სტუ-ში ენების ევროპული დღე აღინიშნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენების ევროპული დღე (European Day of Languages), საერთაშორისო გზავნილით – „ენები ხსნიან გულსა და გონებას“ (Languages Open Hearts and Minds) სამეცნიერო ღონისძიებით აღინიშნა. 

ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.  

ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.

შიდა-26.09.2025-სტუ-ენების ევროპული დღე-კონფერენცია.jpg

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, წელს, ენების ევროპულ დღეს ევროპის საბჭო აღნიშნავს ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოწოდებით – „ენები ხსნიან გულსა და გონებას“. როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, რაც მათი სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვას გულისხმობს, ხოლო მკვლევრები აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ერთიანდებიან. 

„დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ერი დგას სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე. ეს გამოწვევა გლობალური და უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. საქართველოში ორი სახელმწიფო ენა მოქმედებს – ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც ქმნის საფრთხეებს, რომ უძველესი კულტურის მქონე არაერთმა ენამ დაკარგოს კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. პირველი – ეს იყო სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი GAIN-ის ფარგლებში. ამ პროექტის კოორდინატორი და კონფერენციის ორგანიზატორი ჩვენი უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტია, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრთან (DFKI) და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნულ ინსტიტუტთან (INRIA) პარტნიორობით. მეორე – ეს იყო პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში. ორივე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა წარმოადგინა ისეთი თემები, როგორიცაა ბუნებრივი ენების, მათ შორის სამხრეთკავკასიური ენების დამუშავების შესაძლებლობები AI-ის უზრუნველყოფით, განიხილა ენების ციფრული კვდომის საფრთხეები, მისი დაძლევისა და გლობალურ AI საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობები და რაც ასე მნიშვნელოვანია, იმსჯელა საერთო სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.  

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრს – გივი მიქანაძეს, რომელთა ქმედითი მხარდაჭერითა და ძალისხმევით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც უკვე მუშაობს სახელმწიფო ენების დაცვისა და განვითარების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ კვლევებში ჩართულნი არიან ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები. ინსტიტუტი და მისი ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხეების არიდების მიმართულებით სერიოზული სამუშაოებს ატარებს,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მარიამ ლაშხმა ქართული და აფხაზური ენების ციფრული საფრთხებისგან დაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების საერთაშორისო სივრცეში საქართველოს სახელმწიფო ენების ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერაზე სახელმწიფო ენების განვითარების მიმართულებით.  მისი თქმით, აღნიშნული საკითხების მოსმენა უახლოეს მომავალში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში იგეგმება. 

სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრმა, პროფესორმა კონსტანტინე ფხაკაძემ დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები გააცნო. მისი თქმით, ინსტიტუტი სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა და მუშაობას აგრძელებს ორ გრძელვადიან პროექტზე: „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“. 

ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ალექსანდრე რუსეცკიმ მეტაკოგნიტური ლინგვისტიკის ქართული სკოლის განვითარების პერსპექტივები განიხილა, ხოლო ახალგაზრდა მკვლევარმა, დოქტორანტმა რაფაელ კალანდაძემ თავისი კვლევა – „დიდი ენობრივი მოდელები მწირერესურსიანი ენებისთვის“ წარმოადგინა. მოხსენებების დასრულების შემდეგ, ღონისძიებამ ინტერაქციურ ფორმატში გაგრძელდა. 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ