სტუ-ში საერთაშორისო საგრანტო პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საგრანტო პროექტის – Erasmus+ CBHE– EU-AGM (Joint Societal Challenge Driven Circular Economy Energy Education Between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania) განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ენერგეტიკის მიმართულებით არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაცია და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება.

საერთაშორისო საგრანტო პროექტ Erasmus+ CBHE– EU-AGM-ში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU) მონაწილეობენ. 

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დისტანციური სწავლების ხელშეწყობას, ციფრული ლაბორატორიების დანერგვას და ინდუსტრიულ გამოწვევებზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკების დანერგვას.

როგორც გიორგი მიქიაშვილი აცხადებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 8 დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც წვდომას მისცემს სტუდენტებს რეალურ ექსპერიმენტულ გარემოზე, 500-ზე მეტი სტუდენტის გადამზადება, 8 სამეწარმეო გამოწვევის ჩატარება ადგილობრივ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, ახალი სამაგისტრო, მოკლე და პროფესიული კურსების შექმნა და დანერგვა, ხარისხის გაუმჯობესების სისტემის დანერგვა და შეფასების ინოვაციური მეთოდების გამოყენება.

„პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ეს სრულად ეხმიანება ევროკავშირის მიზნებს ენერგეტიკის მდგრადობისა და ინოვაციური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი განხორციელება 36 თვის მანძილზე მოხდება“, – აცხადებს გიორგი მიქიაშვილი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საერთაშორისო საგრანტო პროექტი ეროვნულ დონეზე შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცოდნაში, კვლევასა და განათლებაში ინვესტირებით, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას, აძლიერებს მის პოზიციას გლობალურ ენერგეტიკულ გარდაქმნაში და ხელს უწყობს ინოვაციებს, რომლებიც საზოგადოებას დიდ სარგებელს მოუტანს.

„საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის სფეროში არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაციას, მნიშვნელოვან ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის, არამედ მთელი ენერგეტიკული სექტორისა და ქვეყნისთვის.

სამყარო სწრაფად იცვლება და ენერგეტიკის სექტორი ამ ცვლილებების ცენტრშია. გლობალური გამოწვევების ზრდასთან ერთად, ინოვაციური, მდგრადი და ეფექტური ენერგეტიკული გადაწყვეტილებების საჭიროება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საერთაშორისო პროექტით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ამ გამოწვევების დასაძლევად ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს რესურსების პასუხისმგებლობიან გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას და მდგრადობის გაძლიერებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს ინიციატივა წარმოადგენს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი აკადემიური საფუძველი, გავაუმჯობესოთ საგანმანათლებლო პროგრამები და აღვჭურვოთ ჩვენი სტუდენტები თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. ჩვენს მეცნიერ-მკვლევრებს ექმნებათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან, გაცვალონ გამოცდილება და ხელი შეუწყონ გლობალურ დისკუსიას მდგრადი ენერგეტიკის შესახებ.

ჩვენი სტუდენტებისთვის ეს პროექტი ახალ აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს ქმნის. ახალგაზრდები გაეცნობიან ინოვაციურ მეთოდოლოგიებს, შეიძენენ ცოდნას ენერგეტიკის რეალურ გამოწვევებზე და გახდებიან ლიდერები ენერგეტიკის სექტორში. ყოველივე ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გეგმებისა და პროგრამების მოდერნიზება ნიშნავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო მდგრადი და ეფექტური ენერგეტიკული სისტემის ფორმირებას. ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების საგანმანათლებლო ჩარჩოში ინტეგრირებით, უნივერსიტეტი აღზრდის პროფესიონალებს, რომლებიც მდგრადი პრაქტიკების მიმდევრებიც იქნებიან.

მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე, ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს, რომლებიც ამ ახალი ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“, – აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. 

სტუ პროფესორ გია არაბიძეს დის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს პროფესორ გია არაბიძეს, დის თამარ არაბიძე-ფხალაძის გარდაცვალების გამო. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგიგრძნობთ დის, თამარ არაბიძე-ფხალაძის გარდაცვალების გამო.

ძვირფასი ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იმ ბედნიერი მოგონებებისა და სიყვარულის გაცნობიერება, რაც მასთან გაკავშირებდათ, მოგცემთ ძალასა და სიმშვიდეს. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ნათელში ამყოფოს უფალმა თამარის სული“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ – IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

5 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაცია IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გამართავს.

ღონისძიება სტუ-ის VI კორპუსში ჩატარდება. 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ცხრილში.

„უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის” – შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის”, ფარგლებში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების წარმომადგენლებმა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა გუგული ყურაშვილმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი მხოლოდ ცოდნის შეძენას არ გულისხმობს – ეს არის მომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის მომზადება. დეკანის თქმით, უნივერსიტეტში სტუდენტის დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებითა და გამოცდებით, არამედ წარმოადგენს მტკიცე ფუნდამენტს წარმატებული კარიერისთვის.

Untitled design (16).png

„კარიერული წინსვლა არის გზა, რომელიც იწყება ამბიციით, თავდადებით და სწორი მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინოვაციური სასწავლო პროგრამებით, პრაქტიკული სწავლებითა და მჭიდრო ინდუსტრიული კავშირებით უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა შეიძინონ უნარები და გამოცდილება, რომლებიც აუცილებელია სფეროში წარმატებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტს შეუძლია განავითაროს როგორც ტექნიკური კომპეტენციები, ასევე, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიულ გარემოში მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტირებაში. თუმცა მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. აკადემიური წარმატებისა და პროფესიული მიღწევების დამაკავშირებელი ხიდი უნდა გაძლიერდეს ინდუსტრიების აქტიური ჩართულობით. დამსაქმებლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს მომავალი სამუშაო ძალის ფორმირებაში. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უნივერსიტეტისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირებები, მიიღონ მენტორობა და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ.

ახალგაზრდა ტალანტებში ინვესტიციით, კომპანიები არა მხოლოდ იძენენ ინოვაციურ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, არამედ ხელს უწყობენ ქვეყნის პროგრესსა და კონკურენტუნარიანობას. წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმება სარგებლის მომტანია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აუცილებელია ორგანიზაციებისთვისაც, რათა შეძლონ ახალი, რთული გამოწვევების გადალახვა“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა. 

სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა განყოფილების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განმარტა, რას ემსახურება კარიერული განვითარების განყოფილება უნივერსიტეტში. მისი თქმით, განყოფილების დაარსება პირადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დამსახურებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კარიერული განვითარების განყოფილება სულ რაღაც სამი წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით შეიქმნა, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით რექტორის ჩანაფიქრი მაღალკვალიფიციურად შეგვესრულებინა და დღეს უნივერსიტეტს აქვს ძლიერი სტრუქტურა, რომელიც ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. ჩვენ შევძელით უნივერსიტეტისთვის საინტერესო პროექტების განხორციელება – ეს არის დამსაქმებლების მოძიება და მათთან მემორანდუმების გაფორმება, დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზება, როგორც უნივერსიტეტში, ისე უნივერსიტეტს ფარგლებს გარეთ. ჩავატარეთ ორი დიდი დასაქმების ფორუმი, რითაც სტუდენტებს მოვეცით საშუალება, დიდი ძალისხმევის გარეშე შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და მოეძიებინათ მათთვის სასურველი სამუშაო ადგილი. სტუდენტებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა რეზიუმესა თუ სამოტივაციო წერილის შედგენას და დამსაქმებლებთან საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას. ჩვენ ვამაყობთ განხორციელებული პროექტებით, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა რომ არა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ეს სამსახური.

რექტორი ყველა ჩვენი სასარგებლო ინიციატივის მხარდამჭერია, რისთვისაც მადლობა მას. ვიმედოვნებთ, სტუდენტები გამოიყენებენ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობას, რასაც უნივერსიტეტი აძლევთ კარიერული ზრდისა და დასაქმებისათვის, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილება კი მუდმივად ვიქნებით ახალგაზრდების დახმარების ავანგარდში“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ. 

ღონისძიების დასასრულს, კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მაისის თვეში დაგეგმილი დასაქმების ფორუმის კვირეული შესახებ და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება”- კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება” გაიმართა. 

კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდნენ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, რუსთველი მიტროპოლიტი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. 

Cover gtu 1.png

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რჩება სიბრძნისა და განათლების სიმბოლოდ, რომელიც საზოგადოებას არა მხოლოდ სულიერ საკითხებში, არამედ ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების გზაზეც მიუძღვება. საქართველოში ეს მისია განსაკუთრებული იყო, რადგან ერის იდენტობა და საგანმანათლებლო ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ რწმენასთან.

„სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება“, ნათლად უსვამს ხაზს მართლმადიდებელი ეკლესიის უაღრესად მნიშვნელოვან როლს განათლების, პიროვნული განვითარების, ჩვენი ახალგაზრდობის ზნეობრივი თუ სულიერი აღზრდის სფეროებში. 

ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს თაობების ზნეობრივი ორიენტაციის ფორმირებაში, თანაგრძნობის, სიწრფელისა და პასუხისმგებლობის ფასეულობების დანერგვაში – რაც აუცილებელია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისათვის.

ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო და ხანგრძლივი კავშირები, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც რწმენა და მეცნიერება ჰარმონიაშია. მტკიცედ გვჯერა, რომ ტექნიკური ცოდნა, როდესაც მას ეთიკური და სულიერი სიბრძნე ერთვის, იძლევა იმგვარი პიროვნებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთ სფეროში აღწევენ წარმატებას, არამედ ზნეობრივი სიცხადითა და პასუხისმგებლობით ემსახურებიან საზოგადოებას.

დღევანდელი კონფერენციის თემა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებთან ერთად ადამიანის ფსიქიკისთვის ახალ გამოწვევებსაც ქმნის. ქრისტიანული ფსიქოლოგია, თავისი ღრმა სულიერი ხედვებით, მნიშვნელოვან პერსპექტივას გვთავაზობს მენტალურ კეთილდღეობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაზე. ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც თეოლოგიურ სიბრძნეს თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევებს აკავშირებს, ნიშნავს გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მეცნიერებასა და ზნეობრივ ღირებულებებს თანაბარ პატივს სცემს. მწამს, რომ კონფერენციაზე განსახილველად გამოტანილი თემები გააღრმავებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გააძლიერებს რწმენის როლს ახალგაზრდობის განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

გულითადი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, მეცნიერებსა და სტუმრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება”, ორ სექციად წარიმართა. პირველ სექციაში დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მეუფე სტეფანე, მეუფე დანიელი, მეუფე იოანე, მეუფე ანანია. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა გიორგაძე და ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი პროფესორი გიორგი ანდრიაძე.

მეორე სექციაში კი განიხილეს მომხსენებლების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ლია მეტრეველის – „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე – ქრისტიანული ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტები“, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორის, ირმა ხურცია-ანდრიაძის – „ნებისყოფის ცნება, როგორც დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მთავარი ქვაკუთხედი“ და ფსიქოლოგიის განვითარების კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის – „წმ. გრიგოლ პალამას სწავლება, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქრისტიანული ფსიქოლოგია, დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია“. კონფერენციის დასასრულს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ორტომეულის – „ქრისტიანული ფსიქოლოგია“ წარდგენა გაიმართა.

საცურაო აუზ „ტონუსის” გუნდმა ცურვაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა ქვემო ქართლის ღია პირველობაზე ცურვაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქვემო ქართლის ღია პირველობა ცურვაში რუსთავში, საცურაო აუზ „თოლიაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა ტონუსის, ბლექსის, ბლექსი 2-ის, ლაგუნას, გლდანის, გორის, თემქის, დიღმის, რუსთავის, რუსთავი არენას, ერთა-ერის გუნდების 125 მოცურავე.

3 (2).png

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი მორიგ გამარჯვებას ულოცავს „ტონუსის” მოცურავეთა გუნდს და აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს.

მისივე თქმით, ცურვაში ქვემო ქართლის ღია პირველობა ჩატარდა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში – გოგონები: 2013-2014 და 2015-2016, ხოლო ვაჟები: 2011-2012 და 2013-2014 წლებში დაბადებულები.

2 (22).png

„ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს: ანა კვიკვინია – 2 ვერცხლი, ანდრია კაჭეიშვილი – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, გეგა კვანჭიანი – 1 ბრინჯაო, ივან გავრილიჩენკო – 2 ოქრო, ალექსანდრე არუთინოვი – 1 ბრინჯაო, ივან დობრიანსკი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო, სემიონ გავრილიჩენკო – 1 ბრინჯაო, მარკოზი ნებუნიშვილი – 1 ბრინჯაო. 4X100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში ტონუსის გუნდმა, ალექსანდრე არუთინოვის, ნიკა გუგუციძის, ივან დობრიანსკის, ივან გავრილიჩენკოს შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

„თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკა – გამოწვევები, პრობლემები და მათი დაძლევის გზები” – ამ საკითხების ირგვლივ ცნობილმა  ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ საჯარო ლექცია ჩაუტარა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. თამარ ურუშაძე სტუდენტებთან  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და  „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ მოწვევით იმყოფებოდა. 
 
სტუმარმა მომავალ ჟურნალისტებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გაიარა გზა რიგითი ჟურნალისტობიდან გადაცემის წამყვანობამდე და ამ გზაზე როგორ შეიძინა პროფესიული უნარ-ჩვევები. მან სტუდენტებს მისცა ძალიან ღირებული რჩევები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის პროფესიაში ობიექტურობა და რაოდენ დიდი სიფრთხილეა საჭირო სენსიტიური თემების გაშუქებისას.
 
თავად ჟურნალისტი  განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს პოლარიზებულ მედიას, თუმცა, მისი თქმით, ჟურნალისტის კეთილსინდისიერება არის გარანტი იმისა, რომ მან ნებისმიერ მედია გარემოში შეინარჩუნოს ობიექტურობა და თავისუფლების მაღალი ხარისხი. მან ასევე ისაუბრა ტელემედიის ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებზე და სტუდენტებთან ინტერაქციით გამოავლინა, რომ ტელემედია თანდათან კვდომას განიცდის, რადგან კარგავს ახალგაზრდა აუდიტორიას.

თამარ ურუშაძემ სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. საჯარო ლექცია კი ჟურნალისტიკის თემაზე შედგენილი ვიქტორინით დაასრულა. გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.

სტუდენტებმა ჟურნალისტი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ოპტიკისა და სპექტროსკოპიის განყოფილება:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 28 აპრილიდან – 30 აპრილის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე.
მისამართი: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130.
საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 02 მაისს.
კონკურსის პირველადი შედეგები საკონკურსო კომისიის მიერ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 02 მაისს, თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 07 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე¬¬ვითი საქ-მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„სტუ სტარის“ გამარჯვებული სტუდენტი გვანცა გიგაშვილი გახდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის – „სტუ სტარი“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარი“ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი გახდა.

პროექტი „სტუ სტარი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: კომპანია „არემჯი“, პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ლუსსო“, ტრანსპორტის გაქირავების კომპანია „ვილი ბასი“ და კომპანია „ვანდერგრაუნდი“.

3 (1).png

კონკურსის დასკვნითი კონცერტი, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა.

კონკურსის ორგანიზატორებმა „სტუ სტარის“ დასკვნითი კონცერტი 1990-იან წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ლიდერს, გოგა გიორგობიანს მიუძღვნეს, რომელსაც კონკურსის ფინალის დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.

დასკვნითი კონცერტში მონაწილეობდა 5 ფინალისტი სტუდენტი – დეა ფაჩულია, გვანცა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, ანა გიგაშვილი და ანამარია მუსელიანი.

ფინალისტები, განსაკუთრებული მუსიკალურ-საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით, ჟიურიმ – მუსიკოსების: ხათუნა ჟორდანიას, ქეთევან ოძელაშვილის, მომღერლების: გიორგი ძოწენიძის, ზურაბ ხაჩიძის, ზაზა მამალაძის და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, ლიანა თარგამაძის შემადგენლობით – კონკურსანტ სტუდენტებს შორის გამოავლინა. 

ფინალისტები მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოურენოვანი ჰიტების სოლო შესრულებითა და დუეტებით წარდგნენ. კონცერტმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივართა გუნდები ქომაგობდნენ. 

ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი აღიარა და მას „სტუ სტარის“ ტიტული გადასცა.

მეორე საკონკურსო ადგილი ჟიურიმ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოცმეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნუცა ხუჯაძეს მიაკუთვნა.

„სტუ სტარს“ გამარჯვება მიულოცა და კონკურსანტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელებით უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული ტრადიციები გრძელდება.

1 (29).png

„უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს – კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებს, გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს, რომელმაც წლევანდელი „სტუ სტარის“ ტიტული მოიპოვა. თქვენმა მონდომებამ, შრომამ, ნიჭიერებამ და მუსიკისადმი სიყვარულმა ეს კონკურსი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევამ ხელი შეუწყო პროექტ „სტუ სტარის“ წარმატებით განხორციელებას. მადლობა – მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც ასე დაუღალავად ქომაგობდნენ თავიანთ ფავორიტ შემსრულებლებს. 

კონკურსი „სტუ სტარი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემას, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო წინსვლას, არამედ ახალგაზრდებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობას და მატებს თავდაჯერებულობას. მსგავსი პროექტებით ხდება სცენის ახალი ვარსკვლავების დაბადებაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ ამგვარი ინიციატივებით აფრთიანებს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდებს. მსგავსი პროექტების განხორციელებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ განსაკუთრებული შემოქმედებითი, საშემსრულებლო თუ სპორტული უნარებითაც გამოირჩევიან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, ვუსურვებ მათ, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც ცხოვრების გზაზე ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, კონკურსი “სტუ სტარი” მომავალშიც არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გაუხსნის გზას”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

კონკურსის გამარჯვებულს, მეორე ადგილის მფლობელსა და „სტუ სტარის“ ფინალისტებს კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. კომპანია „არემჯიმ“ კი „სტუ სტარის“ გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს ფულადი ჯილდო – 2000 ლარი გადასცა.

ცნობისათვის, „სტუ სტარი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან, ყოველწლიურად ხორციელდებოდა. კოვიდპანდემიის პერიოდში პროექტმა დროებითი წყვეტა განიცადა. მისი განახლება, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლიდან გახდა შესაძლებელი.

წლევანდელი კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ჰქონდა. 

სტუ-ში საერთაშორისო საგრანტო პროექტის Erasmus+ CBHE– EU-AGM განხორციელება დაიწყო

სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგრანტო პროექტის Erasmus+ CBHE– EU-AGM (Joint societal challenge driven circular economy energy education between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania) განხორციელება დაიწყო, სადაც მონაწილეობს საქართველოს სამი უნივერსიტეტი:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)
  • აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU)

პროექტის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ენერგეტიკის მიმართულებით არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაცია და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება. 

პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დისტანციური სწავლების ხელშეწყობას, ციფრული ლაბორატორიების დანერგვას და ინდუსტრიულ გამოწვევებზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკების დანერგვას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • 8 დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც წვდომას მისცემს სტუდენტებს რეალურ ექსპერიმენტულ გარემოზე, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;
  • 500-ზე მეტი სტუდენტის გადამზადება;
  • 8 სამეწარმეო გამოწვევის ჩატარება ადგილობრივ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით;
  • ახალი სამაგისტრო, მოკლე და პროფესიული კურსების შექმნა და დანერგვა;
  • ხარისხის გაუმჯობესების სისტემის დანერგვა და შეფასების ინოვაციური მეთოდების გამოყენება.

ცნობისათვის, პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი განხორციელების პერიოდი შეადგენს 36 თვეს.

პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებას და რეგიონულ განვითარებას, რაც სრულად ეხმიანება ევროკავშირის მიზნებს ენერგეტიკის მდგრადობისა და ინოვაციური განათლების მიმართულებით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?