სტუ-ში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაცია იმყოფება

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციას, პროფესორებს: ფენგ ქსიონგს, მა ფენგინს და გე იანქსიას, შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები.

როგორც სტუ-ის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ექვს უნივერსიტეტთან, მათ შორის, ლანჯოუს, სიჩუანის, ხანგოუს ეძიან კუნშანგის, გუიჯოუს,  ჟეიჯანგი ვანლის, ტიანძინის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების  უნივერსიტეტებთან და სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტთან, აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში არის ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო უმაღლესი სკოლა. უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ჩინეთის კვლევითი ცენტრი, რომლის ბაზაზე წელიწადში 50-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება ჩინურ ენას. უნივერსიტეტის მეცნიერებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში. ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენცია სტუ-მ ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა. წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფ სიჩუანის და ლანჯოუს უნივერსიტეტების დელეგაციებს. წელსვე, პირადად მე, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი  სიჩუანის უნივერსიტეტში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაა. კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს და ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და ცენტრთან. ამდენად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის საგანმანათლებლო სივრცის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საწინდარია სამომავლოდ სტუ-სა და ჩინეთის სოცლაიური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის. წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველ და ჩინელ მეცნიერებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა კვლევებში“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სალექციო კურსების შემუშავების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობლობებზე იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებასა და  მაღალი ტექნოლოგიების ერთობლივად დანერგვას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვედრისა და საინტერესო სამომავლო გეგმების დასახვისათვის. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტი მზადაა სტუ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და კვლევების ჩატარებისთვის.

 

სტუ-ში, იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციით, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორია გაიხსნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, საერთაშორისო კოლაბორაცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში, სატელიტური ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორია (Biomedical Imaging SMART|Lab) გაიხსნა.

SMART|ლაბორატორიის გახსნათან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაციას: „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერს, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორს, პროფესორ ჯონ შას, დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრის (Dresden-Rossendorf, HZDR) დირექტორს, პროფესორ სებასტიან შმიდტს, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერსა და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორს, ანდრო კაჭარავას შეხვდა. სტუ-ის რექტორმა, გერმანულ მხარესთან ერთად, ე.წ. კოოპერაციის შეთანხმებას – „Cooperation Agreement in the Framework of the GGSB-PLUS“) მოაწერა ხელი. დოკუმენტის ხელმომწერები, ასევე, კონსორციუმის წევრი კიდევ ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) არიან.

შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერასა და ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აკაკი გიგინეიშვილი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, SMART|Lab-ის მკვლევრები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით,  ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის ამოქმედების ძირითადი კონცეფცია უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობასა და ქართულ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში მათ ჩართვას ეფუძნება. როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტში SMART|ლაბორატორიის გახსნა გაამყარებს სამეცნიერო ურთიერთობას, როგორც საქართველოსა და გერმანიას, ასევე, უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისთვის, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, საერთაშორისო კოლაბორაცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან. წლების განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური ჩართულობით, გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა. გარდა ამისა, იულიხის ცენტრისა და მისი მეცნიერების უშუალო მონაწილეობით, საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის არაერთხელ გაიმართა „შემოდგომის ლექციები“, რომელშიც მუდმივად იყვნენ ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. სხვადასხვა წლებში, საქართველოს ტექნიკური უნივცერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის მინი MRI. სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის და იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები და მოიპოვეს კიდეც სამეცნიერო გრანტები. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტს საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რაც SMART|ლაბორატორიის გახსნასა და მის სამომავლო გეგმებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ გერმანულ მხარესთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმების დოკუმენტს. SMART|ლაბორატორიის ძირითადი კონცეფცია სწორედ ის არის, რომ ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა სამშობლოში დაბრუნებასა და მათ მონაწილეობას ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტში გახსნილ SMART|ლაბორატორიას სამეცნიერო ხელმძღვანელობას, ჩვენი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებთან კოორდინაციით, გაუწევს უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მკვლევარი თამარ ხეჩიაშვილი. დარწმუნებული ვართ, ახლადგახსნილი ლაბორატორია წარმატებით შეძლებს  ცოდნის ტრანსფერსაც და  სხვადასხვა მიმართულების წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად, სტუდენტების ჩართულობით, მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებსაც განახორციელებს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერის, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორის, პროფესორ ჯონ შას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში SMART|Lab-ის ამოქმედება  შესაძლებელს გახდის გამოსახულების დამუშავების ტექნიკის დანერგვას, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მომზადებას, იმ მიზნით, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს. როგორც იულიხის ცენტრის მეცნიერი ამბობს, კონსორციუმის წევრთა მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ქმნის კვლევების ახალი შედეგების მიღებისა და მათი ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას, რაც მეტად გააღრმავებს სამეცნიერო კოლაბორაციას ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში თანამშრომლობამ, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია გრძელდება, განსაკუთრებულად ინტენსიური ხასიათი კოვიდპანდემიის შემდგომ მიიღო, როცა კოლაბორაციას ჰელმჰოლც-როსენდორფის გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი – Dresden-Rossendorf-ი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი (GSI), ასევე, აახენისა და კიოლნის უნივერსიტეტები შემოუერთდნენ. დეკანის თქმით, საერთაშორისო კოლაბორაცია GGSB-PLUS-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსებული სატელიტური SMART|ლაბორატორია აქტიურად გეგმავს, ჩაერთოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს ახალი სამეცნიერო პროექტების ინიცირებას, ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის (HTC) მშენებლობისთვის სამეცნიერო-ტექნიკური კონსულტაციების გაწევას, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციას, ასევე, მნიშვნელოვნად განავითარებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორსა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას.    

სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით, ტესტირების კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩატარდა.

პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა და ძნელად გამოსავლენი. სწორედ ამიტომაც ტარდება ტესტირების კვირეული ევროპაში, რომელსაც უკვე მეათე წელიწადია, საქართველოც უერთდება.

„C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით. C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია 2 წელი, ამიტომ, ჩვენ აქტიურად გადავადგილდებით ქვეყნის მასშტაბითდა ვატარებთ სკრინინგს B და C ჰეპატიტის ვირუსზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, რაც მათ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიური საბჭოს წევრის ზაზა სოფრომაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხარულია ისეთ ფართომასშტაბიან კამპანიის პროცესში ჩაერთოს, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრმა.

„სკრინინგის გარდა, აუცილებლად უნდა „დავუგდოთ ყური“ საკუთარ ორგანიზმს და პატარა სიგნალიც კი არ გავატაროთ უყურადღებოდ. ამას მხოლოდ ექიმები არ გვეუბნებიან, ამაზე დაუზარლად ლაპარაკობენ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთური გზა გაიარეს C ჰეპატიტთან ბრძოლაში და ახლა ცდილობენ, საინფორმაციო კამპანიით სხვებს დაეხმარონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ საქართველოს რეგიონებში ატარებს კამპანიას. ამჯერად ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარეს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი პაციენტები არიან. მათ დღეს სტუდენტებს გააცნეს საკუთარი ისტორიები, ისაუბრეს  ვირუსზე, რომელიც ელიმინაციის პროგრამის წყალობით დაძლიეს. კამპანიის ფარგლებში ყოფილ პაციენტებს  სურთ სხვებს დაეხმარონ ამ უხილავი და ვერაგი მტრის დამარცხებაში“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

 

სტუ-ში სემინარი „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

7 დეკემბერს, 14:00 საათზე სტუ-ის I კორპუსის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით სემინარი „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართება.

აღნიშნული სემინარი მუდმივმოქმედი სემეცნიერო სემინარის „მარადიული ღირებულები და მარად ცვალებადი სამყაროს“ ფარგლებში ჩატარდება.

მომხსენებლები:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი  დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, აკადემიის  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

 

სტუ-სა და იაპონიის უდიდეს სამეცნიერო ცენტრებს შორის, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, კოლაბორაცია ღრმავდება

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციას (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსს (J-PARC) შორის სამეცნიერო კოლაბორაცია ფართოვდება და მომავალი წლიდან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.

მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ცენტრთან სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოება შედეგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მის მეცნიერ-ფიზიკოსთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებისა, რამაც გლობალური ექსპერიმენტის მიმდინარეობაზე დადებითი გავლენა იქონია და ამასთან ერთად, COMET ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგები გააუმჯობესა.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, პირველივე ეტაპიდან არის KEK/J-PARC-ში, COMET ექსპერიმენტის მშენებლობის აქტიური მონაწილე.

„ჩვენმა მეცნიერთა ჯგუფმა 8 წლის წინ ითავა, COMET ექსპერიმენტისთვის შეექმნა უნიკალური სტროუ მილები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტრეკული სისტემის მკვეთრად გაზრდილი სიზუსტით ფუნქციონირებისთვის. დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრებმა, შეძლეს ურთულესი ამოცანის მაღალ დონეზე გადაჭრა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს, დაამზადეს და ააწყვეს სტროუ მილებზე დაფუძნებული დეტექტორები. ჯგუფის მიერ შესრულებულმა მაღალკვალიფიციურმა სამუშაოებმა არა მხოლოდ დააჩქარა COMET ექსპერიმენტში მიმდინარე გარკვეული პროცესები, არამედ მიღებული შედეგი დადებითად აისახა მთლიანად ექსპერიმენტის მშენებლობის გრაფიკზეც, რამაც კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! უახლოეს მომავალში, იაპონელ კოლეგებთან ერთად, იგეგმება სისტემის ტესტირება და რეალური ექსპერიმენტისთვის მომზადება. აღნიშნულ პროცესებში ჩართულობა უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც KEK-თან და J-PARC-თან, ასევე, მსოფლიოს სხვა უდიდეს კოლაბორაციებთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და უნივერსიტეტის მიღწევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას, გზას გაუხსნის ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიებისკენ, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კვლევებში“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

COMET ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, თენგიზ ტორიაშვილის თქმით, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის წევრების – ნიკოლოზ წვერავას, რომან აბრამიშვილის, დავით ჩოხელისა და სხვათა მონაწილეობის მნიშვნელობა ნათლად აისახა ტრეკული სტოუ მილების (Straw Tube Tracker) სისტემის შექმნის პროცესის ყოველ ეტაპზე. როგორც თენგიზ ტორიაშვილი განმარტავს, COMET STT სისტემის მიზანია, 5 ტესლა სიდიდის მძლავრი ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მკვეთრად გაიზარდოს მიუონის დაშლის შედეგად მიღებული დაბალენერგეტიკული (<105 მევ) ელექტრონის ტრეკის აღდგენის სიზუსტე.

COMET ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წევრი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წვერავა აღნიშნავს, რომ COMET STT სისტემა სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი უაღრესად თხელკედლიანი, 12-20 მიკრონის სტროუ მილებისგან  შედგება. მეცნიერის განმარტებით, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, სტროუ მილები, ასევე, დამატებით აკმაყოფილებს მნიშვნელოვან მოთხოვნას, რაც STT სისტემის დეტექტორებში ელექტრონის გავლისას ენერგიის მინიმალურ დანაკარგებს გულისხმობს.

„სტროუ კამერა უაღრესად მსუბუქი, მაღალტექნოლოგიური, გაზური გაძლიერების დეტექტორია, რომლის სივრცითი გარჩევის უნარიანობა 100 მიკრონზე უკეთესია. ამ დანადგარის ექსპლუატაცია მოხდება ექსტრემალურ პირობებში – ვაკუუმურ გარემოში მოთავსებით და ამავდროულად, შიდა ჭარბი წნევის ქვეშ. მასზე მოდებული იქნება მაღალი ძაბვა და მოთავსებული იქნება მძლავრ ელექტრომაგნიტურ ველში. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სტროუ მილებს მაღალეფექტიანობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეენარჩუნებინათ. გასულ წელს, ჩვენ მიერ დამზადებულ და ჩატანილ სტროებზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები განხორციელდა, მომზადდა სპეციალური ფორმები, დამონტაჟდა მარეგულირებელი სენსორები, რომლებმაც მოგვცა საშუალება მიკრონების სიზუსტით გაგვეკონტროლებინა კამერების აწყობის პროცესი. ასევე, ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანიც იყო, როგორც მიმდინარე, ასევე, ახალი გეომეტრიის – 10 მმ და 5 მმ  დიამეტრის სტროუ მილებისთვის გაუმჯობესებული ტიპის სარქველის დიზაინის შექმნა, მათი დამზადება და გამოცდა“, – აღნიშნავს ნიკოლოზ წვერავა.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, COMET ექსპერიმენტში უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანა ლეპტონური მუხტის დარღვევის შესწავლაა. წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფერმის ლაბორატორია – Fermilab-ი, CERN-ი და პოლ შერერის ინსტიტუტი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, მიზნად ისახავენ, შექნან ექსპერიმენტულ-მეთოდოლოგიური კვლევის დანადგარები იმ მიზნით, რომ განაახლონ შედეგების სიზუსტე, რაც შესაძლებელს გახდის  ფიზიკის შესაბამისი მიმართულების გადახედვა-დაზუსტებას. ზვიად წამალაიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულ გლობალურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერთა ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიოს უდიდეს ექსპერიმენტებში ანგარიშგასაწევი  სამეცნიერო წვლილი შეაქვთ.  

 

სტუ-ის სტუდენტებისთვის ჩეხმა პროფესორებმა მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მშენებლობაში უსაფრთხოების საერთაშორისოდ რეკომენდებული სტანდარტების შესახებ, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორებმა საჯარო ლექცია გამართეს.

ჩეხი პროფესორები – ვერონიკა მესა, ჟირი პოკორნი და მარეკ სმეტანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ეწვივნენ.

საჯარო ლექციაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები, ვიზუალური მასალის თანხლებით, გაეცნენ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც დარგში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდებული. ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა დეტალურად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამშენებლო ნორმები და წესები ელექტრო, აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-განტვირთვის, საიზოლაციო, მიწის, ქვის, ბეტონისა და რკინაბეტონის, სამონტაჟო და სხვა სამშენებლო საქმის წარმოებისას, უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, სამშენებლო მოედნის ორგანიზაციის უახლესი მიდგომები, სამშენებლო მანქანების, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის საკითხები. ჩეხმა პროფესორებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს მშენებლობის სფეროში დაკავებული პერსონალის უსაფრთხოების, ცხოველთა თუ მცენარეული საფარის დაცვისა და სხვა გარემოსდაცვით გამოწვევებზე. 

ვიზიტის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორიული და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს,  შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების პრიორიტეტული კვლევები გააცნეს. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მიღწევებისა და მიმდინარე კვლევების, მათ შორის სტუდენტური პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია სტუმრებს ფაკულტეტის დეკანმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გაუზიარეს.

როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გინა გურეშიძემ აღნიშნა, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის საკითხები და ორივე უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობით,  საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. გინა გურეშიძის თქმით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, ასევე, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებაზე, რაც ორივე უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

კლაუს ჰიპმა სტუ-ის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ  ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელს, სტუ-ის საპატიო დოქტორ კლაუს ჰიპს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დიზაინის საერთაშორისო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობს სიგელი გადასცა.

კლაუს ჰიპი შეხვდა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს. მეცენატმა, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი. როგორც ფაკულტეტის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, კლაუს ჰიპმა დაათვალიერა სტუდენტების ნამუშევრები და  კონკურსში გამარჯვებულებს წლის ბოლომდე დაასახელებს.

„უკვე მრავალი წელია, კლაუს ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ნია გალეგაშვილი და თამარ ბახტაძე გაემგზავრნენ. ისინი ამ ეტაპზე მიუნხენში არიან და ერთ-ერთი უძველესი ტაძრის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობენ. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის, ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები, მუდმივად იქნება გამოფენილი. მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი გაემგზავრება გერმანიაში“, – განაცხადა ნინო ახობაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. ასევე, სტუ-ისა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას  პერიოდულად მიაწვდის დიზაინის საერთაშორიასო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სიას, საიდანაც კომპანია ორივე საფეხურის 2-2 სტუდენტს შეარჩევს. სტუდენტები სამი წლის განმავლობაში სტაჟირებას HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ში გაივლიან.

 

სტუ-ში არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სიტემების ინსტიტუტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღინიშნა. ინსტიტუტს დაარსებიდან 67 წელი შეუსრულდა.

ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები ეწვივნენ.  

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა და ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნუგზარ ყავლაშვილსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსების დღე მიულოცა.

დავით გურგენიძის განცხადებით, მართვის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ცნობილი მეცნიერის, ელექტროტექნიკოსისა და ინჟინრის, არჩილ ელიაშვილის სახელს ატარებს, 1956 წელს დაარსდა და მას შემდეგ დაკავებულია სხვადასხვა დარგისთვის მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით აქტუალური საკითხების შესწავლა-დამუშავებით.

 

„მართვის სისტემების ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ცნობილი მეცნიერი არჩილ ელიაშვილი, რომლის ინიციატივითა და თაოსნობით, საქართველოში პირველად, ფართოდ გაიშალა მუშაობა მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატიკის დარგში, ასევე, პირველად, ახალი ტექნიკის გამოყენებით, განხორციელდა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის ავტომატიზაცია, შეიქმნა უნივერსალური გამომთვლელი მანქანა, გამოიცა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის პირველი ქართული ლექსიკონი. სწორედ ამ ნაშრომისთვის არჩილ ელიაშვილს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები წარმატებით აგრძელებენ სამეცნიერო საქმიანობას, კვლევის შედეგები კი ვრცელდება და ინერგება სხვადასხვა დარგებში. ამჟამად, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები კვლევებს სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ – მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, რაც, ასევე, მოიცავს მართვის პროცესებს ენერგეტიკულ სისტემებში და ინფორმატიკას. ყველა კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ინსტიტუტს ახალგაზრდა, ნიჭიერი მკვლევრების მოზიდვაში, რომლებიც არჩილ ელიაშვილის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებენ და ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივცეში ინტეგრაციას წარმატებით შეძლებენ. ვულოცავ ინსტიტუტსა და მის მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

აჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ ყავლაშვილმა, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტში მიმდინარე კვლევები გააცნო.

„მადლობა ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პირადად რექტორს, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ინსტიტუტის დაარსების დღის აღნიშვნა სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენი მკვლევრებისთვის. დღეს ფართო აუდიტორიას ვუზიარებთ სამეცნიერო მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო კვლევების პროგრამა – „მართვის თეორია, ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების იდენტიფიკაცია, ოპტიმიზაცია და აგება და ინტელექტუალური პროცესების მოდელირება“. პროგრამა, თავის მხრივ, ექვს მოცულობით პროექტს მოიცავს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რთული ფიზიკური და ეკონომიკური სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანების კვლევას, გარდაქმნის სისტემებისა და დიალოგური სისტემების ქართულენოვანი ინტერფეისის დამუშავებას, ასევე, იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ამოცანების გადასაწყვეტად სამკურნალო დიაგნოსტიკის მხარდამჭერი სისტემის შექმნასაც გულისხმობს. ვიმედოვნებთ, დასახულ ამოცანებს ღირსეულად გავართმევთ თავს. ვულოცავ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს“, – აღნიშნა ნუგზარ ყავლაშვილმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ, ასევე, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის მიწვევით, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები მოინახულეს და სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

სტუ-ში დაიწყო გარემოსდაცვითი პროექტი – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“.

პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის მესამე და მეოთხე სასწავლო კორპუსებს შორის მდებარე სკვერში გაიმართა, სადაც, საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით, სტუდენტებმა ამბრისა და სოფორას ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.

სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის, დავით ლეშკაშელის თქმით, გარემოსდაცვითმა პროექტმა – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აიღო სტარტი, ესტაფეტას კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემენ.

„კამპანიას, „სტუდენტები ერთად სიმწვანისათვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო, ერთჯერადი ხასიათი არ ექნება. ესაა ჩვენი, სტუდენტების სიტყვა ბუნების დასაცავად. პროექტში ჩაერთვება საქართველოში აკრედიტირებული ყველა უნივერსიტეტი, იმდენად რამდენადაც ის ერთგვარი   გამოწვევაა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. მადლობა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზო ვასაძეს, რომელიც დიდი სიხარულით ჩაერთო პროექტში და ამბრისა და სოფორას ნერგები გვაჩუქა. ასევე, მადლობა საქართველოს  სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას (SOA) მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით ლეშკაშელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პროექტით საფუძველი ჩაეყარა ახალ გარემოსდაცვით კამპანიას, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას ახალი პროექტის დაწყებისთვის. ბუნების დაცვა, მოვლა, განაშენიანება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და როცა სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ინიციატივა გააჟღერა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავუჭირეთ მხარი. მადლობა საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზოს, სტუდენტების მხარდაჭერისთვის. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა რექტორს და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პროექტის ინიციირებისა და ორგანიზებისთვის. როგორც გიზო ვასაძემ აღნიშნა, გამგეობა მზადაა სტუდენტებს მსგავს საინტერესო პროექტებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირინე ყაჭიური და მარი თებიძე გახდნენ.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე  აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამარჯვებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხი განაპირობებს, რაც თავის მხრივ ზრდის სტუდენტთა დაინტერესებასა და მოტივაციას, მეტად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში და მეტად გამოიყენონ საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.

„ჩვენი ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წარმატება. მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ირინე ყაჭიურმა, პროფესორ გელა ყიფიანის ხელმძღვანელობით, საკონკურსოდ წარადგინა პროექტი – „ხარიხა ამწის დინამიკური კვლევა“, ხოლო ამავე პროგრამის მაგისტრანტის, მარი თებიძის საკონკურსო პროექტი – „ტალღამტეხი ნაგებობების მოწყობა ბეტონის ბლოკებით“  პროფესორ მანონი კოდუას მენტორობით შემუშავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესი და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ მყარი საფუძველი და გავუღვივოთ ინტერესი, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და შეძლონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება“, – აცხადებს გინა გურეშიძე.   

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ 42 გამარჯვებულ პროექტს შორის ორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებს ეკუთვნით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?