სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო ლექცია-სემინარი თემაზე – „ნანოტექნოლოგია  რეალურ  ცხოვრებაში:  ბიომასალები  და  სამედიცინო  იმპლანტების  ახალი თაობა“ (Nanotechnology in Real Life Applications: New Generation of Biomaterials and Medical Implants) გაიმართა.

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის პროფესორების – ლალი ჩახვაშვილის, გელა გოდერძიშვილის, თამარ ბერბერაშვილისა და სხვათა მონაწილეობით, ასევე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართულობით, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, ჰიბრიდულ ფორმატში, რეგულარულად აწყობს ციკლურ საერთაშორისო ლექცია-სემინარებს, სადაც მოხსენებით გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ცნობილი მეცნიერები, დისკუსიებში კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, უცხოელი კოლეგები ერთვებიან.

როგორც პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა აღნიშნა, დეკემბრის საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილეებმა ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ახალი თაობის ბიომასალებისა  და  სამედიცინო  იმპლანტების  შესახებ ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (AIT) მეცნიერის, დოქტორი ლასლო საითის (Dr. Laszlo Sajti) მოხსენება მოისმინეს.

„დოქტორი ლასლო საითი ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპინ-ოფ კომპანია RHP-Technology-ის ცნობილი მკვლევარია, რომელიც ნანოინჟინერინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს და მუშაობს ნანომეცნიერების, ნანოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინაში მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.  ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მისი მოხსენება – „ნანოტექნოლოგია  რეალურ ცხოვრებაში: ბიომასალები  და  სამედიცინო იმპლანტების  ახალი  თაობა“, სამეცნიერო თვალსაზრისით მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ბიომასალების, იმპლანტების, მაღალი ხარისხის აპლიკაციებისა თუ პროტოტიპების განვითარებაზე მუშაობენ. ლასლო საითიმ თავის მოხსენებაში, ასევე, მიმოიხილა უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, წარმოგვიდგინა მათი ანალიზი და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მიმართულების ინოვაციურ სფეროებში რისკების მინიმიზაციისთვის კონკრეტული კვლევითი პროექტების განხორციელების საჭიროებასა და სპეციფიკური კონცეფტების შექმნის აუცილებლობაზე. მოხსენების დასასრულს, შედგა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ჩაერთნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სამედიცინო ფიზიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც ლექცია-სემინარის მონაწილეებს ახალი თაობის სამედიცინო იმპლანტებისა და ბიომასალების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს“, – განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივით, მომავალი წლიდან ისევ განაახლებს თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ საერთაშორისო ლექცია-სემინარების ციკლს, რომელზეც ძირითადი მომხსენებლის რანგში  ცნობილი ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები წარსდგებიან.   

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელს შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და „ბიზნეს მედია კორპორაციის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ლევან ბეგლარიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს  და სამომავლო კოოპერაციის დეტალები შეათანხმეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, „ბიზნეს მედია კორპორაცია“ დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით კორპორაციის საქმიანობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მედიაპროდუქტების შექმნის  მიმართულებით ახალგაზრდების დახელოვნებასა და მათ მონაწილეობას კორპორაციის მიერ მომზადებულ სატელევიზიო გადაცემებსა და ონლაინ გამოცემების კონტენტების შექმნაში. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც კორპორაციაში სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

„ჩვენს განვიხილეთ ყველა შესაძლებლობა და მიმართულება, რაც ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და ამავდროულად, საჭიროა, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“. სტუდენტისთვის, მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, აუცილებელია პრაქტიკული მუშაობა, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ყურადღებას ეთმობა სტუდენტების კარიერულ განვითარებას და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ. „ბიზნეს მედია კორპორაცია“ უნივერსიტეტს სთავაზობს სტუდენტთა სტაჟირებას, რაც მოიცავს მომავალი ჟურნალისტების დახელოვნებას და სამუშაო გამოცდილების მიღებას, როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით. ვიმედოვნეთ, ამ ორმხრივ სარგებლიან, საინტერესო წამოწყებას ახლო მომავალში ოფიციალური სახე მიეცემა და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, ჩვენს კოლაბორაციას ეფექტიანი გაგრძელება მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. მზაობას გამოვთქვამთ, ამ პროცესში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მისმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, სტუ-ის სტუდენტები სტაჟირების პროცესში, რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, დაეუფლებიან მედიაინდუსტრიის სტანდარტებს, გაიცნობენ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს და განივითარებენ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება, მენტორინგი, სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ გამოცემებისთვის კონტენტის მომზადება, ბისზნესსექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების მასტერკლასები და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის მომზადებაზე. აღნიშნულ დოკუმენტს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს.  

 

სტუ-ში საჯარო მოხელის დღე და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მოხელის დღე და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი აღინიშნა.  ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც „საჯარო მმართველობის“ საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, ამ პერიოდში კი დეპარტამენტი განვითარდა და უკვე სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

„გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენი უნივერსიტეტია ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყანაში საჯარო მოხელეების მომზადებას. 1995 წლიდან, როდესაც  ჩვენი ქვეყანა   პირველ  ნაბიჯებს დგამდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  დაიწო სახელმწიფო მოხელის საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. ყველაფერი იყო ახალი, როგორც სპეციალობა, ასევე პროგრამა, სასწავლო კურსები და სათანადო მატერიალური ბაზა. ჩვენი უნივერსიტეტი იყო საქართველოში პირველი სადაც 2001 წელს შეიქმნა  დამოუკიდებელი სახელმწიფო მოხელის კათედრა, რითაც საფუძველი ჩაეყარა არა მარტო სწავლების გაუმჯობესების საქმეს, არამედ მეცნიერულ საქმიანობას. სულ მოკლე დროში  დამუშავდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა და ფუნქციონირება დაიწყო მაგისტრატურამ. კათედრის პროფესორ-მასწავლებლების, თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეების ძალისხმევით გამოიცა არაერთი მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რამაც სათანადო საფუძველი შექმნა მომავალი სამეცნიერო საქმიანობისთვის. 2012 წელს აკრედიტაცია მიიღო საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამამ, რომელიც ხორციელდება უკვე სახელმწიფო მოხელის კათედრის, გერმანულენოვანი ინსტიტუტის გაერთიანების ბაზაზე შექმნილ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში. დეპარტამენტის უცვლელი ხელმძღვანელია პროფესორი გენადი იაშვილი, რომლის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ ის იყო სახელმწიფო მართვის სწავლების ერთერთი ინიციატორი ჩვენს უნივერსიტეტში.  არ შეძლება არ აღვნიშნოთ ის, რომ დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს საჯარო მმართველობის  კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. ინსტიტუტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს  რეფერირების საბჭო სამამულო და უცხოელი მეცნიერების შემადგენლობით. ინსტიტუტი მრავალი სასარგებლო წამოწყების ინიციატორი და სულისჩამდგმელია. არანაკლებ სასარგებლო საქმიანობას ეწევა  დეპარტამენტში არსებული  ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია, რომელსაც პროფესორი შოთა დოღონაძე უძღვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

საჯარო მოხელის დღე და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი კოლეგებს მიულოცა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა. როგორც  პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა: „დეპარტამენტში მოქმედმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებმა  რამდენიმე თვის წინ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი და მიიღეს 7 წლიანი აკრედიტაცია. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და  ახალ მიღწევებს  ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. ამჟამად მზადდება  აკრედიტაციისთვის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, რომელსაც ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთდ განვახორციელებთ“.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით,  საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი ჩაატარა.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება საჯარო მოხელის დღესა და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტს დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა, საჯარო მმართველობის კვლევითი ინსტიტუტი  კი მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა, გაგვაჩნია ამბიცია ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის დანერგვის ახალი მოდელების შექმნაში. ჩვენ გაგვაჩნია სამეცნიერო სპარინგის ახალი მოდელი, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. პროექტი გულისხმობს თაობათა შორის ურთიერთობას კვლევების მიმართულებით, ესაა ახალი თაობის ე.წ. ვარჯიში თუ როგორ დასძლიონ რთული ლაბირინთები, თავიანთი მიღწევები გახადონ სახალხო და ყველასათვის გასაგები. ტექნიკურ უნივერსიტეტს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის კუთხით, ესაა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები თავისი კვლევითი ინსტიტუტით, კვლევითი ლაბორატორიებით. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ესეების კონკურსი გამოვაცხადეთ, 400 სკოლა ჩაერთო პროექტში. მეათე-მეთორმეტე კლასელებიდან 89 ნომინანტი გვყავს სხვადასხვა ნომინაციაში.  მათთან კონტაქტს საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში გავაგრძელებთ. როგორც პრაქტიკამ აჩვენა უნივერსიტეტის რექტორის მიერ დაწესებული ინიციატივა ახალ იდეებსაც ბადებს და ერთმანეთის მიღწევების გაცნობის შესაძლებლობასაც იძლევა“, – განაცხადა მარიამ ცაცანაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს უმაღლესი დონის სასწავლო-კვლევითი გარემოს შექმნაში განსაკუთრებული წვლილისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტმა და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტმა მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიების დასასრულს ესეების კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: ევროინტეგრაცია და ჩვენი მოლოდინები; მე რომ მერად ამრჩევდნენ; რა ცვლილებებს ველოდები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში – ომი თუ მშვიდობა და ხელოვნური ინტელექტი – უკეთურება თუ სიკეთე 21-ე საუკუნეში?. ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლები კი დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „ცოდნის მეგზური“, „საუკეთესო მენტორი“, „ინოვაციური მეთოდების კაპიტანი“ „ახალი პროგრამების ლიდერი “; „სტუდენტების სიმპატია“. დეპარტამენტის ადმინისტრაციული პერსონალის დაჯილდოვდა ნომინაციებში: „სტუდენტთა მეგობარი“, გუნდური თანამშრომლობის მაესტრო“,  ‘სტრატეგიული მენეჯერი“, საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტები კი –  „წლის წარჩინებული“, „კულტურის ატაშე“, „კრეატიულ იმიტატორთა გუნდი“, „ბატონი სპორცმენი“, „მელოდიის მაესტრო“. 

 

სტუ-ში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ გაიმართება.

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

·      ისტორია;

·      არქეოლოგია;

·      ეთნოლოგია/ანთროპოლოგია;

·      ფილოლოგია;

·      კულტუროლოგია;

·      რელიგია.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ არა უგვიანეს 2024 წლის 18 იანვრისა.

 

ნაშრომის სრული ტექსტის გამოგზავნის  ბოლოო ვადაა 2024 წლის  29 იანვარი.

 

მოხსენებათა თეზისები და სტატიის სრული ტექსტი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: gtuconference24@gmail.com

 

ნაშრომის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:

·      სათაური  (ცენტრში, Bold; Sylfaen, შრიფტის ზომა 14);

·      ავტორის/ავტორების სახელი გვარი; ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი (ქართულ ენაზე; Sylfaen, შრიფტის ზომა 11);

·      საკვანძო სიტყვები: არაუმეტეს 5 საკვანძო სიტყვისა(ქართულ ენაზე; Sylfaen, შრიფტის ზომა 11);

·      ძირითადი ტექსტი  – (სტრიქონებს შორის მანძილი 1,5; Sylfaen, შრიფტის ზომა 12);

·      რეზიუმე ინგლისურ ენაზე; (სტატიის სათაური ინგლისურ ენაზე; ავტორის/ავტორების სახელი, გვარი ინგლისურ ენაზე, ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაზე. საკვანძო სიტყვები ინგლისურ ენაზე; სტრიქონებს შორის მანძილი 1; Sylfaen 11);

·      გამოყენებული ლიტერატურა – (Sylfaen, შრიფტის ზომა 12);

·      ველები: ზედა ველი 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ, მარჯვენა ველი -2.5 სმ, მარცხენა ველი – 2,5 სმ.

·      ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;  გიორგი ნიკოლაძის დარბაზი (მე-3 სართული), კოსტავას 77.

თარიღი:  5   თებერვალი, 2024 წელი

რეგისტრაციის დაწყების დრო:  11:00 სთ.        

კონფერენციის დაწყების დრო:  11:30  სთ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: gtuconference24@gmai.com

საკონტაქტო პირები:   თამარ ხოხობაშვილი – 571 11 49 11;

                                         დარეჯან ცუცქირიძე – 577 55 08 65;

                                         ნანა ბახსოლიანი – 599 46 44 69.

For English Click here

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გენიალური კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს, კოლეგებსა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, კინემატოგრაფის ჭეშმარიტი ადეპტის, გენიალური ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და  ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.

„აღარ არის ლეგენდარული ოთარ იოსელიანი, მსოფლიო ბრენდის – „ქართული კინოს“ სახელოვანი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორი, კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი ადეპტი, მსოფლიო აღიარების მქონე შემოქმედი, ბერლინის, კანის, ვენეციის კინოფესტივალების სხვადასხვა პრიზის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რომელმაც კინოსაგანძურში 22 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი დაგვიტოვა, მათ შორის: საქართველოში გადაღებული „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, საფრანგეთში გადაღებული „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“, „პეპლებზე ნადირობა“, რომლებშიც მთელი სიცხადით იგრძნობა ქართული კავშირები. მისი შემოქმედება მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ნუსხაშია შეტანილი. დაუვიწყარია მისი გენიალური ფილმები, რომლებსაც ოთარ იოსელიანი იდუმალებით, ჩვეული მშვიდი გულწრფელობითა და მათემატიკური სიზუსტით აგებდა, უჩვენებდა ისეთ რეალობას, რომელიც ხშირად, იმდროისთვის, მიუღებელი იყო. ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და თანამშრომლების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კელეგებს და საზოგადოებას“,  – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპანია „არემჯის“ სამთოელის დღეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „არემჯის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, უნივერსიტეტის სახელით, კომპანიის მიერ დაწესებულ სამთოელის პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თავის მიმართვაში აღნიშნავს, კომპანიაში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სახელით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, „არემჯი ჯგუფს“, მის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს, ბატონ ჯონი შუბითიძეს ვულოცავთ სამთოელის დღეს, მადლობას ვუხდით ამ ურთულესი პროფესიის დაფასებისა და სამთოელის დღის დაწესებისთვის. კომპანიის წარმატება სამთოელთა თავდაუზოგავი საქმიანობის შედეგია, სწორედ იმ სამთოელთა, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილები და კურსდამთავრებულები არიან. უნივერსიტეტისთვის მისასალმებელია, როდესაც კომპანიის მენეჯმენტი ასე აფასებს დასაქმებულთა ძალისხმევას, ერთგულებას და სამთოელის პროფესიულ დღეს, ტრადიციულად, საზეიმოდ აღნიშნავს.

კომპანიის დაფუძნებიდან 11 წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში ფლაგმან უმაღლეს სკოლას და „არემჯის“, როგორც სამთო-გეოლოგიის დარგის ფლაგმან ორგანიზაციას, ერთმანეთთან მჭიდრო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. „არემჯი“ ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია და მისი წვლილი უმნიშვნელოვანესი და მრავალმხრივია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, უპირველეს ყოვლისა – სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმება-სტაჟირების, მათთვის საველე პრაქტიკებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების, რომელშიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენი 150 სტუდენტი იყო ჩართული, სასტიპენდიო პროგრამების ამოქმედების, რომლის ფარგლებშიც სტიპენდია ჩვენმა 100-მდე სტუდენტმა მოიპოვა, დარგისთვის საჭირო თანამედროვე პროგრამების შესწავლის, ასევე, საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზების შექმნა-გადაიარაღების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის მიმართულებით. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპანიისთვის ამზადებს ახალგაზრდა კვალიფიციურ სპეციალისტებს სამთო საქმესა და გეოლოგიაში, შრომის უსაფრთხოებასა და საინჟინრო გეოდეზია-მარკშეიდერიაში, მექანიკის ინჟინერიასა და ქიმია-მეტალურგიაში, ენერგეტიკასა და მართვის ავტომატიზაციაში, ხელს უწყობს თანამშრომელთა გადამზადებაში. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „არემჯის“ გუნდის წევრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 120-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული გახდა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ „არემჯის“ საინჟინრო კორპუსს, ჩვენს კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს პროფესიულ დღეს. შემთხვევითი არ არის, რომ სამთოელის დღე 17 დეკემბერს,  აღინიშნება – წმინდა დიდმოწამე ბარბარე ყოფილიყოს ყველა სამთოელის მფარველი!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.  

 

სტუ-ში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 10 წლის წინ, 2013 წლის 16 დეკემბრს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიის, მევენახეობა ენოლოგიის, სასურსათო და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სტუმრებს მიულოცა ფაკულტეტის დღე და აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა შესაძლებლობა აქვთ ჩამოყალიბდნენ დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად.

„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის უდიდესი ნაბიჯი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი საქართველოს ისტორიაში. გილოცავთ და ვულოცავ ხელისუფლებას, ქვეყანას და ხალხს. წარმატეტები ყოფილიყოს ჩვენი თანამდევი. დღეს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, აღვნიშნავთ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღეს. საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ბევრ პროექტთა შორის, ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსება  ითვლება. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი  თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 ლაბორატორიითა და 28 აუდიტორიით. აქ ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა – წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში. ჩვენ, გასულ წელს, სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები გადავეცით. ღონისძიებაში მონაწილეობდა ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი, კამილ ნორა. დარგი, რომელის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ზრდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელისუფლება ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს დიდ ყურადღებას უთმობს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო ფაკულტეტის დაარსებაზე ზრუნვა. ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ კოლეგებს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის  წინსვლა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც დეკანმა განაცხადა ფაკულტეტზე, სადაც აგრარული მიმართულების 22 პროგრამა ფუნქციონირებს, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

„ვულოცავ კოლეგებს ფაკულტეტის დღეს და მადლობას მოვახსენებ სტუ-ის რექტორს, ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი, სადაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, ნიადაგი და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრონომია და აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს და სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ, სტუდენტები კი სასწავლო პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. დასრულების შემდეგ ისინი ორ – ფრანგული უნივერსიტეტის რენ 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე მოქმედებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად. სამაგისტრო პროგრამა – მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქიმია-ბიოლოგიის შაბათის სკოლა, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და ქიმია-ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეების ხელშეწყობა შემეცნებით-პოპულარული პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით. რაც მთავარია, ფაკულტეტი ჩვენს ქვეყანას უზრდის მაღალკვალიფიციურ კადრს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დღის დაწესებისთვის. როგორც გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯმენტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და დარგის განვითარებაზე.  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ასევე, აკადემიკოსებმა გივი გავარდაშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა და სხვა გამომსვლელებმა ფაკულტეტს წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს, საპატიო დიპლომები პროფესორებს: ნინო ჩხარტიშვილს, მალხაზ დოლიძეს და იოსებ სარჯველაძეს. ასევე, რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს: მილენა მალხასიანს, თამარ ზედგენიძეს, ჯემალ გაბრიჭიძეს, ნინი ყავლაშვილს და სალომე მიქაძეს. 

 

სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, ახალი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე იზრუნებს. აღნიშნულის შესახებ სტუ-სა და სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორადუმი გაფორმდა.

დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება მემორანდუმის მნიშვნელობასა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების კადრების პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მხარდაჭერაზე გაამახვილა.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სასწავლო ცენტრს პროფესიონალი კადრების მომზადებაში, მასთან პარტნიორობით შეიმუშაოს საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი კურსები, საზაფხულო სკოლები, მოაწყოს ტრენინგები და სემინარები, გარდა ამისა, იზრუნოს, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში  უსაფრთხოების თანამშრომელთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი მთლიანად აცნობიერებს იმ საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სადარაჯოზე ახორციელებს. ეს კი დიდწილადაა დამოკიდებული მის პროფესიონალიზმზე, რისი მიღწევაც სათანადო განათლების გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მემორანდუმი გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და მყარი გარანტიების უზრუნველსაყოფად, განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ მხრივ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ძლიერი უსაფრთხოების სექტორი საჭიროებს ძლიერი ანალიტიკური სისტემების შექმნა-ჩამოყალიბებას, ასევე, მხარდაჭერას საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში კომპეტენტური, პროფესიონალი კადრების აღზრდა-გადამზადებაში. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ქმედით დახმარებას გაგვიწევს საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

სტუ-ში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება – „ევროკავშირი – ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო საზღვაო ქვეყანა“ – გაიმართა. 

ღონისძიება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღონისძიების მონაწილეებს, სტუმრებს, სტუდენტებსა და საქართველოს ხელისუფლებას: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, გენერალურ მდივანს და თბილისის მერს, კახა კალაძეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, კავკასია ორი დიდი ცივილიზაციის ზღვარზეა. საქართველოში, ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად, ჩამოყალიბდა ერთგვარი ინტერკულტურული გარემო, სადაც დასავლური ფასეულობები და აღმოსავლური კულტურის ნიშნებია შერწყმული. საქართველოში  ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებამ მეტად ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი.

„ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენი წინაპრებისა თუ თანამედროვეთა სწრაფვა დასავლეთისკენ მოიცავდა და მოიცავს პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ ნაწილს. თანამედროვე სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ,  არის მცდელობა საქართველო  თავის ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდეს. დღეს სანუკვარი ოცნება ახდა, პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგმულია – საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის, ხელისუფლებისადმი თითოეული ჩვენგანის ნდობის გამოვლინებისა და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ გატარებული  რეფორმების დამსახურებაა. ევროპისკენ სწრაფვამ, ხალხის და მთავრობის ერთიანობამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ფასეულობანი და პოლიტიკური ინტერესები.

ევროკავშირი არის მეტი დემოკრატია, მეტი განათლება, მეტი შესაძლებლობა და ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები კიდევ უფრო მეტად ასახელებენ თავიანთ ალმა-მატერს და სამშობლოს. გილოცავთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ერს, საქართველოს მთავრობასა და მხედრობას“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე – „ევროკავშირი – ჩვენი  წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო საზღვაო ქვეყანა“, საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ სემეკის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე, სტუ-ის პროფესორი მამუკა გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში, შედგა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანისა და პრორექტორის, საქართველოს ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“, პრეზენტაცია.

მერაბ ადეიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს, საზოგადოებას და ხელისუფლებას მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და აუდიტორიას  წიგნი წარუდგინა.

„ჩემი მეხუთე წერილი ციკლიდან „დიდი გზა სამხრეთ კავკასიისთვის“ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას: ვართ თუ არა საზღვაო ქვეყანა? როგორი იყო ისტორიული საფეხურები, როგორია დღევანდელი რეალობა და პერსპექტივა, როგორ გვაქვს ყოველივე აღქმული და გათავისებული, დღეს რას ვაკეთებთ და რა ვერ გავაკეთეთ, რომ სათანადო გარემო და ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, რათა ქვეყნის ეს უდიდესი შესაძლებლობა – საზღვაო ფუნქცია – მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ვწერ იმის შესახებ, რომ მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, მაინც როგორ ვახერხებდით, ვყოფილიყავით დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შევეცადე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებისთვის გამეცა პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ჩემს კოლეგებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს წიგნის პრეზენტაციის შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა თავის გამოსვლაში მერაბ ადეიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მერაბ ადეიშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

 

სტუ-ში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ტექინფორმის“ დღე აღნიშნეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის,  „ტექინფორმის“ დღე აღნიშნეს. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა.

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი და  სამეცნიერო-აკადემიური წრეები.

რექტორმა „ტექინფორმის“ თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 65 წლისთავი მიულოცა. დავით გურგენიძის განცხადებით, „ტექინფორმი“ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში საქართველოში წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუტის საქმიანობის ბოლო წლები, იმის გათვალისწინებით, რომ „ტექინფორმმა“ მკვეთრად გაააქტიურა საერთაშორისო თანამშრომლობა, გააფართოვა სამეცნიერო-კვლევითი და ანალიზური სამუშაოების არეალი.

„ვულოცავთ „ტექინფორმს“ მოღვაწეობის 65 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდით ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და მეცნიერ-თანამშრომლებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის. „ტექინფორმი“ ჩამოყალიბდა ბრენდად, რომელიც სულ უფრო მეტად აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს, ქმნის, ნერგავს და ამუშავებს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს, რაც მოიცავს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის, მეცნიერებათმზომელობისა და სამეცნიერო ეკოსისტემის გაანალიზების რთულსა და მოცულობით სამუშაოებს. ასევე, ინსტიტუტი ამუშავებს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებსა და ქმნის რეკომენდაციების სისტემას, მოიძიებს უახლეს ინფორმაციას ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ და აქტიურად უწყობს ხელს ქართული სამეცნიერო პოტენციალისა და სამეცნიერო პროდუქციის ტრანსფერს. ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება. „ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს „ტექინფორმს“ შესრულებული აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მისცა ბიძგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ „ტექინფორმსა“ და მის გუნდს“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„ტექინფორმის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მისი თქმით, ინსტიტუტი აქტიურად მოიაზრება, როგორც ქვეყნის მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება მიმზიდველი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„ბოლო წლები „ტექინფორმისთვის“ საკმაოდ ნაყოფიერი, მრავალი სიახლისა და ინიციატივის მომტანი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივასთან მიერთება, რაც გულისხმობს ეროვნულ დონეზე ღია მეცნიერების განვითარება-პოპულარიზაციას და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემაში ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის პრინციპების დანერგვას

„ტექინფორმი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან, პლატფორმასთან და საერთაშორისო ქსელებთან იმ მიზნით, რომ ფართოდ დანერგოს ღია მეცნიერების პრინციპები, შეიმუშაოს მონაცემთა მართვის საერთაშორისო პოლიტიკა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს წევრ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მონაცემების მართვის ინოვაციური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება-დანერგვაში. 

ამასთან ერთად, ჩვენი ინსტიტუტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო კვლევითი მონაცემების ალიანსის (RDA) და მისი მმართველი საბჭოს სრულუფლებიანი წევრია – ეს, უდავოდ, ჩვენი მკვლევრების მნიშვნელოვანი წარმატებაა. RDA-სთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამეცნიერო ინფორმაციის მართვის, კლასიფიცირებისა და თანამედროვე სტანდარტების შესწავლის საკითხებში. ინსტიტუტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ ალიანსის წლიურ საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში. აღსანიშნავია ისიც, რომ „ტექინფორმი“ AMKE OPEN AIRE-ის საერთაშორისო ქსელის ოფიციალური წევრი და პირველი წარმომადგენელია საქართველოდან, ასევე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა AGRIS-ის ჰაბია საქართველოში. 

ამ წარმატებების ფონზე, სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდი ახალგაზრდა მკვლევრებით ივსება, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ და ხელს უწყობენ სამეცნიერო კვლევების უახლესი ტენდენციებისა და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემების ხილვადობის, მათზე ხელმისაწვდომობისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობის ზრდას ყველა სამიზნე ჯგუფში.

ამასთან დაკავშირებით, მომავალი წლისთვის უკვე შევარჩიეთ „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ გამოცხადებული რამდენიმე კონკურსი, რომლებშიც, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრებისა და ღვაწლმოსილი მეცნიერების ჩართულობით, ვაპირებთ საპროექტო წინადადების მომზადებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე რამდენიმე წამყვან ორგანიზაციასთან შექმნილი კონსორციუმის საფუძველზე. ყოველივე ხსენებული კი ხელს შეუწყობს ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციების დაგეგმვას. 

მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას და გულით ვულოცავ თითოეულ ტექინფორმელს ინსტიტუტის დღეს“, – აღნიშნა ნელი მახვილაძემ.

„ტექინფორმის“ ხელმძღვანელსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის 65 წლის იუბილე მიულოცეს და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ტექინფორმის“ ხელმძღვანელს, პროფესორ ნელი მახვილაძეს, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, სტუ-ის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი გადასცა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?