სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის წინსვლის ხერხემალია. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა,  ენერგეტიკის დარგის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს.

„ენერგეტიკის ფაკულტეტი 95 წლისაა, აქ მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები – ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემ ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთია, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ განათლებას ეუფლებიან. დღეს ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი – 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფაკულტეტი მზადაა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს, რაც უნივერსიტეტის და ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორიო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი, შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები. სტუდენტებს აქვთ დიდი შესაძლებლობები, მიიღონ აქტიური  მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში  და დამატებით აიმაღლონ კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანეს სამრეწველო საწარმოთა ენერგეტიკული სამსახურები, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში. ასევე, ჩვენი პროფესორები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია, რითვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს ვულოცავ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და წარმატებას ვუსურვებ მათ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი  გიგინეიშვილი და ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე, საქართველოს ენერგეტიკული ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე, ენერგეტიკის დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა  ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სწორად აღნიშნა – ენერგეტიკა ქვეყნის ხერხემალია. მინდა სიხარულით გაგიზიაროთ ბოლო პერიოდში ფაკულტეტის წარმატებების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული თანამედროვე საანგარიშო პროგრამებით აღჭურვილი ვირტუალური ლაბორატორიების მოსაწყობად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრული ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების მიმართულებით მოწყობილი ლაბორატორიები. ფაკულტეტზე 2022 წელს დაინერგა აშშ-ში შექმნილი პროგრამა PSS/E (Power System Simulator), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრული სისტემის რეჟიმებისა და სხვადასხვა სახის მოკლე შერთვის დენების ანგარიშს და სხვ. ამავე წელს ენერგეტიკის ფაკულტეტზე კომპანიების – Huawei-სა და „ფოტო მეიტის“ დახმარებით გაიხსნა განახლებადი ენერგიის ლაბორატორია. ასევე, 2022 წელს ფაკულტეტი ჩართო და უკვე დაიწყო ანალიზხელსაწყოს ტერიტორიაზე 20 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის  და ასევე, თერმული მზის სისტემის მშენებლობა 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, არაპირდაპირი გათბობის ციკლითა და კონტროლის სისტემით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომელთა ბაზაზეც, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერითვის“, – აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის მოადგილემ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და კერძო სექტორს უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სხვა გამომსვლელებმა ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ყველა წარმატება თითოეული ფაკულტეტის და პირველ რიგში, ენერგეტიკის ფაკულტეტის საქმიანობაში აისახა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი თბოენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის, FusionSolar ტექნოლოგიებისა და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული  სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის  შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს კომპანია „თელასმა“,  Schneider Electric-მა,  ავსტრიულმა კომპანიამ  HERZ Armaturen, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა.

 

სტუ-ში Google-ის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის შექმნის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

21 ოქტომბერს 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის დარბაზში (1-ლი სართული) Google-ის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის დაარსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 

ორგანიზატორები დაინტერესებულ სტუდენტებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და დაესწრონ შეხვედრას, რომელზეც არაერთი დეტალი იქნება განხილული.
ამით დაიწყება დიდი და დაუვიწყარი მოგზაურობა, რომლის განმავლობაშიც კლუბი თითოეულ ახალგაზრდას პიროვნული და კარიერული განვითარების მრავალ შესაძლებლობას მისცემს.

ინფორმაცია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე გადასვლის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც  სურთ 2023-2024 სასწავლო წლის პირველ  (შემოდგომის) სემესტრში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე გადავიდნენ, განცხადებით უნდა მიმართონ ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურს.  

განცხადებების მიღება – 17 ოქტომბერი – 12 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტუ-ის აკადმიური საბჭოს დადგენილება.

„ტექინფორმმა“ მონაწილეობა მიიღო მადრიდში გამართულ გამოფენაში – OPEN SCIENCE FAIR 2023

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

სტუ-ის ინსტიტუტმა „ტექინფორმმა“ ღია მეცნიერების გამოფენაში – OPEN SCIENCE FAIR 2023, მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაში, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდა, 35 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგენენ ევროკომისიის კვლევების, ინოვაციებისა და ღია მეცნიერების ხელმძღვანელი პირები, იუნესკოს ღია მეცნიერების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის SciSpace დამფუძნებლები, მეცნიერები და მკვლევრები.

ღია მეცნიერების გამოფენაში საქართველო წარმოადგინეს „ტექინფორმმა“ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, რომელმაც პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დაესწრო მმართველი საბჭოს სხდომას, როგორც უკვე ხმის მიცემის უფლების მქონე სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პროფესორ მარინა რაზმაძის თქმით, ინსტიტუტი „ტექინფორმი“აქტიურად თანამშრომლობს ღია მეცნიერების სერვისების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან, პლატფორმასთან თუ საერთაშორისო ქსელთან, როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ტექინფორმი“, მიმდინარე წელს, AMKE OPEN AIRE-ის საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, მისი ოფიციალური წევრი და საქართველოდან პირველი წარმომადგენელი გახდა.  

ცნობისთვის, AMKE OPEN AIRE-ი 2018 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევითი ინფრასტრუქტურაა ევროპაში, რომელიც ღია მეცნიერების მიმართულებით სხვადასხვა სერვისს ქმნის და მიზნად ისახავს მისი პრინციპების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. OPEN AIRE-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 35-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან თითოეული ღია მეცნიერების პრინციპების შექმნასა და განხორციელებაშია ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციაა. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.

 

სტუ-ში პროექტ „Reinnova“-ს განხორციელება დაიწყო

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო ოფისის ორგანიზებით, პროექტის – „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში -“Reinnova”, გახსნის ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და Reinnova-ს ინსტიტუციური კოორდინატორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროექტის ოპერაციული მენეჯერი ბორის გითოლენდია, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთი ქოქრაშვილი, კვლევებისა და ინოვაციების მენეჯერი ემა ბონფლიჯიო (კილის უნივერსიტეტი), სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ. რექტორმა პროექტის მმართველ გუნდს, პროექტის ეგიდით განსახორციელებელი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პირველ რიგში, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ვულოცავ მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები და არსებული საჭიროებები შეესაბამება პროექტის იდეას, რომელიც ეყრდნობა უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას. შესაბამისად, ამ საპროექტო განაცხადის ძირითადი არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირება ჩვენს უნივერსიტეტში, რათა შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით სტუ-ში სტიმულირდეს ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა; მოხდეს ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, – აღნიშნა სტუ-ს რექტორმა თავის გამოსვლაში.

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტიდან ინოვაციების მრჩეველი, ემმა ბონფილჯიო, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებას.

ღონისძიების ფარგლებში გადაწყდა პროექტის ძირითადი პერსონალისა და პარტნიორების ჩართულობით შეიქმნას ე.წ. პროექტის მმართველი საბჭო – Project Management Board (PMB), რომლის შემადგენლობაში მოიაზრებიან პროექტის გუნდის წევრები და პარტნიორი ინსტიტუციის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში -Reinnova, არის საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებულია პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება და განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.

პროექტის ითვალისწინებს ორი – სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის და სამშენებლო ფაკულტეტის, ჯამში, 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReInnova-ს პილოტირებას და სასწავლო მოდულის – „საწარმოო პრაქტიკა“ – გაძლიერებას. პროექტის საბოლოო მიზანია, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით შეიქმნას კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით.

მათივე ცნობით, შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას და განსხვავების შემცირებას სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის (skills gap).

პროექტის კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით.

 

 

სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები „ქასთინგს“ აცხადებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები, ახალი წევრების შერჩევის მიზნით, „ქასთინგს“ აცხადებენ.  

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ყველა სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, რომ სწავლის პარალელურად აქტიურად ჩაერთოს  ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში (სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა), გიწვევთ, გახდეთ სტუ-ის შემოქმედებითი გუნდის წევრები!

მსურველებს გელოდებით:

თეატრალური სტუდია „მოდინახე“  

სტუ-ის II კორპუსი, მე-3 სართული. მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ)

საკონტაქტო პირი: გიორგი ქურასბედიანი, ტელ: 557-53-28-11.

სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელა

ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 17:00 საათზე

სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, სააქტო დარბაზი. მის: მ. კოსტავას ქუჩა#77 (გ.სააკაძის მოედანზე)

ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი, ტელ: 599 51 21 35;

სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“

ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე

სტუ-ს II კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზი. მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ)

ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, ტელ: 599 77 94 77; 599 41 11 71;

სტუ-ს სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“

ყოველდღე 12:00- დან 17:00-საათამდე

სტუ-ს II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ)

ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, ტელ: 599 10 04 83

სტუ-ს ჯაზ-ბენდი

ოთხშაბათს და პარასკევს 14:00 საათზე, სტუ-ს II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. მის: მ.კოსტავას ქ.# 67 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ ინსტრუმენტებზე, პორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები)

ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე, ტელ: 577 42 10 17

სტუ-ს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი „ქალდეა“

კვირას 12:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული.

ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე, ტელ.: 555 33 64 85

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, ნია გალეგაშვილმა და თამარ ბახტაძემ, კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და ქალაქ მიუნხენში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის, ნინო ახობაძის თქმით, ფაკულტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს კომპანია HIPP-თან. 2017 წლიდან მოყოლებული, წელიწადში ორჯერ ტარდება კონკურსი და გამარჯვებულები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გადიან პრაქტიკას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურსს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. 

მიმდინარე პროექტი ეხება ბავარიის ერთ-ერთ უძველეს მონასტერში საკონფერენციო დარბაზის აღდგენას. ჩვენი სტუდენტები დარბაზის კედლებზე განსათავსებელ ნახატებს შექმნიან. ეს იქნება დიდი ზომის ნახატები, რომელშიც დაცული იქნება აქ არსებული და უკვე დაზიანებული, ბავარიის სხვადასხვა მმართველის ფრესკების სტილი. საკონკურსო დავალების მიხედვით, კონკურსანტებს არსებული ნახატის რედიზაინი უნდა გაეკეთებინათ. კონკურსზე ძალიან კარგი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გამორჩეული იყო ბაკალავრიატის სტუდენტის, თამუნა ბახტაძის და მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის ნახატები. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები მუდმივად იქნება გამოფენილი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, – აცხადებს ნინო ახობაძე.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტის, ნია გალეგაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის იყო კიდევ ერთი შანსი საერთაშორისო არენაზე წარმოეჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი.

„ყოველთვის გამორჩეულად ვიყავი დაინტერესებული დიზაინის სფეროთი. მიყვარს სიახლეები, ინოვაციები, ამ სფეროს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი, რომელზეც შევაჩერე არჩევანი ბევრს მომცემს და დიდ წვლილს შეიტანს ჩემს განვითარებაში. ცოდნა, რომელსაც აქ მივიღებ, აუცილებლად გამომადგება პრაქტიკულ საქმიანობაში. მინდა, გითხრათ, რომ კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, კონკურსში მონაწილეობა ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა განვითარებისთვის, ძალების მოსასინჯად. კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავალება იყო შემდეგნაირი: უნდა მოგვეძია ინფორმაცია ბავარიის მმართველის შესახებ და მისი მმართველობიდან გამომდინარე, გაგვეკეთებინა მისი პორტრეტის რედიზაინი. მე წარვადგინე ალბერტ მეხუთეს პორტრეტის რედიზაინი, რომელიც შინაარსობრივად დავტვირთე, ნახატი შევასრულე ტილო/აკრილში, რაც ჟიურის მოეწონა და გავიმარჯვე. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ამ ეტაპზე არ გაუმართლა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის გამარჯვებულები საინტერესო ნამუშევრებს შევქმნით“, – აცხადებს ნია გალეგაშვილი.

 

სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქველმოქმედო აქცია გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქმელმოქმედო აქცია გამართა.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, სტუ-ის ქალთა ასოციაციის წევრებმა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა ლია კახიანმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა ერგნეთში პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი ჩაიტანეს.

სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი კუციავას განცხადებით, ასოციაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, დევნილ ბავშვებთან ერთად აღვნიშნეთ თითქმის ყველა დღესასწაული. ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში,  დავეხმაროთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ვატარებთ საქველმოქმეგო გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. ამჯერად, ქალთა ასოციაცია ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის” დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, კოალიციის-“ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის”-წევრთან, ასოციაცია “თანხმობის” ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორთან და  სამოქალაქო აქტივისტთან ლია ჩლაჩიძესთან ერთად, ერგნეთში დარჩენილ მოსახლეობას გადავეცით პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის რექტორის სახელით ერთი თბილი, სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქეთ ერგნეთის მოსახლეობას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

სამოქალაქო აქტივისტმა ლია ჩლაჩიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას და რექტორს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია ერგნეთში საქველმოქმედო აქციას რეგულარულად მართავს.

 

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს დაბადებიდან 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

„ბატონო დავით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 60 წლის იუბილეს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენი მოღვაწეობა მთლიანად ეძღვნება უნივერსიტეტის აღმშენებლობას, განვითარებასა და წინსვლას. მიუხედავად სირთულეებისა, გატარებული რეფორმების საფუძველზე, თქვენ შეძელით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობადობა და ხილვადობა აგემაღლებინათ, როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე, მსოფლიო მასშტაბით.

თქვენ შეკრიბეთ გუნდი, რომელმაც უნივერსიტეტს მრავალი წარმატება მოუტანა. საკმარისია გავიხსენოთ მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი ცხოვრებიდან, როცა ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უშუალოდ თქვენს სწორ და მიზანმიმართულ საქმიანობას უკავშირდება.

თქვენ შეძელით და განავითარეთ საუნივერსიტეტო კულტურულ-სპორტული მიმართულებები და ამით ჩვენს ახალგაზრდებს მიეცით საშუალება, ყოფილიყვნენ ასწლოვანი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლებები. ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობენ დიდ ღონისძიებებსა თუ ასპარეზობებში და წარმატებას აღწევენ. ასევე, თქვენი დამსახურებით, წარმოდგენები განაახლა უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“. სტუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული დასი ქართულ და უცხოურ სცენებზე წარმატებით მართავს სპექტაკლებს.  

ბატონო დავით, თქვენი დამსახურებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CERN-თან, KEK-თან, J-Parc-თან, FERMILAB-თან, ასევე, უილიხისა და ევროპის სხვა წამყვან ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო კონტაქტების დამყარება გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს აძლევთ საშუალებას, მსოფლიოს გააცნონ უნივერსიტეტის ახალი სამეცნიერო მიღწევები და საქართველოსა და უცხოეთში ჩაატარონ მნიშვნელოვანი კვლევები. მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია კი მრავალი წარმატების საწინდარია. თქვენი დამსახურებაა, რომ უნივერსიტეტში აქტიურად ვითარდება და მოდერნიზებას განიცდის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების ფორმირებისთვის,  წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.

უშუალოდ თქვენი დამსახურებაა, ბოლო წლებში აბიტურიენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტით უფრო და უფრო რომ ინტერესდებიან, რამაც გამოიწვია სტუდენტთა რაოდენობის ზრდა. უშუალოდ თქვენი მხარდაჭერით უნივერსიტეტში მეცნიერთა შრომა და მოღვაწეობა ესოდენ დაფასებულია, სტუდენტთა შორის მოტივაცია გაზრდილი, სასწავლო პროცესი კი მეტად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს – მადლობა თქვენ ამ და კიდევ მრავალი სასიკეთო გადაწყვეტილებისთვის.

უღრმესი პატივისცემით გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ წარმატებებს უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.

დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს აირჩია.

დავით გურგენიძე არის ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, ოთხი წლის განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, არის საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პრეზიდიუმის წევრი. არის საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთის რესპუბლიკა), ბელოსტოკის (პოლონეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

დავით გურგენიძე სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ხოლო „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა“ ნომინაციაში განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის მას ჯილდო  – „ოქროს ფრთა“ გადასცა; სხვადასხვა დროს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება; დაჯილდოვებულია  ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით ‐ „დამსახურება ლიეტუვისთვის“ ‐ რაინდის ჯვრით; დავით გურგენიძეს, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში საზოგადოების უმაღლესი ჯილდო ‐ დანტე ალიგიერის ოქროს მედალი და დიპლომი გადაეცა; მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა მიანიჭა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატის საპატიო წოდება და ბრინჯაოს მედალი; დაჯილდოვებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.

დავით გურგენიძე 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 2 გამოგონების, 7 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 5 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 ენციკლოპედიური ლექსიკონის (V ტომი) ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია. დავით გურგენიძე  კოორდინაციას უწევდა და ამჟამადაც უწევს არაერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

16.10.2023

 

სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავენ

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 60 წლისთავს – ბატონ დავით გურგენიძეს, რომელიც მეოთხე წელია სათავეში უდგას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მან მოკლე პერიოდში შეძლო  მრავალი სასიკეთო საქმის  გაკეთება  საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ვუსურვებთ ბატონ დავითს უშრეტ ენერგიას, ხანგრძლივ სიცოცხლეს,  ნაყოფიერ საქმიანობას უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

ვ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი

კვების მრეწველობის ინსტიტუტი

ბიოტექნოლოგიის ცენტრი

მემბრანული ტექნოლოგიების ტექნიკური ინსტიუტი

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი

ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი

ს/კ ინსტიტუტი “ტალღა”

სტუ-ს „ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი“

ს/კ ინსტიტუტი “ტექინფორმი”

ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი 

სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი  

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?