სტუ-ში ფოტოკონკურსის — „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ — გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, გლობალური ღონისძიებების — „2025 – მყინვარების კონსერვაციის წელი“ და „წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე“ — ეგიდით ჩატარებული რიგით მე-2 ფოტოკონკურსის – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ გამარჯვებული ახალგაზრდები გამოავლინეს და აღნიშნულ თემატიკას მრგვალი მაგიდა მიუძღვნეს. 

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა დაასახელეს ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა პირველი სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტონამუშევრების ავტორები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. კონკურსანტთა საუკეთესო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში იყო გამოფენილი.

ფოტოკონკურსზე I ადგილი მოიპოვა სკოლა-ლიცეუმ „ნკ“-ს მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე გორგიჯანიძემ, ფოტონამუშევრით – „მყინვარი ჭალაათი”. II და III ადგილები გაინაწილეს 153-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოფიო ფანჯარაშვილმა, ნამუშევრით – „მყინვარი შხარა უშგულიდან დანახული“ და სკოლა-ლიცეუმ „ნკ“-ს მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა რამიშვილმა, კომპოზიციით – „მყინვარი ზოფხიტო“.

მთის მდგრადი ფაკულტეტის რჩეული გახდა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტ ილენ გუჩუას ფოტო – „მყინვარებიდან ენერგიის წყარომდე“; „ფეისბუქმოწონებებით გამარჯვება“ ერგო ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, თეონა კალანდიას ნამუშევარს – „წაჩხურა – ჩვენი სიამაყე“, „ხალხის რჩეული ფოტოს“ ნომინაციაში კი გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, იოანე ჩავლეშვილის კომპოზიციამ – „ბჟუჟი“ გაიმარჯვა. 

გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის დარბაზში ფოტოკონკურსის მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. 

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ახალგაზრდებს მყინვარების კონსერვაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის უარყოფით გავლენებზე, წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის სტრატეგიებზე, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით წყალმომარაგებისა და მელიორაციის სისტემების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ და მათ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. 

ახალგაზრდებს მყინვარებზე დაკვირვების ისტორია და საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი კორძახიამ, სტუ-ის პროფესორმა ზურაბ ლაოშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ნიკურაძემ. 

ღონისძიების დასასრულს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო ფოტოკონკურსის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა, გარდა ამისა, ახალგაზრდებს საფაკულტეტო გაზეთის – „სამშობლო მთებიდან იწყება“ ექსპერიმენტული გამოშვება უსახსოვრა. 

ცნობისათვის, ფოტოკონკურსის – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ საუკეთესო ნამუშევრების დათვალიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მიმდინარე წლის 31 მარტამდეა შესაძლებელი.

„უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი“, – სტუ-ის დოქტორანტი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო ABET აკრედიტაცია, საშუალება მომცა ჩემი წვლილი შევიტანო ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირების სისტემების გაუმჯობესებაში“, – აცხადებს სტუ-ის დოქტორანტი ნიკა გუგუშვილი. 

ნიკა გუგუშვილმა 2024 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო პროგრამის მაგისტრატურა, ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში და, პარალელურად, მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC), სამედიცინო აპარატურის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

როგორც ნიკა გუგუშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისცა მყარი საფუძველი ბიომედიცინის მეცნიერებაში, ინჟინერიის პრინციპებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღებინა პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ ინჟინერიაში.

მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებმა, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობამ და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა შესძინა უნარები, რომლებიც მას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა; სტაჟირებების, კვლევითი პროექტებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით კი, ისწავლა, როგორ დააკავშიროს ინჟინერია და მედიცინა ისე, რომ ტექნოლოგიამ მაქსიმალურად გააუმჯობესოს პაციენტთა მოვლა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა, იყო შესაძლებლობა ჩავწვდომოდი სამედიცინო პარატრანსპორტის მენეჯმენტს. პროფესორებისა და ინდუსტრიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გავაცნობიერე, თუ რაოდენ გადამწყვეტი როლი აქვს ეფექტურ და ტექნოლოგიურად გაძლიერებულ სამედიცინო ტრანსპორტირებას. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიღვიძა ლიდერობისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის სურვილი. 

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი. აქ მიღებულმა განათლებამ გამიძლიერა თავდაჯერებულობა, გამიჩინა მოქნილობა ცვალებად ინდუსტრიაში და მომცა ხედვა, რომელიც საშუალებას მომცემს პოზიტიური ცვლილებები შევიტანო. ახლა, როდესაც პროფესიულ გზაზე ვდგამ ნაბიჯებს, ამას ვაკეთებ დიდი მადლიერებით, ამბიციით და პასუხისმგებლობით, რათა ჩემი ცოდნა გამოვიყენო ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის“, – აცხადებს ნიკა გუგუშვილი. 

სტუ-ის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში.

მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია. 

1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

ცნობისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.

სტუ-ში წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ეგიდით, სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი წყლის ინჟინერიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი დაძლევის გზების განხილვა იყო. 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „საქართველოს მელიორაციის”, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, კომპანიების – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ენგურჰესის, NC Group, კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. 

ფორუმზე დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოს წყლის პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, საკანონმდებლო ჩარჩოებზე და ქვეყნის წყალმომარაგებისა და მელიორაციის სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებებზე, განიხილეს წყლის რესურსების მდგრადი მართვის სტრატეგიები, ინოვაციური ტექნოლოგიები, წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება.

1 (26).png

ფორუმზე მოხსენებებით წარდგნენ და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, სემეკის წყლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რევაზ გერაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძემ, „ჯივიპის“ ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა, „საქართველოს მელიორაციის“ წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამელი ქობალიამ, ენგურჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტმა, სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მირიან ყალაბეგიშვილმა, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ, NC Group-ის დირექტორმა გოჩა მუსელიანმა.

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, წლევანდელი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღის თემატიკა მყინვარების გადარჩენას უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მყინვარების დნობაზე, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის წყლის რესურსებსა და ეკოსისტემებს.

“მყინვარები წყლის რესურსების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო, ისინი სწრაფი ტემპით იკლებს. ჩვენი მოვალეობაა, შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროცესებს შეანელებს, ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. საქართველო, თავისი გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ მათი რაციონალური გამოყენება და მდგრადი განვითარება გადამწყვეტი ფაქტორია ჩვენი მომავლისთვის. აუცილებელია, რომ წყლის მართვის ყველა პროცესი – იქნება ეს სასმელი წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემები თუ ჰიდროენერგეტიკა – ეფუძნებოდეს მეცნიერულ კვლევებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას”, – აღნიშნა გივი გავარდაშვილმა.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება. მისი თქმით, ფორუმის მიზანი მთავარ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობა. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესში მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერებაა.

“ფორუმის მუშაობა ნაყოფიერად წარიმართა. მონაწილეებს მოგვეცა საშუალება გვემსჯელა აქტუალურ საკითხებზე, მთავარ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. ყურადღება გავამახვილეთ კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების დნობით გამოწვეულ საფრთხეებზე, წყლის დაბინძურების პრობლემებზე, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვაზე, წყლის რესურსების რაციონალურ მოხმარებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და წამყვან ქვეყნებში არსებულ წარმატებულ გამოცდილებაზე და სხვა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს წყლის მდგრადი მართვის განვითარებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთობლივად მივიდეთ საუკეთესო გადაწყვეტილებებამდე და ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას”, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მიეძღვნა წყლის რესურსების დაცვის, ეკოლოგიური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებებს.

სტუ-ის რექტორი ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის დაუფლებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრს, ევროპის ჩემპიონს ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე მესამე საპრიზო ადგილზე გასვლას და ბრინჯაოს მედლის დაუფლებას ულოცავს. 

როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ზაურ დვალაშვილი თავისი მიღწევებით ნათლად აჩვენებს, რომ განათლება და სპორტი არა მხოლოდ თავსებადია, არამედ ერთმანეთის განმტკიცებასაც უწყობს ხელს.

სწავლა და ცოდნის გაღრმავება აყალიბებს პიროვნებას, ანიჭებს მას ანალიტიკურ აზროვნებას, სიმტკიცესა და სულიერ სიძლიერეს, რაც სპორტულ წარმატებაშიც უდიდეს როლს ასრულებს. თავის მხრივ, დიდი სპორტი ამკვიდრებს პასუხისმგებლობას და შრომისმოყვარეობას, რაც სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებებია.

„ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი. მისი მორიგი წარმატება ადასტურებს, რომ ცოდნის გაღრმავება და სპორტული ოსტატობა სრულ თანხვედრაშია. ზაურის მონდომება და მიზანდასახულობა სამაგალითოა სტუდენტებისთვის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის კი საამაყო. 

გამარჯვება მხოლოდ სპორტული ტრიუმფი არ არის, ეს არის სერიოზული გზა, რომელიც მოითხოვს პიროვნულ სიმტკიცეს, სულიერ სიძლიერეს და მუდმივ თვითგანვითარებას. ზაურის მიერ მიღწეული წარმატება იმ დიდ შრომასა და თავდადებას უსვამს ხაზს, რომელიც ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს მოტივაცია და მაგალითი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებისა და სპორტის ურთიერთთავსებადობას, სტუდენტების სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობას და მათთვის იმ ფასეულობების გადაცემას, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატებების მომტანია. ზაურ დვალაშვილი ამის მკაფიო მაგალითია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სპორტულ არენაზეც ამტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ქვეყნის სახელს კიდევ უფრო ამაღლებენ. ზაურს ვუსურვებ, რომ ეს გამარჯვება მისთვის გახდეს წარმატებისკენ მიმავალი გზის გაგრძელება და საფუძველი კიდევ უფრო დიდი მიღწევებისა“, – აღნიშნულია აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში. 

ინფორმაციისთვის: თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დვალაშვილმა, 22 წამში, იპონით ფრანგ აპერბას მოუგო, ბეროშვილმა კი კანადელ გოტიე დრაპოს სძლია.

სტუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა. ნუშის 60 ნერგი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, უნივერსიტეტის III და VI სასწავლო კორპუსებს შორის, რექტორმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად დარგეს.

ხეივნის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ და სამინისტროს წარმომადგენლებმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხეივნის გაშენებას უნივერსიტეტის ცნობილ ნუშის ხეს უკავშირებს, რომელიც საზოგადოებაში „გეპეის ნუშის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც ყველაზე ადრე ყვავის და თბილისს პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას. 

2 (20).png

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ნუში იუბილარია — ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ 55 წლის წინათ დარგო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ქიმიკოსმა პლატონ გაგნიძემ.

„დღევანდელი ღონისძიება ჩვენი საყვარელი უნივერსიტეტის წარსულსა და მომავალს აერთიანებს. აქ, 55 წლის წინ, პროფესორმა პლატონ გაგნიძემ დარგო პირველი ნუშის ხე, რომელიც წლების განმავლობაში გამძლეობის, ზრდისა და უწყვეტობის სიმბოლოდ იქცა. „გეპეის ნუში“ არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ის 55 წლის შემდეგ გახდა სიმბოლო ტრადიციისა, რომელიც გვაკავშირებს ბუნებასთან და გვახსენებს მდგრადობის მნიშვნელობას. 2025 წელს, პირველი ნუშის ხის დარგვიდან ზუსტად 55 წლის შემდეგ, ჩვენ გავაშენეთ ნუშის ხეივანი. თითოეული ახალი ხე იქნება არა მხოლოდ ჩვენი გარემოსდაცვითი ვალდებულების სიმბოლო, არამედ ახალი სივრცის შექმნის ნიშანი, სადაც ცოდნა, ბუნება და ინოვაცია ერთად იზრდება. ეს არის ჩვენი გზა იმის დასადასტურებლად, რომ ტრადიცია, რომელიც აკავშირებს ადამიანის გონებასა და ბუნებას, გაგრძელდება და განვითარდება მრავალწლიან პერსპექტივაში. ნუშის ხეივანი არა მხოლოდ გააფერადებს ჩვენს კამპუსებს, არამედ ის იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას. მოდი, ერთად შევქმნათ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო ერთი ნუშის ხის დარგვით 55 წლის წინ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ფაკულტეტზე მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს და ლაბორანტებს მადლობის სიგელები გადასცა.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღონისძიების გახსნისას განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტი გამოხატავს ღრმა პატივისცემას იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებას და ყოველწლიურად აჯილდოვებს პროფესორ-მასწავლებლებსა და ლაბორანტებს. 

Untitled design (13).png

„დღევანდელი დღე მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის – ეს არის გულწრფელი პატივისცემა იმ მრავალწლიანი ღვაწლისა, რომელიც თქვენ დაუთმეთ მეცნიერების განვითარებას, კვლევებს და მომავალი თაობების განათლებას. თქვენი დაუღალავი შრომა ცოდნის საზღვრების გაფართოებისა და სტუდენტებში კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებისთვის არა მხოლოდ მათ კარიერას, არამედ, ასევე ემსახურება ქიმიისა და მეტალურგიის სფეროს განვითარებას.

თქვენ მეცნიერების წინსვლას შეუწყეთ ხელი, კომპლექსური პრობლემების გადაჭრასა და საზოგადოებისთვის სასიკეთო მიღწევების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეთ. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა კი მრავალი ახალგაზრდა მეცნიერის გზამკვლევი გახდა, შთააგონეთ ისინი ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციების შექმნაში. სწორედ თქვენი თავდადების წყალობით, ჩვენი ფაკულტეტი აგრძელებს პროგრესისა და აკადემიური ტრადიციების შენარჩუნებას.

სიგელები, რომლებსაც დღეს გადმოგცემთ, მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა იმ უდიდესი ღვაწლის დაფასებისა, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. არც ერთი ჯილდო არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გამოხატოს ჩვენი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ სტუდენტებში, რომლებსაც ასწავლეთ, იმ აღმოჩენებში, რომლებიც თქვენ შეიტანეთ მეცნიერებაში, და იმ შთაგონებაში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“, – აღნიშნა დეკანმა ღონისძიების გახსნისას. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცა 16 პროფესორ-მასწავლებელსა და ლაბორანტს: შალვა ანდღულაძეს, ლეილა გვერდწითელს, ციცო ომიაძეს, მანონი ბაბაშვილს, ზიზი სვანიძეს, გივი ლოლაძეს, სლავა მებონიას, ჟუჟუნა პეტრიაშვილს, თეიმურაზ ჭეიშვილს, როზა ხუციშვილს, ვალერიანე ახვლედიანს, თენგიზ ლომაიას, გურამ დადიანიძეს, ლედი ბერეჟიანს, გიორგი მჭედლიშვილს და კონსტანტინე ხახანაშვილს.

სტუ-ის STEM აკადემიის გუნდები EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდებმა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების მოსწავლეთა შემადგენლობით, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გამართულ ევროპის STEAME აკადემიის სიმპოზიუმში – EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 – მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს. 

STEM აკადემიის გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ ოთხი მიმართულებით:

  • ტექნოლოგია – საბა ბანძელაძე, თემურ ჩიტაია, ლილე კაჭარავა, ლუკა ნაბორაშვილი,  პროექტით – Robot Guide (რობოტი გიდი);
  • ფიზიკა – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა პროექტით:  System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process (ფუტკრის შხამის აღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა);
  • ბიოლოგია – თეკლა ბანძელაძე, ანა-მარიამ კიპაროიძე, ნინო სხილაძე, პროექტით: The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives (ხავსებისა და ლიქენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი საკვები კონსერვანტები);
  • ინჟინერია – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა, ნინო სულამანიძე, მაკინე თოდუა, პროექტით: Wave Energy (ტალღის ენერგია).

Cover gtu (21).png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ზე, მეცნიერების მიმართულებით (SCIENCE Presentation) გამარჯვება სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს.

პირველ ადგილზე გავიდა პროექტი Robot Guide, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიმსახურეს პროექტებმა: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process და The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives.

„STEM აკადემიის გუნდების გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა გონიერებისა და შრომისმოყვარეობის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარ-მენტორების წარმატების დასტურიცაა. ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და უნარების გამოვლენა-განვითარებაში მენტორების მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. მენტორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის დოქტორანტებს – მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას“, – აღნიშნავს თალიკო ჟვანია.  

სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებს და მათ მენტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა 9-18 წლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ექმნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, თნატოლებს გაუზიარონ ცოდნა და ხელი შეუწყონ თანატოლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განვითარებას. 

„საერთაშორისო სიმპოზიუმში ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თავიანთი უნიკალური იდეების მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად, ცოდნის გაღრმავებისა და ღირებული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კი უდიდესი აღიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს შედეგებს ჩვენი უნივერსიტეტის მხადაჭერით აღწევენ. 

ყველა ახალგაზრდას, რომელსაც მეცნიერებისკენ მიუწევს გული, ვუსურვებ გადაელახოს შესაძლებლობების ზღვარი და გაითვალისწინოს უმნიშვნელოვანესი რამ – მეცნიერება და მათემატიკა პროგრესის ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით ჩადებული დღევანდელი კონტრიბუცია ხვალინდელ სამყაროს შექმნის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 საერთაშორისო სიმპოზიუმია, რომელშიც 9-18 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ ნაშრომები მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, როგორიცაა: MATHFactor, SCIENCEFactor, MATHeatre და სხვა. 

სტუ-ში ბოულინგის საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები გამოავლინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა საუნივერსიტეტო ტურნირი ბოულინგში, რომელშიც 13-ვე ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ბოულინგის ტურნირის ფინალურ შეხვედრებში, ვაჟებსა და გოგონებს შორის 2 გამარჯვებული გამოვლინდა.

ვაჟებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა გიგა ასაბაშვილმა, გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მაკა კეკელიძე.

BULINGI-3.png
 
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უნივერსიტეტი სპორტული აქტივობის ფაზაში გადავიდა. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზება სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ამ ეტაპზე ტურნირები მიმდინარეობს ბილიარდსა (pool) და კალათბურთში. უახლოეს მომავალში ტურნირები გაიმართება მაგიდის ჩოგბურთში, ფუტსალში, ფრენბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში.

საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ტურნირებში გამარჯვებული სტუდენტები და გუნდები, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე.

BOULINGI-2.png

საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება, გუნდური უნარების განვითარება და საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურნირების მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სპორტულ აქტივობებს, უქომაგონ თავიანთ გუნდებს და მათთან ერთად გაიზიარონ გამარჯვების სიხარული. 

სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა. 

სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. 

ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე იკვეთება აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები, მზადდება ნიადაგი მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის.

Cover gtu (19).png

„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს – სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას. 

ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციები ხვდება უდიდეს პასუხისმგებლობას. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, მოითხოვს არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას, არამედ ეთიკურ მიდგომასაც.

სწორედ მსგავს ფორუმებზე ნათლად იკვეთება აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები, მზადდება ნიადაგი აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა – ეს არის ჩვენი ერთობლივი სწრაფვა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტეტს, კომპანიებს – Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს – ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.

როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავს ორ მნიშვნელოვან პანელს, სადაც გაიმართება სიღრმისეული განხილვები ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება. 

Untitled design (11).png

„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ. 

სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია – თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი – თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი – თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ის დოქტორანტი გიორგი იაშვილი – თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე – თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური – თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.

სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ – თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში – როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ – თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირერესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა – თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად – პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა – თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ის დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ – თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?