საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“ მიუძღვნა
„ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული დრამატული სპექტაკლის – „უკანასკნელი თოლია“ – საპრემიერო ჩვენებაზე განაცხადა.
სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტურმა დასმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი დრამა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს მთელი სიმძაფრით ასახავს.

თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გამართულ პრემიერას, რომელიც ანშლაგით წარიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ რექტორი საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს შეხვდა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რეჟისორსა და სტუდენტ მსახიობებს მადლობა გადაუხადა, შთაბეჭდილებები გაუზიარა და წარმატებები უსურვა.
„ვერ დავფარავ ემოციას, უდიდეს სინანულს და, ამავდროულად, სიხარულსა და განცვიფრებას – „მოდინახეს“ ახალმა სპექტაკლმა და მასში გადმოცემულმა უკიდურესად მძიმე, დრამატულმა ამბავმა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გაცოცხლებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენმა თაობამ ასე კარგად უწყის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სპექტაკლის მსვლელობისას, საშუალება მქონდა პუბლიკის, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების რეაქციებსაც დავკვირვებოდი – მათ ღრმად განიცადეს და სრულად გაიგეს იმ სათქმელის არსი, რაც დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესაშია და რისი მაყურებლამდე მიტანაც ასე ოსტატურად შეძლო „მოდინახეს“ დასმა.
უკვდავებამდე ამაღლებული ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში მარავალმხრივ და სამუდამოდ არის უკვდავყოფილი და ეს შესანიშნავი სპექტაკლიც მისი უკვდავყოფის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი ეროვნული გმირის ცხოვრებაზე, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს დასს, ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, ახალგაზრდა და იმედისმომცემ რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას, „მოდინახეს“ ლეგენდარულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს – ყველას ვინც თავი არ დაზოგა და საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი შექმნა.

გვჯერა, ჩვენს თანამემამულეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს ეს სპექტაკლიც ჩაუსახავს იმედს, რომ ქართული სახელმწიფოს, მისი მთავრობის თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, განათლებითა და მეცნიერებით, რომელიც მუდამ იქნება ხალხის სამსახურში, ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლო, მშვიდობიანი გზებით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს.
ვიმედოვნებთ, „უკანასკნელი თოლია“ მთელ საქართველოს შემოივლის და გულგრილს არავის დატოვებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირის ცხოვრება ამ სპექტაკლითაც გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი, ქეთა ჯოხაძე (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწე – ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.
სტუ-ის ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე მადლობას უხდის დრამატურგ მიხო მოსულიშვილსა და ყველა იმ პირს, რომელმაც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა.
მსგავსი
„თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამედროვე საინჟინრო განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს - კერძო სექტორთან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებას - პრიორიტეტად...
სტუ-ის პროფესორები სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები – გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული...
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და...
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა...
სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას...