ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“
1934 წელს ალიოშა ავალიანის ინიციატივით, პირველად ინდუსტრიალურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფიული წრე ქართული ცეკვების თვალსაჩინო შემსრულებლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავის, ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. შემდეგ უკვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობა საქართველოს სახალხო არტისტმა, გიორგი დარახველიძემ გადაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლამ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1960 წლის იანვარში სტუდენტი-მოცეკვავეების მონაწილეობა, მეტად საპასუხისმგებლო ინგლისის გასტროლებში, „როიალ ალბერტ ჰოლის“ დიდ საკონცერტო დარბაზში. მაშინდელი ინგლისური პრესა წერდა: „“ წადით ნახეთ ქართული ანსამბლი, ვისაც ცეკვა გიყვართ და ვისაც არ გიყვართ შეგიყვარდებათ!“ „სიტყვით აღწერა არ შეიძლება ამ სანახაობის, ასეტი სანახაობა არ ახსოვს ინგლისელ მაყურებელს!“, „ტიბალტისა და რომეოს ბრძოლა „რომეო და ჯულიეტაში“ დიდი თეატრის წარმოდგენით, ძალზე სუსტია ქართულ მხედრულთან!“, „ლამაზი ოცნების მსგავსი ქალები და გალანტური რაინდები, ქართველები მსოფლიოში პირველი მოცეკვავეები არიან!“
გასტროლების პერიოდში ერთი დღით ლონდონში ჩამოვიდა შვეციის მეფე, რომელიც იუბილარი გახლდათ. ლონდონში მცხოვრებმა 2000 შვედმა მას საიუბილეო ბანკეტი გაუმართეს, სდაც მეფე არ გამოცხადდა…. მან ქართველი მოცეკვავეების კონცერტის ნახვა არჩია და აღფრთოვანებული დარჩა. ინგლისის გასტროლების შემდეგ ტურნე წარმატებით გაგრძელდა ბელგიასა და ლუქსენბურგში.
1964 წლიდან დარახველიძე, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატმა ოთარ პოპიაშვილმა შესცვალა. იმხანად ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი იყო რომან ჭოხონელიძე(საქართველოს სახალხო არტისტი, ჩრდ.ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე). 1967 წელს ანსამბლის ხელმძღვანელად მიიწვიეს კონფოლანის (საფრანგეთი)საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ჩვენი ინსტიტუტის აღზრდილი რევაზ ჭოხონელიძე. შემდეგ ანსამბლს ხელმძღვანელობდა რევაზ გურგენიძე, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ხოლო 1993 წლიდან დღემდე ანსამბლს ხელმძღვანელობენ სტუ-ს კურსდამთავრებული, ანსამბლის „რუსთავი“ ყოფილი სოლისტი თამაზ კობახიძე და მისი მეუღლე, „რუსთავის“ სოლისტი ნინო ლაზიაშვილი. 2009 და 2011 წლებში, ანსამბლი თურქეთში, ქ. ბურსაში გამართული, ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალზე, I ადგილის მფლობელი და ლაურეატი გახდა. 2018 წ. ბულგარეთში, ქ. ვარნაში გამართულ ფესტივალზეც I ადგილის და ლაურეატის წოდება მოიპოვეს. დიდი წარმატებები ხვდა წილად ანსამბლის საკონცერტო გამოსვლებს საბერძნეთში, ქ. ათენსა და კუნძულ კერკირაზე. 2022 წელს ანსამბლი კვლავ საბერძნეთში, თესალონიკსა და კ.კერკირაზე გამართული ფოლკლორული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი და I ადგილის მფლობელი გახდა.
სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლის აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ სახელმწიფო ანსამბლებში „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“.