სტუ-ში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს მზია სურგულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სურგულაძის საჯარო ლექცია – „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შუა საუკუნეების საქართველოში“, გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. 

საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას მღვდელი ზაქარია გათენაძე უწევდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა.

შიდა-15.05.2025-სტუ-პროექტი ქართული თვითმყოფადობა-მზია სურგულაძე-ლექცია.png

როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად. 

„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებაში დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი სტუდენტები იღებენ ვრცელ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, ეს კი მათ ეროვნულ თვითშეგნებას ამაღლებს, პატრიოტიზმს ასაზრდოებს. დარწმუნებულები ვართ, რომ დოქტორ მზია სურგულაძის ლექცია შუა საუკუნეებში ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ფართო ჭრილში გაიაზრონ სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები და თითოეული მათგანის ფუნქცია და მნიშვნელობა საერთო ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

როგორც დოქტორმა მზია სურგულაძემ განმარტა, ეკლესია განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი სუბიექტია ნებისმიერ ქვეყანაში და, შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესწავლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებულად საყურადღებო ხანა შუა საუკუნეებია. 

მკვლევარმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის საძირკველი და, აღმსარებლობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი და დიდი პოლიტიკური მისია ეკისრებოდა. მან აუდიტორიას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების და მათგან მომდინარე შედეგების თვალსაჩინო მაგალითია.

საჯარო ლექციის დასასრულს, ისტორიკოსმა მზია სურგულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.  

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ