სტუ-ის მეცნიერები მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას ხელმძღვანელობით, საგრანტო პროექტის – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” ფარგლებში,  საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ. 

კვლევის ფარგლებში მეცნიერები საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზას შექმნიან; თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის ზვავსაშიშროების სქემატურ რუკას ჩამოაყალიბებენ;  დაადგენენ ზვავების ძირითად არეალს,  ხანგრძლივობას და ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებების გამოვლინებას.  

საგრანტო პროექტში – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები”, ჩართული არიან: სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზიბროლა ბეგლარაშვილი; წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო გორგიჯანიძე და წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა კობახიძე. 

GTU Cover (5).png

პროექტის ხელმძღვანელის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას თქმით, საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების ამსახველი თანამედროვე მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული რუკა, რომელიც ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოების დაგეგმვისას სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს, არ არსებობს. 

როგორც მიხეილ ფიფია აღნიშნავს, აუცილებელია შეიქმნას მონაცემთა სრული ბაზა, სადაც აისახება საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მახასიათებლები, გამოიკვეთება ზვავის წარმოშობის გეოგრაფიული კანონზომიერებები და შემუშავდება რისკის შემცირების რეკომენდაციები. აღნიშნული კომპლექსური კვლევის შედეგი მიზნად უნდა ისახავდეს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზებზე ზვავსაშიშროების ყოვლისმომცველი და თანამედროვე აღწერის უზრუნველყოფას.

„კვლევის ობიექტია საქართველოს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზები, კერძოდ, ჟინვალი-ლარსის, ონი-მამისონის, ბათუმი-ახალციხის, სვანეთის გზის ოთხი მონაკვეთის: ხაიში ჩიპერ-აზაუს, სკორმეთი-ჯორკვალის, ჩოლური-მესტიის, ხაიში-ჭუბერი-საკენის; ასევე ჩოხატაური-ბახმაროს, რიკოთის უღელტეხილის სურამი-შორაპნის მონაკვეთის, ზეკარი-აბასთუმნის, ბაკურიანი-ცხრაწყაროს, ლაგოდეხი-კახის, ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთები, საერთო ჯამში 13 საავტომობილო მონაკვეთი, რომელთაც განსაკუთრებული სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება აქვთ და რომელთა შეუფერხებელი ექსპლუატაცია  მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად დაგეგმილი და ნაწილობრივ შესრულებულია საავტომობილო გზების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ საავტომობილო გზების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით რისკების შეფასება, მათ შორის სტიქიური მოვლენების რისკების გათვალისწინება, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ზვაზსაშიშროების შესწავლას იმ მონაკვეთებზე, რაც ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს.

მთიანი რეგიონების სავტომობილო გზების მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რომელიც მიმართულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. მათ შორის, მთის კურორტების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ოთხი სეზონის საკურორტო ზონად გადაქცევის საკითხში ძალზედ მნიშვნელოვანია. სამთო კურორტები და სათხილამურო სპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის, ასევე ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ზამთრის კურორტების უმეტესობა ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს, ამიტომ აუცილებელია მთაში საავტომობილო გზებზე გადაადგილების წესების დაცვა და სამაშველო სამუშაოების დროული ჩატარება. ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დღეს უნდა გადაიდგას ზვავის რისკის შემცირებისთვის, არის ის, რომ საავტომობილო გზაზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის მიმდებარე ფერდობებზე არსებული ტყის საფარის შენარჩუნება, აგრეთვე საშიში ზვავშემკრებების ტერიტორიაზე ახალი ტყის საფარის გაჩენის, გაზრდისა და გახშირებისათვის ყველანაირი ხელის შეწყობა”, – აცხადებს მიხეილ ფიფია. 

პროექტის „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” დასასრულს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონოგრაფიას გამოსცემს, სადაც თავმოყრილი იქნება პროექტის მიმდინარეობისას მიღებული კვლევის შედეგები. მათ შორის, მონოგრაფიის ერთ-ერთი თავი მიეძღვნება ზვავსაშიშროების შერბილების რეკომენდაციებს საქართველოს საავტომობილო გზებისთვის. 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?