სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და  ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ ფარგლებში.

Untitled design (10).png

სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, მიუნხენში მოქმედი „ბერდელეს ფონდის“ („Berdelle Stiftung“) ხელმძღვანელები, დოქტორები – შტეფან ლანგი და გოტჰარდ შტაინერი.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონფერენციის მხარდაჭერისთვის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს – ღონისძიების ორგანიზებისთვის, ქართველ და უცხოელ მკვლევრებს – მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ გლობალიზაცია ბიზნესის ტრადიციული სტრუქტურების გარდაქმნის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია, რომელიც ახალ და რთულ გამოწვევებს წარმოშობს, რაც თავის მხრივ, მოითხოვს ღრმა ანალიზს, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ინოვაციურ მიდგომებს.

Untitled design (11).png

„გლობალიზაცია აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური პროცესი. ის კომპლექსური მოვლენაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, ეკონომიკას, კულტურას, ტექნოლოგიებსა და კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელ სხვადასხვა სფეროს. გლობალიზაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს, თუმცა, ასევე, იწვევს მნიშვნელოვან სირთულეებს, რაც გვაიძულებს საფუძვლიანად დავფიქრდეთ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. 

კონფერენციის თემატიკა, მეცნიერებს შორის დიალოგი, აზრთა გაცვლა, საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფად ცვალებადი ტენდენციების ანალიზი, იმ მიზეზებისა და შედეგების კვლევა, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ინტეგრაციის პროცესთან, გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის რღვევა, გეოპოლიტიკური რისკები, კლიმატის ცვლილება, ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიებში ეთიკური მმართველობა.

ჩვენი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის კონფერენცია საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში ჩართვის, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო კოლაბორაციის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩვენი სტუდენტებისთვის კი – უნიკალური სივრცეა, სადაც ისინი ეცნობიან გლობალურ ტენდენციებს, არსებულ ბიზნესგამოწვევებსა და სამეცნიერო აზროვნებას, რაც მათ მომავალი პროფესიული გზის განსაზღვრაში დაეხმარება. კონფერენციაზე განსახილველად წარმოდგენილი თემები განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. საერთაშორისო კონტაქტები, უცხოური ინვესტიციები, რეგიონული კონფლიქტები თუ კლიმატის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ინდუსტრიები, განათლების სისტემა და სხვა ინსტიტუციები მომზადებული შეხვდნენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. სიტყვის დასასრულს, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გუგული ყურაშვილის თქმით, კონფერენცია ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მომავალ მეცნიერთა და მკვლევართა ჩართულობით, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას და ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. 

კონფერენციის ფარგლებში მუშაობა ხუთ სექციად წარიმართა. კერძოდ: ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის აქტუალური პრობლემები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ცაავა; ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები – სექციის ხელმძღვანელები: პროფესორები – ლევან გრიგალაშვილი და მერაბ მიქელაშვილი; ტურიზმისა და მარკეტინგის გამოწვევები და პერსპექტივები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა კოჭლამაზაშვილი; საჯარო მმართველობა და სამართალი – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი შოთა დოღონაძე და სოციალური მეცნიერებები და მულტიდისციპლინარული კვლევები – სექციის ხელმძღვანელი პროფესორი რამაზ ოთინაშვილი.

„უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს აშენებს “ – სტუ-ის დოქტორანტი

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავასრულე, რის შემდეგაც გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს განათლებას თან ახლავს. უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც აშენებს არა მხოლოდ ხიდებსა და გზებს, არამედ უკეთეს, მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს“, – აცხადებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე.

ნიკოლოზ კახიძემ სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, მაგისტრატურა კი 2016 წელს. ამჟამად, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.

ნიკოლოზ კახიძე 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე არა მარტო მაღალკვალიფიციური განათლება, არამედ გამოცდილებაც, რომელმაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გაძლევს შესაძლებლობას, გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩვენ არ გვასწავლიდნენ მხოლოდ კონსტრუქციების აგებასა და მათემატიკურ გაანგარიშებებს, გვასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია განათლების მაღალი სტანდარტის სიმბოლოა და სამშენებლო ფაკულტეტიც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას. დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მენტორობით დაძლეული რთული სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკული მუშაობით, შევიძინეთ ის ცოდნა და აუცილებელი უნარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, – აღნიშნავს დოქტორანტი. 

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

„იმედისმომცემია იმ ენთუზიაზმისა და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ხილვა, რასაც ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულობით ავლენენ. სტუდენტური კონფერენცია არა მხოლოდ სამეცნიერო-აკადემიური პლატფორმაა, არამედ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომავლის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს ამჟღავნებს. წარმოდგენილი სტუდენტური კვლევების მრავალფეროვნება და სიღრმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მომავალი თაობის მეცნიერები უდავოდ შეიტანენ მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მუდმივად უწევენ ახალგაზრდებს აკადემიური სრულყოფილების მიღწევისა და სამეცნიერო ძიების პროცესში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. 

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 679 სტუდენტი, ასევე, უცხოელი სტუდენტები ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიების გახსნას კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

როგორც ვიცე-რექტორმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა აქტივობამ წელს მოლოდინს გადააჭარბა.

Untitled design (6).png

„მოხარული ვართ, რომ სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მზად არიან წარადგინონ თავიანთი კვლევები, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გახდნენ სამეცნიერო და აკადემიური დიალოგის ნაწილი. სწორედ მათი მოტივაცია და მეცნიერებაში წვდომის დიდი სურვილი წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების წარმატება და მათი მომავალი კეთილდღეობა ყველა საუნივერსიტეტო ინიციატივის ამოსავალი წერტილია. ამ და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს და მიმართულია ახალგაზრდების მრავალმხრივი და სრულფასოვანი განვითარებისკენ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, ჩაერთოს კვლევებში, არამედ იცხოვროს საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებით, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად დაეხმარება კარიერულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ახალგაზრდა მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ.

როგორც ლევან ფიფიამ აღნიშნა, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 57 დარგობრივ სექციად წარიმართება, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 50 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 39 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 43 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 45 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 65 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 9 სექცია, 149 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 26 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 27 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 6 სექცია, 56 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 22 სტუდენტი.
 
სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან შეუდგება და 21 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართება. 

ისტორიკოს ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია — „სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში“. 

ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორია არიან. 

1 (12).png

საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, ესწრებოდნენ სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე და სხვა მიწვეული პირები. 

როგორც დოქტორმა ვალერი ვაშაკიძემ აღნიშნა, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორია არ არის განუსაზღვრელი გეოგრაფიული გარემო და მისი ჩამოყალიბების პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

მისი თქმით, კონკრეტული სახელმწიფო ტერიტორია გარკვეული ეთნოსის, ხალხის საკუთრებაა. მკვლევარმა მიმოიხილა ქართული სახელმწიფო ტერიტორიის ფორმირების ისტორია, ისაუბრა სხვადასხვა საუკუნეების ქართული საზოგადოების მხრიდან სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის მნიშვნელობაზე და ამ ჭრილში, ყურადღება გაამახვილა შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მიერ სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის თავისებურებებზე, შუა საუკუნეების სოციალური ჯგუფების ცნობიერებაზე, ისაუბრა სახელმწიფო ტერიტორიის შესახებ, როგორც მეხსიერების ხატზე და მიმოიხილა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საკვანძო და გარდამტეხი ეპიზოდები. 

მეცნიერმა აუდიტორიას შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა გაუზიარა, რომლებსაც ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, დაინტერესებული სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 

როგორც საჯარო ლექციის დასასრულს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

3 (6).png

მისი თქმით, საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებასა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში, ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში, აძლევს ამომწურავ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ. 

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.

სტუ-ში ადამიანის გონებისა და AI-ს ხედვის დიალოგს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში პირველად, უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი გაიმართა, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა.

სამეცნიერო სპარინგის თემა იყო მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის – „ღამის მბეჭდავი“, პარალელური ინტერპრეტაციები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის დიალოგში. 

სამეცნიერო ღონისძიება, რომლის ინიციატივა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის ეკუთვნის, ამავე ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტების ჩართულობითა და ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ინტელექტუალურ სპარინგში ასევე მონაწილეობდნენ მწერალი კახა დევდარიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები.

1 (13).png

ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

ინტელექტუალურ სპარინგზე ორგანიზატორებმა და სტუდენტებმა, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის, „ღამის მბეჭდავის“ მიხედვით, წარმოადგინეს ჰიპოთეზა ფილოსოფიური საზრისის შესახებ და აუდიტორიას შესთავაზეს ორი ალტერნატიული ინტერპრეტაცია, რომელთაგან ერთი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ალგორითმული ვერსია იყო, მეორე კი სტუ-ის დოქტორანტის მიერ იყო ფორმულირებული. 

სპარინგის მონაწილეებს ინდივიდუალურად მიეცათ საშუალება, ამოეცნოთ და ფარულად, QR კოდის მეშვეობით, დაეფიქსირებინათ მოსაზრება, თუ რომელი ინტერპრეტაცია ეკუთვნოდა ადამიანს და რომელი – ხელოვნურ ინტელექტს, ასევე, შეეფასებინათ, რომელ ინტერპრეტაციაში იყო უფრო ღრმად გააზრებული ავტორისეული ჩანაფიქრი.

ინტელექტუალურ სპარინგზე გამოტანილმა ექსპერიმენტმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, დაფიქსირებული პოზიციების ანალიტიკა კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მუშაობს და ატარებს კვლევებს იმ მიმართულებით, თუ რამდენად შესაძლებელია საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თამარ ლომინაძის თქმით, კონკრეტული ინტელექტუალური სპარინგის მიზანია, საჯაროდ დააკვირდეს, თუ როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. 

„ეს ინტელექტუალური სპარინგის რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით გაიმართა. სამეცნიერო სპარინგის ფორმატის შექმნის ინიციატივა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მისი ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილს ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ სპარინგმა ამდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, არ არის შემთხვევითი, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის დამეგობრება, ჩვენს მოკავშირედ მისი ქცევა. პროცესი ითვალისწინებს მოსაზრებების გაზიარებას იმ ადამიანებს შორის, რომლებისთვისაც ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიურ ინსტრუმენტად იქცა – ეს ეხება როგორც პედაგოგებს და მკვლევრებს, ისე სტუდენტებს. არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არამედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიც ატარებენ კვლევებს ამ გლობალური გამოწვევის თაობაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დაკვირვებისა და კვლევის პროცესში სამეცნიერო სპარინგის ფორმატი დაინერგა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანია დავაკვირდეთ, როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, შეუძლია თუ არა მას იგრძნოს მხატვრულ-ფილოსოფიური ტექსტი, შეუძლია თუ არა კრიტიკული აზროვნება, ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფიქრება, თუ მხოლოდ ზედაპირულად გარდაქმნის ლიტერატურულ ტექსტებს. ჩვენი მიზანია დავადგინოთ, რა შეიძლება იყოს საერთო ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ნააზრევსა და მიდგომებს შორის და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ განსჯის შედეგად“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ინტელექტუალური სპარინგის ფორმატი თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცეა, სადაც, ამჯერად, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებული – „ღამის მბეჭდავი“ ადამიანისა და OpenAI-ის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად იქცა.

„ეს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგია, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა. სასიხარულოა, რომ ინტელექტუალურ სპარინგში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სტუდენტები. ეს არ არის შეჯიბრება – ეს არის თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცე, სადაც მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ნაწარმოები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად ვაქციეთ. სპარინგზე წარმოდგენილი იყო ჰიპოთეზა ტექსტის ფილოსოფიური საზრისის შესახებ – „სულიერი წონასწორობის ძიება“. ჩვენი ექსპერიმენტი არ არის უბრალოდ შედარება, არამედ შინაარსის ერთდროული წარმოსახვაა ორ განსხვავებულ სისტემაში – ადამიანსა და ალგორითმში. ეს არის ექსპერიმენტი, რომელშიც მწერლობას დიალოგი აქვს ალგორითმთან, ადამიანის ემოციას – კოდთან, ტრადიციას – ინოვაციასთან“, – განაცხადა მარიამ ცაცანაშვილმა.

ინტელექტუალური სპარინგის ფარგლებში, ორგანიზატორებმა აუდიტორიას ასევე წარუდგინეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მულტიმედიურ ფორმატში გაცოცხლებული „ღამის მბეჭდავი“, სადაც ავტორისეული ტექსტი მუსიკად იყო გარდაქმნილი, სიუჟეტი და ემოცია კი – ფერწერად.

სტუ-ში კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე ამოქმედდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით, ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე ამოქმედდება.

გარდა ამისა, სტუდენტები სტაჟირების პროგრამასა და პრაქტიკულ სწავლებებს „ბაუმერში“ გაივლიან და კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან. 

აღნიშნულის შესახებ შეთანხმება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და „ბაუმერის“ დირექტორმა რევაზ ქამაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით გაამყარეს.

დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

როგორც შეხვედრაზე ვიცე-რექტორმა აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა პარტნიორობას, კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტებისა და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და საწარმოო ბაზის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში კოოპერაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კარიერულ ზრდას და ზოგადად, დარგის განვითარებას. 

1 (10).png

თამარ წერეთლის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით, საინჟინრო-პროფილური დარგების განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში ამოქმედდება ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული ბრენდირებული სივრცე, სადაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, კომპანიის ჩართულობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღიარებული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირები აქვს და განუხრელად აფართოებს კოლაბორაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიებთან. „ბაუმერი“ კი, რომელიც 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიულმა გუნდმა დააფუძნა, დღეს ძლიერი ჰოლდინგური კომპანიაა. მისი უმთავრესი საქმიანობა, MEP სისტემებში მაღალტექნოლოგიური და სრული მომსახურების მიწოდებაა. ჩვენი უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ინჟინრებსა და მკვლევრებს ამზადებს, ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმებისა და მათი კარიერული განვითარებისთვის. თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი სწორედ ეს არის. 

საგულისხმოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, საინჟინრო-პროფილური დარგების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში მოეწყობა და ამოქმედდება „ბაუმერის“ ბრენდირებული ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანიის ჩართულობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდებათ, ასევე, გაეცნობიან დარგის თანამედროვე მიღწევებსა და ტენდენციებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ, ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა მიზნობრივი პროექტი, შევიმუშაოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები, რითაც უნივერსიტეტი „ბაუმერის“ აკადემიას სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსების მომზადება-ჩატარების კუთხით მხარდაჭერას აღმოუჩენს. წარმატებას ვუსურვებთ მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს და ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ახალი პარტნიორობის სამიზნე ჯგუფები არიან“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

„ბაუმერის“ დირექტორის, რევაზ ქამაშიძის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების მოზიდვით.

როგორც რევაზ ქამაშიძემ აღნიშნა, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა და მძლავრი საკადრო რეზერვის შექმნა დარგობრივი ინდუსტრიებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. 

სტუ-ში სკოლის მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციები გრძელდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის თემაზე საჯარო ლექციები გრძელდება.

საჯარო ლექციას, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე და თბილისის 133-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი კახა ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი უძღვებოდნენ.

შემეცნებით ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორები – ირმა გიკაშვილი და ნანა როსეფაშვილი. 

საჯარო ლექციაზე მომხსენებლებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებასა და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.

ასოცირებულმა პროფესორმა კახა ძაგანიამ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ნიუანსები აუხსნა და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო მუხლები განუმარტა. დოქტორმა ხათუნა საგინაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე.

როგორც კახა ძაგანია აღნიშნავს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, მოზარდებს მარადიულ ღირებულებებსა და საყოველთაო თუ განუყოფელ თემებზე საინტერესო და აქტუალური დისკუსიები ჩატარდეს.

მისივე თქმით, უფლებები თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას განაპირობებს, ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, უნივერსიტეტი კი ის სივრცეა, სადაც მომავალი თაობები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ მარადიულ, საყოველთაო და განუყოფელ საკითხზე – ადამიანის უფლებებზე. 

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა მოსწავლეებს როლური თამაშები შესთავაზეს, რა დროსაც მოზარდებმა ლოგიკური აზროვნება, ორატორული ნიჭი და ერუდიცია გამოავლინეს. ადამიანის უფლებების თემაზე შემეცნებითი ღონისძიება მოსწავლეთათვის საპატიო დიპლომების გადაცემით დასრულდა. 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის მკვლევრებისთვის

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, აცხადებს მობილობის სტიპენდიას დოქტორანტებისთვის.

კონკურსის მიზანია დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა საფრანგეთის კვლევით დაწესებულებაში სტაჟირების გზით.

კონკურსი ღიაა ყველა მიმართულებისა და სპეციალობის დოქტორანტისთვის, ვინც ირიცხება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

  • განაცხადების მიღება დაწყებულია.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი. 
  • დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

სტუ HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ინსტიტუციად აღიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად აღიარეს. 

ევროკომისიის Dashboard-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს. 

ევროკომისიის Dashboard-ის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით, განსაკუთრებით საინჟინრო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან.

დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უახლოეს წარსულში, პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად კიდევ ორი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.  

„დიდი პატივია, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის – HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად დასახელდა. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, მეცნიერებისადმი ერთგულებას, არამედ იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს – ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია და იყოს სრულფასოვანი მონაწილე ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემისა.

HORIZON EUROPE-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს. ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა ყველაზე მაღალი საგრანტო დაფინანსება საქართველოდან, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაცილებით ფართო მასშტაბით ჩავერთოთ ფუნდამენტურ და მულტიდისციპლინურ კვლევებში – ინჟინერიის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით – იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და პოტენციალი აქვს.

საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა სამეცნიერო პროექტმა HORIZON EUROPE-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ასევე აუცილებლად აისახება ევროკომისიის ანალიტიკურ პლატფორმაზე. 

ყველა მსგავსი წარმატება ამდიდრებს ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პორტფოლიოს და აღრმავებს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მოაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კვლევით ცენტრებთან, მათთან კოლაბორაციით განვახორციელოთ ინოვაციური ამოცანები, მეტად ჩავერთოთ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მონაწილეობა მივიღოთ მეცნიერების წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში, და რაც მთავარია, მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ ქვეყანას მეტი ახალგაზრდა მკვლევარი და კვალიფიციური სპეციალისტი შევმატოთ.

საერთაშორისო სივრცეში სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად – მინისტრ ალექსანდრე წულაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარს, პროექტის მენეჯერსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ლომის წილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, HORIZON EUROPE ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში.

პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. 

სტუ-ის „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ახალი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს და ახალი გამარჯვება მოიპოვეს. 

„სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2007-2008 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„სტუ ტონუსის“ წყალბურთელებმა ნახევარფინალში, ანგარიშით – 12:9, „დინამო-1“ დაამარცხეს, ხოლო ფინალში „ლაგუნა ვერეს“ გუნდს, ანგარიშით – 19:8 სძლიეს და ეროვნული ჩემპიონატის თასს დაეუფლნენ.

3 (5).png

რაც შეეხება „სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს, მან შესაშური წარმატებით იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში – „ლიუბლიანას თასი“, რომელშიც საქართველოს, სლოვენიის, ხორვატიის, უკრაინის, ისრაელისა და ბულგარეთის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებისგან შემდგარი გუნდები და ნაკრებები მონაწილეობდნენ. 

„სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის ანგარიშზე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის ჯილდოები ამგვარად განაწილდა: მამუკა შენგელია – 1 ოქრო, 2 ვერცხლი; სანდრო ქვილორია – 2 ოქრო, 1 ვერცხლი; აკაკი მღებრიშვილი – 3 ოქრო; ალექსანდრე ჯიქიძე – 3 ვერცხლი; სალი შერბაევა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი.

ამასთან ერთად, „სტუ ტონუსის“ მოცურავე სალი შერბაევამ, თავის ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010), ჯამური ქულით „ლუბლიანას თასი“ მოიპოვა, ხოლო 4X50 თავისუფალი ყაიდით ცურვაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც „სტუ ტონუსის“ მოცურავე მამუკა შენგელია ასპარეზობდა, საქართველოს რეკორდი დაამყარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი „სტუ ტონუსის” წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებს მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას ულოცავს.

როგორც არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებით, აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მუდმივად ზრუნავს შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნაზე, რათა ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?