სტუ-ში მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობის შედეგები შეაჯამეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებაში – „მეცნიერების ფესტივალი 2025“ – სტუ-ის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა, პედაგოგთა და სტუდენტთა მონაწილეობის შედეგები შეაჯამეს.
სპეციალურად მოწვეულ შეხვედრაზე მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობის შესახებ დეტალური ანგარიში ვიცე-რექტორს, პროფესორ თამარ ლომინაძეს სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარუდგინეს.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ჯანიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები, სტუდენტებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული მეცნიერების ფესტივალში, რომელიც მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონების დიდ ქალაქებში შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართა: 17 სექტემბერს ზუგდიდში – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 19 სექტემბერს ბათუმში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე; 23 სექტემბერს ახალციხეში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე; 25-26 სექტემბერს გორში – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 29 სექტემბერს ქუთაისში – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 10 ოქტომბერს თელავში, სადაც ფესტივალის დღეებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა ქალაქში წარსდგა ორიგინალური საფესტივალო პროგრამით, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა მიღწევებით, ახალგაზრდა მკვლევართა ინოვაციური პროექტებით და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებით, მათ მიერ დამზადებული პროტოტიპებით, რობოტექნიკით, ციფრული ტექნოლოგიითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საინტერესო კონტენტებით. როგორც პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფესტივალო სტენდზე წარმოდგენილი ნიმუშები საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს უკავშირდებოდა.
მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის წარმომადგენლების, პროფესორების – ლერი კობახიძისა და გიორგი ფალავანდიშვილის ინფორმაციით, „მეცნიერების ფესტივალი 2025“-ის უმთავრესი პრიორიტეტი საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და საქართველოში მოქმედ ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა იყო. მათი თქმით, შთაბეჭდილებებითა და მასშტაბურობით გამორჩეული წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში არაერთი ახალი თანამშრომლობისა და ახალი კვლევითი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, მოხდა გამოცდილების გაზიარება, იდეების გაცვლა და ახალგაზრდების ინოვაციური პოტენციალის გამოკვეთა. მათი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებმა ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა, სადაც თავიანთი სამეცნიერო ექსპერიმენტების, კვლევების და კონცეფციების პრეზენტაციები წარადგინეს.
როგორც სტუ-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, საფესტივალო დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილმა ექსპოზიციებმა მასპინძელი უნივერსიტეტების სტუდენტების და ზოგადად, ვიზიტორთა ფართო ინტერესი გამოიწვია.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც საუნივერსიტეტო სივრცისთვის, ასევე ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიური ჩართულობა, რაც არა მხოლოდ ახალი ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც მრავალმხრივ შეუწყოს ხელი სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ახალგაზრდა თაობის მეცნიერთა ინოვაციური პროექტების ინიცირებას და მათი სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო კვლევით სივრცეში ინტეგრაციას.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...