნიძე. 

1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი – ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იმავე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი – საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); 
ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.  2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ