სტუ პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო ოჯახს, კოლეგებსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს სამძიმარს უცხადებს.

„49 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლის კავალერი, 2003-2006 წლებში ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიატი სოფიო ბლიაძე. 

არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი პედაგოგი, — ასეთი დარჩება ჩვენს ხსოვნაში სოფიო ბლიაძე, კოლეგა, რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, აღზარდა ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა და დაიმკვიდრა განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული მეცნიერისა და მკვლევრის სახელი. 
 
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, მურმან ბლიაძეს შვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ სოფიო ბლიაძის მეუღლეს, ოთხ შვილს, შვილიშვილს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ბლიაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსებისა და კრედიტის” სპეციალობით კურსდამთავრებულია. მან 2002 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

2002-2007 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ფილიალის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1  საშტატო ერთეული
  • ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1  საშტატო ერთეული
  • ნანოკომპოზიტების ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი – 1  საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 თებერვლიდან – 26 თებერვლის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №6, პირველი შესახვევი (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 28 თებერვალს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 28 თებერვალს. საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 05 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერი თანამშრომლის (უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს სამხრეთ კორეის წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისცტემების, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ენერგეტიკის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ. 

აღნიშნული შეთავაზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის (Korea University) დელეგაცია – მაგისტრატურის კომისიის დირექტორის ჯე ჰვი კიმის, მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის მენეჯერის, იუნ ბინ იანგის და ამავე უნივერსიტეტის მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევრის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლევან რატიანის შემადგენლობით ეწვია. 

1 (44).png

სტუ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

აღინიშნა, რომ კორეის უნივერსიტეტი, რომელიც რეიტინგის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, დაინტერესებულია მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად მოიზიდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც განათლებას ეუფლებიან ინფორმატიკის, საინჟინრო და ნახევარგამტარების ფიზიკის, ხელოვნური ინტელექტის (AI), ენერგეტიკისა და მექანიკის ინჟინერიის განხრით. 

როგორც კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიის დირექტორმა ჯე ჰვი კიმმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიჭიერი და მოტივირებული ბაკალავრები, რომლებიც დაინტერესდებიან კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებით და, შესაბამისად, დააკმაყოფილებენ კორეულ უნივერსიტეტში მიღების მოთხოვნებს, უზრუნველყოფილი იქნებიან მაღალი სტიპენდიით, საცხოვრებელი კამპუსით, მაღალი სტანდარტების კვლევითი ინფრასტრუქტურით, ასევე, სწავლის პარალელურად, აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე უმსხვილესი კორეული კორპორაციის “SK ჯგუფის” ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის პროექტებში, რაც კორპორაციის მხრიდან, დამატებით, ანაზღაურებადი იქნება. 

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ კორეულ მხარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია, სასწავლო-კვლევითი მიმართულებები და სამეცნიერო მიღწევები გააცნო. ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის მხრიდან იმ ძალისხმევასა და შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სპეციალისტთა და მკვლევართა ახალგაზრდა, იმედისმომცემი თაობის ფორმირებისკენ არის მიმართული.  

2 (38).png

„სამხრეთ კორეა, განვითარების ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო მსოფლიო ბაზარზე, მეცნიერებადტევადი ეკონომიკის მიმართულებით, ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. ჩვენთვის მრავალმხრივ საგულისხმოა სწავლა-სწავლების პროცესში, ინდუსტრიებთან კოლაბორაციით, სამეცნიერო კვლევების წარმართვისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის იმ წარმატებული მოდელის გაზიარება, რომელიც კორეის უნივერსიტეტშია აპრობირებული და რაშიც აქტიურად ერთვებიან მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებ მოცემულობას.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი სკოლა, სადაც საგანმანათლებლო და კვლევების პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები წარმატებით თანამშრომლობენ უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან: შვეიცარიაში – CERN-თან, იაპონიაში – KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-თან; მჭიდრო კონტაქტები გვაქვს უილიხის ცენტრთან, ამერიკის, ევროპისა და აზიის ცნობილ და წამყვან უნივერსიტეტთან. მოხარული ვართ, რომ სამხრეთ კორეის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი დაინტერესებულია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს გაუხსნას შესაძლებლობა, სწავლა და კვლევები მაგისტრატურის საფეხურზე კორეაში გააგრძელონ. ვიმედოვნებთ, ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ისარგებლებენ ამ შესანიშნავი, ორმხრივ სასარგებლო შეთავაზებით” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.  

შეხვედრაზე კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის მენეჯერმა იუნ ბინ იანგმა კორეული უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ლევან რატიანი, რომელიც ამჟამად კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარია, სტუ-ის წარმომადგენლებს კორეის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების ყოფა-ცხოვრების, სასწავლო-კვლევით პროცესებში მათი ჩართულობისა და განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებზე ესაუბრა. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტებთან გაფართოებულ შეხვედრას ჩაატარებენ.

სტუ პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტს. 

სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები უერთდებიან.

„76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ნუგზარ მურღულია – ნაგებობათა დინამიკისა და დეფორმადი სხეულის მექანიკის გამორჩეული მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, ხუთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პედაგოგი, რომელმაც ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა. 

ვეთხოვებით ძვირფას კოლეგას, დიდბუნებოვან ადამიანს, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, განუზომელ სიყვარულთან და ერთგულებასთან ერთად, ცხოვრების უდიდესი პერიოდი – სტუდენტობის ხანა და მოღვაწეობის 53 წელი აკავშირებდა. 

სამძიმარს ვუცხადებთ, მურღულიების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, ბატონი ნუგზარის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 103 წელი შეუსრულდა

„103 წლის წინ, დღევანდელ დღეს – 16 იანვარს – დაარსდა საინჟინრო განათლების პირველი კერა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პირველმა უმაღლესმა საინჟინრო-ტექნოლოგიურმა სკოლამ კოლოსალური წვლილი შეიტანა საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებასა და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადების მხრივ. დარწმუნებული ვარ, ყოველ 16 იანვარს, ისევე როგორც დღეს, ჩვენ, მეცნიერთა, მკვლევართა და სტუდენტთა ახალი თაობები ქედს მოიხრიან უნივერსიტეტისა და დიდ ერისკაცთა – ივანე ჯავახიშვილის, ალექსანდრე დიდებულიძის, ანდრია რაზმაძის, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებისა და მსოფლიო დონის იმ მრავალი ქართველი მეცნიერის წინაშე, რომელთა წვლილი განუზომელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების საქმეში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, კანცლერი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ანანია ჯაფარიძე. 

1 (43).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, 1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, სადაც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, უნივერსიტეტმა კოლოსალური წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

„2022 წელს, საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელს ქართველ ერთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ასზე მეტი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი, რომლებიც წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ იყო და არის უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა ალმა-მატერი, რომლებსაც, მაღალი დონის ცოდნითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ღირსეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, რომლებთანაც 2024 წელს ახალი, უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ, რითაც თვისობრივად გაცილებით ფართო და ღრმა სამეცნიერო კოლაბორაციებს ჩავუყარეთ საფუძველი. საგულისხმოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენს უნივერსიტეტში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ CERN-ის საბჭოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობითი დელეგაცია.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ორ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმს – ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს, რომელშიც 300-მდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა, და 25-ე საერთაშორისო კონფერენციას ნანოსტრუქტურებში მსუბუქი-მატერიის დაწყვილების ფიზიკის შესახებ – PLMCN2024-ს. წარმატებით ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც ამერიკული საერთაშორისო ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამისთვის მიენიჭა. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, ახალი მიზნები. ყველა დღევანდელი ძალისხმევა მომავალი თაობების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. 2022 წელს, როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში, მომავლის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის განვათავსეთ კაფსულა, რომელიც ყველაზე სანუკვარ სურვილებს, მიზნებს, მოლოდინებს ინახავს და ამ მომავლის კაფსულას 2072 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150 წლის იუბილეზე, სწორედ მომავლის თაობა გახსნის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, ზურაბ ჩაჩხიანს და სტუ-ის აკადემიური საბჭოს სწავლულ მდივანს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, იაშა (კოკა) კუტუბიძეს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ გადასცა, ხოლო, ცნობილი მწერალი და ნოველისტი, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, „ღირსების ორდენის“ კავალერი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის პროფესორი რევაზ მიშველაძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორები მაია დავითაია და მაია ძიძიგური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა. 

ღონისძიების მსვლელობისას საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასის მსახიობებმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ წარმოადგინეს ეპიზოდი სამომავლო სპექტაკლიდან, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას ეძღვნება. დასასრულს კი, სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ, სამხატვრო ხელმძღვანელის, ციცინო ფალავანდიშვილის დირიჟორობით, ორი კომპოზიცია შეასრულა. 

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სასტიპენდიო პროგრამაში ჩართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ ბექაიამ და ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ მიიღეს. 

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის საფუძველიც მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ბენეფიციარი (სტიპენდიანტი), მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სტუ-ის სამი ფაკულტეტის – სამშენებლო; არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი; აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი – უმაღლესი რეიტინგის მქონე ბაკალავრებთან ერთად, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ის სტუდენტიც გახდება, რომელიც შემოდგომის სემესტრს, აკადემიური მოსწრების მხრივ, უმაღლესი ქულით დაასრულებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები – პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ოთხწლიანი პარტნიორობის შედეგები განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი ხელშემწყობი და წამახალისებელი მიდგომების შემუშავებას. ფონდის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამის სამომავლო მიზნებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მთისმცოდნე ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადების თვალსაზრისით დაფუძნდა.

ფაკულტეტზე, წარმატებული ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დანერგილია ოთხი საბაკალავრო პროგრამა, სწავლა კი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ოთხივე პროგრამა – მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა – სრულიად ახალი და უანალოგოა, როგორც საქართველოში ისე სამეზობლო ქვეყნებში. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფლაგმანია საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით და რომელიც წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, მნიშვნელოვანია იმგვარი შესაძლებლობის არსებობა, რაც გულისხმობს აკადემიური მოსწრების მხრივ მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების ჩართვას თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში.

როგორც რექტორმა აღნიშნა, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტის სტატუსის მოპოვება ძლიერი წამახალისებელი ფაქტორია ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის.
 
„ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ყოველსემესტრულად ფონდის სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი რეიტინგის და აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე იმ ბაკალავრებს, რომლებიც განათლებას იღებენ სამი პრიორიტეტული მიმართულებით. ესენია: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ასევე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტები. სტიპენდია, რომელსაც სემესტრის მანძილზე ფონდი ყოველთვიურად გასცემს, თითოეული სტუდენტისთვის 300 ლარია.

საგულისხმოა, რომ წელიწადში ერთხელ, ფონდი, ასევე, გასცემს ერთჯერად პრემიას, 1500 ლარის ოდენობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი ქულებით ჩარიცხულ აბიტურიენტზე, რომელიც აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი გახდება. დასაფასებელია საგანმანათლებლო ფონდის მესვეურების, პირადად მისი დამფუძნებლის – ბიზნესმენის, ინჟინერ-ეკონომისტისა და ფილოლოგის, ბატონი თამაზ ბექაიას ძალისხმევა, კიდევ მეტად გააფართოოს უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალი, გაზარდოს ფონდის პრიორიტეტები, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც, დაამატოს ახალი სპეციალობები, ახალი ფაკულტეტები, ახალი უნივერსიტეტები. ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში, ახალი პრიორიტეტული მიმართულების სახით, ჩვენი უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართვა ამის ნათელი დადასტურებაა.

ვაფასებთ ფონდის ძალისხმევას და მას მოვიაზრებთ სასურველ პარტნიორად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაც მოიცავს ხელშემწყობი და წამახალისებელი მიდგომების შემუშავებას იმ ნიჭიერი სტუდენტების მიმართ, რომლებიც ბევრს შრომობენ და სწავლობენ, ისწრაფვიან იყვნენ საუკეთესოები. რაც მთავარია, ორივე მხარე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სტიპენდიანტები მომავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და წარმატებული მკვლევრები გახდებიან, მიღებულ ცოდნას კი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარენ – ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ვისურვებდი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფონდის პარტნიორული ურთიერთობები მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს, ისევ და ისევ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. წარმატებას ვუსურვებ ფონდს, მის სტიპენდიანტებსა და მემორანდუმის ხელმომწერ ყველა უმაღლეს სასწავლებელს“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტთა და პრემიის მფლობელთა პირველი ნაკადი 2021 წლის შემოდგომაზე გამოვლინდა. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფონდის სტიპენდიას ბენეფიციართა მე-7 ნაკადი იღებს, საერთო ჯამში კი, 21 სტიპენდიანტი და 4 პრემიის მფლობელი სტუდენტია გამოვლენილი. 

სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების მეცნიერულად შესწავლის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, ცნობილ მეცნიერთა ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა. 

2024 წლის დასასრულს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს ცნობილი მეცნიერის, ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის – „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით გადაეცა, ხოლო სამეცნიერო ნაშრომს – „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“, რომლის ავტორები, გივი გავარდაშვილთან ერთად, პროფესორები ედუარდ კუხალაშვილი და შორენა კუპრეიშვილი არიან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემია მიენიჭა.  

ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს სახელობითი პრემიების ლაურეატობას ულოცავს და ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას უსურვებს. 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც მეცნიერთა მოღვაწეობა, მათი ნაშრომები ჯეროვნად ფასდება და სახელობითი პრემიებით აღინიშნება. აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მონოგრაფია – „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ – სიღრმისეულად განიხილავს ჰიდრომელიორაციის ძირითად ასპექტებს, შეისწავლის ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს. ნაშრომი, საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კლიმატის ცვლილების შეფასებას, ასევე, საქართველოს საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების მიმართულებით, მელიორაციის რისკების გაანგარიშებას მოიცავს. ნაშრომში, ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ, მეცნიერულად დამუშავებულია მეთოდოლოგია, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისთვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების საფუძველს შექმნის. რაც შეეხება მეორე ნაშრომს – „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“, რომელზეც ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა, გერმანულმა გამომცემლობა „ლამბერტმა“ რვა ენაზე გამოსცა.

ეს მონოგრაფია უპასუხებს ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიმდინარე რთულ გამოწვევებს, რომელთა დაძლევა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსათვის. შემთხვევითი არ არის, რომ მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ ბუნებრივი ანომალიების ერთ-ერთ ტიპზე, კერძოდ კი ღვარცოფებზე, რომლებიც მსოფლიო სტიქიების კატეგორიაში, გავრცელების სიმძლავრის მიხედვით, 40%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მონოგრაფია დარგის სპეციალისტებს, ინჟინრებს, მკვლევრებს სთავაზობს ინოვაციური ნაგებობების შემუშავების უახლეს ტიპებს, გაანგარიშების ახალ სქემებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ვულოცავ აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, მასთან ერთად, პროფესორებს ედუარდ კუხალაშვილსა და შორენა კუპრეიშვილს საპატიო ჯილდოების მოპოვებას და ვუსურვებთ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის ჰიდროტექნიკის, გარემოს დაცვის და ჰიდრომელიორაციის დარგის განვითარების, ასევე, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, მონოგრაფიაში – „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ (გამომცემლობა ,,უნივერსალი“, 2024, 546 გვ., ფერადი ილუსტრაციებით) – განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები: ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკითხები; წარმოდგენილია სარწყავი და დამშრობი ქსელის ინოვაციური კონსტრუქციები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია საქართველოს პატენტის მოწმობებით.

ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისათვის სახელმწიფო პროგრამის დამუშავების საფუძველი გახდება; ეროზიის კონტროლისათვის წარმოდგენილია ინოვაციური კონსტრქციები და მათი დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდები.

მონოგრაფიაში განხილული და შეფასებულია მსოფლიოს მაღლივი ჰიდროკვანძების უსაფრთხოება და მათი ავარიის გამომწვევი მიზეზები; დადგენილია წყალდიდობის რისკის ზონები, რისკების პორტფოლიოს ანალიზის CAPRA-ს მოდელის მიხედვით; დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება, აღრიცხვა და დაზარალებული მოსახლეობის სარეაბილიტაციო გეგმის დამუშავება-ანალიზი და მდგრადობა; მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპეტენტურ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირებისათვის, გაეროს სტანდარტების მიხედვით, განხილულია ის აუცილებელი საკონტროლო კითხვები, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების დაგეგმვისას. მონოგრაფია საინტერესოა დარგით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, აგრეთვე, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

სამეცნიერო ნაშრომში – „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“ (გამომცემლობა “ლამბერტი“ (გერმანია), ითარგმნა 8 ენაზე) განხილულია ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ბუნებრივი ანომალიების იმ სახეს, რომელიც ღვარცოფების სახელწოდებითაა ცნობილი და რომელსაც მსოფლიო სტიქიების ნუსხაში, გავრცელების სიმძლავრის მიხედვით, თითქმის 40% უკავია.

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ინოვაციური ნაგებობების სრულიად ახალი სახეები და მათი კონსტრუქციული გადაწყვეტების მიზნით გამოყენებულია გაანგარიშების ახალი სქემები; ინფრასტრუქტურის დამცავი საინჟინრო გადაწყვეტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, მასში შემოთავაზებულია ბუნებრივი სტიქიების გაანგარიშების ინოვაციური მიდგომები; ასევე, პრაქტიკისთვის დაზუსტებულია მათი ჰიდრავლიკის, ჰიდროლოგიის ოპერატიული საშუალებების გამოყენების ზღვრები; დამუშავებულია ინოვაციური ნაგებობების სრულიად ახალი სახეები; ნაგებობების კონსტრუქციული გადაწყვეტების სირთულიდან გამომდინარე, გამოყენებულია არსებულისგან განსხვავებული, გაანგარიშების სრულიად ახალი სქემები; განხილულია საავტორო უფლების მქონე საინჟინრო გადაწყვეტების ტექნიკური დახასიათება; მოცემულია მათი ინოვაციურობის განსხვავებულობა; აღწერილია ღვარცოფთან ნაგებობის ტრანსფორმაციულობა – ეკოლოგიური პროცესების სტაბილურობის შენარჩუნებით და საიმედოობით; წარმოდგენილია კალაპოტურ ნაგებობებზე ბმული ღვარცოფული ზემოქმედების თეორიული მოდელები; შეფასებულია კალაპოტში ღვარცოფთა ტალღური მოძრაობის შესაძლებლობები და მათი ზემოქმედება წარმოდგენილ ნაგებობებზე; მოცემულია კალაპოტური ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობის საპროექტო პარამეტრები და ღვარცოფის ზემოქმედების საპროგნოზო ოპერატიული საშუალებები; ნაშრომში დამუშავებულია ღვარცოფთა ზემოქმედების პროგნოზი კალაპოტურ ნაგებობებზე სრულიად ინოვაციური საანგარიშო სქემით და სადინარში განლაგების მოდელებით; მოიცავს ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვას სასოფლო სამეურნეო სავარგულების მდგრადობისათვის საინჟინრო გადაწყვეტებით – ნაგებობებით და ოპერატიული საშუალებებით, რაც მიიღწევა მოსალოდნელი კატასტროფების დარეგულირებით და უსაფრთხო ტრანზიტით; დადგენილია ღვარცოფსადინარების გეომეტრიის მახასიათებლები, რომელიც წარმოადგენს ნაკადების შეშფოთების წარმოქმნისა და ნაგებობებზე ძალური ზემოქმედების ფაქტორს.

მონოგრაფია განკუთვნილია აგრარული, საინჟინრო, ბიოინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის და იმ მეცნიერ-სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ აგროინჟინერიის, ნიადაგმცოდნეობის, ჰიდროტექნიკის, ჰიდრომელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიის და ჰიდროეკოლოგიის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს გარემოს დაცვისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების დაპროექტებით, მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაინტერესებულ სპეციალისტებს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა

„ამ მადლს ჩვენი ოჯახები ვერ დაივიწყებენ. არის შემთხვევები, როცა გვეხმარებიან, მაგრამ საგანმანათლებლო სივრციდან არავის გამოუხატავს ემპათია. თქვენ ხართ პირველები და მადლობა ძღვენისთვის, გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის“, – ასე გადაუხადა მადლობა ქველმოქმედებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს,  წეროვნის დასახლებაში მცხოვრებმა, ახალგორიდან დევნილმა ნინო კახურაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, შობა-ახალიწლის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი დახმარების, პირადი ჰიგიენის ნივთები და პროდუქტი გადასცეს.

Cover gtu (9).png

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, შობა-ახალიწლის ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქციებს ატარებს.

„დეკემბერ-იანვრის თვეში, წინა საახალწლო და საშობაო ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ გორისა და თბილისის, კერძოდ, გორის ხანდაზმულთა სახლში – “შენი თბილი კერა”, თბილისში, პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრში. ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, საკვები. კალანდას წინა დღეებში კი წეროვანში ჩავედით, სადაც სოციალურად დაუცველთა ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს ჩავუტანეთ ნობათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“ და ფაკულტეტები, რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, კვლავ გააგრძელებს საქველომოქმედო აქციათა ციკლს“, – აცხადებს ნაზი კუციავა. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლში ჩართულნი არიან როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები.

Cover gtu (10).png

„მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადავწყვიტეთ წეროვანის დასახლებაში მრავალშვილიან ორ ოჯახს დავხმარებოდით. ძმებ ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები – სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. ამ ბავშვების თვალებში აღბეჭდილი სიხარულისთვის მინდა რექტორს, თითოეულ კოლეგას, სტუდენტს, „ქალთა ასოციაციას“ მადლობა გადაგიხადო, მათ გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით საქველმოქმედო აციათა ციკლის განხორციელებას“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის 2025 წლის 7 იანვრის სხდომის დადგენილება

”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობამ დაადგინა:

  • სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელახალი არჩევნები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარდეს 2025 წლის 28 იანვარს.
  • კანდიდატთა რეგისტრაცია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დაიწყოს 2025 წლის 13 იანვარს და დასრულდეს 19 იანვარს.
  • დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე:
  • ინფორმაციის საჯაროობის მიზნით დადგენლიება განთავსდეს სტუ-ის ვებგვერდზე.

იხილეთ ხელმოწერილი დოკუმენტი.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საშობაო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თავშესაფრის 80-მდე მოხუცს საჩუქრები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაშობაო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა – პროფესორებმ: ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ, თინათინ კაიშაურმა და დავით კაპანაძემ, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის ბენეფიციარებს პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, პროდუქტი გადასცეს.

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ის ფაკულტეტები, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ქალთა ასოციაცია“ შეუერთდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საქველმოქმედო აქციას. ორ თავშესაფარში მცხოვრებ 80-მდე მოხუცს საშობაოდ გადავეცით მათთვის აუცილებელი პროდუქტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები. ღვთაებრივმა ყრმამ, თავისი შობით, ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში. დაე, სიკეთემ, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქციების ფორმატში აკეთებს, გზა გაგვინათოს ჩვენ და იმ ადამიანებს, ვისთვისაც მადლი სულისა და ხორცის სამკურნალოდ აუცილებელია“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

Cover gtu (7).png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები. 

„მხოლოდ საღვთო მადლს შეუძლია ადამიანთა გაკეთილშობილება. ყოველწლიურად ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მეტად სჭირდება. დღეს 80-მდე მოხუცი გავახარეთ. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმ სიხარულს, რაც ამ ადამიანების თვალებში ამოვიკითხეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მადლობა მათ და უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს – მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

პანსიონატ „იმედის“ ხელმძღვანელმა გიორგი კვარაცხელიამ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მენეჯერმა ნათია ყიფიანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

მათი თქმით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?