სტუ-მ კერძო სექტორთან კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ვასაძის პურის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვასაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმის მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მაღალხარისხიანი საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანად განხორციელებაა. შეთანხმების ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ „ვასაძის პურის“ საწარმოო ობიექტებზე მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გაიღრმაონ.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ხაზი გაუსვა საწარმოო პრაქტიკის რეალურ გარემოში განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. თავის მხრივ, გიორგი ვასაძემ დაადასტურა კომპანიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და გაუზიაროს მათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. მისი თქმით, მემორანდუმი წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს უმაღლესი განათლების სისტემის და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარებისთვის. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის ვიცე-რექტორს თანამშრომლობისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ღონისძიების ორგანიზებისთვის. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ვასაძის პურს“ შორის მემორანდუმის საფუძველზე დაწყებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სასწავლო პროცესში პრაქტიკულ კომპონენტზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებისთვის. სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა მოითხოვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ხარისხიან პრაქტიკულ გამოცდილებასაც – „ვასაძის პურთან“ თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს რეალურ საწარმოო გარემოში გაეცნობიან, რაც არა მხოლოდ მათ პროფესიულ უნარებს გააძლიერებს, არამედ გაზრდის დასაქმების პერსპექტივებსაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კერძო სექტორის პასუხისმგებლობა და მზაობა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის. სწორედ ასეთი პარტნიორობა ქმნის იმ ბაზას, რომელიც აკადემიურ სივრცესა და ბიზნესს შორის სინერგიას უწყობს ხელს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ვასაძის პურს“ თანამშრომლობისთვის. მჯერა, ჩვენი ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ადმინისტრატორის, ნიკოლოზ შავერდაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალ პერსპექტივებს უხსნის სტუდენტებს, რომელთათვის, თეორიული ცოდნის პარალელურად, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების შეძენა, ხოლო რეალურ პირობებში შრომითი გარემოს შეგრძნება და საკუთარი პროფესიული პოტენციალის აღმოჩენა კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს დღევანდელ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან ადაპტირებული საგანმანათლებლო პროცესის აუცილებლობას. განათლებისა და ბიზნესის ტანდემი ამყარებს ინოვაციური, კონკურენტული და მდგრადი ეკონომიკის შექმნის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდები არა მხოლოდ აქტიური მონაწილენი არიან, არამედ იკავებენ ლიდერულ პოზიციებს პროფესიულ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებში. სწორედ ასეთი ტიპის პარტნიორობაზეა აგებული საუკეთესო თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს როგორც პროფესიულ ზრდას, ისე საზოგადოების მდგრად განვითარებას“, –  აცხადებს ნიკოლოზ შავერდაშვილი.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ