სტუ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება

„ვიტალი ჭოლარიას და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს – სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, დატრიალებული ტრაგედიის გამო რომ განვიცდით. გისამძიმრებთ და გითანაგრძნობთ.

უფალმა ნათელში ამყოფოს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს სულები“. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, მწუხარებას გამოთქვამს პოლიტიკოსის, დიპლომატის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საზოგადო მოღვაწის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს საზოგადოებას, ლეკიშვილების ოჯახსა და ახლობლებს. 

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის რიგით მეოთხე მერი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკოლოზ (ნიკო) ლეკიშვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ლეკიშვილების ოჯახსა და ახლობლებს. საზოგადოებას ნიკო ლეკიშვილი მუდამ ემახსოვრება თავისი გამორჩეული პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით. ის დიდ პატივისცემას იმსახურებდა საქმისადმი პრინციპული და პატიოსანი დამოკიდებულების გამო. ცხოვრებისადმი უშრეტი სიყვარული იგრძნობოდა ბატონი ნიკოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ახალგაზრდების მიმართ. იგი გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საახალწლო მილოცვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალწელს ულოცავს. 

„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, მკვლევრებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის სახელით, გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო საქმიანობასა და სწავლება-სწავლის პროცესში. 

ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს ჩვენი სამშობლოსა და თითოეულ მოქალაქესთან – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ფეხბედნიერ, ბარაქითა და სიხარულით სავსე ახალ წელს გისურვებთ“, – აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

სტუ-ში ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

საყოველთაოდ აღიარებულ ქიმიკოსს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის, 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას უძღვებოდა. 

პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, ასევე, მეცნიერის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და აღზრდილები ესწრებოდნენ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ცნობილი მეცნიერის კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ისაუბრა. 

1 (42).png

„მართლაც რომ შეუფასებელია გასული საუკუნის ამ გამორჩეული მეცნიერის, პედაგოგის და მრავალმხრივი ინტერესების მქონე დიდებული პიროვნების ღვაწლი უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. პროფესორმა გოგი ჭირაქაძემ ერთ-ერთი რთული სამეცნიერო მიმართულება აირჩია – შეისწავლიდა გოგირდორგანული ნაერთების რადიაციულ და ფოტო გარდაქმნას. მან პირველმა შეისწავლა რადიოლიზის პროდუქტების მოკლესიცოცხლისუნარიანი ნაწილაკები და მათი წარმოქმნის კინეტიკა, გამოიკვლია მიღებული ნივთიერებების ბუნება და თვისებები, კვლევების საფუძველზე კი დაადგინა თხევადფაზიანი რადიოლიზისას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან ქიმიური დაცვის მექანიზმი და შეიმუშავა ალიფატური და ციკლური დისულფიდებისა და სულფიდების, ალკანსულფომჟავების, თიოციანმჟავას სინთეზის პრეპარატიული მეთოდები, რომლებიც მაღალი გამოსავლიანობითა და სისუფთავით ხასიათდებიან.

ბატონი გოგის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურებაა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობების ორგანული ქიმიით დაინტერესება და მათი მოზიდვა უნივერსიტეტში, ორგანული ქიმიის კათედრაზე. სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაიწყო მან სამეცნიერო კვლევების ახალი სერია ელემენტორგანული ნაერთებისა და აზოსაღებრების სფეროში. მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ნაჯერი ჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ნაერთების სინთეზი, წარმატებით განხორციელდა ჯერ სილიციუმორგანული ნაერთების, ხოლო შემდეგ მათ ბაზაზე ახალი სილიციუმშემცველი აზოსაღებრების სინთეზი. აღსანიშნავია, რომ სილიციუმის ატომის შეყვანამ აზოსაღებრების მოლეკულაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უკანასკნელთა მედეგობა სინათლისა და სველი დამუშავების მიმართ. 

მოგვიანებით, გოგი ჭირაქაძე დაინტერესდა ორგანული სინთეზის კიდევ ერთი, ახალი დარგით – ფაზათაშორისი კატალიზით და მისი ხელმძღვანელობით აზოსაღებრების სინთეზის სრულიად ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა. გარდა ამისა, მისი კვლევები ეხებოდა სპეციალური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრების სინთეზსა და მათი ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას. სწორედ ამ კვლევების ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა პოლიქრომოფორული საღებრების მიღება. 

ფასდაუდებელია გოგი ჭირაქაძის, როგორც შესანიშნავი პედაგოგის ღვაწლი – მან მკვლევართა და პედაგოგთა არაერთი თაობა აღზარდა. მისი მოწაფეები, მეგობრები, კოლეგები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ, თუ როგორი ენთუზიაზმით ეწეოდა დიდი მეცნიერი მოზარდი თაობის აღზრდას, მოსწავლეთა და სტუდენტებს შორის ქიმიის პოპულარიზაციას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი მუდამ დიდი სიყვარულით გაიხსენებს სახელოვან მეცნიერს და პედაგოგს, პროფესორ გოგი ჭირაქაძეს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა მეცნიერებას, უყვარდა თავისი საქმე, კათედრა, კოლეგები, სტუდენტები. მუდამ გვემახსოვრება ადამიანი – კაცთმოყვარე, უაღრესად დახვეწილი, ფართო ერუდიციითა და გარემომცველი სამყაროს აღქმის უბადლო უნარით, ადამიანი, რომელიც რუტინულ ურთიერთობებს ზეიმად აქცევდა“, – აღნიშნა ლიანა თარგამაძემ.

2 (36).png

საღამოს უძღვებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები: ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი გიორგი კოტორაშვილი და ბაკალავრი ილონა შეყილაძე.

საღამოზე პროფესორ გოგი ჭირაქაძის სამეცნიერო დამსახურების შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, რამაზ გახოკიძემ, რამაზ ქაცარავამ, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა დავით გვენცაძემ, ფაკულტეტის პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ცინცაძემ, მეცნიერის მეგობრებმა და კოლეგებმა – პროფესორებმა: შუქრი ჯაფარიძემ, ვანო ჭიაურელმა, რაფიელ აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ- თანამშრომელმა გულიკო ნატროშვილმა.

გოგი ჭირაქაძის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ მოგონებებით წარსდგნენ პედაგოგიკის დოქტორი ირინა გოგონაია, პროფესორები: ზურაბ გელიაშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი. 

როგორც აღინიშნა, ცნობილი ქიმიკოსი, მეცნიერებასთან ერთად, უზომოდ იყო გატაცებული ხელოვნებით – მუსიკით, თეატრითა და მხატვრობით. ხსოვნის საღამოზე გაჟღერდა გოგი ჭირაქაძის ხმის უნიკალური საარქივო აუდიო ჩანაწერი.

სტუ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI – FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) კოორდინატორია. 

 „ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო პროექტ FORGE-AI-ის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, სამწლიან პროექტ FORGE-AI-ში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FORGE-AI-ის ფარგლებში შექმნილი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების კონსორციუმის მეცნიერებსა და მკვლევრებს მორიგ წარმატებას ულოცავს.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, ასევე ხორციელდება „ჰორიზონტი ევროპის” კიდევ ერთი საგრანტო პროექტი – „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა – GAIN. 

„მეცნიერთა ჯგუფს, ქართული და უცხოური უნივერსიტეტების გაერთიანებას ვულოცავ მორიგ წარმატებას. პროექტი – „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ – მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევართა კარიერული ზრდისა და მეცნიერული წინსვლისთვის. ეს არის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ასევე, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვისა და დემონსტრირებისთვის. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელით, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს”, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

პროექტის – „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI – FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) – განხორციელება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“ მიუძღვნა

„ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული დრამატული სპექტაკლის – „უკანასკნელი თოლია“ – საპრემიერო ჩვენებაზე განაცხადა.

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტურმა დასმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი დრამა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს მთელი სიმძაფრით ასახავს. 

1 (40).png

თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გამართულ პრემიერას, რომელიც ანშლაგით წარიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.
 
სპექტაკლის დასრულების შემდეგ რექტორი საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს შეხვდა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რეჟისორსა და სტუდენტ მსახიობებს მადლობა გადაუხადა, შთაბეჭდილებები გაუზიარა და წარმატებები უსურვა. 

„ვერ დავფარავ ემოციას, უდიდეს სინანულს და, ამავდროულად, სიხარულსა და განცვიფრებას – „მოდინახეს“ ახალმა სპექტაკლმა და მასში გადმოცემულმა უკიდურესად მძიმე, დრამატულმა ამბავმა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გაცოცხლებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენმა თაობამ ასე კარგად უწყის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სპექტაკლის მსვლელობისას, საშუალება მქონდა პუბლიკის, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების რეაქციებსაც დავკვირვებოდი – მათ ღრმად განიცადეს და სრულად გაიგეს იმ სათქმელის არსი, რაც დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესაშია და რისი მაყურებლამდე მიტანაც ასე ოსტატურად შეძლო „მოდინახეს“ დასმა. 

უკვდავებამდე ამაღლებული ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში მარავალმხრივ და სამუდამოდ არის უკვდავყოფილი და ეს შესანიშნავი სპექტაკლიც მისი უკვდავყოფის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი ეროვნული გმირის ცხოვრებაზე, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს დასს, ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, ახალგაზრდა და იმედისმომცემ რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას, „მოდინახეს“ ლეგენდარულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს – ყველას ვინც თავი არ დაზოგა და საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი შექმნა. 

2 (34).png

გვჯერა, ჩვენს თანამემამულეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს ეს სპექტაკლიც ჩაუსახავს იმედს, რომ ქართული სახელმწიფოს, მისი მთავრობის თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, განათლებითა და მეცნიერებით, რომელიც მუდამ იქნება ხალხის სამსახურში, ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლო, მშვიდობიანი გზებით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს.

ვიმედოვნებთ, „უკანასკნელი თოლია“ მთელ საქართველოს შემოივლის და გულგრილს არავის დატოვებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირის ცხოვრება ამ სპექტაკლითაც გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი, ქეთა ჯოხაძე (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწე – ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.

სტუ-ის ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე მადლობას უხდის დრამატურგ მიხო მოსულიშვილსა და ყველა იმ პირს, რომელმაც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა. 

სტუ-ში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა¬ და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი“ – გაიმართა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), სასულიერო პირები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. 

2 (33).png

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა და ერის სულიერი მამის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს – მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს საფუძველი ჩაუყარეს და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი დააარსეს. 

რექტორმა ყურადღება გაამახვილა წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეეხო მის კვლევით წიაღსვლებს, რაც მეცნიერებისა და სარწმუნოების ტოლერანტული თანაარსებობის ბრწყინვალე დადასტურებაა. 

„ჩვენს დღევანდელ, ტურბულენტურ სამყაროში, რაც ერთნაირად ეხება ყველა ერსა და ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული საზოგადოება ინარჩუნებს ტოლერანტობას, პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას, თუმცა ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც უკვე 47 წელია სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ძნელბედობა მუდამ თან სდევს ჩვენს ქვეყანას – უხსოვარი წარსულიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიაც ხომ ამის ნათელი დადასტურებაა. განსაცდელის ჟამს ჩვენი პატრიარქი ერის, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა მუდამ – უდიდესი სიყვარულით, მოყვასისადმი თანაგრძნობის უსათუთესი გრძნობით, თავისი მოწინავე სამეცნიერო მსოფლმხედველობითა და განუზომელი სულიერებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1977 წლის 25 დეკემბრიდან მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. პატრიარქის პირველ წლებს განსაკუთრებით ამძიმებდა  საბჭოთა რეპრესიების გამო ჩარაზული ეკლესია-მონასტრებისა თუ მკვეთრად შემცირებული მრევლის არსებობა. ეს იყო უმძიმესი წლები, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ერის სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით, გაუძლო და გაძლიერდა. 

კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 47-ე წლისთავს უძღვნის, თავისი თემატიკით – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი” – მრავალმხრივ ეხმიანება ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. გაბრიელ ქიქოძე, რომელიც თავდადებით იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რომელიც თავისი სამეცნიერო წიაღსვლებით მეცნიერებისა და სარწმუნოების სრულფასოვანი თანაარსებობის აუცილებლობას ქადაგებდა, წმინდა სინოდმა სწორედ ილია მეორის წინამძღოლობით, 1995 წელს შერაცხა წმინდანად. გაბრიელ ქიქოძის დაწყებული საქმის ხორცშესხმა კი – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება – უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესძლო. 

დიდი ილია ჭავჭავაძე სარწმუნოების გამეცნიერებისა და მეცნიერების გასარწმუნოების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დღესაც აქტუალურია, უნივერსიტეტებმა უნდა იტვირთონ. ვფიქრობთ, კონფერენცია ამ თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მომავალმა თაობამ სიღრმისეულად უნდა შეიმეცნოს ღვთისა და სამშობლოს მსახურებით, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით გამორჩეული ამ განსაკუთრებული მამულიშვილების – წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და ილია მეორის ღვაწლი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გულითადად ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და დღეგრძელობასა და მზეგრძელობას ვუსურვებთ”, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მეუფე ანანიამ, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და პედაგოგმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე).

გამომსვლელებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერისეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მრავალმხრივ საინტერესო კონფერენციისთვის მადლობა გადაუხადეს.

კონფერენციის მეორე ნაწილი წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებს დაეთმო. მოხსენებებით ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ლია მეტრეველი, ნანა ბოკუჩავა, ირმა ხურცია, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და სხვა მკვლევრები წარდგნენ.

აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა გაიმართა. 

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომას სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები, ასევე, სტუმრის სტატუსით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი ესწრებოდნენ. 

3 (12).png

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და სპეციალურ ერთობლივ განცხადებას მიიღებს. 

„კონფერენციის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები დღეს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონფერენციამ ჩათვალა საჭიროდ იმსჯელოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) წევრობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და მიიღოს სპეციალური განცხადება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, სტუდენტებს, აბიტურიენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და დავაფიქსიროთ რექტორთა პოზიცია. კონფერენციამ მოიწვია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, რომელიც გაგვიზიარებს EQAR-თან დაკავშირებულ ბოლო ინფორმაციას. ცნობილია, რომ რეგისტრაციის შეჩერება უკავშირდება ENQA-ს მიერ ცენტრის დამოუკიდებლობის თაობაზე სტანდარტთან შეუსაბამობის დადგენას, რამაც, ბუნებრივია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხს. ეს ეჭვქვეშ არ დგას. დღევანდელი სხდომის მიზანიც ეს არის, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია და გავავრცელოთ სპეციალური განცხადება, რომელსაც დღეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია შეიმუშავებს და რაც დღესვე გახდება საჯარო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილის, თქმით: „საქართველოში გაცემული დიპლომები, როგორც 2019 წლამდე იყო აღიარებული საერთაშორისო დონეზე, კვლავ იმგვარადვე იქნება აღიარებული მომავალშიც. გავრცელდა ინფორმაცია, ვითომდა EQAR-ის გადაწყვეტილება უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას – ეს არის არასწორი ინფორმაცია. ჩამოთვლილთაგან არც ერთი მათგანი არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერებას”. 

რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრულმა წევრმა, განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამ მიზნით, კონფერენციამ იმსჯელა და შეიმუშავა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი განცხადება:

„საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები, ვეხმიანებით მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერებას. 

გვსურს, კონფერენციის სახელით, გამოვხატოთ მხარდაჭერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რათა გაგრძელდეს ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, მათ შორის, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, განუხრელად ვაღიარებთ და ვიცავთ ბოლონიის პროცესის და უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის მიერ განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. 

ამ პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან უწევს კოორდინაციას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას (ინსტიტუციური შეფასება) და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას. ცენტრის საქმიანობა ხორციელდება გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის დაცვით. 

ამასთან, ცენტრი უნივერსიტეტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ფართო ჩართულობის საფუძველზე წარმართავს საქმიანობას. სახელმწიფოს ხედვა ეფუძნება ხარისხის განვითარების ცენტრის და უფრო ფართოდ – საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობის გაძლიერების პრინციპს, რაც განაპირობებს ჩვენი საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინტერნაციონალიზაციისა და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის გაუმჯობესებას. ეს პროცესი კი ეროვნული ცენტრის ეფექტიანი მხარდაჭერით მიმდინარეობს. ცენტრი საქართველოში წარმოადგენს ორგანიზაციულ, ფინანსურ და ოპერაციულ დონეზე ავტორიტეტულ, მდგრად და დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის საქმიანობაც დადებითად აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, რომელიც წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) სრულ წევრს, მხარდაჭერას ვუცხადებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 

გამოვთქვამთ იმედს, რომ ცენტრის წარმატებული საქმიანობა, მისი გავლენა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, 2023 წელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები და საქმიანობის ის მიმართულებები, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული, მხედველობაში იქნება მიღებული ეროვნული ცენტრი მიერ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვისას. 

გვჯერა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის დროული გაგრძელება და ENQA-ს წევრობის განახლება გახდება კიდევ უფრო ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის საწინდარი და ეროვნულ ცენტრთან ერთად, წარმატებით განვაგრძობთ ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხობრივ და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მუშაობას”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა მოაწერეს ხელი. 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომაზე, კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. 

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია გაერთიანებული, თავმჯდომარეობის კანდიდატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წარუდგინა.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მეორე ვადით თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, დავით გურგენიძემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

4 (2).png

„საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი და საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება უმაღლესი სკოლის წინაშე არსებული ბევრი საჭირბოროტო საკითხი, იქნება ეს უნივერსიტეტების დაფინანსება, რეფორმების მხარდაჭერა თუ სხვა. უნივერსიტეტების გაერთიანება იძლევა შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ პრობლემებზე, ჩამოვაყალიბოთ საერთო აზრი და დავაყენოთ ეს საკითხები საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, ქართულ უმაღლეს სკოლებში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის მონაწილეებს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი მეორე ვადით არჩევისთვის. ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ წინსვლას და განვითარებას”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა. კავშირის ფარგლებში დაარსდა ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებში ხარისხის კულტურის განვითარებას – დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით. 

სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა „ტონუსმა” ზამთრის ღია ჩემპიონატში 7 ოქრო, 8 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრის – “ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატში, მოკლე წყალზე (25მ. აუზი) 7 ოქროს, 8 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატი ცურვაში თბილისის გლდანის საცურაო აუზზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის”, აჭარის, რუსთავის, გორის, ქარელის, მცხეთის, გლდანის, თემქის, ბლექსის, ელიტის, აკვაცენტრის, სფლეშის, ნეპტუნის გუნდების 190-მა წამყვანმა სპორტსმენმა. შეჯიბრი ჩატარდა როგორც ღია ასაკობრივ ჯგუფში, ასევე, 2009-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წლებში დაბადებულ გოგონებში.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი მორიგ გამარჯვებას ულოცავს „ტონუსის” მოცურავეთა გუნდს და აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს.

„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული გაცურვა მაყურებელს ბოლო წამამდე აღელვებდა. პროგრამა იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო, ტურნირი ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცურვა ცოცხალია, ვითარდება და რაც მთავარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტის ამ და სხვა სახეობების განვითარებით ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. გამარჯვებას ვულოცავ თითოეულ მოცურავეს და წარმატებებს ვუსურვებ”, – აცხადებს არჩილ იოსელიანი. 

„ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს:

  • მამუკა შენგელია – 2 ვერცხლი, 2-ბრინჯაო, 2 ოქრო;
  • სალი შჩერბაევა – ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო;
  • ალექსი ჯიქიძე – 1 ოქრო, 2 ვერცხლი;
  • სანდრო ქვილორია – 2 ბრინჯაო;
  • აკაკი მღებრიშვილი – 3 ოქრო;
  • ლუკა მარწყვიშვილი – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

ასევე, 4X100 მ. თ/ყ ესტაფეტაში „ტონუსის” გუნდმა (შემადგენლობით – მამუკა შენგელია, საბა ბენდელიანი, სანდრო ქვილორია და ალექსი ჯიქიძე) მოიპოვა ვერცხლის მედლები, ხოლო 4X100 მ. კროლის ესტაფეტაში (შემადგენლობით – მამუკა შენგელია, საბა ბენდელიანი, სანდრო ქვილორია და ალექსი ჯიქიძე) – ოქროს მედლები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?