საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/13 დღის წესრიგი

დღის წესრიგი

1.      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს (პრეზიდენტი) კონკურსის გამოცხადების შესახებ – მომხსენებელი პროფ. დავით ჯაფარიძე;

2.      მიმდინარე საკითხები.

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/13 ჩატარდება

2023 წლის 29 დეკემბერს, 14:00 საათზე

ადმინისტრაციული კორპუსი, გიორგი ნიკოლაძის დარბაზი

სტუ-ის 9 სამეცნიერო პროექტი ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ შემუშავებული 9 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ფუნდამენტური კვლევებისთვის რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ წლევანდელ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა პროექტი – „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ – ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება – უმაღლესი 50 ქულიდან 46 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში სტუ-ის მკვლევართა გამარჯვება ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას, კვლევების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავებას. 

როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ კონკურსებში მოპოვებული ყოველი გამარჯვება ზრდის, როგორც მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობებს, ასევე, განაპირობებს სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიურ ჩართულობას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში ახალი სამეცნიერო იდეებისა და კონცეფციების გენერირება, ახალი მოვლენების, გარემოებებისა და საჭიროებების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის მაღალ დონეზე განვითარებას, მკვლევართა ახალი თაობის ფორმირებას, სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. ყოველივე ერთად ქმნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩვენს მეცნიერთა აქტიური ინტეგრირების საუკეთესო შესაძლებლობებს და ასევე, აჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროგრესს. მისასალმებელია, რომ ფუნდამენტურ კვლევებში რუსთაველის ფონდის წლევანდელ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ცხრა პროექტმა გაიმარჯვა და მაღალი შეფასება მიიღო. ყურადღებას გავამახვილებ სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის საკონკურსო პროექტზე, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია მოპოვებული ყველაზე მაღალი ქულით. ნებისმიერი სამეცნიერო კონკურსი ავითარებს კონკურენტულ კვლევით გარემოს, აუმჯობესებს კვლევების ხარისხს და მაქსიმალურად აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც მთავარია, ხელს უწყობს კვლევითი კომპონენტის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს,   ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევართა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის კვლევის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ღვარ­ცოფული აუზების ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და ღვარცოფწარ­მოქმნის მექანიზმის კომპლექ­სური შესწავლა, კვლევის ახალი მიდგომების შემუშავება და მიღებული შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციაა. კვლევაზე სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ირმა ინაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ზაალ ცინაძე, კონსტანტინე ბზიავა და დოქტორანტი დემეტრე ჯანჯალაშვილი მუშაობდნენ. დეკანის თქმით, აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები არა მხოლოდ საფუძვლად დაედება ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების სარეგულაციო-დამცავი ღონისძიებების საპროექტო ნორმებსა და საინჟინრო ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას, არამედ სამომავლო კვლევებში დიდ დახმარებას გაუწევს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროტექნიკური მელიორაციის, საინჟინრო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, ღვარცოფმცოდნეობისა და ჰიდროგეოლოგია-ჰიდრავლიკის და სხვა მომიჯნავე დარგებში მომუშავე მეცნიერებსა და პრაქტიკოს ინჟინრებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვება, ასევე, მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა შემდეგმა პროექტებმა: „ძველი და ახალი ქვევრების ნედლეულისა და დამზადების ტექნოლოგიის კვლევა“ (44 ქულა); „პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისთვის“  (44 ქულა); „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში, დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“  (42 ქულა);  „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“  (39 ქულა); ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში“ (თსუ-სთან პარტნიორობით, 42 ქულა); „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“  (42 ქულა); „ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება“  (42 ქულა); „მაგნიტური ნანონაწილაკების შემცველი მულტიფუნქციური ბიოთავსებადი პოლიმერული ნანოკომპოზიტური ბოჭკოების ელექტროსპინინგით მიღება და კვლევა“  (41 ქულა).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის – „LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ – ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის განხორციელება დაიწყო.

LISS24-ი არის Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტი და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით.

„LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება,  სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ ასევე ონლაინ გაყიდვების გზით. აღსანიშნავია, რომ პროექტის კონსორციუმის მხრიდან განათლების უმაღლესო დონის ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც უნივერსიტეტში პროექტის შედეგების  ინსტიტუციონალიზაციის და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.  პროექტი დასრულდება 2026 წელს“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში, ინსტიტუციურ კოორდინაციას ანხორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე, განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.

პროექტის კოორდინატორია ტურკუს (ფინეთი) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Turku University of Applied Sciences). პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, სომხეთიდან. საქართველოში პროექტის ნაციონალური კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო, პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სტუ-ში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-11 სხდომა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-11 სხდომა, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის უშუალო ხელმძღვანელობით წარიმართა.

მიმდინარე წლის ბოლო სხდომა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. მან მინისტრსა და კოლეგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე – ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული 41 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები.

მინისტრმა, რექტორებთან ერთად, განიხილა და დისკუსიაში ჩაერთო რიგ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა-დაგეგმვა, გარკვეულ მიმართულებებში სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების შემოღება, სადოქტორო პროგრამების ახალი სტანდარტებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები, საგანმანათლებლო პროგრამების კვოტირება და სხვა. კონფერენციამ, ასევე, იმსჯელა უმაღლესი განათლების მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და განიხილა რექტორების მხრიდან დასმული მიმდინარე საკითხები.   

როგორც გიორგი ამილახვარმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ფორმატში პერმანენტული შეხვედრები და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული რეფორმების, საკვანძო თუ მიმდინარე საკითხების განხილვა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხების გადაჭრაში ყველა უნივერსიტეტი და ყველა რექტორი უშუალოდ იყოს ჩართული.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, რექტორებმა გულახდილად იმსჯელეს საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე, მინისტრს თავიანთი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს და ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, კონფერენციის ეფექტიან მუშაობაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მინისტრ გიორგი ამილახვრისა და მისი გუნდის აქტიურ ჩართულობას, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების უმოკლეს ვადაში დაძლევის გარანტიაა. 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის გადაწყვეტილებით, მორიგ სხდომას, რომელიც 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. 

იმედი TV, ქრონიკა 

https://www.imedi.ge/ge/video/145898/reqtorta-konperentsia#!?page=6

საზოგადოებრივი მაუწყებელი, I არხი, მოამბე 
https://1tv.ge/video/reqtorta-konferencia/

სტუ-ის მეცნიერებმა კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერებმა ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფოსმა, პროფესორმა თამაზ ხმელიძემ და ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა პეგაგოგმა, სამხედრო ინჟინერიის აკადემიუმა დოქტორმა რევაზ სახვაძემ, ახალი გამოგონების შესახებ ნაშრომი – „ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“ და რეალური კონსტრუქცია 2 მ დიამეტრის განშლად-დასაკეცი მოდელი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის  გამართულ ღონისძიებაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“, წარადგინეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტის შექმნა არის სტუ-ის მეცნიერების მორიგი წარმატება, იმ ფონზე, როცა 24 წლის წინ, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საინჟინრო სკოლის მეცნიერების გამოგონება, პირველი ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა გავიდა კოსმოსში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-თანამსრომელთა მორიგი გამოგონება, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ალმა-მატერი, 24 წლის წინ გაკვალულ გზას წარმატებით აგრძელებს. როგორც ვიცი, განაცხადი უკვე წარდგენილია საქპატენტში და ასევე, ცნობილია, რომ კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტით დაინტერესებულია ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ინგლისი. ვულოცავ წარმატებას მეცნიერთა ჯგუფს და  ვუსურვებ წინსვლას“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ თამაზ ხმელიძის თქმით: „კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი არის პატარა მოცულობის, მართკუთხა კონტეინერის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც გაშლის დროს ღებულობს წრის ფორმას, რომელიც იმართება დისტანციურად. კონსტრუქციის გაშლისას საყრდენ წრეზე გადაიჭიმება ამრეკლი ანტენა, რომელიც სიგნალს მიიღებს და გადასცემს. ეს არის ახალი სიტყვა, ახალი გამოგონება, რომელსაც ანალოგი არა აქვს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ გამოგონების დაპატენტებაზე. გამოგიონებით დაინტერესებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნები, უკვე გვაქვს ურთიერთობები, ავიღებთ პატენტს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებაში – „წლის საუკეთესო მიღწევა“ მონაწილეობა მიიღო 41-მა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებამ, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ. ჩვენი მოხსენება – ”ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“, ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება“, – აცხადებს თამაზ ხმელიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, კონსტრუქცია წარმოადგენს ერთ-ერთ ახალ მოდიფიკაციას სტუ-ის ყოფილი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის  პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული სქემებისა და მათ მიხედვით შექმნილი მოდელისა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს დამუშავებული აქვს ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ახალი კლასი.

ცნობისთვის: “რეფლექტორი”, რომლის გენერალური კონსტრუქტორია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ღია კოსმოსურ სივრცეში 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. 1999 წლის 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში დაიწყო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა, წარმატებულად დამთავრდა. ამის შემდეგ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, ჩამოცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა კოსმოსში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისს აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე.

სტუ-ში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას – სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ფაკულტეტების დეკანებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის რექტორმა განაცხადა, არქტექტურის მიმართულება, სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი სპეციალობის სახით, 1922 წელს, რეგიონში ტექნიკური აზროვნების დიდ ფლაგმანთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა. ფაკულტეტი 102 წლისაა, სადაც მრავალი სასახელო თაობა აღიზარდა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი თითქმის 102 წლისაა. დაარსებიდან დღემდე არქიტექტურა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც სწავლა-სწავლებას, რამენიმე წელია, სახელმწიფო აფინანსებს. სასიხარულოა, რომ  არქიტექტურით დაინტერესებული არაჩვეულებრივი თაობა მოდის, რომელთაც, ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან იციან, რომ  არქიტექტურა მხოლოდ პროექტირება არ არის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას აძლევს. ფაკულტეტზე სხვადასხვა საფეხურზე ხორციელდება შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა: საბაკალავრო პროგრამა – “არქიტექტურა”, რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამა – “არქიტექტურა” და საბაკალავრო პროგრამა – “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები”, რომელიც  2017 წლიდანხორციელდება და მიუხედავად, არსებობს 6 წელს მოიცავს, უკვე დამკვიდრებული აქვს სახელი. ასევე, სამაგისტრო საფეხურზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა –  “არქიტექტურა”, სადოქტორო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამები: “არქიტექტურა” და “არქიტექტურათმცოდნეობა”. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ საფუძვლიანად დაეუფლონ სპეციალობას და წარმატებულნი იყვნენ. მათ ეს მოცემულობა კარგად აქვთ გააზრებული, სწორედ ამიტომაა, რომ დასაქმების პრობლემა არ აქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, გისურვებთ წინსვლას“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი კურსდამთავრებულები თუ ფაკულტეტზე მოღვაწე გამოჩენილი არქიტექტორები, უკვე 102 წელია, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ და ახორციელებენ საინტერესო პროექტებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, სასიხარულოა, რომ ჩვენი ფაკულტეტის გამორჩეული სკოლის ტრადიციას ახალგაზრდები წარმატებით და ღირსეულად აგრძელებენ. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ რექტორს, უნივერსიტეტში ამ შესანიშნავი ღონისძიების დაწესებისათვის“, – განაცხადა ნინო იმნაძემ.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ  სტუ-ის საპატიო დიპლომი გადასცა არქიტექტორს, მეცნიერს, პედაგოგს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს ვახტანგ დავითაიას. ასევე, პროფესორებს: გია ნაცვლიშვილს და ლევან ბერიძეს. ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ: საქართველოს არქიტექტორთა კავშირს, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციას, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას და რეჟისორი   ბექა ავარსკის. ასევე, მოწვეული პროფესორებს, პრაქტიკოს არქიტექტორებს: გია ნადირაძეს, თეიმურაზ ხოჯავას, ვასილ ქობულიას, თენგიზ გოგოლაშვილს, მერაბ გაგნიძეს, ბესარიონ ტატიშვილს, ზაზა სვანაძეს, გიორგი კვიწინაშვილს, თამაზ დოგრაშვილს, გიორგი ყიფიანს და გიული გეგლიას ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გიორგი დოლიძეს – სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელს და სტუდენტებს.

ღონისძიების დასასრულს, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები დამსწრე საზოგადოების წინაშე თვითშემოქმედებით წარსდგნენ.

 

სტუ-ში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ფსიქოლოგიური და თეოლოგიური შრომები“, ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის ჩართულობით, სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი­ და ­უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ფსიქოლოგიური და თეოლოგიური შრომები“, ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრები – გივი ჭიჭინაძე, სოზარ სუბარი, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფსიქოლოგები და სტუდენტები, ასევე, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორი მთავარეპისკოპოსი გიორგი.

კონფერენცია  გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.  აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, იმ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთ ეროვნულ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი, დააარსეს თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი. რექტორმა მიულოცა ერის სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავი და ისაუბრა პატრიარქის  ღვაწლსა და დამსახურებაზე. რექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა წმინდა მამა გაბრიელის ცხოვრებაზე.

„წმინდა ილია მართალმა, გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე ბრძანა: „… მე მსურს მხოლოდ აქ აღვნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა, რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, – საერო, თუ სამღვდელო, – რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელიბა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა…“ დიახ, როგორც დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოებაა დღეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია. ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით ტოლერანტია, პატივს ვცემთ ყველა აღმსარებლობას, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელსაც უკვე 46 წელია სათავეში უდგას უწმინდესი­ და ­უნეტარესი ილია II. მრავალი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ყველა ძნელბედობის ჟამს პატრიარქი ერის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა. შემთხვევითი არაა კონფერენციის თემა. გაბრიელ ქიქოძე იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამორჩეული წევრი. 1995 წელს, წმინდა სინოდმა ილია მეორეს თავმჯდომარეობით, გაბრიელ ქიქოძე წმინდანად შერაცხა. გაბრიელ ქიქოძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად თავდადებით იღწვოდა. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება სწორედ ილია მეორემ შესძლო. 135 წელია გასული გაბრიელ ქიქოძის ისტორიული ფრაზიდან – „შესდექ, ხელმწიფევ“ და მიუხედავად ჟამთა სვლისა ის არ ჰკარგავს აქტუალობას – „ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია და სხვა მოპყრობას იმსახურებს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს“, – ასე მიმართა გაბრიელ ეპისკოპოსმა იმპერატორი ალექსანდრე მესამეს და ამით თქვა ქართველი ერის სათქმელი.  135 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება იზეიმა. სასიხარულოა, რომ დღეს ახალგაზრდებმა იციან რას იტევს გაბრიელ ქიქოძის ეს მიმართვა.  კიდევ ერთხელ ვულოცავ უწმინდესის და ­უნეტარესს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს, ჯანმრთელობსა და მზეგრძელობას ვუსურვებ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

კონფერენციას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. „ეპისკოპოსი გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. მან თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. დრევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მომავალმა თაობებმა უფრო სიღრმისეულად უნდა იცოდნენ ამ განსაკუთრებული მამულიშვილის მოღვაწეობის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ კონფერენციის ჩატარებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენციაში ონლაინ ჩაერთო  ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორი, მთავარეპისკოპოსი გიორგი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტარებმა გივი ჭიჭინაძემ; ირაკლი ქადაგიშვილმა; სოზარ სუბარმა; აკადემიკოსმა რამაზ საყვარელიძემ; საერთაშორისო სამართლის დოქტორმა,  სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ; სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მამუკა გიორგაძემ; სტუ-ის  პროფესორმა ლია მეტრეველმა; ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა; სოციალურ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ფსიქოლოგმა ირმა ხურციამ და ცნობილმა მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა. გამომსვლელებმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავი მიულოცეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტს საინტერესო კონფერენციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. კონფერენციაზე 10-ზე მეტი ნაშრომი იქნა განხილული.

 

იმედი – ქრონიკა
https://www.imedi.ge/ge/video/145789/konperentsia-stushi

საზმაუ- მოამბე
https://1tv.ge/video/46-weli-patriarqis-aghsaydrebidan-konferencia-teqnikur-universitetshi/

სტუ-ში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა ინოვაციურ პროექტებს მინისტრი დავით ფაცაცია გაეცნო

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ეწვია და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, რომლებსაც აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები უნივერსიტეტში ახორციელებენ.

მოსწავლეები პროექტებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით ამუშავებენ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დაწყებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების STEM საგნებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით, STEM პროექტების მოდელირება-კონსტრუირებაში სპეციალური ტრენიგები გაიარეს. როგორც  დეკანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, პროექტებზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის მდიდარ ლაბორატორიულ რესურსს და დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით ითვისებენ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლებბმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს რამდენიმე მიმდინარე პროექტი გააცნეს და იმ სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას უკავშირდება.

„ამ ეტაპზე, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორი ჯგუფი დიდი ინტერესით მუშაობს რამდენიმე პროექტზე, როგორც თეორიულად, რაც ფიზიკის შესწავლას ითხოვს, ასევე პრაქტიკულად. ყოველ მონაწილეს შეუძლია ინდივიდუალურად ააწყოს და დააპროგრამოს ყველა კომპონენტი და თავის თანატოლებთან ერთად, ჯგუფურად იმუშაოს. მოსწავლეებმა ბატონ დავით ფაცაციას თვითონ წარუდგინეს უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი მიმდინარე პროექტები, მათ შორის: ხმოვანი საზომი ხელსაწყოები და ყვავილების მომვლელი რობოტი. მოზარდების მიერ აწყობილი მოლაპარაკე თერმომეტრი და მოლაპარაკე სასწორი უსინათლო და მხედველობაშეზღუდული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროექტზე ანა და ლუკა კვარაცხელიები, ილია დარსალია, ზვიად და უტა კოხიები მუშაობენ. ყვავილების მომვლელი რობოტი კი ფუნქციური და შემეცნებითი პროექტია, რომლის დანერგვა და ეფექტურად გამოყენება  შესაძლებელია სასათბურე მეურნეობებში, განხვავებული ჯიშის მცენარეების მოსავლელად და ასევე, საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. ილია დარსალიასა და მარიამ და დავით ვახტანგაძეების მიერ აწყობილი და დაპროგრამებული თვითმავალი მოლაპარაკე რობოტი, მიღებული სიგნალის შესაბამისად, ინდივიდუალურად მიდის თითოეულ მცენარესთან და საჭიროების მიხედვით რწყავს და უვლის მათ. გარდა ამისა, შეხებისა და მორწყვის პროცესში,  მცენარეებიც საუბრობენ თავიანთი სპეციფიკისა თუ საჭიროებების შესახებ. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ყველა ეს პროექტი საკმაოდ რთულია, ითხოვს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, კრეატივს და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ პროექტებს  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2024 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე“ წარადგენენ.

 

სტუ-ის რექტორი და სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭო, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარსა და მინისტრის მოადგილეს, ნოდარ პაპუკაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინიტრსა და მის გუნდს უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საუნივერსიტეტო განათლების განვითარების, მისი ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობების ზრდისა და სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს შექმნისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მეტად დაუკავშიროს განათლება და მეცნიერება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას,  ქვეყნის განვითარებას. დღეს,  მინისტრთან და მის გუნდთან ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური წრეების შეხვედრა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. მისასალმებელია მინისტრის სურვილი, მეცნიერებთან ერთად იმსჯელოს წარმატებებსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე, მათთან ერთად დასახოს პრობლემების გადაჭრის გზები, უპასუხოს მათ შეკითხვებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც მასშტაბით, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სკოლაა, რომელსაც მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან, წამყვან უნივერსიტეტებთან, მონაწილეობს ყველა გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტში. მიუხედავად წარმატებებისა, ჩვენც ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. კოლეგებო, მინისტრის და ასევე ჩემი სურვილია ვიყოთ გულწრფელები, პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ. სწორედ ასეთი მიდგომა, მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც სამინისტროსთან უნივერსიტეტს აქვს, ის ფორმატი, რომელიც მინისტრმა შემოგვთავაზა, მიგვიყვანს განათლების სიტემის სრულყოფამდე, ქვეყნის წარმატებისა და მომავალი თაობებისთვის სასურველ შედეგებამდე. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა ქვეყანა ასახელონ. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, ქართველ მეცნიერებს სერიოზულ ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გაუნულდათ სწავლის საფასურის დავალიანება. ეს ყოველივე მიანიშნებს მთავრობის დამოკიდებულებაზე განათლებისა და ახალგაზრდების მიმართ, მაგრამ ხელისუფლება ითხოვს მეტს – უნივერსიტეტმა, მთავრობასთან და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა შეძლოს ძირეული ცვლილებების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანა. დღეს ჩვენ გაცილებით დიდი შესაძლებლობლები გვაქვს, ვიდრე გვქონდა გუშინ. საქართველო კიდევ მეტად დაუახლოვდა ევროპას, ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი პოლიტიკური ხაზის ფონზე, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და როცა თვითშეფასების დოკუმენტში განათლებისა და მეცნიერების მიმართულება პირველ ადგილზე აღმოჩნდა, აკადემიურ წრეებს ეს არ გაკვირვებია. საგანმანათლებლო სივრცეში ყველა წარმატება პირდაპირ აისახება სტუდენტზე, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებული განათლება უნდა მოახმაროს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას, საქართველოს სახელი კი უნდა გაიტანოს მსოფლიო არენაზე, მით უმეტეს დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ეს უდიდესი წარმატება ქვეყანასა და მთავრობას, პარლამენტს, თითოეულ ჩვენთაგანს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ღონისძიების მონაწილეებს მეცნიერების განვითარებასა და  მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები წარმატების საფუძველია, თუმცა წინსვლისთვის საჭიროა მეტი სასიკეთო ცვლილება, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. მინისტრის განცხადებით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული  ინიციატივები უკეთესი მომავლის საფუძველს იძლევა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი.  მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტთათვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას. პარალელურად, სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციასა და მეცნიერებს.

შეხვედრა ინტერაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, რა დროსაც მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, პრაღაში მოხდარი ტრაგედიის გამო,  მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, სტუდენტებსა და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

„საერთაშორისო საზოგადოება შეძრულია ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,  დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა მათი ოჯახები და მძიმე სტრესი მიაყენა ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, ჩეხეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩეხ ხალხს. ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ყველა ადამიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.   

 

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?