სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ელჩინ ბაბაევს შეხვდა და მათთან ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია – მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველი სიმუზარ ფეიზულაევა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თურალ აჰმადოვი, ამავე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელჩინ მამმადოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლის პროცესს და იმ მხარდამჭერ პროექტებს, რაც მათ უმაღლესი განათლების მიღების, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობის და სრულფასოვანი ინტეგრირების შესაძლებლობას აძლევს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილისა და აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებლის – ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და მეგობარი ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი, მომავალი თანამშრომლობის ჭრილში, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზება ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უახლოეს მომავალში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საუნივერსიტეტო ცენტრი ამოქმედდება, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს, არამედ, ქართველ ახალგაზრდებსაც გააერთიანებს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს საუკუნოვანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ. საკმარისია დავასახელოთ ისეთი ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანას გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რაც კიდევ უფრო ძლიერდება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში,  როგორიცაა სუამ-ი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დაახლოება ხდება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინტეგრაციის ფონზეც და ეს მიმართულებაც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.  ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნაყოფიერი კოლაბორაცია აქვს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან. სტუმრებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში; განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. შევეხეთ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებს. საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ეუფლება სხვადასხვა სპეციალობებს, ასევე, სტუდენტებს შორის არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გაცილებით მრავალმხრივი გახდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ამოქმედდება ჰეიდარ ალიევის ცენტრი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქართველ სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის ჩართულობით, სხვადასხვა პროექტებს განახორციელებენ. აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სიამოვნებით დაეთანხმნენ ჩვენს ამ ახალ გამოწვევას. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ჰასან ჰასანლიმ აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების, სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მეტად დაახლოების და ახალი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება. 

შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციამ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი და სტუდენტური სახელოსნო დაათვალიერეს, ასევე, ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუ-ის სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ კოჭლამაზიშვილი საერთაშორისო კონფერენციაში – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“, მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო კონფერენცია – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“, 7 დეკემბერს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტის თქმით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე –  „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“, მოიპოვა.

„ნოემბრის თვეში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“, სადაც, ასოცირებული პროფესორის თამარ ქობლიანიძის ხელმძღვანელობით, წარვადგინე თემა – „კურორტების მდგრადი განვითარების პერსპექტივები კახეთის რეგიონში“. სასიხარულოა, რომ თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, თემის ხელმძღვანელი და მე მიგვიწვიეს სააგენტოს მიერ დაგეგმილ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს, ასევე, ქალბატონ თამარს, ფაკულტეტს მხარდაჭერისთვის.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის თამარ ქობლიანიძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას.

„სააგენტო კურორტების განვითარებას განიხილავს, როგორც ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო საკურორტო ინდუსტრიის ექსპერტები და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს. სასიხარულოა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი მიიღებს. მადლობა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს“, – აცხადებს თამარ ქობლიანიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა, ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგებული ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არის წარმოდგენილი. 

 

სტუ-ის რექტორის არჩევნები

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე,

1. 2024 წლის 18 იანვარს დაინიშნოს არჩევნები სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

2. არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

3. პრეტენდენტთა სამოქმედო გეგმების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2024 წლის 16 იანვარს.

4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.

5. ერთი და იგივე პირი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;

დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.

7. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) ავტობიოგრაფია (CV) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

ზ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

8. განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას, 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა.

9. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას, 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

10. წინამდებარე განცხადების მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი თუ მას უკვე წარმოდგენილი აქვს ასეთი ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

 

სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პარტნიორობის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი იერჟი გროჰულსკი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტი და ვიცე – პრეზიდენტი მარეკ ხრობაკი, გაეცნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განხილულ იქნა ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის იმპლემენტაცია. 

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA) არის მნიშვნელოვანი გაერთიანება, რომელიც საზღვრავს დარგის საგანმანათლებლო პროგრამებში სტანდარტებს.

„საქართველოს არქიტექტორთა კავშირი არის, მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციის,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის წევრი. UIA ორწელიწადში ერთხელ ატარებს კონგრესს, გამოფენებს, რომელიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტანდარტის ჩამოყალიბებისას  ჩვენ ვხელმძღვანელობთ UIA-ს რეკომენდაციებით. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო ნაწილს. ამდენად,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტისა და ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის. სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტზე არსებული საწავლო სტუდიები, წარვადგინეთ ფაკულტეტი და გავაცანით ის მეთოდოლოგია,  რომლითაც სწავლება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრალურმა  დისციპლინამ – არქიტექტურული პროექტირება. სტუმრებმა ნახეს როგორ მუშაობენ ჩვენი სტუდენტები, მათი აღფრთოვანება გამოიწვია ფაკულტეტის მიდგომამ, გარკვეულ ეტაპამდე პროექტის ხელით დამუშავების შესახებ. მიუხედავად იმისა, ყველა სტუდენტმა იცის როგორ იმუშაოს კომპიუტერთან, ჩვენ ვთვლით, რომ ესკიზის ხელით დამუშავება არის აუცილებელი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა საინტერესო და მნიშვნელოვანია. მეორე ასპექტი, რამაც ასევე მოწონება დაიმსახურა არის ის, რომ ჯგუფში, რომელიც 23-25 სტუდენტითაა დაკომპლექტებული, ორი პედაგოგი მუშაობს. ისინი მოწვეული, პრაქტიკოსი არქიტექტორები არიან.  ჩვენი სტუდენტები,  მეოთხე კურსის პირველ სემესტრში, პრაქტიკას  სწორედ მოწვეული არქიტექტორების სტუდიებში გადიან. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული მიმართულება – ეკოლოგიური არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის. სასიხარულოა, რომ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ კვლევებს და პროექტებს, რომელშიც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იქნებიან ჩართულნი“, – განაცხადა პროფესორმა ნინო იმნაძემ.

შეხვედრის დასასრულ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტმა იერჟი გროჰულსკიმ, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტმა აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტიმ და ვიცე – პრეზიდენტმა მარეკ ხრობაკიმდაათვალიერეს სტუდენტთა შემოქმედების გამოფენა, სადაც წარდგენილი იყო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა ნამუშევრები.

 

სტუ-ის მკვლევარმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულების მკვლევარმა, ნინო მახალდიანმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვება მოიპოვა.

ახალგაზრდა მეცნიერმა გამარჯვებული პროექტი – „ბიოთავსებადი მოდიფიკატორებით სტაბილიზირებული ნანომაგნეტიტის მიღება ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით“ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორის, მარინე დონაძის მენტორობით შეიმუშავა.

როგორც ნინო მახალდიანი აღნიშნავს, კვლევის მიზანი ადამიანის ორგანიზმთან თავსებადი ნანომაგნეტიტის მიღებაა, რომელიც საუკეთესო ბიოთავსებადობითა და დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ეფექტიანი მეთოდია სიმსივნური უჯრედების სამკურნალოდ.

„ჩვენი კვლევის უმთავრესი მიზანია, მივიღოთ ორგანიზმთან თავსებადი ნანომაგნეტიტი ელექტროლიზით ბიოთავსებადი მოდიფიკატორების გამოყენებით. მაგნიტური ნანონაწილაკები ხასიათდება, როგორც კარგი ბიოთავსებადობით, ასევე, დაბალი ტოქსიკურობით, მაგნიტური ჰიპერთერმია კი ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი მეთოდია სიმსივნური უჯრედების სამკურნალოდ. პროექტის ფარგლებში ვარჩევთ ელექტროლიტის ოპტიმალურ შედგენილობას და შედეგებიდან გამომდინარე, სინთეზის ოპტიმალურ პირობებში მიღებულ მაგნიტურ ნანონაწილაკებს დამატებით გავაანალიზებთ სხვადასხვა მეთოდებით. ასევე, შეფასდება დამაგნიტების უნარი, ჰისტერიზისის ძალა და ნარჩენი მაგნიტიზმი. მაგნეტიტის ჰიდროფილური ნანონაწილაკების სინთეზისა და მაგნიტური მახასიათებლების დადგენის შემდეგ, იგეგმება მაგნიტური ნანონაწილაკების ფუნქციონალიზაცია სხვადასხვა ამინომჟავებითა და დნმ-მოლეკულებით. გარდა ამისა, რაოდენობრივად და ხარისხობრივად შევაფასებთ მაგნეტიტის ნანოწილაკებთან ბმული დნმ-ის ორმაგი სპირალის სტაბილურობის ხარისხსაც“, – განმარტავს ნინო მახალდიანი.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის, ლიანა თარგამაძის განცხადებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა გამარჯვება ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხსა და საერთაშორისო პროექტებში მათი ინტეგრირების შესაძლებლობებს.   

„სასიხარულოა, რომ ამჯერადაც, ჩვენი ფაკულტეტის ერთ-ერთი ახალგაზრდა მკვლევრის, ნინო მახალდიანის მაღალ დონეზე შესრულებულმა სამეცნიერო პროექტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. მისი კვლევა ძალიან აქტუალურია, რამდენადაც მაგნეტიტები წარმატებით გამოიყენება ბიოსამედიცინო სფეროსა და ეკოლოგიური მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, კვლევა სასურველ შედეგებს მოუტანს მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი მზად არის, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი თავის ნიჭიერ დოქტორანტებსა და იმედისმომცემ ახალგაზრდა მკვლევრებს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნავს ლიანა თარგამაძე.  

 

თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

 „მულტიკულტურული ჯგუფი“ საერთაშორისო პარტიორებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 დეკემბერს,  საერაშორისო კონფერენციას – „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“ გამართავს.

კონფერენციის მიზანია, მონაწილეებმა გაცვალონ და შეაჯერონ წამყვანი აკადემიური წრეების პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ირგვლივ. კონფერენცია წარმოადგენს მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსებისა და პროფესორ – მასწავლებლებისთვის, რათა წარმოადგინონ და განიხილონ თავიანთი ხედვები მიმდინარე პროცესების ირგვლივ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მკვლევრებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს.

მიმართულებები:

საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამართალი; ტურიზმი; მედიცინა; ჟურნალისტიკა, განათლება; ფილოლოგია.

სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური

ფორმატი: დისტანციურად, Zoom პალატფორმის მეშვეობით

კონფერენცის დაწყების დრო: 2023 წლის 28 დეკემბერი, 12:00 საათი

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მნიშვნელოვანი თარიღები:

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ აბსტრაქტი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: multiculturalgroup7@gmail.com არაუგვიანეს 5 დეკემბრისა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;

მაგისტრანტის ან დოქტორანტის მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებელია მიეთითოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი;

წარმოდგენილი აბსტრაქტი უნდა იყოს შესაბამისობაში კონფერენციის მიზანთან და გაფორმდეს მოთხოვნის შესაბამისად:

ენა – ქართული, ინგლისური

გვერდის ფორმატი – A4;

შრიფტი – Sylfaen;

შრიფტის ზომა – 11;

ინტერვალი – 1.15

ტექსტის მოცულობა: 150-250 სიტყვა და თან ახლდეს 5-7 საკვანძო სიტყვა;

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს – მოხსენების სათაურს, ინფორმაციას ავტორზე (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, ფაკულტეტი, პროგრამა; ელექტრონული მისამართი)

For English click here

სტუ, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტურ პროექტს განახორციელებს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) (Silesian University of Technology) შორის ერთობლივი სტუდენტური პროექტის შეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორმა მეცნიერებისა და განვითარების საკითხებში, პროფესორმა მარეკ პაველეზიკმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო პროექტის – „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“,  განხორციელებას. პროექტი 2024 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, პროექტი  სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის, დოქტორ მიროსლავ ბონეკის ინიციატივით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სტუდენტური სერვისების ცენტრის მიერ ერთობლივად დაიგეგმა.

„პროექტის ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია რომელშიც, მონაწილეობას მიიღებენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტები, ასევე პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამავე სპეციალობის სტუდენტები. პროექტის განხორციელებაში აგრეთვე ჩართულები არიან პროფესორ-მასწავლებლები ორივე უნივერსიტეტიდან. ისინი სტუდენტებს გაუწევენ აკადემიურ მენტორობას დასამუშავებელი თემატიკის საკითხებზე. შეთანხმების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში თითოეულ მხარეს შეუძლია მოიწვიოს კონსულტანტები, სტუდენტები, მოსწავლეები. თითოეულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს პროექტის შედეგები სტუდენტთა განათლების სისტემაში საკუთარი წესების შესაბამისად. პროექტის მონაწილეები პროექტის ფარგლებში ჩაატარებენ ერთობლივ რეგულარულ სემინარებს. სტუ-ის ადმინისტრაცია, მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვას და გაზრდის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.  “, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

პროექტის – „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“, სამეცნიერო მიზანია დადგინდეს ლაზერული ჭრის პროცესში ლაზერის გამოყენების გავლენა ტექნიკურ თვისებებზე და გარემოსდაცვით პროცესებზე. პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პროცესი იძლევა საშუალებას რომ მივიღოთ სტრუქტურული ელემენტები, რომლებსაც ახასიათებთ დაბალი ხორკლიანობა (სიმქისე), მცირე სისქე სითბოს ზემოქმედების ზონით და თერმული დეფორმაციის გარეშე.  ჩატარებული კვლევა საშუალებას მისცემს ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პირობების ოპტიმიზაციას, რათა შემცირდეს ჭრის დროს მატერიალური დანაკარგები და შემცირდეს ჭრის პროცესი.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა ბევრი საინტერესო შედეგის მომცემია, რომელთა გამოქვეყნება და გავრცელება შესაძლებელია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. სტუდენტები, მათ მიერ დამუშავებული ნაშრომებით, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში – „TalentDetector – 2024“. დაგეგმილია განხორციელებული პროექტის შედეგების ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო პლატფორმის სახით.

სტუ-ში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო ლექცია გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მიშელ მუსხელის კლუბის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

საჯარო ლექციას – “საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკა ევროინტეგრაციის პროცესების ჭრილში”, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც სტუ-ის „მიშელ მუსხელის კლუბის“ დამფუძნებელი სანდრო ჭადაშვილი აცხადებს, საჯარო ლექციამ სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

„საჯარო ლექცია საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. ქალბატონმა ლიამ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში  თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები, ტოლერანტობა,   ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა,   რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული  განვითარებისთვის.   ეს ის საკითხებია, რომელიც აინტერესებთ არა მხოლოდ მომავალ იურისტებს, არამედ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დამცველი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებულია ქვეყნის საერთო ღირებულებებზე და უნარზე განახორციელოს ევროკავშირთან ერთად დასახული პრიორიტეტები საერთაშორისო და ევროპული ნორმების შესაბამისად. ამ ურთიერთობების განვითარების ტემპი მთლიანად არის დამოკიდებული იმ კონკრეტულ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანა აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიაღწევს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ მიმართულებით რას აკეთებს სახელმწიფო და კონკრეტულად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამ და სხვა კითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი“, – აცხადებს სანდრო ჭადაშვილი.

შეხვედრის დასასრულს ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) ვიცე-რექტორს, პროფესორ ვაფა კაზდალს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო სტუ-სა და ADA-ს შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას, სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საუნივერსიტეტო სივრცეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციის შესაძლებლობები.

შეხვედრას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მასწავლებელთა სემინარიის პროექტის მენეჯერი, პროფესორი სამირა აღაევა და სტუდენტების მიღების სპეციალისტი მაჰნურ აბასოვა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მრჩევლები – ზურაბ გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და საქართველოში აზერბაიჯანის სალჩოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან პარტნიორობით შესამუშავებელ საგანმანათლებლო, კვლევით თუ კულტურულ-შემოქმედებით პროექტებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელედება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ADA-ს რექტორის, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევის ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას, მიმდინარე წლის მაისში მოეწერა ხელი, უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან კოლაბორაციით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ასევე, აქტიურად იმუშავებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებითაც. ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რადგან ორივე მხარე დაინტერესებული ვართ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 500-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას. მათ შორის ბევრია მოტივირებული და მაღალრეიტინგული ახალგაზრდა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაქსიმალურად განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უნივერსიტეტისგან მათ მუდამ ექნებათ მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები იქნებიან საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების გარანტები. რაც მთავარია, ერთობლივი მუშაობით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ვაფა კაზდალმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ADA-ს წარმომადგენლთა ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ქმედითი პარტნიორობა მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს შორის და მოამზადებს მყარ ნიადაგს ახალი კვლევებისა და პროექტებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და სტუ-ის მე-9 სასწავლო კამპუსში  განთავსებული ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს; შედგა ონლაინ შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ზვიად წამალაიძესთან, რომელმაც სტუმრებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერ-ფიზიკოსთა მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნო და გლობალურ ექსპერიმენტებში უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობის შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ADA-ს წარმომადგენლები სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, ძიუდოისტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ოქროს მედლისა და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

პოტსდამში (გერმანია) გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოპოვებული ორივე ოქროს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრს – ზაურ (ზაზო) დვალაშვილსა და სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრს – საბა ინანეიშვილს ეკუთვნით. ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ჩემპიონობა +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, უნივერსიტეტის საამაყო ფალავნებს, უდიდეს გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას. ზაურს და საბას ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ ასპარეზობას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი ჯილდოთი გაამდიდრებენ,“ – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოუტანა; +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალზე ევროპის ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, ვერცხლი კი ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?