სტუ-სა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, სამეცნიერო პრიორიტეტებსა და სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით, მხარეები აგრარულ სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოწვევებზე ერთობლივი ძალებით იმუშავებენ, ასევე, განავითარებენ და გააღრმავებენ მეცნიერთა შორის კვლევით ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ, მომავალი თაობებისთვის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებასა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაცია, მხარეთა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მკვეთრად დადებით ასახვას პოვებს არსებული სამეცნიერო გამოწვევების დაძლევის პროცესში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან. მემორანდუმის გაფორმებით, კიდევ უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც გააჩნია უნივერსიტეტსა და აკადემიას და ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და აგრარული მეცნიერებების განვითარების მხარდასაჭერად, პროფესიონალთა ახალი თაობების აღსაზრდელად.
უნივერსიტეტში მოქმედებს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც მრავალმხრივ წარმატებულია, როგორც სამივე საფეხურის მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე, წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით შემუშავებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით, რომელთა დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ორმაგ, ქართული და ევროპული უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ.

ფაკულტეტი აღჭურვილია აგრარული და მომიჯნავე მიმართულებების უახლესი ლაბორატორიული ბაზით. ასევე, აღსანიშნავია უნივერსიტეტის სრულიად ახალი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები, გარკვეულწილად, კავშირშია აგრარულ მეცნიერებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობით, საშუალება გვეძლევა გაცილებით აქტიურად ვიმუშაოთ ახალი სამეცნიერო ცენტრების დაფუძნებაზე, ერთობლივ პროექტებზე, ერთობლივ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა რეალიზაციის შედეგად, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ აგრარულ ინდუსტრიებში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას, მეორე მხრივ კი – სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას, ქართული აგრარული მეცნიერების განვითარებას, საერთაშორისო სივრცეში მისი შესაძლებლობების აქტიურად წარმოჩენას, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, აგრარული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ სახელმწიფო უწყებებისთვის წინადადებების მომზადებას“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში უახლოესი მომავლიდან დაიწყება. მისი განცხადებით, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: აგრარული მიმართულების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ბიომეურნეობების განვითარება, ეკოლოგიურ კატასტროფებთან ბრძოლა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის სისტემის სრულყოფა, მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სხვ.; როგორც რექტორმა აღნიშნა, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ საგრანტო კვლევითი პროექტების მომზადებაზე სტუდენტების მონაწილეობით, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, ასევე, სამეცნიერო მიღწევებისა და ქართული მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებებისა თუ გამოფენების ორგანიზებაზე.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...